ვარსკვლავი ფინიკის კისერზე


მისი მოხატული სხეული არ მომწონს, ზედმეტად მუქი ფერის კანი აქვს და საღებავი ნაცრისფერში გადადის. არც მისი სერიოზული გამომეტყველება მხიბლავს და არც ის რომ უკვე 10 წუთია ველოდები როდის მორჩება მოსამზადებელ პროცედურას.

კედელზე გაკრულ ნახატებს ვუყურებ, ალაგ–ალაგ სერთიფიკატებიც გამოუკრავს სადაც მადლობას უხდიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის. ე.ი. პროფესიონალია, ან რატომ მაინც და მაინც ე.ი. მაგრამ აქამდეც ვიცოდი რომ ალალ ბედზე არ მივსულვარ მასთან, ერთი ეგაა მისი სახელი არ მახსოვდა და მისაღებში შემახსენეს, თან მიმასწავლეს სად უნდა მეპოვნა და მარტო გამიშვეს, არადა ვიფიქრე მიმაცილებენ მეთქი, არ ვიცი რატომ მინდოდა მიცილება, მარტო რომ ვიყავი ალბათ იმიტომ.

ყოველთვის ვუფრთხი სხვების აზრის მოსმენას იმაზე რაზეც გადაწყვეტილების მიღება თავადვე მიჭირს, განსხვავებული აზრების მოსმენისას თავში კიდევ უფრო დიდი ორომტრიალი მეწყება და საბოლოო ჯამში იმის გარკვევაც მიჭირს რა მინდა, ან საერთოდ რამე მინდა თუ არა.

არადა ვიცოდი რომ მინდოდა, ისე სხვა მოვლენების პარალელურად მინდოდა, სასხვათაშორისოდ, იმდენად უაზროდ რომ მეგონა გადაწყვეტილებას არასოდეს მივიღებდი.

პრინციპში გადაწყვეტილება არც მიმიღია, უფრო სწორად დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილება მივიღე, შემდეგ კი როლი ჩემმა მორიდებულობამ ითამაშა, უკან დასახევი გზა მომიჭრა და ხელების მსუბუქი კანკალით შემოიფარგლა.

ზოგადად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთულია ვიდრე ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი აზრისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის შეგიძლია გადაწყვეტილება არ მიიღო და ამით ავტომატურად მიიღო გადაწყვეტილება.

ჰოდა იმას ვამბობდი ერთი სკამი გვაშორებდა მე და მუქი კანის ფერის მქონე მოხატულ ადამიანს, სკამი ზედმეტად მაღალი მეჩვენა და ვიფიქრე ნამდვილად გადავვარდები მეთქი, როდესაც გადაჯდომა შემომთავაზა ვუთხარი აქ მირჩევნია და პრობლემა ხომ არ იქნება მეთქი, არაო მიპასუხა და მიმითითა როგორ მოვთავსებულიყავი სკამზე, ჯერ არ დავიჯერე, მორცხვად, გასაქცევად გამზადებული ჩამოვჯექი სკამის კიდეზე, ისე როგორც ადრე ჭეშმარიტი მანდილოსნები ჯდებოდნენ ცხენზე, თუმცა მივხვდი რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და ინსტრუქციას მივყევი.

ტკივილის არ მეშინია, არც არასოდეს მეშინოდა, ატანაც არასოდეს გამჭირვებია და ზუსტად ვიცოდი არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი. აი ხმა კი ყოველთვის იწვევს დაძაბულობას, მირჩევნია ყურები თითით დავიცო ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოვქცეულვარ. იმდენად ხმამაღლა ვფიქრობდი რას ვაკეთებ მეთქი რომ არაფერი გამიგია.

ჩუმად ვიჯექი და ერთი ორჯერ მკითხა კიდეც ცუდად ხომ არ ხარო, არა მეთქი ვიუარე, თუმცა არც კარგად ვიყავი, დაბნეული ეთქმოდა ჩემ მდგომარეობას.

