ახალივით


სანამ გარიგებაზე წასვლას შემომთავაზებდა, კარგად შემათვალიერა, ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული გულდასმით შეისწავლა და ჩამოსაჯდომად შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. მისი მოსვლა არ გამკვირვებია, ვერ ვიტყვი ველოდი მეთქი, თუმცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, ადრე თუ გვიან ისევ ჩამომიჯდებოდა საწერ მაგიდასთან და ფურცლების მთელ დასტას გამომიწვდიდა ხელმოსაწერად. ჰო, ნამდვილად ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა, თუმცა ბოლომდე მჯეროდა რომ ამჯერად მაინც ვიტყოდი უარს მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, სიმკაცრენარევი ტონით მივახვედრებდი რომ მისი დრო წავიდა, ამაყად გავუსვამდი ხაზს საკუთარ ასაკსა და ჩემი აზრით უკვე „საკმარის“ გამოცდილებას, იმასაც დავამატებდი რომ ყელამდე ვარ და დიდი ხანია ახალი ცხოვრება დავიწყე, ახალი ცხოვრება მის მიერ შემოთავაზებული, საეჭვო ტექსტით შედგენილი კონტრაქტების გარეშე.

ჰოდა იმას ვამბობდი რომ მოურიდებლად ჩამომიჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და უკითხავად მოუკიდა სიგარეტს, არადა ოთახში აღარ ვეწეოდი, განსაკუთრებული სისუსტის ჟამს თუ გამოვაღებდი ხოლმე ფანჯარას და მთელი ტანით გადაწოლილი გამოვუშვებდი კვამლს ქუჩაში, მან კი თავხედურად ამოაძვრინა ჯიბიდან სანთებელა, სიგარეტის ღერიც ჩვეულებისამებრ რამდენჯერმე დააკაკუნა მაგიდაზე და მილულული თვალებით მოქაჩა კიდეც. არც ეს გამიპროტესტებია, გადაღლას ვუჩიოდი და ახალ, დამყოლი ადამიანის როლს ვირგებდი მთელი მონდომებით.

მაგიდის კუთხეში საგულდაგულოდ მიჭუჭყნულ ბანქოს შეკვრას მოკრა თვალი, სიგარეტი კბილებით დაიჭირა და ორივე ხელით გადაწვდა, თან ცალი თვალი ფრთხილად მოჭუტა, აქაოდა კვამლი არ შემივიდესო. კოლოფიდან გადმოსრიალებული კარტი სათითაოდ გაშალა მაგიდაზე და ტუზები გადაარჩია, რაღაც ჩაიბუტბუტა და ისევ ერთმანეთში არია, აალებული ღერი სახელდახელოდ მიცუნცულებული საფერფლის კიდეზე ჩამოდო და გამომწვევად გამომხედა, ვიცოდი რაც უნდა ეთქვა, ჰოდა არ ვაცადე, დავასწარი, „უკვე ჩავიფიქრე“ მეთქი ვუთხარი და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი ვიგრძენი. ოთახი ისედაც სავსე იყო კვამლით და დასაკარგი რომ აღარაფერი მქონდა მეც მადიანად დავიწყე სიგარეტის ქაჩვა, თან ყოველი ნაფაზის შემდეგ აალებულ ბოლოს ვაკვირდებოდი და თვალით ვზომავდი კიდევ რამდენ ხანს მეყოფოდა მოკიდებული ღერი. აუჩქარებლად, სიამოვნებისთვის მოწევა ვერ ვისწავლე, ყოველ ჯერზე ისტერიულად ვეწაფებოდი ხოლმე ფილტრიდან ნაზად გადმოკლაკნილ კვამლს და გახშირებული სუნთქვით ვუშვებდი პირდაპირ ფილტვებში, ფილტვებიდან კი დაუყოვნებლივ გარეთ.

