ფონეიდოსკოპი


ერთ დღეში ყველა სტადია გავიარე, შეგუებამდე რომ მივედი სტადიებს მიღმა აღმოვჩნდი და სადღაც ჩავრჩი.

შეგუებულები ბედნიერებას არ განიცდიან, საერთოდ არაფერს განიცდიან, იმიტომ რომ შეგუება მდორე ემოციაა, უაზროდ მიმდინარეობს და გულის აჩქარების შანსს არ გიტოვებს.

არადა ვის რაში არგია ეს გულის აჩქარება? მონოტონური ბაგა–ბუგი მირჩევნია ყველაფერს. მერე რა რომ კარდიოგრამა სხვა რამეს აჩვენებს, ფეხებზე მკიდია რას ფიქრობენ ავტომატები ჩემს გულზე, მე ვიცი რომ შეგუება მდორე ემოციაა და მე ზუსტად იმ ფაზაში ვარ, რომელსაც ფაზებს მიღმა ყოფნას უწოდებენ.

გულის დარტყმების შეჯიბრი მოვაწყოთო შემომიჩნდა, ფონეიდოსკოპები დავიჭირეთ და ერთმანეთის გულის ცემის დათვლა დავიწყეთ. მაჯობა! მე უფრო ხშირი გულისცემა მქონდა, შემდეგ აიკვიატა გულს გიჩქარებო და შემეშინდა რომ მართალი იყო.

არასწორად დათვალა იმ ნაძირალამ, დამშვიდობებისას პულსზე მოვუჭირე ხელი და საკუთარს შევადარე, გავბრაზდი და ფაზების წრეზე წავედი.

–        ტირილის დროს ცრემლები ორთქლდება? – მივაძახე.

–        ალბათ. – მიპასუხა მოგუდული ხმით და სიგარეტის მოსაკიდებლად გაჩერდა.

–        ე.ი. თეორიულად შესაძლებელია რომ წვიმის დროს ვიღაცების ცრემლებიც გვაწვიმს.

–        ალბათ. – გამიმეორა.

მთელი დღე სისულელეებს ვროშავდი, არადა ყველაზე მეტად ამ სენტიმენტალურ მარაზმებს ვერ ვიტან.

ფონეიდოსკოპი ავიღე და ქუჩაში გავედი.

–        შეიძლება თქვენი გულისცემა დავთვალო? – ვკითხე პირველივე შემხვედრს… პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა.

ერთი მოხუცი დავიყოლიე და თვლა დავიწყე. ჩემზე ცოცხალი იყო.

მივწერე – „ორივე მკვდრები ვართ.“

მიპასუხა – „როგორც გაირკვა შენ უფრო!“

 

იღბალი


–        იმ იდიოტს რომ არ გადაეწყვიტა ჩემთან ერთად თამაში „ფლორენსა“ აუცილებლად იქნებოდა პირველი. – გამოსცრა კბილებში და ბილეთი ნაკუწებად აქცია.

ვიცოდი ვისაც გულისხმობდა და გამეღიმა.

–        შემომიჩნდა და აღარ შემეშვა. – განაგრძო – შემეცოდა ისეთი საწყალი სახით მიყურებდა. ყველაფერი წავაგეო იქამდე იზლუქუნა სანამ არ დამიყოლია, არადა ვიცოდი, ვიცოდი რომ ამ ნაძირალას ყველაზე მეტად ღალატობდა იღბალი.

–        იღბალი ყველას გვღალატობს ხოლმე. – ვუპასუხე ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.

–        ფლორენსა პირველი რომ უნდა ყოფილიყო შენც ხომ იცოდი? არ გინდა ეს ფილოსოფია, ყველაფერი მაგის ბრალია და დამთავრდა!

არადა მეც ყოველთვის ასე ვიქცეოდი ხოლმე, თუ იღბლიანი მაისურის გარეშე მივჩანჩალდებოდი ფორტუნასთან სათამაშოდ და წავაგებდი აუცილებლად ამას ვაწმენდდი ხელს, ყველაფერი ჩემი წინდაუხედავობის ბრალი იყო, ამეღო ის დაწყევლილი წითელი მაისური განა რა გახდებოდა?!

