rebellio


შემაფურთხა, პასუხი ვერ დავუბრუნე, რანგით ჩემზე მაღლა იყო და იმიტომ. ვიცი ყველგან მოყვება რომ ფეხქვეშ გამთელა, ცოტას იქირქილებენ და ალკოჰოლით შებუჟბუჟებულები ცოტას იხორხოცებენ კიდეც. დიდად მადარდებს მეთქი რომ ვთქვა არ ვიქნები მართალი, თუმცა არც უმაგისობაა.

მთელი ცხოვრება საწინააღმდეგო აზრის აუტანლობაში მდებდნენ ბრალს და ხშირად კედელსაც მადარებდნენ ხოლმე, შეიძლება კედელიც ვარ, ყურები მაქვს და იმიტომ, მაგრამ ენას რომ ვერ ვაჩერებ მაგას რა მოვუხერხო ეგ ვერ გავიგე.

ეს სისხლიც ხან ისე ამიდუღდება ხოლმე, რომ ყელში მომაწვება და მგონია თუ დასაკლავი ძროხასავით ბღავილს არ დავიწყებ უსათუოდ გავსკდები მეთქი, ხანაც ისე მდორედ მოედინება ძარღვებში გვამისგან ვერავინ განმასხვავებს. მხიარული მთებივით ვცხოვრობ, ხან ტანი ძლივს, ჭრიალით ამაქვს მეტალის აღმართზე და ხანაც ისე მივექანები დაბლა მგონია კისერს წავიმტვრევ მეთქი.

რამდენიმე დღეა ტანის ყველა უჯრედი ისეთი აფუთფუთებულია, ვგრძნობ რომ რაღაცას გეგმავენ. ასე მგონია თავზე თეთრი კვამლი დამტრიალებს და ცოტა ხანში სისხლის წვეთებით შეიღებება მეთქი. ან ამ სისხლს რას გადავეკიდე, როცა მაფურთხებენ მაშინაც კი ვერ ამომიღია ხმა და რომელი მებრძოლი მე ვარ ყველგან სისხლის გუბეები რომ მელანდება. არადა, კაცმა რომ თქვას ვაჟკაცობა არ მაკლია, როდის აქეთაა რომ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ლაჩრობას ეძახიან, ლაჩარი თავი გაბიათ ბატონებო, სადაც საჭირო არ არის იქ ბღავილი ნამდვილად დასაკლავი ძროხისთვის გამზადებული ბედის გაზიარებას გიქადით, ბრძოლა გამართლებული ვიცი მე, აბა თუ სიკვდილი მინდა საშუალებები კი არ დალეულა. შეგიმჩნევიათ რომ სიკვდილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება? ძალიან იაფიც ღირს და ზოგჯერ ძალიან ძვირიც, თავად გადაწყვიტეთ რა ფასად გიღირთ სულის განტევება, მე კი გენაცვალე უფასოც მაწყობს, ისედაც ყველაფერში ფულს მახდევინებენ კიდევ სიკვდილმა რომ არ მაზარალოს. ისე კი, კარგი იქნებოდა იმის ფული რომ მქონოდა პროფესიონალი მკვლელი დამექირავებინა და ერთ ღამესაც საკუთარ ბინაში, მაყუჩიანი იარაღით მიეყუჩებინა ჩემი სუნთქვა. თეთრ საღამურს ჩავიცვამდი იმ დღეს და ვეტყოდი თავში არ ესროლა, თეთრზე სხვანაირად მიდის წითელი ფერი. ხარაკირზეც არ ვიტყოდი უარს, წინასწარ რომ არ ვიცოდე საკუთარი სიმხდალის ამბავი, ვაჟკაცობას კი ვიბრალებ მაგრამ საკუთარი ხელით მუცლის გამოფატვრას რომ ვერასოდეს გავბედავ ეს კარგად ვიცი. ან კი რატომ უნდა გმოვიფატრო მუცელი როდესაც შემიძლია ერთი, მომცრო ზომის ჭრილობით დავასრულო ყველაფერი. იარაღის კალიბრზე უნდა ჩამოვყალიბდე, გამოძიება რომ დაიწყება მინდა შესაფერისი კალიბრის იარაღს ეძებდნენ, ისეთს მე რომ შემეფერება.

