ზეროები


„რამდენიმე წითელი ლაქა ჩემს თეთრ საყელოზე და კვამლით გვარიანად გაჯერებული ტუჩები“. – მომწერა და თითქმის ვიგრძენი როგორ შეწყვიტა სუნთქვა პასუხის მოლოდინში. მაშინ მივხვდი რომ არსებობს შემთხვევები როდესაც პასუხი აუცილებელია, თუმცა შეუძლებელი.

მე როგორც წესი არც საუბრის დაწყება ვიცი, არც დაწყებულ საუბარში ჩართვა და არც ჩართვის შემდეგ მისი დასრულება. თავის ქნევა და უადგილო ღიმილი კი იცოცხლე, შესისხლხორცებული მაქვს და ამ ჟესტების ჭეშმარიტი პროფესიონალი ვარ.

დახურული სივრცის არ მეშინია და ვერც ინტელექტუალის სახით ვიტყვი „კლაუსტროფობია“ მჭირს მეთქი, თუმცა დახურულ სივრცეში სხვა ადამიანებთან ყოფნას ვერ ვიტან, რატომღაც ყოველთვის მგონია რომ ვალდებული ვარ გავართო სანამ ერთად ვიქნებით, თან ერთმანეთი კი არ უნდა გავართოთ, არა, როგორ გეკადრებათ?! მე უნდა ვიტვირთო საუბრის წამომწყების, გამგრძელებლისა და დამსრულებლის როლი, თუმცა ვინაიდან არც ერთი მეხერხება, არც მეორე და თქვენ წარმოიდგინეთ არც მესამე მხოლოდ უცნაურად ვცმუკავ ხოლმე და ზოგჯერ გასაღებს ვაჩხრიალებ ხელში, ჩემ გატეხილ ბრელოკს ვუყურებ, უფრო სწორად სამ ფეხიან ეიფელის კოშკს და ნაძალადევად ვიხსენებ როგორ ვიყიდე ის პარიზში. პარიზი რომ ნაძალადევად გასახსენებელი გაგიხდება ადმიანს…

მწირი მოგონებების მქონე ადამიანებს მოგონებებში ქექვა განსაკუთრებულად უყვართ და დიდ ძალისხმევასაც ხარჯავენ რომ ერთი და იგივე ფაქტი რამდენჯერმე არ მოყვნენ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, იმათ კი ვისაც მწირი მოგონებები და ფრიად ვიწრო საზოგადოება ყავთ, სხვა გზა არ რჩებათ და ფიქრობენ რომ „მთვრალზე განმეორებით მოყოლილი ისტორიაც წავა“ რა თქმა უნდა განახლებული დეტალებით, მაგ. იმ დღეს გადასარევი ამინდი და ლურჯი ცა კი არ იყო, არა რაღაც გერევათ, ქარი უბერავდა სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით და ღრუბლებს ნაგლეჯ–ნაგლეჯ მიერეკებოდა თქვენს თავზე.

ამინდის ხსენებას არ ვაპირებდი, მაგრამ რახან სიტყვამ მოიტანა არ შემიძლია ამას არ შევეხო, ამინდი რომ არ არსებობდეს ჩემნაირებს არაფერი ეშველებოდათ, ლიფტში მეზობელთან აღმოჩენისას, გმინვის შემდეგ ნამდვილი ხსნაა იმის თქმა თუ როგორ დაცხა, ან რომ შარშან ამ დროს კიდევ უფრო ცხელოდა ან კიდევ უკეთესი „ამბობენ ხვალ უფრო ცხელი დღე იქნებაო“, ჰო ეს უკანასკნელი ნამდვილად ყველას ჯობია, ამ დროს აუცილებლად უნდა შემოგხედოს „თანამოსაუბრემ“ ნაძალადევად გაფართოვებული თვალებით და კიდევ უფრო ნაძალადევად შეწუხდეს შენ მიერ ყურით მოთრეულ ინფორმაციაზე. ყურით მოთრეული ეძახეთ და მზად ვარ დავიფიცო, რომ ვისგანაც ეს გავიგე მან თავად ნახა ამინდის პროგნოზი. აჰ, ახალ თემასაც მივადექით, უხერხულობის მოსაკლავად იუმორი ხომ საერთოდ გადასარევი რამაა, ჰოდა იხუმრებ „ამ ბოლო დროს სინოპტიკოსები დიდი სიზუსტით გამოირჩევიანო“ (აქ მთავარია ინტონაცია იყოს სწორად შერჩეული, რას გაუგებ ამ ხალხს, ვაი და სერიოზულად მიიღონ), ისიც გაგიღიმებს საპასუხოდ და თუ ძალიან გაგიმართლებს პირზე ხელსაც მიიფარებს ზრდილობიანი გადაკისკისებისთვის. არადა არ ეცინება, ვის ატყუებს საერთოდ ეს ნაძირალა და ეს კომუნისტების გადმონაშთი ლიფტიც რომ ძლივს მიათრევს სხეულს (ჩვენ სხეულებზე რომ აღარაფერი ვთქვა).