ჰო, მეც ასე ვიქცეოდი ხოლმე და ვიცოდი რომ ორივე ვცდებოდით მეც და ისიც, ჰო კიდევ ისიც ვინც ფლორენსას პირველობაზე დადო უკანასკნელი გროშები და წააგო, ისიც ცდებოდა როდესაც ამბობდა რომ ყველაფერი მისი უიღბლობის ბრალი იყო.

–        ლუდი დავლიოთ. – ვუთხარი სიტუაციის განმუხტვის მიზნით, თან ყელი გამომიშრა და მშვიდად მოწევა მინდოდა.

არაფერი უთქვამს, მხოლოდ დამეთანხმა და რამდენიმე მეტრში მდებარე ჩვენი საყვარელი ლუდხანისკენ ავიღეთ გეზი.

შესვლისთანავე თავი სახლში ვიგრძენი, ყველა ფლორენსას ლანძღავდა, არადა კი არ იცოდნენ რომ ფლორენსაც ისეთივე განწირული იყო როგორც ისინი, ყველაფერი კი ჩემი მეგობრისთვის რომ გეკითხათ იმ წყალწაღებულის ბრალი იყო, მისმა უიღბლობამ დაგვღუპა ყველა.

„ჩვენ მაგიდას“ მივუსხედით, რატომღაც ყოველთვის ცარიელი იყო, არ ვიცი ჩვენთვის ინახავდნენ თუ ყველაზე მოუხერხებელ ადგილად თვლიდნენ, მაგრამ ფაქტია რომ ისეთ ხალხმრავალ საღამოსაც კი როგორიც დღეს იყო ჩვენი მაგიდა ჩვენ გველოდა.

ლუდი შევუკვეთეთ, მე ლუდს ვეძახდი ის კი დაჟინებით იმეორებდა ლუდი კი არა ALE–ო, რა მნიშვნელობა ქონდა არ ვიცი მაგრამ ამაზე ისევ ფორტუნა ამომიტივტივდა თავში. ადრე ერთი წიგნი წავიკითხე, ბანალური სასიყვარულო ისტორია იყო, ბანალური „ჰეფი ენდით“, ჰოდა მეც ბანალურად ავჩუყდი მისი კითხვისას. არც ერთი თავი არ ყოფილა ისეთი სადაც ამ ჩემ სათაყვანებელ წყვილს ლუდი არ დაელიათ და ყველგან ერთსა და იმავეს უკვეთავდნენ, ლუდი “Newcastle”, ყოველთვის მიყვარდა ასეთი უაზრო დეტალების ამოჩემება, ჰოდა რაღა ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი?! ლამის მთელი ქალაქის ლუდხანები დავიარე, მაგრამ ყველგან უარით გამომისტუმრეს. ჰოდა სხვა გზა რომ არ მქონდა ხელი ჩავიქნიე, აბა ამის გამო დიდ ბრიტანეთს ხომ არ მივაშურებდი ანაც ამერიკას (წიგნი სხვათაშორის ამერიკელი მწერლის იყოს). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ორი კვირის წინ მეგობრებმა შეკრება გადავწყვიტეთ, ვაგვიანებდი, სამსახურში რაღაც საქმე გამომედო გასვლის წინ და დარჩენა მომიწია. 40 წუთის დაგვიანებით მივაღწიე, სასმელი უკვე შეკვეთილი ქონდათ, ყურადღება ლუდის უცნაურმა ფერმა და ჭიქაზე გამოსახულმა უცნაურმა ლოგომ მიიქცია, სათვალე არ მეკეთა და გულითაც რომ მომენდომებინა ვერ წავიკითხავდი რა ეწერა, სასხვათაშორისოდ ვიკითხე რომელ ლუდს სვამთ მეთქი და ასევე სასხვათაშორისოდ მიპასუხეს “Newcastle”, ენა ჩამივარდა, შემდეგ გამეღიმა და დამეზარა იმის ახსნა რამხელა რამეს ნიშნავდა ამ ლუდის დასახელება ჩემთვის.

