ძველი


მას შემდეგ რაც ყველა იასამნისფერი ადამიანი განაცრისფრდა გარემოს სუნებით აღქმა დავიწყე.

დღეს დილის 11 საათზე სამყარო აყროლდა და დამპალი გემო დამიტოვა პირში.

ძველი ნაცნობივით ჩამომიჯდა გვერდით და მკითხა:

–        ისევ არაფერზე წერ?

–        არაფერს ვწერ. – ვუპასუხე მე.

–        ისევ? – გამიმეორასავით კითხვა.

–        არა, ახლებურად.

მინდოდა მეთქვა ისევ ფერებზე ვარ შეშლილი და ისევ მიდუღდება სისხლი როდესაც დამნაშავის დასჯას მანამდე მოითხოვენ სანამ დანაშაული მოხდება მეთქი. ჰო, მინდოდა მეთქვა, და ვთქვი კიდეც, უხმოდ, ისე უბრალოდ გავაჟღერე და გავჩუმდი. ისევ იმ სიტყვების ძებნა დავიწყე ფერებს რომ შეიცავდნენ, წინადადებები უნდა გამეფერადებინა. ახალს ვერაფერს მივაგენი და ძველის გახუნება დამენანა.

ბოლო დროს ასე ვარ, ახალს ვერაფერს ვპოულობ, ძველი კი უკვე ვნება ჩამქრალი სიყვარულით მიყვარს, მგონია რომ ზედმეტად სათუთია და ხელის ხლება მენანება. ისევ ძველსა და შეუმდგარ ახალს შორის ვარ გაჩხერილი, ისევ ძველ მუსიკას ვუსმენ და ძველი სიტყვები მიტრიალებს თავში, ძველი წყობით დაწყობილი წინადადებები მეწერინება და ძველი აზრები მეფიქრება, დავძველდი.

–        ახალ სიმღერას მაჩუქებ? – ვკითხე უაზროდ.

–        უკვე ყველა სიმღერა გაჩუქე. – მიპასუხა სიგარეტის ნელი ქაჩვით.

–        ახალ სიტყვებს ფერებზე? – ისევ ნაწერის გაფერადებისკენ გამექცა ფიქრები.

–        აღარ მაქვს. – მიპასუხა კვამლიანი ხმით.

–        რას მაჩუქებ? – არ მოვეშვი.

–        არაფერს.

–        ეგ ხომ უკვე მითხარი? ხომ მითხარი რომ ახალ ფერს ვერ მაჩუქებდი.

გამეცინა.

სამყარო რომ გაენიავებინათ და მე ისევ ფერების ძებნა დამეწყო, აუცილებლად ვეტყოდი რომ სიტყვები ფერებზე უნდა აგვეგო, ემოციების ფერებით გამოხატვა უნდა დაგვეწყო, ვეტყოდი რომ დღეიდან მეზიზღები იქნება „მეშავები“, მიყვარხარ იქნება „მეწითლები“. მხოლოდ ჩემთვის დავტოვებდი სიტყვას „მეიასამნისფრები“, დავტოვებდი განმარტების გარეშე.

მაგრამ დავძველდი, გარემოს სუნებით აღვიქვამ და პირში დამპალი გემო მაქვს. დღეს 11 საათზე სამყარო აყროლდა.

Advertisements

8 thoughts on “ძველი

  1. “ფერის ფენომენი”, ირინე დარჩიასი. დოკუმენტური წიგნია.
    ბგერების და სიტყვების ფერებთან შეხამებაზე უწერია.
    ვფიქრობ, შენი ფერი კაშკაშა ფერებია.
    აი, ისეთი, ფერების აჯაფსანდალიდან რომ მიიღება და ყურადღებას იქცევს.
    იმდენად მკვეთრი რომ დეპრესიულშიც გადადის და ტკბობაშიც.
    მემეწამულები 🙂

    Like

    1. საინტერესოა, არასოდეს მსმენია ამ წიგნზე.

      კიდევ უფრო საინტერესოა რომ ჩემი ფერები კაშკაშაა, არადა ალბათ მართლა ასეა 🙂

      მე კიდევ მეყვითლები (ჩემი ლექსიკონით ყვითელი სიხარულთან და მოწონებასთან ასოცირდება) 🙂

      Like

      1. საინტერესოა თუ გეყვითლები 🙂
        ბლოგზეც მიწერია ყვითელ ფერზე, მეგობართან ასოცირდება. საინტერესოა, ეპოქების მიხედვით სიმბოლურად როგორ იცვლებოდა: თავიდან სითბოს(მზეს) ნიშნავდა, მოგვიანებით მხატვრები ყვითელს მხოლოდ მეძავ ქალებს აცმევდნენ, ეტყობა ჭარბი სითბოს გამო. ფუტურიზმის ეპოქაში ყვითელს რევოლუციური დატვირთვა ჰქონდა, მხოლოდ ისინი იცმევდნენ, არაფორმალად რომ მოჰქონდათ თავი 🙂

        Like

      2. მართლა ძალიან საინტერესოა, ისაუბრებდა ამ თემაზე შენთან კაცი ^ ^ 🙂 ჩემთვის ყვითელი სიხარულთან, სითბოსთან ასოცირდება 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s