ათასჯერ მაინც წარმოვიდგინე სცენა როგორ ავდგებოდი სკამიდან და ვიტყოდი გადავიფიქრე მეთქი, შუა გზაზე შევწყვეტდი არ გადაწყვეტილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და შემდეგ მთელი ხმით გამოვლანძღავდი საკუთარ თავს.

სხვების მოხატული სხეულების სურათებით გაფორმებული კედელი დიდი ვერაფერი სანახაობაა, არ ვიცი სურათები იყო უხარისხო თუ ჩემ გემოვნებას სცდებოდა მკვეთრად, მაგრამ მათი თვალიერებით დიდი ვერაფერი სიამოვნება მივიღე.

კარგი შეგრძნებაა როდესაც იმ გადაწყვეტილებას მოიყვან სისრულეში, რომელზეც დიდ ხანს ფიქრობდი და ვერაფერზე ყალიბდებოდი.

ფინიკის კისერზე ლურჯი ვარსკვლავი აქვს.

Advertisements

32 thoughts on “ვარსკვლავი ფინიკის კისერზე

  1. Rusa

    უცნაურია, საშინლად ვერ ვიტან ტატუს მამაკაცის სხეულზე და მომწონს ქალზე.
    მეც მინდა, მაგრამ ვიცი, რომ არასდროს გავიკეთებ 🙂

    Like

    1. მე კი მგონია რომ ტატუს გააჩნია, ძალიან ბევრია დამოკიდებული ხარისხზე, ფერზე, ნახატზე და ა.შ.
      ადრე მეც მინდოდა და ვფიქრობდი რომ არასოდეს გავიკეთებდი, შემდეგ შემეცვალა შეხედულება 🙂

      Like

      1. გასაგებია 🙂 გეთანხმები ეს ისეთი რამაა კარგად უნდა გქონდეს წარმოდგენილი საკუთარ სხეულზე და შემდეგ გადაწყვიტო გინდა თუ არა 🙂

        Like

  2. ჰმ. ტატუ… ბევრისთვის დამიხატავს ესკიზი რომელიც მერე სხეულზე გადაუტანია ოსტატს. მაგრამ აი საკუთარი ტატუს არჩევა მიჭირს. ხუმრობა საქმე არარის გაიკეთო ის რასაც ცხოვრების ბოლომდე ატარებ. თუმცა გაიკეთო ნაკლებად რთულია, უფრო რთულია აირჩიო ის რისი ტარებაც არ მოგბეზრდება 🙂 სხვათაშორის ტატუს ერთი თვისება აქვს… გამრავლება იცის 😉

    გილოცავ !!!

    Like

    1. ჰო მართალი ხარ, საკმაოდ რთულია ნახატის არჩევა, შემდეგ სხეულზე იმ ადგილის შერჩევა სადაც უნდა გადაიტანო ეს ნახატი და ა.შ. თუმცა მე სურვილის გაჩენისთანავე ვიცოდი რა მინდოდა და სად 🙂 გამრავლებას რაც შეეხება არ მგონია თუმცა ვიცი რომ არ უნდა ვთქვა არასოდეს მეთქი 🙂
      გმადლობ 🙂

      Like

      1. რამე ორიგინალური მინდა, ერთი პერიოდი ვფიქრობდი ჩემ ბიჭს და მე ერთად გაგვეკეთებინა, რამე ისეთი სიმბოლო რომელიც გაერთიანებით კიდევ სხვა ერთ მთლიანობას ქმნის 🙂 ვერ დავიყოლიე, ასე უფრო გავებადვდი

        Like

  3. გილოცავ, ფინიკი : )
    მე არც ის ვიცი, მინდა თუ არა 🙂 თუმცა, როცა დიდხანს ვფიქრობ, ვერასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას.უცებ თუ გამიჩნდა სურვილი და 1-2 დღეში მოვიყვანე სისრულეში, შემრჩება.
    ,,ფინიკის კისერზე ლურჯი ვარსკვლავი აქვს.” – რომელ მხარესაა?

