ახალივით


სანამ გარიგებაზე წასვლას შემომთავაზებდა, კარგად შემათვალიერა, ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული გულდასმით შეისწავლა და ჩამოსაჯდომად შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. მისი მოსვლა არ გამკვირვებია, ვერ ვიტყვი ველოდი მეთქი, თუმცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, ადრე თუ გვიან ისევ ჩამომიჯდებოდა საწერ მაგიდასთან და ფურცლების მთელ დასტას გამომიწვდიდა ხელმოსაწერად. ჰო, ნამდვილად ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა, თუმცა ბოლომდე მჯეროდა რომ ამჯერად მაინც ვიტყოდი უარს მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, სიმკაცრენარევი ტონით მივახვედრებდი რომ მისი დრო წავიდა, ამაყად გავუსვამდი ხაზს საკუთარ ასაკსა და ჩემი აზრით უკვე „საკმარის“ გამოცდილებას, იმასაც დავამატებდი რომ ყელამდე ვარ და დიდი ხანია ახალი ცხოვრება დავიწყე, ახალი ცხოვრება მის მიერ შემოთავაზებული, საეჭვო ტექსტით შედგენილი კონტრაქტების გარეშე.

ჰოდა იმას ვამბობდი რომ მოურიდებლად ჩამომიჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და უკითხავად მოუკიდა სიგარეტს, არადა ოთახში აღარ ვეწეოდი, განსაკუთრებული სისუსტის ჟამს თუ გამოვაღებდი ხოლმე ფანჯარას და მთელი ტანით გადაწოლილი გამოვუშვებდი კვამლს ქუჩაში, მან კი თავხედურად ამოაძვრინა ჯიბიდან სანთებელა, სიგარეტის ღერიც ჩვეულებისამებრ რამდენჯერმე დააკაკუნა მაგიდაზე და მილულული თვალებით მოქაჩა კიდეც. არც ეს გამიპროტესტებია, გადაღლას ვუჩიოდი და ახალ, დამყოლი ადამიანის როლს ვირგებდი მთელი მონდომებით.

მაგიდის კუთხეში საგულდაგულოდ მიჭუჭყნულ ბანქოს შეკვრას მოკრა თვალი, სიგარეტი კბილებით დაიჭირა და ორივე ხელით გადაწვდა, თან ცალი თვალი ფრთხილად მოჭუტა, აქაოდა კვამლი არ შემივიდესო. კოლოფიდან გადმოსრიალებული კარტი სათითაოდ გაშალა მაგიდაზე და ტუზები გადაარჩია, რაღაც ჩაიბუტბუტა და ისევ ერთმანეთში არია, აალებული ღერი სახელდახელოდ მიცუნცულებული საფერფლის კიდეზე ჩამოდო და გამომწვევად გამომხედა, ვიცოდი რაც უნდა ეთქვა, ჰოდა არ ვაცადე, დავასწარი, „უკვე ჩავიფიქრე“ მეთქი ვუთხარი და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი ვიგრძენი. ოთახი ისედაც სავსე იყო კვამლით და დასაკარგი რომ აღარაფერი მქონდა მეც მადიანად დავიწყე სიგარეტის ქაჩვა, თან ყოველი ნაფაზის შემდეგ აალებულ ბოლოს ვაკვირდებოდი და თვალით ვზომავდი კიდევ რამდენ ხანს მეყოფოდა მოკიდებული ღერი. აუჩქარებლად, სიამოვნებისთვის მოწევა ვერ ვისწავლე, ყოველ ჯერზე ისტერიულად ვეწაფებოდი ხოლმე ფილტრიდან ნაზად გადმოკლაკნილ კვამლს და გახშირებული სუნთქვით ვუშვებდი პირდაპირ ფილტვებში, ფილტვებიდან კი დაუყოვნებლივ გარეთ.