ჰოდა, ფორტუნა გამახსენდა ჩემი ამოჩემებული ლუდი რომ შევუკვეთეთ, ლუდი კი არა “ALE” მაპატიეთ.

ის ის იყო კათხა მოვიყუდე და კმაყოფილი სახით მივწექი სკამზე რომ კარებში „ფლორენსას“ წაგებაში ბრალდებული, წყალწაღებული და როგორც ჩემი მეგობარი ეძახდა „უიღბლო ნაძირალა“ გამოჩნდა. ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა, გვარიანად დავიძაბე, აყალ–მაყალის თავი არ მქონდა, მაგრამ რას ვიზამდი, რამდენიმე წამში უკვე თავზე გვედგა. სხვა გზა რომ არ იყო დაჯდომა შევთავაზე, უსიტყვოდ გამოწია სკამი და მოუჯდა მაგიდას.

–        ყველაფერი ჩემი უიღბლობის ბრალია. მე რომ არ მეთამაშია „ფლორენსა“ აუცილებლად მივიდოდა პირველი ფინიშთან. – დაიწყო ვერბალური „მათრახის რტყმა“. ზოგადად ეს მისი სტილი იყო.

არც ერთმა გავეცით ხმა, ან რა უნდა გვეთქვა, მართლა ჩხუბს ხომ არ დავიწყებდით.

–        ყოველთვის ასე ხდება, ყოველთვის, ყოველთვის! სამი დღის წინ არავისთვის მითქვამს ისე წავედი ტოტალიზატორში, დიდი ამბით გავაკეთე ფსონი, ლამის 100%–ით ვიყავი დარწმუნებული რომ მოვიგებდი, აბა რა ჭირად შეიძლებოდა წამეგო, მილიონპროცენტიან ფავორიტზე ჩამოვდიოდი ფულს, საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ ფარერის კუნძულებთან.

ერთმანეთს გადავხედეთ, ორივე მივხვდით რა თამაშზე იყო საუბარი, ორი დღის წინანდელი სენსაცია ყველას პირზე ეკერა, ის თამაში 0:1 მოიგო ფარერის კუნძულებმა.

აღარაფერი უთქვამს, სამივე ჩუმად ვისხედით და ვეწეოდით მონოტონურად.

არ ვიცი რა ეშმაკი შემომიჩნდა, მაგრამ ახლა მე დავიწყე მონოლოგი:

–        არადა სამივე რომ სრულ აბსურდს ვლაპარაკობთ ხვდებით ხომ? აბა წარმოიდგინეთ, საქართველოში, ქალაქ თბილისში, ე.წ. ოქროს უბანში მცხოვრები უიღბლო ნაძირალას გამო ამდენი ადამიანის ბედი შეიცვალა? ჯერ მარტო ფეხბურთელების რაოდენობა აიღე, შემდეგ მათი გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგ იმ ადამიანების იღბალზე დაფიქრდით ვინც ან ერთ გუნდზე გააკეთა ფსონი ან მეორეზე, მოკლედ გაიაზრეთ სიტუაცია და ახლა გაიმეორეთ რომ ფარერის კუნძულების მოგება ამ წყალწაღებულის მიერ გაკეთებული 5 ლარიანი ფსონის დამსახურებაა.

სამივეს გაგვეცინა. რამდენჯერ დაგვიდანაშაულებია საკუთარი იღბალი მაშინ როდესაც ჩვენი იღბლიანობა ან უიღბლობა მილიონობით ადამიანის იღბლიანობა უიღბლობის პირდაპირპროპორციული იყო.

