ELLA


გამოუცხადებელი ომის პირობებში ვიყავით.

თეთრი დროშის აწევას არ ჩქარობდა და დაუსრულებლად მიმეორებდა ხოლმე „ელა… ელა… ელა…“

***

ადამიანების აკვიატება საშიში გატაცება იყო. ეს ვიცოდით და მაინც ვერ ვჩერდებოდით, ყოველთვის ვეძებდით ვიღაც ახალს, ვის დანახვაზეც სუნთქვა შეგვეკვრებოდა, ვიზე ფიქრიც წაგვლეკავდა, თავს დაგვაკარგვინებდა და საბოლოოდ გვაპოვნინებდა ცხოვრების აზრს.

ჯერ კიდევ მაშინ ელაზე არაფერი ვიცოდით.

ლიტერატურულ ჟურნალებს ვყიდულობდით ხოლმე, დამწყები მწერლების მოთხრობების კითხვა გვიყვარდა, შემდეგ ვიკრიბებოდით, სათვალეს ვიკეთებდით და დაყენებული ტონით ვმართავდით ინტელექტუალურ საუბრებს.

ანგელუს ტიბურონას პირველი მოთხრობა 14 აპრილს წავიკითხეთ. შეხვედრა საღამოს 8 საათზე გვქონდა დათქმული.

ჩემ სახლთან რომ გამოჩნდა წითელი ყელსახვევი ქონდა მოხვეული და ჰაეროვნად მოაბიჯებდა, ერთი ორი ბრუნიც გააკეთა სანამ ზარს დარეკავდა, მე ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი და ვერთობოდი მისი ამაღლებული განწყობით.

გეზი პირდაპირ ჩემი მინი ბიბლიოთეკისკენ აიღო, ცეკვა–ცეკვით გაემართა, დატრიალდა და მითხრა „დღეს ჰაეროვანი ვარ.“

ჩვენი ადგილები დავიკავეთ და ჩვეულებისამებრ სიგარეტს მოვუკიდეთ. ისეთი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მივხვდი, რომ საუბარი მას უნდა დაეწყო.

„ანგელუს ტიბურონა…“ – წამოიძახა და თვალები აენთო.

„ჰო, ანგელუს ტიბურონა.“ – ვუპასუხე ღიმილით.

სახეზე აშკარა აღტაცება ეტყობოდა. ჩემზე კი ამ ახლად გამომცხვარმა, იაფფასიანი ფსევდონიმის მქონე მწერალმა დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა.

„მისი ფსევდონიმი გაშიფრე?“ – ვკითხე გამომწვევი ღიმილით.

„შენ რა გაშიფრე?“ – წამოყვირებით დამიბრუნა კითხვა.

„ჰო, ოღონდ ნუ გგონია რომ რამის მომცემი ინფორმაციაა. ყველაფერი ძალიან მარტივია – ანგელუს ლათინურად ანგელოზს ნიშნავს…“

„მაგას მეც მივხვდი!“ – შემაწყვეტინა საუბარი და იმედგაცრუების ნიშნად გადმოაბრუნა ქვედა ტუჩი.

„არ დამიმთავრებია!“ – ვუთხარი ბრაზმორეული ტონით და განვაგრძე – გვარზე ბევრი ვიწვალე თუმცა ვერაფრით მივხვდი რას ნიშნავდა, საიდან მოიტანა და რატომ მაინც და მაინც ტიბურონა. ბოლოს ვიფიქრე რაც პირზე მოადგა ის დაწერა მეთქი და ის ის იყო ხელი უნდა ჩამექნია, რომ ისევ სახელს შევხედე, ანგელუს, ანგელუს, ანგელუს, ანგელო, ანგელო, ანგელო… ანჯელო, მიქელანჯელო ბ–უ–ო–ნ–ა–რ–ო–ტ–ი – ანგელუს ტ–ი–ბ–უ–რ–ო–ნ–ა.“ – ტაშის მოლოდინში გავჩუმდი.“

დიდი აღტაცება არ გამოუხატავს. მხრები აიჩეჩა და მითხრა რომ ანგელუს ტიბურონა სწორედ ისაა ვისაც ვეძებდით.

იმ დღიდან „ტიბურონამ“ წაგვლეკა.