საფერფლეს ოდნავ შევეხე თითებით, ფერფლი ამეკიდა ხელზე და უსიამოვნოდ მომემანჭა სახე, მეორე ხელით დავიწყე კანის წმენდა და სულ გადამავიწყდა რომ სურვილი მქონდა ჩაფიქრებული. არადა მართლა ჩავიფიქრე, დიდი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით ვთქვი უარი ტვინში გაელვებულ და ტანში გაჟრიალებულ სურვილზე, ჩავიფიქრე და სიგარეტის ისტერიული ქაჩვით გავისუსე ვერდიქტის მოსასმენად. ცხვირი აიბზუა, კარტი მაგიდაზე დაყარა და თავი დანანებით გააქნია, „ასეც ვიცოდი“ მეთქი ჩავილაპარაკე ჭვარტლიანი ტუჩებით და მის მოსასმენად მივწექი სკამის საზურგეზე.

თავზე ხელი გადაისვა, აუჩქარებლად გადმოიხარა ჩემკენ და სათნოდ გამიღიმა, ისედაც წვრილი ტუჩები ძაფებად ექცა, მე კი მის ნაოჭებად ქცეულ სახის კანზე შევაჩერე მზერა, შუაზე გაყოფილი ნიკაპიდან ლოყებზე ავცოცდი, თვალის ჩაცვენილ უპეებზე ღარები დავთვალე და ჩაყვითლებულ სკლერებზე გავიყინე, სანამ რამეს იტყოდა პიჯაკის ჯიბეს დასწვდა ხელით და თეთრი, სათუთად დაკეცილი ცხვირსახოცი ამოიღო, პირთან მიიტანა და ჩაახველა, პასუხად თავი რამდენჯერმე გავაქნიე იმის ნიშნად სასმელი არაფერი მაქვს მეთქი, სასწრაფოდ მოიშორა ცხვირსახოცი გალურჯებული ტუჩებიდან და ისევ კარგად ნაცნობი ღიმილი მესროლა.

ასე ხდება ხოლმე, შეჩვევევას ვუთამამდებით, ბოლოს კი ისე გვიჯდება სისხლში მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია, ამაზე ვერაგი რამ არ არსებობს, გველივით გვეპარება, გვამშვიდებს, შიშის ზარებსაც ნელ–ნელა ადუმებს და ადამიანებს ისეთ ახლობლებად აქცევს ლამისაა მათ ყოველ გამოჩენაზე სიხარულით ტაში შემოვკრათ, ძნელია ჩვევაში გადასული ადამიანების გარეშე ცხოვრება, დიდი ხანია მისი ძაფებად ქცეული ტუჩებისგან მოხაზული ღიმილი აღარ მინახავს, მიუხედავად იმისა რომ ენით აღუწერლად მძულდა, თან ისეთი მონატრების შეგრძნება მქონდა მზად ვიყავი იქვე გადავხვეოდი, მაგრად ჩამეკრა გულში და ყურში მეჩურჩულა „სად იყავი ამდენ ხანს“ მეთქი.

არეულ ფიქრებს წესრიგისკენ რომ მოვუწოდე, თავის ხელში აყვანის ნიშნად შეკრული მუშტი მივიტანე პირთან და ორჯერ ჩავახველე, საუბრის დაწყებას არც ის ჩქარობდა და მეც მისი დროულად გასტუმრებისა და მასთან კიდევ დიდ ხანს დარჩენის სურვილს შორის გახლეჩილი ჩამოყალიბებას ვლამობდი.

თავი ხელში რომ ავიყვანე კიდევ ერთხელ მივხვდი რისთვისაც მესტუმრა, გაღიმებულმა მოვუკიდე სიგარეტს და ვუთხარი „არაფერში მჭირდება!“

ისევ ღიმილმა გადაუსერა სახე, წარბი აწია და ძირს მიგდებულ საქაღალდეს წაეპოტინა, რამდენიმე გვერდიანი, აკინძული ხელშეკრულება გამომიწოდა და გულის ჯიბიდან მუქი მწვანე, პრიალა ზედაპირის მქონე კალამი ამოიღო, მე კი რამდენიმე წუთის წინ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ჩაფიქრებული სურვილის მსგავსად მივიტანე მარჯვენა ხელი თითქოს ზეპირად ნასწავლი ტექსტით სავსე ფურცლებთან და ხელი მოვაწერე, წერტილი დავსი და ტანში მონატრებულმა ჟრუანტელმა დამიარა.