წერა


იმედი ყელში ბურთივით გამეჩხირა. წერა თუ ოდესმე შემეძლო ახლა დანამდვილებით ვხვდები რომ აღარ შემიძლია, სადღაც რომელიღაც წინადადების ბოლოს დასმული წერტილის შემდეგ ამოვწურე საკუთარი თავი და ჰო, იმედი ყელში ბურთივით გამეჩხირა.

წერა მჭირდება, დაუოკებელ ჟინს განვიცდი მაშინ როდესაც ამის შესაძლებლობა არ მაქვს, სურვილი მკლავს შეუძლებლობის ფონზე.

არადა ადრე ასე არ იყო, არც იმედი მიღებდა ბოლოს და არც წერა იყო იმდენად რთული რომ ხელიდან მაჯის საათი მომეხსნა.

დღეს რთულია, შეუძლებელთან ძალიან ახლოს მდგომი რთული და მაჯის საათი ისე ურახუნებს მაგიდას სიტყვების აკრეფვისას რომ ყველა საშინლად გაუფასურებულ აზრს ტვინიდან საშვილიშვილოდ რეცხავს.

არადა თითოეული ფიქრის ავტომატურად ჩაწერა რომ შემძლებოდა იქნებ დღეს ექიმთან ვიზიტისთვის ასეთი იმედიანი თვალით არ მეყურებინა. რატომღაც ყოველთვის მჯეროდა რომ მძიმე დიაგნოზი ჩემში კარგად მიძინებულ მწერალს გააღვიძებდა.

მკვდრები არ იღვიძებენ.

მკვდრები არ იღვიძებენ და ღმერთების ძებნა დავიწყე. თავიდან სარასვატი აღმოვაჩინე, ტბებისა და მდინარეების მფარველობიდან ხელოვანი ადამიანების ქალღმერთად რომ იქცა. ღმერთი იყო და შემშურდა, არ მიმიზიდა და ახალი ღმერთი მოვძებნე. შემდეგ სეშატს მივადექი და წყლიდან საჰარაში გადავინაცვლე. სარასვატთან შედარებით უფრო ჯდებოდა ჩემ გემოვნებაში. ის ის იყო ტრფობა უნდა დამეწყო, რომ სიფრიფანა გავიცანი, სიფრიფანას თავზე დაუფერთხავს სეშატს კალთა და შემძულდა.

ღმერთებს სიფრიფანასნაირები უფრო უყვარდათ.

სიფრიფანა მეც მიყვარდა და თავი ღმერთად ვიგრძენი.

იმ ღმერთად სიფრიფანას რომ ეტრფოდა და საკუთარი თავიც შევიძულე.

ვარსკვლავი ფინიკის კისერზე


მისი მოხატული სხეული არ მომწონს, ზედმეტად მუქი ფერის კანი აქვს და საღებავი ნაცრისფერში გადადის. არც მისი სერიოზული გამომეტყველება მხიბლავს და არც ის რომ უკვე 10 წუთია ველოდები როდის მორჩება მოსამზადებელ პროცედურას.

კედელზე გაკრულ ნახატებს ვუყურებ, ალაგ–ალაგ სერთიფიკატებიც გამოუკრავს სადაც მადლობას უხდიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის. ე.ი. პროფესიონალია, ან რატომ მაინც და მაინც ე.ი. მაგრამ აქამდეც ვიცოდი რომ ალალ ბედზე არ მივსულვარ მასთან, ერთი ეგაა მისი სახელი არ მახსოვდა და მისაღებში შემახსენეს, თან მიმასწავლეს სად უნდა მეპოვნა და მარტო გამიშვეს, არადა ვიფიქრე მიმაცილებენ მეთქი, არ ვიცი რატომ მინდოდა მიცილება, მარტო რომ ვიყავი ალბათ იმიტომ.

ყოველთვის ვუფრთხი სხვების აზრის მოსმენას იმაზე რაზეც გადაწყვეტილების მიღება თავადვე მიჭირს, განსხვავებული აზრების მოსმენისას თავში კიდევ უფრო დიდი ორომტრიალი მეწყება და საბოლოო ჯამში იმის გარკვევაც მიჭირს რა მინდა, ან საერთოდ რამე მინდა თუ არა.