მაინც გამორკვევაში მაქვს პრობლემა, ბრაზი მახრჩობს თუ სიძულვილი ვერ გამიგია, ვერც ის გამიგია აზარტი მაქვს თუ მართლა მაღელვებს ის რის გამოც მზად ვარ საკუთარი სიმხდალე გადავდო გვერდით. პრობლემა ალბათ მაინც როლების სიმცირეში უნდა იყოს, მომბეზრდა ეს „რანგით ჩემზე მაღლა მდგომმა შემაფურთხა“–ს როლი! აი, ისევ აფუთფუთდა ტანის თითოეული უჯრედი და სისხლმაც ვენებიდან გადმოხეთქა, მინდა ეს აჯანყება და რა იქნება მაცადეთ ცოტა ხანს?!

არადა სინამდვილეში ყველაფერი ამ ყველაფერზე მაღლა დგას, ისე მინდა ჩემი მცირე ზომის ხელის მცირე ზომის თითები წითლად აისახოს იმ ნაბუშარის ლოყაზე ვინც ჩემზე რანგით მაღლა იდგა და შემაფურთხა, რომ გადმოცემა მიჭირს და აზარტისგან მაცახცახებს.

ესეც უაზროდ „დავიხვიე ხელზე“. ზუსტად ვიცი რომ ერთადერთი რისი ნიჭიც საბოლოოდ დავკარგე ეს პირში წყლის ჩაგუბებაა, ყველა ნაგავს იქამდე უნდა ვუმეორო ნაგავი ხარ მეთქი სანამ საკუთარ სიმყრალეს თავადაც არ იგრძნობს. ჰო, რატომ გაოცდით? ნაგავს როცა ეუბნები ნაგავი ხარო შეურაცხყოფად უნდა მიიღოს? არა მგონია! მე სახელით რომ მომმართავენ დიდად არასოდეს ვიკვირვებ ხოლმე.

ეს ლაყბობა იქით იყოს და მგონი ჩემს თავზე მართლაც ქრიან აჯანყების შავი ბაირაღები.

Advertisements

13 thoughts on “rebellio

  1. ეგ ნიჭი მეც დიდი ხნის წინ დავკარგე, მაგრამ იცი რაა?? ნაგავს სულ რომ უმეორებ ნაგავი ხარო საკუთარი სიმყრალის შეგრძნების ნაცვლად ეჭვი მაქვს სრულყოფილების დამტკიცებას იწყებს. ყველა ნაგავის საერთო ჩვევაა, თუ ეგ შენი ნაგავი სხვანაირია და იგრძნო არც ისეთი ნაგავი არ ყოფილა მაშინ.

    Like

      1. tami

        ერთხელ პოსტს დავწერ ვრცლად ავღწერ, დიდი და ღრმა ანალიზი ჭირდება ამ საკითხს, უბრალო კომენტარი არ ეყოფა:

        Like

  2. ძალიან მომეწონა… თავზეხელაღებული პოსტია…განსაკუთრებით სულ ბოლო წინადადებაში გეთანხმები, შეურაცხყოფა ისაა, როცა გეუბნებიან უსიამოვნო რამეს შენზე, მაგრამ არ გეკუთვნის, ხოლო როცა ბოზს ეტყვი, რომ ბოზია, ეს ალბათ, ფაქტის კონსტატაციაა და არა — შეურაცხყოფა და ცილისწამება…ასეთი სისხლში ჩამხრჩვალი პოსტების დაწერას მეც ვგეგმავდი და ახლაც მინდა (ერთ აჯანყებულ ამორძალზე უნდა დავწერო), მაგრამ შენ არ იფიქრო, თითქოს იდეებს გპარავ !!! იმას…სილა აუცილებლად შეალეწე სახეში, როგორც შუშანიკმა შეალეწა ღვინიანი სასმისი ჯოჯიკის ცოლს !

    Like

    1. ნაცნობი განწყობა ვიგრძენი შენი კომენტარიდან და რაღაცნაირად ისევ ავფუთფუთდი 🙂 სიამოვნებით წავიკითხავ შენს პოსტს აჯანყებულ ამორძალზე.
      მიხარია რომ მოგეწონა 🙂

      Like

  3. არ შემიძლია დარინას არ დავეთანხმო! 😉 ფაქტის კონსტატაცია სულაც არაა შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ძალიან კარგია 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s