შავებში


შავი ამტანი ფერია, დიდ ხანს შეიძლება გეცვას, სხეულსაც საუცხოოდ ფარავს, იმაზე მეტად გამხდარსაც გაჩენს ვიდრე ხარ და ლაქებიც ნაკლებად ეტყობა, მაინც და მაინც თუ თეთრ ცარცს არ გაეხახუნები უზადო იქნება. მგლოვიარეებსაც შავები აცვიათ ხოლმე და მკვლელებსაც, ზოგჯერ კი ამ ორს სხვაც ბევრი აქვთ საერთო. ისეც ხდება რომ ერთნაირად განიცდიან წყურვილს, ერთი განსხვავებით – ერთს უკვე საკმარისზე მეტი წყალი აქვს დალეული მეორე კი წყაროს გამხეცებულ ძიებაშია.

დედამიწა მრგვალია, ვფიქრობ სიმბოლური დატვირთვა უნდა ქონდეს ამას, უმეტესად წრეებზე დავდივართ ხოლმე, მიცვალებულებსაც წრის დარტყმით მივაგებთ პატივს. ისტორიასაც უყვარს გამეორება და ხალხიც სიამოვნებით დგება იმ საწყის პოზიციაზე საიდანაც წინა ჯგუფმა აიღო სტარტი და ცოტა ხნის წინ ფინიშის ხაზიც კი გადაკვეთა. მერე რა თუ ფინიშის ხაზი პირდაპირ პირდაღებულ უფსკრულზე გადიოდა?!

ჰოდა, შავზე გეუბნებოდი, შავი ათავისუფლებს, რაღაცნაირ შენიღბულობის შეგრძნებას ბადებს ჩემში და ვერბალური ღებინებისთვის განმაწყობს, არ შეიძლება ყელში გაჩხერილი სიტყვების ყლაპვა, ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს და წაგვლეკავს.

რატომღაც მგონია რომ წარმოსახვით ღილაკზე თითის ერთი შეხება საკმარისია იმისთვის რომ შავების საყოველთაო ღებინება მოეწყოს.

სირცხვილი ის გრძნობაა რომელიც შავებში გამოწყობილსაც კი შემახსენებს რომ ჯერ კიდევ ადამიანი ვარ, რომ გადმონთხეულ სიტყვებს ემოციების ჭაობში ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჩავუთრევივარ, საკუთარი თავის პატივისცემას რომ დავკარგავ ანაც პირიქით არასოდეს დავაყენებ ეჭვქვეშ მაშინ მივხვდები რომ უნდა დამდონ დივანზე და სიმბოლური წრეები მარტყან შავებში ჩაცმულს ასევე შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა, მათ ვისაც სირცხვილის გრძნობა ჯერ კიდევ ახსენებთ რომ ადამიანები არიან და საკუთარი თავის პატივისცემას აღუდგენთ მკვდრეთით.

ზედმეტად ვხლართავ ყველაფერს.

უცნაურია, ბოლო პერიოდში საკუთარი ბრალის აღიარება უზნეობად მიმაჩნია, მგონია რომ ამაზე დიდი შვება არ არსებობს, რაც ისევ საკუთარ კომფორტზე ორიენტირებულობას ნიშნავს, თუმცა მჯერა რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ბრალის შეგრძნება აღარ აქვთ და შვებისთვის არც მისგან გათავისუფლება სჭირდებათ, ე.ი. სანამ ვგრძნობ ყველაფერი დაკარგული არ არის.

ისევ შავებს დავუბრუნდი. ნამდვილებიც და ყალბებიც გაშავდნენ, ჯერ ცარცს არავინ გახახუნებია და ლაქებიც შეუდარებელი ოსტატობით ჩაყლაპა ფერმა. ხელთათმანები დაგვავიწყდა ბატონებო ხელთათმანები, ხელებზე დაგვემჩნევა ის ლაქები ტანსაცმელმა რომ დაფარა.

არადა ვერ ვიტან მათ ვინც ვერ იტანს იმას რისიც მე მჯერა, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან მათ ვინც ვერ იტანენ მათ ვისაც სხვა რაღაცის სჯერათ, ამ აგრესიასაც ვერაფერს ვუხერხებ და გაოფლილ ხელებს ვიწმენდ შავზე, რომელსაც არაფერი ემჩნევა. ისევ უნდა ვაღიარო ბრალი, ზედმეტად დამაწვა გულზე, ძალების მოსაკრებად აუცილებლად მჭირდება შვება, თორემ ასე თუ გაგრძელდა აგრესიის ახალი ტალღისთვის, აღშფოთებისთვის აღარ დამრჩება ადგილი.

ყოველ დღე რომ აღებინებდე და დამლაგებელს შენი ნარწყევის სუნზე პასუხად ერეოდეს გული დამლაგებლის ბრალი იქნება? ალბათ!? ახალი დამლაგებელი უნდა მოძებნო დაუყოვნებლივ!!!  იქნებ იმან მაინც შეიკავოს თავი?!