საფერფლეს ოდნავ შევეხე თითებით, ფერფლი ამეკიდა ხელზე და უსიამოვნოდ მომემანჭა სახე, მეორე ხელით დავიწყე კანის წმენდა და სულ გადამავიწყდა რომ სურვილი მქონდა ჩაფიქრებული. არადა მართლა ჩავიფიქრე, დიდი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით ვთქვი უარი ტვინში გაელვებულ და ტანში გაჟრიალებულ სურვილზე, ჩავიფიქრე და სიგარეტის ისტერიული ქაჩვით გავისუსე ვერდიქტის მოსასმენად. ცხვირი აიბზუა, კარტი მაგიდაზე დაყარა და თავი დანანებით გააქნია, „ასეც ვიცოდი“ მეთქი ჩავილაპარაკე ჭვარტლიანი ტუჩებით და მის მოსასმენად მივწექი სკამის საზურგეზე.

თავზე ხელი გადაისვა, აუჩქარებლად გადმოიხარა ჩემკენ და სათნოდ გამიღიმა, ისედაც წვრილი ტუჩები ძაფებად ექცა, მე კი მის ნაოჭებად ქცეულ სახის კანზე შევაჩერე მზერა, შუაზე გაყოფილი ნიკაპიდან ლოყებზე ავცოცდი, თვალის ჩაცვენილ უპეებზე ღარები დავთვალე და ჩაყვითლებულ სკლერებზე გავიყინე, სანამ რამეს იტყოდა პიჯაკის ჯიბეს დასწვდა ხელით და თეთრი, სათუთად დაკეცილი ცხვირსახოცი ამოიღო, პირთან მიიტანა და ჩაახველა, პასუხად თავი რამდენჯერმე გავაქნიე იმის ნიშნად სასმელი არაფერი მაქვს მეთქი, სასწრაფოდ მოიშორა ცხვირსახოცი გალურჯებული ტუჩებიდან და ისევ კარგად ნაცნობი ღიმილი მესროლა.

ასე ხდება ხოლმე, შეჩვევევას ვუთამამდებით, ბოლოს კი ისე გვიჯდება სისხლში მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია, ამაზე ვერაგი რამ არ არსებობს, გველივით გვეპარება, გვამშვიდებს, შიშის ზარებსაც ნელ–ნელა ადუმებს და ადამიანებს ისეთ ახლობლებად აქცევს ლამისაა მათ ყოველ გამოჩენაზე სიხარულით ტაში შემოვკრათ, ძნელია ჩვევაში გადასული ადამიანების გარეშე ცხოვრება, დიდი ხანია მისი ძაფებად ქცეული ტუჩებისგან მოხაზული ღიმილი აღარ მინახავს, მიუხედავად იმისა რომ ენით აღუწერლად მძულდა, თან ისეთი მონატრების შეგრძნება მქონდა მზად ვიყავი იქვე გადავხვეოდი, მაგრად ჩამეკრა გულში და ყურში მეჩურჩულა „სად იყავი ამდენ ხანს“ მეთქი.

არეულ ფიქრებს წესრიგისკენ რომ მოვუწოდე, თავის ხელში აყვანის ნიშნად შეკრული მუშტი მივიტანე პირთან და ორჯერ ჩავახველე, საუბრის დაწყებას არც ის ჩქარობდა და მეც მისი დროულად გასტუმრებისა და მასთან კიდევ დიდ ხანს დარჩენის სურვილს შორის გახლეჩილი ჩამოყალიბებას ვლამობდი.

თავი ხელში რომ ავიყვანე კიდევ ერთხელ მივხვდი რისთვისაც მესტუმრა, გაღიმებულმა მოვუკიდე სიგარეტს და ვუთხარი „არაფერში მჭირდება!“

ისევ ღიმილმა გადაუსერა სახე, წარბი აწია და ძირს მიგდებულ საქაღალდეს წაეპოტინა, რამდენიმე გვერდიანი, აკინძული ხელშეკრულება გამომიწოდა და გულის ჯიბიდან მუქი მწვანე, პრიალა ზედაპირის მქონე კალამი ამოიღო, მე კი რამდენიმე წუთის წინ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ჩაფიქრებული სურვილის მსგავსად მივიტანე მარჯვენა ხელი თითქოს ზეპირად ნასწავლი ტექსტით სავსე ფურცლებთან და ხელი მოვაწერე, წერტილი დავსი და ტანში მონატრებულმა ჟრუანტელმა დამიარა.