ჟურნალის რედაქციასთან ვათენ–ვაღამებდით, იქნებ გამოჩენილიყო, იქნებ გვეცნო.

 ***

14 ივლისის ნომერში ტიბურონას სურათს დაბეჭდავენ.

არადა არ დგება ეს 14 ივლისი.

იმაზე უკეთესია ვიდრე წარმოგვედგინა.

 ***

15 ივლისი – ოფიციალურად მიცხადებს რომ ტიბურონა უყვარს!

 ***

14 აგვისტო. აუხსნელად ანერვიულებული ვშლი ჟურნალს ტიბურონას პირველი ჩანაწერის მოლოდინში.

„ელა ივნისში გამოჩნდა. უკითხავად შემომისახლდა, სუნთქვა შემიკრა, ჟრუანტელი მომგვარა და ცეცხლი მომიკიდა. მისი გამოჩენის შემდეგ მოსვენება დავკარგე, ძილი არ მეკარება, ხან მგონია რომ ჩემშია, სადღაც ჩამისახლდა, ხან მგონია რომ ჰაერშია გაბნეული პატარა ნაწილაკებად და ვსუნთქავ.

იისფერი ტუჩები აქვს, ბუნებრივად იისფერი და წითელ საცხს ისვამს.

სახლიდან აღარ გავდივარ, ავადმყოფური ფერი მაქვს სახეზე.

მგონია რომ საწოლზე მიყრილი ძვლების გროვა ვარ, ელა კი ჩემი საძინებლის სარკესთან დგას და დაუღალავად იღებება წითლად.

ჩაძინებისას შუბლზე მკოცნის და გვერდით მიწვება, მაშინვე ციება მიტანს და ხველა მეწყება, თავზე ხელს მისვამს და ჩურჩულებს „არ გვინდა ავე!“

გადაადგილების უნარი მიჩლუნგდება, არეულად ვფიქრობ და ექიმს ვურეკავ.

ოთახში შემოსულს მტრულად უყურებს, წითლად შეღებილ ტუჩებს გაბრაზების ნიშნად ბურცავს და სიგარეტს ეწევა, მგონია რომ პირდაპირ ჩემ ფილტვებში უშვებს კვამლს, ჰაერს მიკეტავს და მწამლავს.

ექიმი მეუბნება რომ „ავე აუცილებელია“.

გონება არეული მაქვს, ვიცი ვინ არის ელა, ვიცი რა არის ავე.

ელა თავის მოსაკლავად მექაჩება და ისევ ჩემ ფილტვებში უშვებს კვამლს.

ვენებზე მიყურებს და მეუბნება რომ სისხლი ავეს გამო ჩამექცა. დალურჯებულ ხელებს ვუყურებ და ვფიქრობ რომ მართალია, უნდა დავნებდე, უნდა დავნებდე ელას“.

ვამთავრებ კითხვას და დაუკმაყოფილებლობის შეგძნება არ მტოვებს, ინტერესი მკლავს და ჩანაწერის სიმცირე მაღიზიანებს.

მას ისევ წითელი ყელსახვევი აქვს მოხვეული, თუმცა ნაბიჯებს მძიმედ ადგამს, ბრუნს არ აკეთებს და ზარს რეკავს.

ორივე ვეჭვიანობთ ელაზე. ის უფრო ვიდრე მე, მაგრამ მეც. გამოუცხადებელი ომის პირობებში ვართ, ტიბურონას გამო „ვიბრძვით ელასთან“, ისე რომ არც ტიბურონას ვიცნობთ და არც ელას.

„იქნებ ჩვენც გვიჭრდება ეს ოხერი ავე, ამ ტიბურონას სენისგან თავის დასახსნელად?“ – ვეკითხები სიგარეტის ნელი ქაჩვით.

„და რა არის ავე?“ – მიბრუნებს კითხვას.

 ***

სახელი: „ანგელუს ტიბურონა“, დიაგნოზი: პნევმონიის კლებსიელა. დანიშნული მკურნალობა: აველოქსი 400 მგ. ინტრავენურად.

პაციენტის მიმდინარეობა დამაკმაყოფილებელი.

კლებსიელა: გრამ უარყოფითი ბაქტერია, რომელიც გრამის შეღებვის მეთოდით წითლად იღებება.