საკუთარი სურვილით დავთანხმდი იგივე სენის შეყრას რამაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შხამით უხვად გამიჯერა სხეულის თითოეული უჯრედი. ვადაგასული ხელშეკრულების პირობით ნაყიდ ადამიანს იმდენ ხანს ვებღაუჭე სანამ ნაცრისფერ, ფანქრით მოხაზულ ჩონჩხს არ დავამსგავსე, სანამ სიცოცხლის ყველა ნიშანი არ გამოვწოვე, სანამ სიმშვიდე არ შემეპარა მისგან შემორჩენილი უკანასკნელი ემოციის ტანჯვით გარდაცვალების მომენტში. ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ როგორც მაშინ, აგონიაში მყოფ გრძნობას რომ დავაფარე ბალიში სახეზე და ერთი საათი ვაჭერდი ცხვირზე იმის შიშით შემთხვევით არ გადარჩეს მეთქი, ერთდროულად გამოშიგნულიც, გარდაცვლილიც, დამპალიც ვიყავი და ახალდაბადებულიც. მიწაც კი არ მიმიყრია ისე გაიხრწნა ჩემ ბალიშზე, ძვლებზე გადაკრული დაფლეთილი კანის გროვად იქცა და ოთახი ააყროლა.

ყველაფერი თავიდან დავიწყე, საკუთარი სურვილით მოვიყუდე შხამით სავსე ჭიქა და გემრიელად გამოვცალე, ისევ სურვილების ჩაფიქრება დავიწყე და არაფრის მთქმელი ნიშნებით არსებობას მივეცი. შვიდიანების შემორჩენილი ყუთი მოვიკიდე ზურგზე და ბაზარში ხუთიანების მცირე გროვაზე გადავცვალე. გავწითლდი და ხელშეკრულების ტექსტი ავიკრიფე ტანზე, ხელი მოვიწერე და ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე სული ვიყიდე.

Advertisements

ფიქრები გრამებად


როცა საკუთარი თავით ვაჭრობა გადაწყვიტა, ზიზღიანი რეპლიკებისა და ამრეზის მეტი ვერაფერი მიიღო. მგლოვიარე სახით აიარა ყველა კიბე ბოლო სართულამდე და უკანასკნელ საფეხურზე ჩამოჯდა. თეორულად ყველაფერი იცოდა, პრაქტიკულად არაფერი.

სანამ სიფრიფანა გამოჩნდებოდა, ბაზარზე უკონკურენტო იყო, ბევრს საუბრობდა თეორიებზე და იქამდე იშიგნავდა მუცელს სანამ ყველაფერს არ გადმოალაგებდა მაგიდაზე, სანამ სისხლს არ გამოუშვებდა და მიკროსკოპში არ გამოამზეურებდა ყველა უჯრედს რომლისგანაც შედგებოდა. ამას საკუთარი თავის შეცნობას ეძახდა, კონტაქტური იყო მანამ სანამ საკუთარ თავზე საუბარს მოსთხოვდნენ, ამაზე კი ყოველთვის ერთი პასუხი ქონდა „ემოციებსა და აზრებს მიკროსკოპით ვერ შეისწავლი.“

შესასვლელში ცხრილი ქონდა გაკრული, დილით თავში გაელვებულ ყველა ფიქრს წერდა რიგითობის მიხედვით და თითოეულს წონიდა, სიმძიმეს ითვლიდა და ისე გადიოდა სახლიდან. საღამოს ყოველთვის ამოწმებდა რამდენი კილოგრამი ტვირთის ჩამოხსნა შეძლო მხრებიდან. იმ დღეს დაბრუნებულმა აღმოაჩინა რომ უკანაკსნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უკიდურესად დამძიმდა, საძინებლისკენ აიღო გეზი და სასწორზე შედგა, ზუსტად იმდენი კილოგრამით შეუმსუბუქდა სხეული რამდენი კილოგრამითაც დაუმძიმდა ფიქრები, ე.ი. ყოველი ახალი ფიქრის გაჩენისას მსუბუქდებოდა სხეული. ის უმნიშვნელო გაელვებებიც კი რომლებსაც არად თვლიდა რაღაცას იწონიდნენ და საბოლოო ჯამში ითვლებოდნენ გრამებად.