    Like

    1. მადლობა ნინიტო 🙂

      მეც ზუსტად მასე ვიყავი, ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მივიღე, მერე ერთ დღეს დამკრა, დავრეკე და შევუთანხმდი 30 წუთში მანდ ვარ მეთქი და მოვიჭერი უკან დასახევი გზა 🙂
      ზუსტად შუაში მაქვს კისერზე, თმა ბოლომდე ფარავს 🙂

      Like

  4. kjhklhkljk

    სულ მგონია, რომ ტატუს გაკეთების სურვილი იმ ადამიანებს უჩნდებათ, ვისმა წინაპარმაც სხვას ნაიარევი დაუტოვა. თითქოს ერთგავრი მონანიებაა წინაპართა ცოდვების, აქ ღიმილია საჭირო რადგან ეს აზრი,ჩემი კოსმოში მიმავალი ფანტაზიის ნაყოფია

    Like

    1. ლამაზი ნაიარევი დაუტოვებია ჩემს წინაპარს ვიღაცისთვის. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ისე კი საინტერესო თეორიაა.

      Like

  5. kjhklhkljk

    ალბათ კი, რადგან ტატუს მაგივრად უამრავი წვრილწვრილი შრამები მაქვს 🙂 აბა ისე ამ საკითხზე რა დამაფიქრებდა 🙂 🙂

    Like

    1. ანუ ტატუს გარეშე გაქვს გამოსყიდული სხვის სხეულზე დატოვებული ნაიარევი 🙂

      თუ ანალოგიურ თეორიას გავავრცელებთ საყურეების რაოდენობაზეც, შეიძლება ითქვას რომ ფრიად დაუნდობელი წინაპრები მყოლია 🙂

      Like

  6. kjhklhkljk

    🙂 “ფრიად დაუნდობელი წინაპრები მყოლია”- თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, “მყოლია” კი არა ყველას დაუნდობელი წინაპრები გვყავდა 🙂 ara?

    Like

    1. კი, ასეა, თუმცა თუ ზემოთ მოყვანილი თეორიის მიხედვით ვიმსჯელებთ დაუნდობლობის დონეების განსაზღვრა შესაძლებელი იქნება სხვებისთვის დატოვებული ნაიარევების სერიოზულობისა და რაოდენობის მიხედვით, რაზეც ამავე თეორიის თანახმად, გაუცნობიერებლად ერთგვარ პასუხისმგებლობას “ვიღებთ” ჩვენ. ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა კი თუ პირდაპირ შეეფარდება ნაიარევების რაოდენობასა და სიმძიმეს, მაშინ შეგვიძლია წინაპრები დონეებად დავყოთ 🙂

      Like

  7. kjhklhkljk

    🙂 “დაუნდობლობის დონეების განსაზღვრა შესაძლებელი იქნება სხვებისთვის დატოვებული ნაიარევების სერიოზულობისა და რაოდენობის მიხედვით” – მგონი გამორიცხულია, რადგან არ ვიცით ვინ როგორ მოინანია, რამდენი და ტკივილის აღქმის ხარისხიც ყველას სხვადასხვა აქვს.
    “პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ”- ეს საერთოდ ილუზია მგონია(მე რომ მგონია ერბო ქონია……)
    “წინაპრები დონეებად დავყოთ”- კი ქვის ხანის ადამიანის ადამიანობის დონიდან ლიბერალის ადამიანობის დონემდე (რა თქმა უნდა ვხუმრობ) 🙂
    ისე კი შენი ჩანახატები(“ჩანახატები”- იმიტომ რომ მრავალფეროვანია) ძალიან მომწონს, ღრმაა და სასიამოვნო საკითხავი. წარმატებებს გისურვებ:)

    Like

    1. დიდი მადლობა წარმატებისთვისაც, მოწონებისთვისაც და იმისთვისაც რომ ჩემს ვარსკვლავს კიდევ ერთი საინტერესო დატვირთვა მიეცა 🙂 შენც წარმატებები 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s