რა მაგის პასუხია და ჩემი მეგობარი ამბობდა ადამიანები ორ ტიპად იყოფიანო, გვიან აღმოვაჩინე რომ ადამიანებზე კი არა კონკრეტულად მდედრობით სქესზე საუბრობდა, მითხრა არსებობენ პირველები და სათადარიგოები. ვკითხე მე რომელი ვარ მეთქი და მიპასუხა „არც ერთიო“, ყოველთვის ასეა უჯგუფოდ უნდა დამტოვონ ხოლმე, სადღაც გამაკვეხონ, წრეში ჩამაყენონ და თაყვანი მცენ იმის გამო რომ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ. მე რომ მკითხოთ თუ არც პირველი ხართ და არც სათადარიგო უეჭველად ზეროების ჯგუფში გაგაერთიანეს. ჰოდა, რომში მეორე კაცად ყოფნა ჯობია თუ სოფელში პირველობა? მე რომ მკითხოთ ზეროების ჯგუფის დედოფლობა დანარჩენ ორ მსხვილ ჯგუფში გაერთიანებას აშკარად ჯობია, ჰო კიდევ უფრო მეტს თუ მკითხავთ ხშირად სათადარიგოები იმაზე მეტად არიან პირველები ვიდრე თავად პირველები, ან ეს პირველები რომის პიველებთან საერთოდ რა მოსატანები არიან.

Advertisements

თორმეტი


მკითხველად არასოდეს ვარგოდა. როდესაც ჩემი ახალი ფავორიტის ნაწერების წაკითხვა შევთავაზე მითხრა კითხვისას მეგონა შედედებულ სისხლში ვყოფდი ხელებს და თითები ერთმანეთზე მეწებებოდაო. ნაწერებში ავტორს სისხლის არსად უხსენებია, ვიფიქრე რაღაც გამომრჩა მეთქი და თავიდან დავიწყე კითხვა. ძილის წინ ვკითხულობდი და დილაობით დიდ ხანს მეგონა რომ სისხლის გუბეში ვიწექი, არ ვიცი როდიდან, მაგრამ აღმოვაჩინე რომ სისხლი სიბინძურის სინონიმი გახდა ჩემთვის და წარმოვიდგინე კითხვისას როგორ იყურებოდა თითებზე, როგორ კრავდა მუჭს და როგორ გრძნობდა რომ ხელის გაშლისას უკვე გვარიანად გაციებული სისხლი ეწელებოდა თითებზე. გულის რევა ვიგრძენი.

მას შემდეგ გამარჯვებულის სახით მხვდებოდა და ჩვეული სალმის ნაცვლად ხელს მიწვდიდა ხოლმე ჩამოსართმევად, შეუფერებლად ოფიციალური იყო და თითებზე დიდ ხანს მაკვირდებოდა, მე კი ნიშნის მოგებით ვისვამდი წითელ ლაქს, ხელის ჩამორთმევა ემოციური რომ გამეხადა.

ცოტა ხანში გავცივდით, მასაც გაუარა შოკმა და მეც აღარ ვგრძნობდი სისხლის გუბეს გაღვიძებისას. შეხვედრისას ვეხვეოდით ხოლმე ერთმანეთს, ახალ მწერალს ითხოვდა სამსხვერპლოზე. მეც არ დავაყოვნე და საკუთარი თავი მივართვი, ხელნაწერებად გავუშალე მაგიდაზე და მოუთმენლობისგან სიგარეტს მოვუკიდე.

ცხვირი აიბზუა და მითხრა „ჩამოკიდებული კაცი“ რა უაზრო თარგმანიაო, ვუთხარი უკეთესად შენ თარგმნე მეთქი და მიპასუხა „Hanged Man”– ო, გამეღიმა, იქამდე ვჭიმე ტუჩები ყურებისკენ სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდი რომ საპასუხოდ გაღიმებას არ აპირებდა.