სახლიდან გასვლა გადაიფიქრა და სხეული იმდენ ხანს კვება სანამ ფიქრებმა არ დაიწყეს გახდომა. რამდენიმე დღეში გამხდარი ფიქრებითა და სავსე სხეულით დაუბრუნდა ცხოვრებას.

ცოტა ხანში საკუთარი თავის ნაწილებად აწონვა დაიწყო და თითოეულ მათგანს ფიქრის სიმძიმე მიუსადაგა, გამოთვალა ასეთი სტატისტიკის გაგრძელების შემთხვევაში რამდენ ხანში ვეღარ შეძლებდა ფეხზე დადგომას, გამოთვალა და მაშინვე აიარა კიბის უკანასკნელი საფეხური, აღმოაჩინა რომ ყველაზე მეტს მიუღწეველი მიზნები, შეუსრულებელი სურვილები და გამოუყენებელი შესაძლებლობები იწონიდნენ.

დავიწყებას მიცემული სიმღერები ჩართო და იქამდე უსმინა სანამ კანი არ დაუნაოჭდა და ძვლები უფრო შესამჩნევი არ გახდა. დაგროვილი გულის წყვეტების დათვლა დაიწყო და გრამების მითითებაზე რომ გადავიდა შეჩერდა, გაახსენდა რომ კარადაში რამდენიმე წლის წინ საგულდაგულოდ გადანახული კონიაკი იდგა, თაროზე შემოდებულ ჭიქას წაეპოტინა ხელით და დათვლა დაიწყო, პირველი ჭიქის შემდეგ ოდნავი დაბუჟება იგრძნო, რამდენიმე საათში კი სასიამოვნო სიმძიმე ჩაეღვარა სხეულში და კედელზე გაკრულ ცხრილთან მივიდა, ჩამონათვალს თვალი გადაავლო და უმისამართოდ გაეღიმა, წონებისკენ გააპარა თვალი და მხიარულად გაიფიქრა რომ აშკარად ურევდა მისი სასწორი, სარკესთან მივიდა, გულიანად გაიცინა, საკუთარი თავისკენ გაიშვირა თითი და წარბ აწეულმა უთხრა „უსინდისო! წონაში მატყუებ.“

დილით წყურვილმა შეაფხიზლა, პირთან ჭიქა მიიტანა და მიწებებული ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს, ზანტად დაიწყო წუხანდელი ღამის აღდგენა და საკუთარი აზრების სიმსუბუქის გახსენებისას ამრეზით აეწია ტუჩი, ცხრილთან მივიდა და მთელი მონდომებით გადაჯღაბნილ წონებს დაუწყო ყურება, საკუთარი თავისადმი ზიზღი იგრძნო, სასწორზე შედგა, სხეულის ზუსტი წონა ამოიწერა და ცხრილს მიაწერა „ზიზღი საკუთარი თავის მიმართ“, გასწვრივ კი სხეულის სრული წონა მიუთითა.

სახლში მძიმე ნივთების ძებნა დაიწყო და იქამდე ავსო ჩანთა სანამ ზუსტად ის წონა არ მიიღო რამდენსაც თავად იწონიდა, შემდეგ ზურგზე მოიკიდა და სასეირნოდ გავიდა. შეღამებისას ქანცგაწყვეტილმა აიარა კიბე და სახლში შესვლისთანავე ზურგჩანთა მხრებიდან ჩამოიხსნა, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, აკანკალებული მუხლებით მივიდა დივანთან და მიწვა, სიმსუბუქისგან ისეთი ნეტარება იგრძნო ტვინი გამოუცარიელდა, პულსი დაუმშვიდდა და უზრუნველად ჩაეძინა.

“თ”


სიგარეტის კვამლში ვირევით, წითელ საყელურს ვხლართავთ თითებში და გვგონია რომ მრავლობითი ფორმის ხშირად გამოყენება მარტოობის განცდას გაგვიქრობს. თავის გასამართლებელ არგუმენტებს ვეძებთ და ვქაჩავთ, ვქაჩავთ, ვქაჩავთ სიგარეტს, საკუთარ წინდაუხედავობას ვსაყვედურობთ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს როლებს ვეძახით. სირცხვილის გრძნობას კი ისევ მრავლობითი ფორმის გამოყენებით ვკლავთ და თავს იმით ვიმხნევებთ რომ გამოგონილი ტექსტის წერისას ყველაფერი ნებადართულია.

