ციცინათელები


სხვისი სიგარეტის მოწევისას ტუჩებზე სხვისი სიტკბო მედება.

ნესტიანი ამინდია და მეც აუღელვებლად ვუშვებ წყლიან ჰაერს ფილტვებში, თან ტუჩებზე შერჩენილ უცხო სიტკბოს ვაგემოვნებ.

ამოუწურავი ემოციების ნაფლეთები მეშლება ძარღვებში და ლპობას ვგრძნობ, თუმცა ვიცი რომ ლპობა სინამდვილეში რთული აზოტშემცველი ნივთიერებების დაშლაა ლპობის ბაქტერიების შემწეობით.

„მწუხრზე დამარხეს მზე მწყემსებმა უფოთლო ტყეში

და მებადურმა ბალნიან ბადით

ამოზიდა გაყინული ტბორიდან მთვარე.“

მგონია რომ უფოთლო ტყეში ნიადაგი სასვეა გაცვენილი ფოთლებით, ნესტისგან სიშავეში გადასული ფერი დაჰკრავთ და ლპობის ბაქტერიების შემწეობით რთული აზოტშემცველი ნივთიერებების დაშლის პროცესში არიან.

სიგარეტის მოუთოკავი სურვილი მახრჩობს და წყლიანი ჰაერით სავსე ფილტვებით მივუყვები დერეფანს, აგრესია გალურჯებული ფრჩხილებით მესობა ხელის გულებში და გაბრტყელებულ ფილტრს ვაწვები ტუჩებით, ერთმანეთს ვეჯიბრებით სულის ამოხდაში. გამარჯვება კუპრის, ნიკოტინისა და მხუთავი აირისგან შედგება, ჰაერში კვამლად იკლაკნება, გაღვივებული ფილტრი კი წყლით სავსე საფერფლეში ცხრება შიშხინით.

ყოველთვის მიყვარდა სიტყვა „სარკმელი“, ჩემი ნება რომ იყოს ლექსიკონში იმედის სინონიმად შევიყვანდი და ვიტყოდი რომ იმედიდან მონაბერი სიო მივსებს წყლით სავსე ფილტვებს.

სიტყვებისგან მახინჯ წინადადებებს ვაწყობ და აბზაცებზე დავხტუნავ, წერის სურვილი მაშინ მეძალება როდესაც დასაწერი არაფერი მაქვს და აგრესიას ხელის გულებში ვიკლავ გალურჯებული ფრჩხილებით.

ერთხელ, ზაფხულის ერთ ღამეს აუცილებლად დავჯდები ციცინათელებით სავსე ბაღში და აკვიატებულ სიმღერას მოვუსმენ.

“Bir yaz gecesi otururken bahçede Ateş böceklerini seyredaldım”

Advertisements

კვირა


ამ სეზონზე ჩვენთან ერთფეროვანი ამინდები იცის. ერთფეროვნება არავის გვიკვირს, ყველა შეჩვეული ვართ გახუნებულ დღეებს და პროტესტის შეგძნება დაკარგული გვაქვს.

პროტესტი ავადმყოფობად ითვლება და აჯანყების ეპიდემიის შიშით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებას. გვამშვიდებენ რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მათი მკურნალობა უკვე წარმატებით მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში.

ჩვენ ვმშვიდდებით, კარგია რომ რევოლუციის ტალღა არ გადაგვივლის და განვაგრძობთ საკუთარ ნაჭუჭში ცხოვრებას.

ნაჭუჭის კედლებზე წარწერებს ვაკეთებთ და საკუთარი ფრაზები მოგვწონს, გვგონია რომ ვაზროვნებთ.

სიახლეებს არავინ ეძებს, ღრუბლებიც სტაბილურად გასდევს ცას, აუჩქარებლად, რიტმულად მიდიან და მოდიან. წვიმის წვეთებიც ერთნაირად ცვივა და ჭექა–ქუხილიც უკვე კარგად ნაცნობ ხმას გამოსცემს. ჩვენთან ქუხილის ხმის არავის ეშინია და არც ბავშვები ითხოვენ მშობლების საწოლში გადაწოლას. ჩვენ ვიცით რა არის წესრიგი და ყველაფერს ერთფეროვნად, ერთნაირად ვუყურებთ.

ჩვენ ვიცით როგორ გავილამაზოთ ცხოვრება. ჩვენ კვირაობით ფრჩხილებს ნაირ–ნაირ ფერებად ვიღებავთ და საკუთარ ნაჭუჭში დაბრუნებამდე მხიარული სახით ვითვალიერებთ თითებს.

დღეს წითელი შეეპარა ქალაქს, წითელი კვირა დღე გვაქვს, ყველა თითებზე ვიყურებით და ფერებს ვადარებთ ერთმანეთს, ილუზია გვაქვს რომ ზოგის შინდისფერში გადადის, ზოგის ვარდისფერში, ზოგისაც „კვასკვასა“ წითელია, განსხვავებულობის ილუზია გვაქვს, არადა ყველას წითელი ლაქი გვისვია ფრჩხილზე.

