please, please, please, let me, let me, let me


„წინ აღარაფერი გვიდგას. ისევ ისეთი ღარიბები ვართ როგორებიც დასაწყისში ვიყავით, ისევ ისეთი თავისუფლები როგორებიც მაშინ როდესაც ვიცოდით რომ არაფერი გვქონდა.

ვიღაც მეუბნებოდა რომ ყველაზე საშიშები ისინი არიან ვისაც დასაკარგი არაფერი აქვთ, მე კი ვიტყოდი რომ ყველაზე ბედნიერები ისინი არიან ვისაც არაფრის დაკარგვა შეუძლიათ.

თავიდან რომ დამეწყო ყველაფერი, უყველაფრო ვიქნებოდი, ანუ ნაცრისფერი, თუნდაც შავ–თეთრი, შავ–თეთრი და თავისუფალი.

ძველი ფილმის მსგავსად უხარისხო გამოსახულება მექნებოდა, თუმცა შინაარსიანი ვიქნებოდი, აზრი მექნებოდა და ზოგჯერ ავციმციმდებოდი.“ – მითხრა და თავისუფლების ჟინით დამაავადა.

ვუპასუხე რომ სასოწარკვეთასაც სჭირდებოდა მიზეზი, მე სასოწარკვეთაში ვიყავი ზუსტად იმიტომ რომ არ მქონდა მიზეზი, რომ მინდოდა რომანტიული დასახელების მქონე ბაქტერიით გამოწვეული რთულ სახელიანი დაავადება მქონოდა, ვსვამდი იმიტომ რომ დამევიწყებინა დაუოკებელი სურვილი მქონოდა სურვილი…

ვუთხარი რომ მინდოდა მეცადა ყველა ადამიანის ბედნიერების მოდელი და შემერჩია საჩემო, ვუთხარი რომ საკუთარი არაფერი გამაჩნდა და ბედნიერებაც სხვების წესებით უნდა მეგრძნო, რომ ვიპარავდი სურვილებს იმისთვის რომ მქონოდა საკუთარი, ვუთხარი რომ სურვილების გასაჩენად მზად ვიყავი ეშმაკთან წავსულიყავი გარიგებაზე და შემდეგ ღმერთისთვის მეთხოვა მათი ასრულება, მზად ვიყავი მელოცა და შემდეგ ისევ მას მივდგომოდი.“

ფეხზე წამოდგა, მეც ავედევნე, ორივემ მოვუკიდეთ სიგარეტს, მაგრად მოვქაჩეთ და ცხოვრებაში პირველად დავლიეთ სადღეგრძელო ალკოჰოლის გარეშე, ჭიქაში ჩასხმული, გამთბარი ალუბლის წვენით ვისურვეთ თავისუფლება და მე ვუთხარი რომ წინ აღარაფერი გვედგა, რომ ისეთი ღარიბები ვიყავით როგორც თავიდან, რომ კარგად დავიწყებული თავისუფლება ვიგრძენით და გაფრენამდე არაფერი გვაკლდა.

მიპასუხა რომ თავისუფლები ვიყავით სურვილისგან გვქონოდა სურვილი.

რომ აღარ ვოცნებობდით გვქონოდა რომანტიული დასახელების მქონე ბაქტერიით გამოწვეული რთულ სახელიანი დაავადება.

და მე დანანებით ვკითხე:

–        არც ლისტერია?

–        ლამაზი სახელი აქვს მაგრამ არა.

–        არც ბორელია?

–        ღმერთმა დაგვიფაროს.

–        იქნებ ბორტადელა, ეშერიხია კოლი, ლეგიონელა, ლეპტოსპირია, ფსევდომონა?

–        ფსევდომონა?

–        ჰო ფსევდომონა.

–        საინტერესო სახელია ფსევდო მონა.

–        ე.ი. გვინდა?

–        არა!

–        სალმონელა? თუმცა არა კვერცხთან და ქათამთან რაც ასოცირდება არაფერი გვინდა. იქნებ სერატია, ვიბრიო… ვიბრიო ხოლერას ბაქტერია ყოფილა, იქნებ გვინდა? სიყვარული ხოლერას დროს გახსოვს?