აჯანყების სურვილიც ნელ–ნელა ქრება, როგორც ზედმეტად ემოციურ ადამიანებს სჩვევიათ, ცხრობის პროცესი მალე დგება და თვალის ერთ დახამხამებაში ვიქცევით აფეთქების შედეგად დარჩენილ ნანგრევებად. რეკონსტრუქციის შემდეგ კი ისევ ვილაშქრებთ, საკუთარი თავის წინააღმდეგ ვაცხადებთ ბრძოლას და ისევ ფეიერვერკივით ვანათებთ ყველაფერს აფეთქების მომენტში.

ისევ ფარატინა, წითელ საყელურს ვახვევთ თითებში და მაგრად ვხუჭავთ თვალებს, იმის იმედად რომ შემდეგი აბზაციდან მრავლობით ფორმას გადავდებთ გვერდზე და ისევ საკუთარ თავზე ვისაუბრებთ მხოლობით რიცხვში, პირველ პირში, გულახდილად, აფეთქებამდე არსებულ ცხრობის პროცესს გამოვიყენებთ და ჯერ კიდევ ოდნავ შესამჩნევ კვამლში გავიხლართებით.

წუნდადედებული ფიქრების სასაფლაოზე უნდა იყოს წესით ამ აბზაცების ადგილი დღეს რომ ზედმეტად ლმობიერი არ ვიყო, ცხრობის პროცესს არ განვიცდიდე და რეკონსტრუქციის დასაგეგმად არ ველოდებოდე ინჟინრების ახალ ჯგუფს. თუმცა ჯერ მეხანძრეებსაც არ დაუმთავრებიათ საქმე, რა დროს ინჟინრებისა და არქიტექტორების, მუშებისა და მუშების ზედამხედველების გამოჩენაა?! ამჯერად ახალი პროექტის დამტკიცებაში უნდა მივიღო მონაწილეობა და სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ საკუთარი თავისგან უკეთესი მოდელი შევქმნა, გარდაუვალი აფეთქება გავითვალისწინო და ვიზრუნო იმაზე რომ მორიგი ჯანყი თვალწარმტაცი და სანახაობრივი აღმოჩნდეს.

ოსტატურად მოვიშორეთ არა ეს არსაიდან შემოჩვეული „თ“? ჰო, მოვიშორეთ და ახლა იქ დავბრუნდით საიდანაც დავიწყეთ, ისევ „თ“–ს საჭიროება მოგვაწვა ყელში, გაგვეკვეხა ფიქრებში და აიხლართა ისედაც საშინლად აბურდულ ტექსტში. ჰოდა, ისევ სიგარეტის კვამლში ვირევით, ისევ წითელ საყელურს ვხლართავთ და ისევ გვგონია რომ მოგონილი ტექსტის წერისას ყველაფერი ნებადართულია, მათ შორის მრავლობითი ფორმის გამოყენებაც, თუ ეს მარტოობის შეგრძნების მიწიხვლას სჭირდება.

rebellio


შემაფურთხა, პასუხი ვერ დავუბრუნე, რანგით ჩემზე მაღლა იყო და იმიტომ. ვიცი ყველგან მოყვება რომ ფეხქვეშ გამთელა, ცოტას იქირქილებენ და ალკოჰოლით შებუჟბუჟებულები ცოტას იხორხოცებენ კიდეც. დიდად მადარდებს მეთქი რომ ვთქვა არ ვიქნები მართალი, თუმცა არც უმაგისობაა.

მთელი ცხოვრება საწინააღმდეგო აზრის აუტანლობაში მდებდნენ ბრალს და ხშირად კედელსაც მადარებდნენ ხოლმე, შეიძლება კედელიც ვარ, ყურები მაქვს და იმიტომ, მაგრამ ენას რომ ვერ ვაჩერებ მაგას რა მოვუხერხო ეგ ვერ გავიგე.