ან.. ან იქნებ ხორხში თითების გაყრას უნდა მორჩე ოთახში პასუხად რომ არავინ გირწყიოს?!

Advertisements

please, please, please, let me, let me, let me


„წინ აღარაფერი გვიდგას. ისევ ისეთი ღარიბები ვართ როგორებიც დასაწყისში ვიყავით, ისევ ისეთი თავისუფლები როგორებიც მაშინ როდესაც ვიცოდით რომ არაფერი გვქონდა.

ვიღაც მეუბნებოდა რომ ყველაზე საშიშები ისინი არიან ვისაც დასაკარგი არაფერი აქვთ, მე კი ვიტყოდი რომ ყველაზე ბედნიერები ისინი არიან ვისაც არაფრის დაკარგვა შეუძლიათ.

თავიდან რომ დამეწყო ყველაფერი, უყველაფრო ვიქნებოდი, ანუ ნაცრისფერი, თუნდაც შავ–თეთრი, შავ–თეთრი და თავისუფალი.

ძველი ფილმის მსგავსად უხარისხო გამოსახულება მექნებოდა, თუმცა შინაარსიანი ვიქნებოდი, აზრი მექნებოდა და ზოგჯერ ავციმციმდებოდი.“ – მითხრა და თავისუფლების ჟინით დამაავადა.

ვუპასუხე რომ სასოწარკვეთასაც სჭირდებოდა მიზეზი, მე სასოწარკვეთაში ვიყავი ზუსტად იმიტომ რომ არ მქონდა მიზეზი, რომ მინდოდა რომანტიული დასახელების მქონე ბაქტერიით გამოწვეული რთულ სახელიანი დაავადება მქონოდა, ვსვამდი იმიტომ რომ დამევიწყებინა დაუოკებელი სურვილი მქონოდა სურვილი…

ვუთხარი რომ მინდოდა მეცადა ყველა ადამიანის ბედნიერების მოდელი და შემერჩია საჩემო, ვუთხარი რომ საკუთარი არაფერი გამაჩნდა და ბედნიერებაც სხვების წესებით უნდა მეგრძნო, რომ ვიპარავდი სურვილებს იმისთვის რომ მქონოდა საკუთარი, ვუთხარი რომ სურვილების გასაჩენად მზად ვიყავი ეშმაკთან წავსულიყავი გარიგებაზე და შემდეგ ღმერთისთვის მეთხოვა მათი ასრულება, მზად ვიყავი მელოცა და შემდეგ ისევ მას მივდგომოდი.“

ფეხზე წამოდგა, მეც ავედევნე, ორივემ მოვუკიდეთ სიგარეტს, მაგრად მოვქაჩეთ და ცხოვრებაში პირველად დავლიეთ სადღეგრძელო ალკოჰოლის გარეშე, ჭიქაში ჩასხმული, გამთბარი ალუბლის წვენით ვისურვეთ თავისუფლება და მე ვუთხარი რომ წინ აღარაფერი გვედგა, რომ ისეთი ღარიბები ვიყავით როგორც თავიდან, რომ კარგად დავიწყებული თავისუფლება ვიგრძენით და გაფრენამდე არაფერი გვაკლდა.

მიპასუხა რომ თავისუფლები ვიყავით სურვილისგან გვქონოდა სურვილი.

რომ აღარ ვოცნებობდით გვქონოდა რომანტიული დასახელების მქონე ბაქტერიით გამოწვეული რთულ სახელიანი დაავადება.

და მე დანანებით ვკითხე:

–        არც ლისტერია?

–        ლამაზი სახელი აქვს მაგრამ არა.

–        არც ბორელია?

–        ღმერთმა დაგვიფაროს.

–        იქნებ ბორტადელა, ეშერიხია კოლი, ლეგიონელა, ლეპტოსპირია, ფსევდომონა?

–        ფსევდომონა?

–        ჰო ფსევდომონა.

–        საინტერესო სახელია ფსევდო მონა.

–        ე.ი. გვინდა?

–        არა!

–        სალმონელა? თუმცა არა კვერცხთან და ქათამთან რაც ასოცირდება არაფერი გვინდა. იქნებ სერატია, ვიბრიო… ვიბრიო ხოლერას ბაქტერია ყოფილა, იქნებ გვინდა? სიყვარული ხოლერას დროს გახსოვს?

–        იქნებ ბუბონებიანი შავი ჭირი გვეცადა ალბერ კამიუს საპატივსაცემოდ?

–        იერსინია? ჰო, ჰო, იერსინია, მივაგენი! შავი ჭირის ბაქტერია, იერსინია.

–        მერედა ჩვენი კლებსიელა?

–        კლებსიელა იყო უკვე, იერსინიას დროა!