ვწერდი – „სანამ ჩემი მეგობრის ყოვლისმომცველი ზიზღი შთანთქავდა მისდამი განცდილ ემოციას, მოასწრო და მითხრა „ბედი თითოეულ ჩვენგანს აძლევს სამ მასწავლებელს, სამ მეგობარს, სამ მტერს და სამ დაუვიწყარ საყვარელს, მაგრამ ეს თორმეტი ყოველთვის ირგებს ვიღაცის როლს და ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით რომელი მათგანი რომელია…“ გამეღიმა, იმის ნიშნად რომ მომეწონა, შემდეგ ბევრი ვიფიქრე და ვუპასუხე უაზრობაა მეთქი, რატომო არ უკითხავს და თავადვე განვაგრძე „ვინ დაადგინა რომ მაინც და მაინც სამნი უნდა იყვნენ თუ ვერასოდეს ვიგებთ ვინ ვინაა, ვინ დაადგინა რომ გადაცმულები ანაც სხვის ნიღაბ მორგებულები გვხვდებიან თუ შეუძლებელია მათი ნამდვილი ვინაობის გარკვევა. თუ ადამიანს იმდენად აქვს შესისხლხორცებული ნიღაბი, რომ მისი მოხსნის შემდეგ სახე აღარ ექნება, ეს ნიშნავს რომ მას ნიღაბი არ აქვს.“ ისევ არაფერი მიპასუხა, მეც გავჩუმდი და მივხვდი რომ ეს ფრაზა ზედმეტად გამოვშიგნე და სასიამოვნო მოსასმენისგან ორგანოების ამაზრზენ კორიანტელად ვაქციე.“

თითებზე დაიხედა, მივხვდი რომ ისევ სისხლმა გაუელვა თავში და ნიშნის მოგებით ვუთხარი: „მხოლოდ იმიტომ რომ ავტორს სიტყვა „გამოშიგვნა“ აქვს გამოყენებული, მისი ნაწერის კითხვისას თავს სისხლის გუბეში არ უნდა გრძნობდე.“

კითხვა განაგრძო და ისე რომ არ შემოუხედავს მიპასუხა: „გუშინ სახლიდან გასვლისას ხელი მომყვა კარებში, მტკივა და პერიოდულად ვაკვირდები ხოლმე.“ რამდენიმე წინადადება წაიკითხა და შემდეგ დაამატა „პარანოიას მკურნალობა სჭირდება, სპეციალისტის შერჩევაში დაგეხმარები.“

პასუხი არ გამიცია.

წერა დიდი ხნის დავიწყებული მქონდა, ამიტომ იყო ნელ–ნელა სიმშვიდე რომ შემეპარა და ვიფიქრე „ის რისი კეთებაც არ ვიცი, შეძულებელია ვინმეს მოეწონოს მეთქი“… ფიქრებში სიჩუმე რომ ჩამოვარდა და განცხრომას რომ მივეცი, მოულოდნელად გველივით შემომეპარა იმედი: „ეს ისეთი უკუღმართია…“

კითხვა დაამთავრა და მთხოვა კარტი გამიშალეო.

სიგარეტს მოვუკიდე და გავიფიქრე თუ გაშლისას მაგიდაზე ბოლო კარტად „ჩამოკიდებული კაცი“ დაჯდება საკუთარ თავს ერთ სურვილს შევუსრულებ მეთქი.

„ისე მართლაც რა უაზრობაა…“ სიგარეტის კვამლს გამოაყოლა სიტყვები.

„რა?“ ვკითხე ისე რომ კარტისთვის თვალი არ მომიცილებია.

„აი წარმოიდგინე. შენ თუ ვიღაცის მასწავლებელი ხარ ის შენთვის საპასუხოდ აუცილებლად მასწავლებელი უნდა იყოს? მოსწავლეების რაოდენობაზე არაფერი ეწერა, არც ურთიერთდამოკიდებულებაზე. მაგ. ჩემი დაუვიწყარი სამი საყვარლისთვის მე შეიძლება მასწავლებელი ვიყო?“

ორივეს გაგვეცინა, თემა მე გავაგრძელე:

„ან ეს სამი რა საჭიროა? იქნებ ფაზებად გადიან? ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ჯამში სულ 3 მნიშვნელოვან ადამიანს ხვდები, ყველაფერი მეგობრობით იწყება, შემდეგ ჩხუბობთ და სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკიდებით ერთმანეთს, შემდეგ რატომღაც ისე ხდება რომ მისი საყვარლები ხდებით და ბოლოს რაღაცას ასწავლით ერთმანეთს.“

„მეტი რაღა უნდა გასწავლოს თუ მეგობარიც იყო, მტერიც და შეუდარებელი საყვარელიც?!“ – აღშფოთდა.