ეს სისხლიც ხან ისე ამიდუღდება ხოლმე, რომ ყელში მომაწვება და მგონია თუ დასაკლავი ძროხასავით ბღავილს არ დავიწყებ უსათუოდ გავსკდები მეთქი, ხანაც ისე მდორედ მოედინება ძარღვებში გვამისგან ვერავინ განმასხვავებს. მხიარული მთებივით ვცხოვრობ, ხან ტანი ძლივს, ჭრიალით ამაქვს მეტალის აღმართზე და ხანაც ისე მივექანები დაბლა მგონია კისერს წავიმტვრევ მეთქი.

რამდენიმე დღეა ტანის ყველა უჯრედი ისეთი აფუთფუთებულია, ვგრძნობ რომ რაღაცას გეგმავენ. ასე მგონია თავზე თეთრი კვამლი დამტრიალებს და ცოტა ხანში სისხლის წვეთებით შეიღებება მეთქი. ან ამ სისხლს რას გადავეკიდე, როცა მაფურთხებენ მაშინაც კი ვერ ამომიღია ხმა და რომელი მებრძოლი მე ვარ ყველგან სისხლის გუბეები რომ მელანდება. არადა, კაცმა რომ თქვას ვაჟკაცობა არ მაკლია, როდის აქეთაა რომ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ლაჩრობას ეძახიან, ლაჩარი თავი გაბიათ ბატონებო, სადაც საჭირო არ არის იქ ბღავილი ნამდვილად დასაკლავი ძროხისთვის გამზადებული ბედის გაზიარებას გიქადით, ბრძოლა გამართლებული ვიცი მე, აბა თუ სიკვდილი მინდა საშუალებები კი არ დალეულა. შეგიმჩნევიათ რომ სიკვდილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება? ძალიან იაფიც ღირს და ზოგჯერ ძალიან ძვირიც, თავად გადაწყვიტეთ რა ფასად გიღირთ სულის განტევება, მე კი გენაცვალე უფასოც მაწყობს, ისედაც ყველაფერში ფულს მახდევინებენ კიდევ სიკვდილმა რომ არ მაზარალოს. ისე კი, კარგი იქნებოდა იმის ფული რომ მქონოდა პროფესიონალი მკვლელი დამექირავებინა და ერთ ღამესაც საკუთარ ბინაში, მაყუჩიანი იარაღით მიეყუჩებინა ჩემი სუნთქვა. თეთრ საღამურს ჩავიცვამდი იმ დღეს და ვეტყოდი თავში არ ესროლა, თეთრზე სხვანაირად მიდის წითელი ფერი. ხარაკირზეც არ ვიტყოდი უარს, წინასწარ რომ არ ვიცოდე საკუთარი სიმხდალის ამბავი, ვაჟკაცობას კი ვიბრალებ მაგრამ საკუთარი ხელით მუცლის გამოფატვრას რომ ვერასოდეს გავბედავ ეს კარგად ვიცი. ან კი რატომ უნდა გმოვიფატრო მუცელი როდესაც შემიძლია ერთი, მომცრო ზომის ჭრილობით დავასრულო ყველაფერი. იარაღის კალიბრზე უნდა ჩამოვყალიბდე, გამოძიება რომ დაიწყება მინდა შესაფერისი კალიბრის იარაღს ეძებდნენ, ისეთს მე რომ შემეფერება.

მაინც გამორკვევაში მაქვს პრობლემა, ბრაზი მახრჩობს თუ სიძულვილი ვერ გამიგია, ვერც ის გამიგია აზარტი მაქვს თუ მართლა მაღელვებს ის რის გამოც მზად ვარ საკუთარი სიმხდალე გადავდო გვერდით. პრობლემა ალბათ მაინც როლების სიმცირეში უნდა იყოს, მომბეზრდა ეს „რანგით ჩემზე მაღლა მდგომმა შემაფურთხა“–ს როლი! აი, ისევ აფუთფუთდა ტანის თითოეული უჯრედი და სისხლმაც ვენებიდან გადმოხეთქა, მინდა ეს აჯანყება და რა იქნება მაცადეთ ცოტა ხანს?!

არადა სინამდვილეში ყველაფერი ამ ყველაფერზე მაღლა დგას, ისე მინდა ჩემი მცირე ზომის ხელის მცირე ზომის თითები წითლად აისახოს იმ ნაბუშარის ლოყაზე ვინც ჩემზე რანგით მაღლა იდგა და შემაფურთხა, რომ გადმოცემა მიჭირს და აზარტისგან მაცახცახებს.