კვირა საღამოს მომავალი კვირა დღის დაგეგმვას ვიწყებთ, არჩევანს ყველანი შავზე ვაჩერებთ, ჩემი ლურჯში გადასული შავი იქნება, ჩემი მეგობრის ბრჭყვიალებშერეული შავი, ზოგის დამჯდარი შავი და ყველა ისევ თითებზე დავიწყებთ ყურებას, ილუზიას შევიქმნით რომ სხვადასხვა ფერი გვაქვს, სინამდვილეში კი კვლავ ყველას ერთი ფერი გვესმევა.

ზაფხულობით ყველა ერთ სიმღერას ვუსმენთ და გვგონია რომ განსხვავებული მოგონებები გვაქვს.

პიტნის არომატი


დილა ტუჩების უაზრო მოძრაობით იწყება უნებლიე ღიმილის მოლოდინში. ჯერ ერთი ყურისკენ უნდა გაქაჩო ტუჩები, შემდეგ მეორე ყურისკენ, ბოლოს კი გაუცნობიერებლად უნდა ჩაგეღიმოს საკუთარ სისულელეზე. დღეს არ გამეღიმა. ასე იცის ხოლმე ზოგჯერ სახემ, არ უნდა ღიმილი და არც ეღიმება, რამდენიც არ უნდა აწვალო მაინც.

ასეთ დღეებში სისხლძარღვები მიფართოვდება და პიტნის არომატი დამკრავს. ერთ წინადადებიანი ვხდები არასწორად დასმული სასვენი ნიშნებით. არც ჰაერში იგრძნობა ხოლმე სიგრილე და არც სიგარეტის კვამლით დამძიმებულ ფილტვებს ყოფნით ჟანგბადი.

სული მეხუთება, ის სული რომლის არსებობასაც ათეისტები ეჭვქვეშ აყენებენ.

უცნობი ადამიანების ტყავს ვერასოდეს ვირგებ, ხან ზედმეტად დიდი მაქვს და ხანაც ზედმეტად პატარა. საათი თუ მოვიხსენი ე.ი. დასაწერი არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვწერ. თუ საათის მოხსნას არად ვაგდებ და წერას ვაგრძელებ ნაწერს აუცილებლად ვშლი და ისევ ერთ წინადადებიანი ვხდები, არასწორად დასმული სასვენი ნიშნებით და გაფართოვებული სისხლძარღვების თვალიერებას ვიწყებ.

პიტნის არომატი გამომრჩა. ვერსად ჩავაკვეხე და გადავწყვიტე გვერდი ამევლო, არადა უკვე კარგად ვიცი რომ მოხსნილი საათით წერისას პიტნის არომატის გამოტოვება დიდი ვერაფერი წარმატების მომტანია ხოლმე.

სასაცილოა, ვერავინ იპოვნის ჩემ ერთ ნაწერსაც კი სადაც თუნდა გაკვრით მაქვს ნახსენები ეს უკვე ყბად აღებული პიტნის არომატი. ეს იმას ნიშნავს რომ მოხსნილი საათით წერისას გამომცხვარი ჩანაწერი ყოველთვის იშლება.

სანამ კომპიუტერს მოიგონებდნენ უფრო მეტს ფიქრობდნენ ადამიანები, ნაწერის უკვალოდ წაშლა დიდი ფუფუნებაა ალბათ, არც ზედმეტად გიწევს გონების დაძაბვა და არც თითოეულ ფრაზაზე განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტვა, არ მოგეწონა? წუნი უპოვნე? რა პრობლემაა, Backspace ღილაკი მუდამ შენ სამსახურშია. ასე რომ არ იყოს ჩემი სანაგვე ყოველთვის სავსე იქნებოდა დაკუჭული ქაღალდებით, ერთ დღეს კი აუცილებლად მომადგებოდა ბუნების დამცველთა მცირე ჯგუფი და არც თუ ისე უსაფუძვლოდ დამდებდა ბრალს ტყეების უნებლიე გაჩანაგებაში.

დღეს ბევრს არ ვფიქრობ, მაგრამ მწვანეების მოსვლის არ მეშინია.

ახალგაზრდა გოგო გავიცანი, ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ფლეგმაა. სიტყვის მნიშვნელობა ვიცოდი და მაშინვე მწვანე ჟელატინი დამიდგა თვალწინ. საკუთარი ასოციაციებით ვერ დავკმაყოფილდი და ზუსტი მნიშვნელობის პოვნა გადავწყვიტე. ძიებას დიდი დრო არ წაუღია, 3–5 წამამდე პერიოდში უკვე ვიცოდი რომ ფლეგმა ზუსტი თარგმანის შემთხვევაში ლორწოს ნიშნავდა, ჰიპოკრატეს აზრით კი ლორწოს სიჭარბე ორგანიზმში განსაზღვარვდა ადამიანის ტემპერამენტს. აი თურმე რა იგულისხმა, მის ორგანიზმში ზედმეტად დიდი დოზით ლორწოაო მითხრა ერთი სიტყვით.