–        იქნებ ბუბონებიანი შავი ჭირი გვეცადა ალბერ კამიუს საპატივსაცემოდ?

–        იერსინია? ჰო, ჰო, იერსინია, მივაგენი! შავი ჭირის ბაქტერია, იერსინია.

–        მერედა ჩვენი კლებსიელა?

–        კლებსიელა იყო უკვე, იერსინიას დროა!

წიგნი გვერდზე გადავდე. ალუბლისგან გალურჯებულ ტუჩებთან მივიტანე სიგარეტი და ვიფიქრე რომ თავისუფალი ვიყავი, რომ ასეთი უყველაფრო არასოდეს ვყოფილვარ.

–        მოდი ვილოცოთ! – წამოიყვირა მოულოდნელად.

ასეთი არასოდეს მინახავს, ერთად არასოდეს გვილოცია, საერთოდაც მგონი არასოდეს უთქვამს ლოცვა.

გაკვირვებულმა შევხედე.

–        ჰო, ჰო ვილოცოთ! ოღონდ ოფიციალური მიმართვა არ გვინდა, ღმერთია ჩვენი დირექტორი ხომ არა?! მოდი დავსხდეთ და ვილოცოთ!

ორივე დივანზე ჩამოვჯექით, სიგარეტის ჩაქრობა რომ დავაპირე გამიმეორა „ღმერთია ჩვენი დირექტორი ხომ არა?“

ის ის იყო თვალები უნდა დამეხუჭა და ლოცვა უნდა დამეწყო, რომ მუსიკის ხმა შემომესმა.

მითხრა, რომ ამაზე გულწრფელად ვერასოდეს ვილოცებდით.

„Good times for a change
See, the luck I’ve had
Can make a good man
Turn bad

So please please please
Let me, let me, let me
Let me get what I want
This time „

მართალი იყო.

Advertisements

9 thoughts on “please, please, please, let me, let me, let me

  1. ფრაზა “ვატერპოლოდან”-” მე ღარიბი ვარ, როგორც იესო”…არ ვიცი, რა სჯობს, ის, რომ არაფერი გქონდეს დასაკარგი და იყო თავისუფალი ყველაფრისგან და ტკივილისგანაც, თუ ის, რომ რაღაც გაქვს დასაკარგი და შესაბამისად ტკივილიც პერსპექტივაში… თეორიულად ალბათ პირველი სჯობს, თუმცა არჩევნის გაკეთების შემთხვევაში მეორეს ავირჩევდი მაინც.ალბათ არჩევანიც არ ერქმებოდა ამას, ჩემდაუნებურად ასე გამოვიდოდა, რაკი ახლიდან ვერ დავიბადები 🙂

    Like

    1. ჰო, ასეა. ალბათ ყველას აქვს რაღაც დასაკარგი. ალბერ კამიუ წერდა რომ ისეთი თავისუფალი და ბედნიერი არასოდეს ყოფილა როგორიც ტიპაზაში იყო, როდესაც ღარიბი იყო და არაფერი ქონდა, მაშინ დავფიქრდი ამაზე 🙂

      Like

  2. რამდენი დაავადებაა ჩამოთვლილი ალბათ სამედიცინო გაქვს დამთავრებული, ანდაც უბრალოდ გიყვარს მედიცინა.

    შეიძლება იდიოტიზმია მაგრამ არაფერი არ უნდა გქონდეს დასაკარგი.

    Like

    1. არა, სამედიცინო განათლება არ მაქვს, უბრალოდ ბაქტერიების ჩამონათვალს გავეცანი და “საუკეთესოები” ამოვარჩიე.

      საინტერესოა ცხოვრება მაშინ როდესაც არაფრის დაკარგვის გეშინია.

      Like

  3. Rusa

    მე უფრო იმაზე მიფიქრია, არავინ მყავდეს, ვისაც ჩემი გაქრობა ისეთ ტკივილს აგრძნობინებდა, 1 თვე რომ არ ეყოფა განელებას 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s