„დანარჩენები?“

„ვინ დანარჩენები? 3 არ არის საკმარისი?“

გამეცინა და ვუპასუხე – „დანარჩენი ადამიანები ჩვენ გზაზე, დანარჩენებს რა როლი აქვთ? ზეროები არიან და მხოლოდ ამ თორმეტი პერსონაჟის ირგვლივ ვტრიალებთ?“

„ამაზე სიბრძნე დუმს!!“ – მიპასუხა ღიმილით.

მეათე კარტი გავხსენი და ცალი ფეხით დაკიდებული კაცის ფიგურა შემრჩა ხელში.

„შენ რომელი ხარ?“ – ვკითხე სიგარეტის ქაჩვით.

„მთელი იდეა ისაა რომ არ უნდა იცოდე.“ – მიპასუხა და ხელებზე დაიხედა.

ბრუნი


ზაფხული კვამლივით დაიკლაკნება ჩემ ირგვლივ, მხურვალე ტუჩები მოაქვს ყურთან და მეუბნება რომ „მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“.

ნაბიჯებში დღეებს გულისხმობს, უკუღმა ათვლა დაიწყო, სულ ცოტაც და „სტარტ“–ზე ვიქნებით.

რამდენიმე დღეა იღბალი არსად შემხვედრია. ალბათ ავცდით ერთმანეთს, ან მე გამოვედი ზედმეტად გვიან, ან ის გავიდა ზედმეტად ადრე. პირველად ჩემ დაბადების დღეზე გამოჩნდა, მოტეხილი ფეხით, მთვრალ მდგომარეობაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ გავიფიქრე მეცნობა მეთქი. იმ დღეს ბედნიერი ვიყავი, თუმცა დამავიწყდა რომ ჩემი ბედნიერების მაცნე კოჭლია, რომ სიმთვრალეში მეორე სართულიდან გადავარდა, თუმცა იღბლიანი იყო და გადარჩა, შემდეგ ჩემი ბედნიერების მაცნე გახდა და ჯოხი გადააგდო.

ნაბიჯები ვახსენე, მას შემდეგ რაც 00:00 საათი ოფიციალურად შესრულდა და 3 ივლისი დადგა, ყოველი ახალი წამი დანიშნულების პუნქტთან მაახლოვებს, სულ ცოტაც და მყარად დავდგები, წინსვლას შევწყვეტ და გავიყინები.

თავი უკან მაქვს გადახრილი და გაშლილი ხელებით ვტრიალებ, ბრუნებს ვაკეთებ და ყოველ წერტილს თავიდან ვუბრუნდები, ემოციებიც ისე ცოცხლდება თითქოს არასდროს გამნელებია. წარმოიდგინე მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე რომ ატარებდე, ბრუნავდე დაუსურლებლად და ამასობაში კედლები იცვლებოდეს, ახალი ფერები, ნახატები, სურათები, დეტალები ჩნდებოდეს, ცვლილებებს ეძახდე მაგრამ მაინც იმავე ადგილზე ტრიალებდე სადაც პირველად დადექი და ნელა აიღე „სტარტი“, ნიადაგი მოსინჯე და შემდეგ სისწრაფეს მოუმატე. ერთხელ თუ დაიწყე ვეღარ გაჩერდები, რომც გაჩერდე ყველაფერი მაინც განაგრძობს ტრიალს და გულის რევის სპაზმს გაგძნობინებს.

დღეს მე და იღბალი ვერ შევხვდით ერთმანეთს, მე მისი სახლის კარები ვიცი და საღამოს უნდა ვესტუმრო, თუ სხვა გამიღებს უნდა ვთხოვო დაუძახონ, სახელს თუ მკითხავენ ოდნავ გავწითლდები და ვეტყვი რომ არ ვიცი, იმედი მაქვს პასუხად გამიღიმებენ და ცხვირწინ არ მომიხურავენ კარებს, დღეს ყველაზე მეტად მჭირდება ბედნიერების მაცნე, დანიშნულების პუნქტთან პირისპირ აღმოჩენამდე აუცილებლად უნდა ვნახო. ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, ალბათ ამით გაუფასურების განაჩენი გამომაქვს, ვაუფასურებ და თავად არ იცის.

მორიგ ბრუნამდე რჩება საათები.