ესეც უაზროდ „დავიხვიე ხელზე“. ზუსტად ვიცი რომ ერთადერთი რისი ნიჭიც საბოლოოდ დავკარგე ეს პირში წყლის ჩაგუბებაა, ყველა ნაგავს იქამდე უნდა ვუმეორო ნაგავი ხარ მეთქი სანამ საკუთარ სიმყრალეს თავადაც არ იგრძნობს. ჰო, რატომ გაოცდით? ნაგავს როცა ეუბნები ნაგავი ხარო შეურაცხყოფად უნდა მიიღოს? არა მგონია! მე სახელით რომ მომმართავენ დიდად არასოდეს ვიკვირვებ ხოლმე.

ეს ლაყბობა იქით იყოს და მგონი ჩემს თავზე მართლაც ქრიან აჯანყების შავი ბაირაღები.

Viva Hate


მანქანაში იჯდა, დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა და პერიოდულად გვერდზე მჯდომი მეგორბისკენ აპარებდა თვალს. რამდენიმე წუთში გზაზე განათებული ეკლესია გამოჩნდა, მეგობარმა სასწრაფოდ გაშალა მხრები, თითებისგან სამიანიც შეკრა და „უფალო შეგვიწყალენ“-ის ბურტყუნით სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, შემდეგ ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო და მანაც დაღლილობის ნიშნად თვალები მილულა, არადა 2 წუთში კიდევ უნდა გამოჩენილიყო ეკლესია.

„ღმერთი ტირანია“ – წამოროშა თითქოს უნებლიედ. მეგობარმა ჯერ მხრები გაასწორა, შემდეგ კი უთხრა „შესაძლოა“.

„ის კიდევ გამყიდველი და ზედმეტად პოლიტიზირებული“ – ისევ წამოროშა. ამაზე მეგობარი აენთო და მკაცრი ტონით მოსთხოვა სიტყვები შეერჩია როდესაც „მწყემსზე“ საუბრობდა! ასეთი იყო, ღმერთის ტირანიას მარტივად აღიარებდა, აი ოქროსფერებში გამოწკეპილ „მწყემსს“ კი სხვანაირ პატივს სცემდა, მისი სიტყვა კანონი იყო.

ისევ ეკლესია გამოჩნდა და ისევ ბურტყუნი დაიწყო.

„ჰო, გითხარი გამყიდველი და მოღალატეა მეთქი შენი მწყემსი“ – გაუმეორა მკაცრი ტონით.

„მოკეტე!“ უპასუხა გაცეცხლებულმა.

„ღმერთი კიდევ ტირანია და სისხლისმსმელი“ – განაგრძო და თვალები აუციმციმდა, აუციმციმდა იმიტომ რომ პასუხი წინასწარ იცოდა.

„ჰო. ვიცი რომ ასე ფიქრობ“ – პასუხმა არ დააყოვნა.

***

შეძრული იყო. სიკვდილთან შეგუება ყოველთვის უჭირდა, ვერც სტატისტიკად აღვიქვამდა ოდესმე.

მეგობარმა დაურეკა, ემოციებისკან აშკარად დუჟი სდიოდა პირიდან, მორჩილად გაემზადა მისი ბღავილის მოსასმენად და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, დაზაფრული იყო და ენა გამომშრალი ქონდა, სიტყვებს თავს ვერ აბამდა და არც ტელეფონის ყურმილიდან მომავალი „ყეფის“ მოსმენის თავი ქონდა, ალაგ-ალაგ ესმოდა როგორ ყვიროდა „ეს ნაძირლებიო!“ ყვიროდა და აშკარად აღშფოთებული იყო, აღშფოთებული და გადარეული, სიგიჟემდე ერთი ნაბიჯი რომ აკლდა … ამ დროს მის ხმაში, სადღაც ძალიან შორს, თითქმის შეუმჩნევლად კმაყოფილების ზარებმა შემოჰკრეს, ნასიამოვნები იყო, გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად ზეიმობდა უცხო ადამიანების ტრაგედიას, ნიშნის მოგებით ყვიროდა „ნაძირლები!“, ყვიროდა და სადღაც ქვეცნობიერში სიამოვნებისგან აცახცახებდა, კიდევ ერთი ფაქტი „მის/მათ“ სასარგებლოდ, აკი ამბობდა „ნაძირლები“ არიანო, ჰოდა ვუალა!!

