სიგარეტის კვამლში ვირევით, წითელ საყელურს ვხლართავთ თითებში და გვგონია რომ მრავლობითი ფორმის ხშირად გამოყენება მარტოობის განცდას გაგვიქრობს. თავის გასამართლებელ არგუმენტებს ვეძებთ და ვქაჩავთ, ვქაჩავთ, ვქაჩავთ სიგარეტს, საკუთარ წინდაუხედავობას ვსაყვედურობთ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს როლებს ვეძახით. სირცხვილის გრძნობას კი ისევ მრავლობითი ფორმის გამოყენებით ვკლავთ და თავს იმით ვიმხნევებთ რომ გამოგონილი ტექსტის წერისას ყველაფერი ნებადართულია.
აჯანყების სურვილიც ნელ–ნელა ქრება, როგორც ზედმეტად ემოციურ ადამიანებს სჩვევიათ, ცხრობის პროცესი მალე დგება და თვალის ერთ დახამხამებაში ვიქცევით აფეთქების შედეგად დარჩენილ ნანგრევებად. რეკონსტრუქციის შემდეგ კი ისევ ვილაშქრებთ, საკუთარი თავის წინააღმდეგ ვაცხადებთ ბრძოლას და ისევ ფეიერვერკივით ვანათებთ ყველაფერს აფეთქების მომენტში.
ისევ ფარატინა, წითელ საყელურს ვახვევთ თითებში და მაგრად ვხუჭავთ თვალებს, იმის იმედად რომ შემდეგი აბზაციდან მრავლობით ფორმას გადავდებთ გვერდზე და ისევ საკუთარ თავზე ვისაუბრებთ მხოლობით რიცხვში, პირველ პირში, გულახდილად, აფეთქებამდე არსებულ ცხრობის პროცესს გამოვიყენებთ და ჯერ კიდევ ოდნავ შესამჩნევ კვამლში გავიხლართებით.
წუნდადედებული ფიქრების სასაფლაოზე უნდა იყოს წესით ამ აბზაცების ადგილი დღეს რომ ზედმეტად ლმობიერი არ ვიყო, ცხრობის პროცესს არ განვიცდიდე და რეკონსტრუქციის დასაგეგმად არ ველოდებოდე ინჟინრების ახალ ჯგუფს. თუმცა ჯერ მეხანძრეებსაც არ დაუმთავრებიათ საქმე, რა დროს ინჟინრებისა და არქიტექტორების, მუშებისა და მუშების ზედამხედველების გამოჩენაა?! ამჯერად ახალი პროექტის დამტკიცებაში უნდა მივიღო მონაწილეობა და სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ საკუთარი თავისგან უკეთესი მოდელი შევქმნა, გარდაუვალი აფეთქება გავითვალისწინო და ვიზრუნო იმაზე რომ მორიგი ჯანყი თვალწარმტაცი და სანახაობრივი აღმოჩნდეს.
ოსტატურად მოვიშორეთ არა ეს არსაიდან შემოჩვეული „თ“? ჰო, მოვიშორეთ და ახლა იქ დავბრუნდით საიდანაც დავიწყეთ, ისევ „თ“–ს საჭიროება მოგვაწვა ყელში, გაგვეკვეხა ფიქრებში და აიხლართა ისედაც საშინლად აბურდულ ტექსტში. ჰოდა, ისევ სიგარეტის კვამლში ვირევით, ისევ წითელ საყელურს ვხლართავთ და ისევ გვგონია რომ მოგონილი ტექსტის წერისას ყველაფერი ნებადართულია, მათ შორის მრავლობითი ფორმის გამოყენებაც, თუ ეს მარტოობის შეგრძნების მიწიხვლას სჭირდება.
ეხლა მარტო ვართ მე და “თ”-რა კარგია
LikeLike
მეც ავითრიე ეს “თ” და დავატარებ 🙂
LikeLike
“წუნდადედებული ფიქრების სასაფლაო”- მომეწონა, დავფიქრდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ მთელი ჩემი ბლოგი მანდ დავაბინავე 🙂
LikeLike
🙂 მგონი ჩემ ბლოგიც მაგ ფიქრების სასაფლაოა
LikeLike
მარტოობის შეგრძნების მიწიხვლას ჩემი ქალები სხვანაირად ცდილობენ, რას არ აკეთებენ, მაგრამ არაფერი გამოსდით
არც შენთანაა საშველი, როგორ ჩანს 🙂 სხვათა შორის, ამაღამ ჩემთანაც სასაფლაო იქნება :დ
LikeLike
სიამოვნებით გამოვისეირნებ მაგ სასაფლაოზე 🙂
LikeLike
ვერაფრით ვეჩვევი “თ”–ებით საუბარს, დაახლოებით ისევე, როგორც ბოდიშს ვერ მოიხდი. ყელში ბურთი მაწვება და ვერ ვამბობ..
LikeLike
მე პირიქით ვარ, “თ”-ებით ვარ ავად
LikeLike