არადა ვიცოდი რომ მინდოდა, ისე სხვა მოვლენების პარალელურად მინდოდა, სასხვათაშორისოდ, იმდენად უაზროდ რომ მეგონა გადაწყვეტილებას არასოდეს მივიღებდი.

პრინციპში გადაწყვეტილება არც მიმიღია, უფრო სწორად დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილება მივიღე, შემდეგ კი როლი ჩემმა მორიდებულობამ ითამაშა, უკან დასახევი გზა მომიჭრა და ხელების მსუბუქი კანკალით შემოიფარგლა.

ზოგადად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთულია ვიდრე ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი აზრისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის შეგიძლია გადაწყვეტილება არ მიიღო და ამით ავტომატურად მიიღო გადაწყვეტილება.

ჰოდა იმას ვამბობდი ერთი სკამი გვაშორებდა მე და მუქი კანის ფერის მქონე მოხატულ ადამიანს, სკამი ზედმეტად მაღალი მეჩვენა და ვიფიქრე ნამდვილად გადავვარდები მეთქი, როდესაც გადაჯდომა შემომთავაზა ვუთხარი აქ მირჩევნია და პრობლემა ხომ არ იქნება მეთქი, არაო მიპასუხა და მიმითითა როგორ მოვთავსებულიყავი სკამზე, ჯერ არ დავიჯერე, მორცხვად, გასაქცევად გამზადებული ჩამოვჯექი სკამის კიდეზე, ისე როგორც ადრე ჭეშმარიტი მანდილოსნები ჯდებოდნენ ცხენზე, თუმცა მივხვდი რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და ინსტრუქციას მივყევი.

ტკივილის არ მეშინია, არც არასოდეს მეშინოდა, ატანაც არასოდეს გამჭირვებია და ზუსტად ვიცოდი არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი. აი ხმა კი ყოველთვის იწვევს დაძაბულობას, მირჩევნია ყურები თითით დავიცო ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოვქცეულვარ. იმდენად ხმამაღლა ვფიქრობდი რას ვაკეთებ მეთქი რომ არაფერი გამიგია.

ჩუმად ვიჯექი და ერთი ორჯერ მკითხა კიდეც ცუდად ხომ არ ხარო, არა მეთქი ვიუარე, თუმცა არც კარგად ვიყავი, დაბნეული ეთქმოდა ჩემ მდგომარეობას.

ათასჯერ მაინც წარმოვიდგინე სცენა როგორ ავდგებოდი სკამიდან და ვიტყოდი გადავიფიქრე მეთქი, შუა გზაზე შევწყვეტდი არ გადაწყვეტილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და შემდეგ მთელი ხმით გამოვლანძღავდი საკუთარ თავს.

სხვების მოხატული სხეულების სურათებით გაფორმებული კედელი დიდი ვერაფერი სანახაობაა, არ ვიცი სურათები იყო უხარისხო თუ ჩემ გემოვნებას სცდებოდა მკვეთრად, მაგრამ მათი თვალიერებით დიდი ვერაფერი სიამოვნება მივიღე.

კარგი შეგრძნებაა როდესაც იმ გადაწყვეტილებას მოიყვან სისრულეში, რომელზეც დიდ ხანს ფიქრობდი და ვერაფერზე ყალიბდებოდი.

ფინიკის კისერზე ლურჯი ვარსკვლავი აქვს.

კამათლები


და მან კამათლები აყარა ჰაერში. ჩემი საყვარელი წიგნის ამოჩემებული მომენტის მსგავსად ორივე ქუჩაში ვიდექით, დაღმართზე.