წიგნი გვერდზე გადავდე. ალუბლისგან გალურჯებულ ტუჩებთან მივიტანე სიგარეტი და ვიფიქრე რომ თავისუფალი ვიყავი, რომ ასეთი უყველაფრო არასოდეს ვყოფილვარ.

–        მოდი ვილოცოთ! – წამოიყვირა მოულოდნელად.

ასეთი არასოდეს მინახავს, ერთად არასოდეს გვილოცია, საერთოდაც მგონი არასოდეს უთქვამს ლოცვა.

გაკვირვებულმა შევხედე.

–        ჰო, ჰო ვილოცოთ! ოღონდ ოფიციალური მიმართვა არ გვინდა, ღმერთია ჩვენი დირექტორი ხომ არა?! მოდი დავსხდეთ და ვილოცოთ!

ორივე დივანზე ჩამოვჯექით, სიგარეტის ჩაქრობა რომ დავაპირე გამიმეორა „ღმერთია ჩვენი დირექტორი ხომ არა?“

ის ის იყო თვალები უნდა დამეხუჭა და ლოცვა უნდა დამეწყო, რომ მუსიკის ხმა შემომესმა.

მითხრა, რომ ამაზე გულწრფელად ვერასოდეს ვილოცებდით.

„Good times for a change
See, the luck I’ve had
Can make a good man
Turn bad

So please please please
Let me, let me, let me
Let me get what I want
This time „

მართალი იყო.

ტაში


სიგარეტის ნახევრად მოწეულ ღერებს ვინახავ რომელიღაც ფილმის გმირივით და ჩემი საწერი მაგიდა კვამლის სუნითაა აყროლებული.

როცა ჩემნაირებს ვეძებ შედეგებზე არასოდეს ვფიქრობ, ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფში მოხვედრა აუცილებლად გაგრძნობინებს საკუთარ ჩამორჩენას, მაშინ ხვდები რომ „უცხო ხილის“ ამპლუაში ყოფნა ნამდვილი ფუფუნებაა.  გგონია რომ რბოლაში ჩაები, სხვებმა უკვე გადაკვეთეს ფინიშის ხაზი და ვერ გადაგიწყვეტია განაგრძო გზა თუ გაჩერდე ღირსების შესანარჩუნებლად.

ზომაზე მეტად გაწვრთნილი მეხსიერება უმეტესად გადაჭარბებული თავმოყვარეობის ნიშანია, ათასჯერ მაინც ატრიალებ ერთსა და იმავე სცენას სანამ არ მიხვდები რომ გონებას კუჭისგან განსხვავებით ღებინება არ შეუძლია. არადა რამხელა შვება იქნებოდა სოდიანი წყლით რომ ირეცხავდე მეხსიერებას ყოველთვის როცა მიხვდები რომ რაღაცამ „გაწყინა“. სასწრაფოდ საავადმყოფოში! დიაგნოზით „მეხსიერებითი ინტოქსიკაცია“, რამდენიმე დღიანი სამკურნალო კურსი, გადასხმებისგან ნაწვალები ვენები და ისევ ფორმაში ხარ, მთავარია რომ მოინელე. თუ კვებითი ინტოქსიკაციის დროს არ გპასუხობენ რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“ რა ნამუსით გეუბნებიან რომ მეხსიერებისგან მოწამლულ გონებას დროის გასვლა ეყოფა?! კეთილი ინებონ და გიმკურნალონ.

ალკოჰოლი ყველაფერს კურნავს, ტკივილის გადატანის მეთოდივითაა. ბავშვობაში კბილს რომ მიღებდნენ ფრჩხილებით ხორცს ვიძრობდი ხოლმე ყურადღება სხვა ტკივილზე რომ გადამეტანა, ალკოჰოლსაც იგივე ეფექტი აქვს, მოსანელებელი მოგონების წასაშლელად ახალს გთავაზობს. არადა რა მნიშვნელობა აქვს კბილის ამოღება გეტკინება თუ მაჯიდან ლამის ბოლომდე ამოგლეჯილი ხორცი? მნიშვნელობა აქვს, მთავარია გრძნობდე რომ სიტუაციას აკონტროლებ.

დიდი ხნის წინ განელებულ აგრესიას ვებღაუჭები, მგონია რომ სცენაზე ასვლის სურვილს თავიდან გამიჩენს. იქნებ ისევ გავიგო შემთხვევით შემობოდიალებული მაყურებლის ნაძალადევი ტაში. ვალში არც მე დავრჩები, ჩვენს თეატრში მსახიობები ხომ მაყურებლებიც არიან და ერთმანეთს სამსახიობო ოსტატობაზე მეტად დაკრული ტაშის ხმოვანებაში ეჯიბრებიან.

პენსიაზე გასვლამდე აუცილებლად მომცემენ ჯილდოს საუკეთესოდ შესრულებული ტაშისთვის.