საკუთარი სურვილით დავთანხმდი იგივე სენის შეყრას რამაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შხამით უხვად გამიჯერა სხეულის თითოეული უჯრედი. ვადაგასული ხელშეკრულების პირობით ნაყიდ ადამიანს იმდენ ხანს ვებღაუჭე სანამ ნაცრისფერ, ფანქრით მოხაზულ ჩონჩხს არ დავამსგავსე, სანამ სიცოცხლის ყველა ნიშანი არ გამოვწოვე, სანამ სიმშვიდე არ შემეპარა მისგან შემორჩენილი უკანასკნელი ემოციის ტანჯვით გარდაცვალების მომენტში. ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ როგორც მაშინ, აგონიაში მყოფ გრძნობას რომ დავაფარე ბალიში სახეზე და ერთი საათი ვაჭერდი ცხვირზე იმის შიშით შემთხვევით არ გადარჩეს მეთქი, ერთდროულად გამოშიგნულიც, გარდაცვლილიც, დამპალიც ვიყავი და ახალდაბადებულიც. მიწაც კი არ მიმიყრია ისე გაიხრწნა ჩემ ბალიშზე, ძვლებზე გადაკრული დაფლეთილი კანის გროვად იქცა და ოთახი ააყროლა.

ყველაფერი თავიდან დავიწყე, საკუთარი სურვილით მოვიყუდე შხამით სავსე ჭიქა და გემრიელად გამოვცალე, ისევ სურვილების ჩაფიქრება დავიწყე და არაფრის მთქმელი ნიშნებით არსებობას მივეცი. შვიდიანების შემორჩენილი ყუთი მოვიკიდე ზურგზე და ბაზარში ხუთიანების მცირე გროვაზე გადავცვალე. გავწითლდი და ხელშეკრულების ტექსტი ავიკრიფე ტანზე, ხელი მოვიწერე და ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე სული ვიყიდე.

Advertisements

3 thoughts on “ახალივით

  1. ცოტა გაშტერებული დამტოვე. “დამყოლი ადამიანის როლის” მორგება, სიგარეტის მოწევის პროცესი და თითების დასვრა-მეგონა მე ვიყავი 🙂 აი მე მოვერიე შეჩვევას, გადავაგდე და აღარ ვაწერ ხელს ერთსა და იმავე ხელშეკრულებას, თუ არ ჩავთვლი იმ ხელშეკრულებას, ყოველ დილით ისევ გაღვიძებას და ბრძოლას რომ გულისხმობს და კიდევ ახალ-ახალი შეცდომების დაშვებას. მომეწონა ძალიან

    Like

    1. მე კი ვერაფრით ვისწავლე რომ ერთსა და იმავე წრეზე სიარული კარგას არაფერს მომიტანს. ყოველ ჯერზე დიდი მონდომებით ვაწერ ხოლმე ხელს 🙂 უკვე შევეგუე ამას და საკუთარი სურვილითაც კი ვეძებ ხოლმე მსგავსებებს უკვე ვადაგასულ “კონტრაქტებთან”, მაშინაც კი როდესაც არსებობს შანსი რომ მსგავსებები არ არსებობდეს.

      Like

      1. მსგავსება ყოველთვის იქნება, რაც არ უნდა განსხვავებული გეგონოს, რაკი მიზეზი თვითონ ჩვენშია და ჩვენს აზროვნებაში, იმაში, რას როგორ ვაფასებთ და ვხედავთ, რა გვიხარია და რა გვწყინს. მთავარია ზუსტი ასლი არ იყოს 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s