სურვილი არ ჩაგვიფიქრებია, საერთო სურვილი არ გვქონდა და იმიტომ, სხვადასხვა მიმართულებით გაგვექცა ფიქრი და სანამ დაღმართზე ჩვენი ჩაუფიქრებელი სურვილის ასრულებაზე პასუხისმგებელი კამათელი მიგორავდა ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით რომ ჩემი საყვარელი წიგნის ამოჩემებული მომენტისგან განსხვავებით ერთ გუნდში არ ვიყავით, უფრო პირიქით ან მე მოვიგებდი ან ის.

ვერცერთმა მოვიგეთ, თამაში ფრედ დამთავრდა, ან უფრო სწორად ორივემ წავაგეთ და ჩემი საყვარელი წიგნისგან განსხვავებით კამათლები თვითონ წაიღო.

ყველაფერი ვნებით დაიწყო, უპასუხო ვნებით. შემდეგ  მზრუნველობითი მომენტი გამიჩნდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეზრუნა, მეზრუნა მასზე და იმაზე ვისზეც არჩევანი შეაჩერა და ვისთან ერთადაც იფიქრებდა სურვილებს, გულწრფელად მინდოდა მათი ისტორიის სცენარის ავტორი ვყოფილიყავი და გამენებივრებინა, მინდოდა და ვიგრძენი რომ ასეთი ამორალური არასოდეს ვყოფილვარ.

არადა მორალი არაფერ შუაში იყო, არც წესები, არც საყვარელი წიგნის სიუჟეტი და არც ის რომ ვინმეზე ზრუნვა მინდოდა, თავმობეზრებული ვიდექი ნაცნობ აღმართზე და მაშინ რომ დაღმართად მეჩვენებოდა ახლა სულის შემხუთველ დაღლილობას მპირდებოდა მხოლოდ.

ჰო, შუაში არაფერი იყო, არც მე ვიყავი არაფერ შუაში, თუმცა თავს მაინც ზედმეტად ვგრძნობდი, კადრს მიღმა უნდა დავრჩენილიყავი და საჭიროებისას მეყვირა „სტოპ“.

ვიყვირე, ვიყვირე და თან არა ერთხელ, ერთი ეგაა ყური არავინ მათხოვა, ისე განაგრძეს შესისხლხორცებული როლის თამაში ლამის იყო ბრავოს ძახილით თავად დავუფინანსე საოცნებო თაფლობის თვე.

ისე ჩემი წიგნი რომ ყოფილიყო აუცილებლად დავწერდი რა უაზრო სახელია მეთქი ეს თაფლობის თვე, დავწერდი და ერთი წინადადებით კი არ შემოვიფარგლებოდი განვავრცობდი ამ იდეას და თაფლის გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევასაც აღვწერდი. მერე საკუთარ თავს შევედავებოდი და ვეტყოდი ზედმეტი რომ არ მოუვიდეთ ალბათ ამიტომაა 10 დღით რომ შემოიფარგლებიან ხოლმე მეთქი.

ჩემი წიგნი არ იყო და ამიტომ მდუმარედ ვუყურებდი სხვისი სცენარით გადაღებულ კადრებს, მაღალი ხარისხით შესრულებულ როლებსა და გულისამაჩუყებელ სიუჟეტს.

არადა ჩემ საყვარელ წიგნში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩემი საყვარელი გმირი ჩემსავით იჯდა სამზარეულოში მაგიდის ფეხთან და ჩემნაირად უშვებდა კვამლს პირიდან, იჯდა და სიუჟეტი ისე ვითარდებოდა ვიცოდი აუცილებლად მოხდებოდა რამე, მე კი ისე დამაღამდა ტელეფონსაც კი არ დაურეკავს, საფერფლემ კი შემახსენა რომ უნდა დამეცალა და დასაძინებლად წავსულიყავი.

მაშინ რომ სურვილი არ ჩამეფიქრებინა დღეს მოგებული ვიქნებოდი. არ ღირს საკუთარი სურვილების ფსონად ჩამოსვლა, ფულზე თამაში ჯობია.

უნაკლო


მაღალია.

