კვირა


ამ სეზონზე ჩვენთან ერთფეროვანი ამინდები იცის. ერთფეროვნება არავის გვიკვირს, ყველა შეჩვეული ვართ გახუნებულ დღეებს და პროტესტის შეგძნება დაკარგული გვაქვს.

პროტესტი ავადმყოფობად ითვლება და აჯანყების ეპიდემიის შიშით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებას. გვამშვიდებენ რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მათი მკურნალობა უკვე წარმატებით მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში.

ჩვენ ვმშვიდდებით, კარგია რომ რევოლუციის ტალღა არ გადაგვივლის და განვაგრძობთ საკუთარ ნაჭუჭში ცხოვრებას.

ნაჭუჭის კედლებზე წარწერებს ვაკეთებთ და საკუთარი ფრაზები მოგვწონს, გვგონია რომ ვაზროვნებთ.

სიახლეებს არავინ ეძებს, ღრუბლებიც სტაბილურად გასდევს ცას, აუჩქარებლად, რიტმულად მიდიან და მოდიან. წვიმის წვეთებიც ერთნაირად ცვივა და ჭექა–ქუხილიც უკვე კარგად ნაცნობ ხმას გამოსცემს. ჩვენთან ქუხილის ხმის არავის ეშინია და არც ბავშვები ითხოვენ მშობლების საწოლში გადაწოლას. ჩვენ ვიცით რა არის წესრიგი და ყველაფერს ერთფეროვნად, ერთნაირად ვუყურებთ.

ჩვენ ვიცით როგორ გავილამაზოთ ცხოვრება. ჩვენ კვირაობით ფრჩხილებს ნაირ–ნაირ ფერებად ვიღებავთ და საკუთარ ნაჭუჭში დაბრუნებამდე მხიარული სახით ვითვალიერებთ თითებს.

დღეს წითელი შეეპარა ქალაქს, წითელი კვირა დღე გვაქვს, ყველა თითებზე ვიყურებით და ფერებს ვადარებთ ერთმანეთს, ილუზია გვაქვს რომ ზოგის შინდისფერში გადადის, ზოგის ვარდისფერში, ზოგისაც „კვასკვასა“ წითელია, განსხვავებულობის ილუზია გვაქვს, არადა ყველას წითელი ლაქი გვისვია ფრჩხილზე.

კვირა საღამოს მომავალი კვირა დღის დაგეგმვას ვიწყებთ, არჩევანს ყველანი შავზე ვაჩერებთ, ჩემი ლურჯში გადასული შავი იქნება, ჩემი მეგობრის ბრჭყვიალებშერეული შავი, ზოგის დამჯდარი შავი და ყველა ისევ თითებზე დავიწყებთ ყურებას, ილუზიას შევიქმნით რომ სხვადასხვა ფერი გვაქვს, სინამდვილეში კი კვლავ ყველას ერთი ფერი გვესმევა.

ზაფხულობით ყველა ერთ სიმღერას ვუსმენთ და გვგონია რომ განსხვავებული მოგონებები გვაქვს.

Advertisements

8 thoughts on “კვირა

  1. მე ყველა სეზონი მეერთფეროვნება… უბრალოდ ზაფხულის ერთფეროვნება მისაღებია ჩემთვის. თუმცა ეს ზაფხული გამონაკლისია მიზეზთა გამო…

    Like

    1. ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ზაფხული, 2 წელია რაც დამოკიდებულება შემეცვალა მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, ეს ზაფხული კი საერთოდ მეზიზღება.

      იმედი მაქვს შენი ზაფხული მოულოდნელად კარგი იქნება 🙂

      Like

  2. ,jhfkjgflygigi

    ”ადამიანი ეგოისტია და ამიტომ არ სურს სცნოს სიცოცხლის უააზრობა.” ს. მოემი _ ეს გამახსენდა

    Like

  3. მე ყველა ფრჩხილზე სხვადასხვა ფერის ლაქი მისვია 😀

    “პროტესტი ავადმყოფობად ითვლება და აჯანყების ეპიდემიის შიშით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებას. გვამშვიდებენ რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მათი მკურნალობა უკვე წარმატებით მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში.” – მაგარი იყო 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s