ტაში


სიგარეტის ნახევრად მოწეულ ღერებს ვინახავ რომელიღაც ფილმის გმირივით და ჩემი საწერი მაგიდა კვამლის სუნითაა აყროლებული.

როცა ჩემნაირებს ვეძებ შედეგებზე არასოდეს ვფიქრობ, ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფში მოხვედრა აუცილებლად გაგრძნობინებს საკუთარ ჩამორჩენას, მაშინ ხვდები რომ „უცხო ხილის“ ამპლუაში ყოფნა ნამდვილი ფუფუნებაა.  გგონია რომ რბოლაში ჩაები, სხვებმა უკვე გადაკვეთეს ფინიშის ხაზი და ვერ გადაგიწყვეტია განაგრძო გზა თუ გაჩერდე ღირსების შესანარჩუნებლად.

ზომაზე მეტად გაწვრთნილი მეხსიერება უმეტესად გადაჭარბებული თავმოყვარეობის ნიშანია, ათასჯერ მაინც ატრიალებ ერთსა და იმავე სცენას სანამ არ მიხვდები რომ გონებას კუჭისგან განსხვავებით ღებინება არ შეუძლია. არადა რამხელა შვება იქნებოდა სოდიანი წყლით რომ ირეცხავდე მეხსიერებას ყოველთვის როცა მიხვდები რომ რაღაცამ „გაწყინა“. სასწრაფოდ საავადმყოფოში! დიაგნოზით „მეხსიერებითი ინტოქსიკაცია“, რამდენიმე დღიანი სამკურნალო კურსი, გადასხმებისგან ნაწვალები ვენები და ისევ ფორმაში ხარ, მთავარია რომ მოინელე. თუ კვებითი ინტოქსიკაციის დროს არ გპასუხობენ რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“ რა ნამუსით გეუბნებიან რომ მეხსიერებისგან მოწამლულ გონებას დროის გასვლა ეყოფა?! კეთილი ინებონ და გიმკურნალონ.

ალკოჰოლი ყველაფერს კურნავს, ტკივილის გადატანის მეთოდივითაა. ბავშვობაში კბილს რომ მიღებდნენ ფრჩხილებით ხორცს ვიძრობდი ხოლმე ყურადღება სხვა ტკივილზე რომ გადამეტანა, ალკოჰოლსაც იგივე ეფექტი აქვს, მოსანელებელი მოგონების წასაშლელად ახალს გთავაზობს. არადა რა მნიშვნელობა აქვს კბილის ამოღება გეტკინება თუ მაჯიდან ლამის ბოლომდე ამოგლეჯილი ხორცი? მნიშვნელობა აქვს, მთავარია გრძნობდე რომ სიტუაციას აკონტროლებ.

დიდი ხნის წინ განელებულ აგრესიას ვებღაუჭები, მგონია რომ სცენაზე ასვლის სურვილს თავიდან გამიჩენს. იქნებ ისევ გავიგო შემთხვევით შემობოდიალებული მაყურებლის ნაძალადევი ტაში. ვალში არც მე დავრჩები, ჩვენს თეატრში მსახიობები ხომ მაყურებლებიც არიან და ერთმანეთს სამსახიობო ოსტატობაზე მეტად დაკრული ტაშის ხმოვანებაში ეჯიბრებიან.

პენსიაზე გასვლამდე აუცილებლად მომცემენ ჯილდოს საუკეთესოდ შესრულებული ტაშისთვის.

Advertisements

7 thoughts on “ტაში

  1. მე კაი ხანია დამსახურებულ პენსიაზე ვარ 🙂 მახსოვრობის მკურნალობის მეთოდი ისე მომეწონა, გადავირიე 🙂 მეც ვიმკურნალებდი სიამოვნებით.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s