მე „ფლეგმა“ არ ვარ, გაფართოვებული სისხლძარღვები მაქვს და პიტნის არომატი დამკრავს. გულგრილობის დროსაც კი ვნებები მახრჩობს.

ხვალ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში აუცილებლად დავიწყებ ტუჩების ყურების მიმართულებით ქაჩვას უნებლიე ღიმილის მოლოდინში.  

მკითხველი


კითხვას მივეჩვიე, მკითხველად ჩამოვყალიბდი, სხვების აზრებით გამოვიტენე თავი და შედეგად წერა დამავიწყდა.

კინოთეატრებში დარიგებული პიტნის წითელი კანფეტები არ ამომდის თავიდან, წარწერით – „როდის მომიყვანთ?“ „შემოდგომაზე!“

გადავერთე, ისევ მეორე პლანზე გადავწიე საკუთარი თავი და სხვების თავბრუდამხვევი ცხოვრებით დავიწყე არსებობა.

ეჭვები მკლავს, მგონია რომ ჩემი რჩეული პერსონაჟი უჩემოდ უტყდება სიყვარულში ჩემზე გვარიანად ახალგაზრდა ქალბატონს, დაუსრულებლად იმეორებს ერთსა და იმავეს და მეც დაუსრულებლად ვიმედოვნებ რომ სხვა პასუხს მიიღებს, არადა არაფერი იცვლება.

***

ყურადღებით მისმენს, ლამის ვევედრები რომ რამე დამინიშნოს, ისეთი სიცოცხლის სურვილს რომ დამიბრუნებს. მაცდის საუბარს, არ მაწყვეტინებს, ასე მგონია არსად ეჩქარება მეთქი და ვცდილობ მისი უჩვეულო სიმშვიდიდან აზრი გამოვიტანო, თუმცა ამაოდ.

ბოლოს შეუმჩნევლად მიღიმის და მეუბნება: – ეს თქვენი ხასიათია, საკუთარი თავისგან ვერავინ განგკურნავთ.

მეც ვიღიმი საპასუხოდ, ვიღიმი იმიტომ რომ არასოდეს მეგონა ამას სხვა თუ მეტყოდა, არადა ეს სცენარი ათასჯერ მაინც მქონდა გათამაშებული გონებაში.

სიტყვა სიყვარულზე ვარდება, მისგან ისევ ორაზროვან დუმილს ვიღებ პასუხად. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ მპასუხობს – თქვენთვის სიყვარული, ჩვენ კი ამას აკვიატებას ვეძახით.

ვინ თქვენ მეთქი ვაპირებ ვკითხო, მაგრამ ვხვდები რომ პასუხი ისედაც ნათელია.

საკუთარ თავზე დაკვირვება უნდა ვაწარმოო, ამას მირჩევს და ვხვდები რომ მართალია, მეუბნება – „გაიხსენე ყველა ის პერიოდი როდესაც თავს კარგად, ბედნიერად გრძნობდი, შემდეგ დაფიქრდი მიზეზებზე რომლებიც გაიძულებდნენ ასე ყოფილიყავი, მერე დაჯექი და პარალელები გაავლე, საერთო იპოვნე. საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარება, სხვების მოდელს შენზე ვერავინ მოარგებს, პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა ბედნიერებისთვის, ნუ შეიზღუდავ თავს, თამამი მიზნები დაისახე.“

კარგი რეცეპტია – ვფიქრობ ჩემთვის – ჰო კარგი რეცეპტია, მაგრამ საკუთარი თავის უუნარობას რა მოვუხერხო?!

***

–        ხომ იცი გაზაფხული ყველა ქუჩაზე ერთად არასოდეს დგება, ასე რომ იყოს აუცილებლად დაიწყებოდა ტიტრები და ცხოვრების დასასრულს ვიზეიმებდით კადრის კუთხეში მიკუჭულები. შენ სიგარეტით ხელში იდგებოდი, თავი გექნებოდა მაღლა აწეული და ხელები ცისკენ აშვერილი, მე იქვე ვიქნებოდი ჩამომჯდარი, იდიოტური ღიმილით დაგაკვირდებოდი, იდიოტური ოღონდ ბედნიერი ღიმილით.

–        და ფონად აუცილებლად დაუკრავდა რომელიმე სიმღერა ალბომიდან Odessey & Oracle. – ვპასუხობ მე.

–        და მაინც რამდენი წყვილი გამოუტყდა ერთმანეთს სიყვარულში პიტნის კანფეტით?

–        და შემოდგომაზე რამდენმა იქორწინა?

ალჟირში წასვლა მომინდა.