გულის რევა, ზიზღი, აგრესია და უუნარობა ერთდროულად იგრძნო, საკუთარმა უძლურებამ ისეთი უსუსური გახადა შეეშინდა და ტელეფონი გათიშა, ის კი იმხელა ხმაზე ყვიროდა „არ გჯეროდა! ნაძირლები! ნაძირლები“ რომ დიდ ხანს ვერ მიხვდა მეორე მხარეს აღარავინ იყო.

***

მეგობრებს ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევდა. იშვიათად თუ იპოვნიდა ადამიანს რომლისაც ბოლომდე ესმოდა. მეგობრების გარდა ერთი-ორი „მომეგობრო“ სუბიექტიც გამოერეოდა ხოლმე, თითქოს მეგობრობამდე არსებულ ფაზას გადიოდა მათთან და ეჩვეოდა, იწონებდა, უგებდა.

მაშინ „მომეგობროებში“ იჯდა, რაღაცაზე საუბრობდნენ, ის კი გათიშული უყურებდა ჰორიზონტს და ფიქრებით სადღაც შორს იყო წასული. მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა უკვე მეგობრის სტატუსის მქონე სუბიექტის ხმამ რომ გამოაფხიზლა, პოლიტიკაზე საუბრობდნენ, „მომეგობროები“ კი (განსაკუთრებით მის მარჯვნივ მჯდომი) დაგეშილები შესცქეროდნენ თვალებში. „არ ღირს ახლა ამაზე საუბარი“-ო წაილუღლუღა და არყით სავსე ჭიქა მოიყუდა, გაახსენდა რატომ იყვნენ ისინი „მომეგობროები“ და არა „მეგობრები“ – აგრესია ქონდათ უშრეტი და იმიტომ.

წლები ისე გადიოდა ხან „მომეგობროებში“ წერდა მის სახელს, ხან მეგობრებში, ხანაც ნაცნობებში. იმ დღეს „მეგობარსა“ და „მომეგობროს“ შორის იხლიჩებოდა, თუმცა იცოდა რომ საბოლოოდ არჩევანს მაინც ამ ყბადაღებულ „მომეგობროზე“ შეაჩერებდა.

„მომეგობრო“ შავებში ჩაცმული გამოცხადდა, თავი ისე მაღლა ეჭირა აშკარად არაფრით გავდა მგლოვიარეს, არადა რომ გეკითხათ „ნაწამებ“ და გარდაცვლილ ადამიანებს გლოვობდა, გმობდა აგრესიას და საყოველთაო შემწყნარებლობას ქადაგებდა.

ალბათ ვიღაცამ უთხრა რა საჭირო იყო ძაძებით მოსვლაო, რომ პასუხმა არ დააყოვნა, კახპასავით ჩახლეჩილი ხმით დაიწყო კივილი ვისაც არ მოგწონთ გაეთრიეთო… თქვენც გაწამებენ მალეო… განაგრძო და ნასიამოვნები ღიმილი მოედო სახეზე, მათი წამების წარმოდგენაზე ლამის კვნესა დაიწყო.

ხმის ამოღება უნდოდა, მაგრამ გაჩუმდა, ერთი ეგ იყო გაიფიქრა „იქნებ არც მეგობარი, არც მომეგობრო, უბრალოდ ნაცნობი?!“ არადა ამის მიხედვით არ უნდა შეერჩია, არ უნდა შეერჩია და მაინც შეარჩია. მანქანაში ერთად ჩასხდნენ, იცოდა რომ მალე ეკლესია გამოჩნდებოდა და თვალი „შავოსნისკენ“ გააპარა, შედეგმა არ დააყოვნა, რამდენიმე წამში გამალებით იწერდა პირჯვარს.

„აგრესია აღარ მაქვს, ერთი ეგაა გულს მირევს საკუთარი უუნარობა“ – გაიფიქრა და მანაც მექანიკურად გადაიწერა პირჯვარი.