ჩემმა გონებამ ნოტები ისწავლა, დაუხმარებლად უკრავს მუსიკას და საცეკვაოდ მეპატიჟება.

მაღალია და ჰაერის მცირე ტალღებთან ერთად ქანაობს.

საკუთარ ჩრდილს ვუყურებ, სამად იშლება, ერთი განსაკუთრებულად მუქი და მკვეთრია, დანარჩენი ორი სხივებივითაა გაშლილი მიწაზე. მშვიდად ვსუნთქავ, მონოტონურად, მიხარია რომ სხვისი სხეულის ანარეკლი არ ავიწროვებს ჩემსას.

საკუთარი ხელით შექმნილი, წლების წინ მორგებული და ერთ დროს საამაყო შარავანდედი სულს მიხუთავს, მამძიმებს, მინდა მოვიხსნა, მოვიგლიჯო და მიწაზე მოვისროლო, ფეხქვეშ გავთელო, სიგარეტი ჩავაწვა და კვამლიანი სული შევუბერო.

საღამო უჩვეულოდ ჩუმად დავიწყეთ, სათქმელი არავის არაფერი გვქონდა და დადუმებული სახეებით ვფიქრობდით სასმელზე.

პროტესტის ახალმა ტალღამ გადამიარა, ჭიქა გამოვცალე და მკვეთრი შეხებით შევაფხიზლე ის ვისაც ჩემ მაგიერ უნდა ესაუბრა.

სწრაფად მოეგო გონს, მიმტანს ხელით ანიშნა „გავიმეოროთო“ და მხრებში მოიხარა, მაგიდას დაეყრდნო, ცხვირი დაუწვრილდა, სიგარეტს მოუკიდა და ხელში სანთებელა აათამაშა.

სასხვათაშორისო დიალოგებით გახსნა საღამო.

ყოველთვის ის ერთადერთი იყო ვისაც სხვების განსჯის უფლება ქონდა. მასთან საუბარს თავს არიდებდნენ, დიდ ხანს გაურბოდნენ სანამ ყელში მოწოლილი აღსარება არ ამოხეთქავდა სპირტით გაჟღენთილ საღამოს.

ამაყად მორგებულ ყელსახვევს ათამაშებდა თითებში, კვამლს გვერდულად უშვებდა და თავს ისე გრძნობდა როგორც მღვდელი სააღმსარებლოში, უსაზღვროდ რომ ეზარება სხვების ცოდვების მოსმენა და საკუთარზე ფიქრი რომ ურჩევნია.

აღიარებული ბრალის არასოდეს სჯეროდა, მძიმედ სუნთქავდა, პროტესტისა და დაუკმაყოფილებლობის ახალ ტალღას უნდა წაელეკა.

საკუთარ თავში ყველაზე მეტად ის სძულდა რაც სხვების აღფრთოვანებას იწვევდა, ოღონდ გულწრფელს კი არა, ამაზრზენ, გახუნებულ, ყალბ აღფრთოვანებას.

მასთან საკუთარ თავზე სასაუბროდ დადიოდნენ მხოლოდ, საკუთარი ბინძური თეთრეულის გასამზეურებლად აკითხავდნენ, ის კი იჯდა და სიმთვრალისგან დაბუჟებულ მუხლზე გასულ ღამეს ზედმეტად თამამი ქალის თითების კვალი ჯერ კიდევ ეწვოდა.

ახალ პერსონაჟს ძერწავდნენ ფიქრები, აღიარებებს ბოლო არ უჩანდა, მას კი ერთი სული ქონდა მაგრად აეფარებინა პირზე ხელი და ეყვირა „მოკეტეთ, მოკეტეთ!“

საღამო ათასი მადლობითა და მის წინ ქედის მოხრით დასრულდა.

ხოტბაშესხმული დაბრუნდა სახლში.

ძველი


მას შემდეგ რაც ყველა იასამნისფერი ადამიანი განაცრისფრდა გარემოს სუნებით აღქმა დავიწყე.

დღეს დილის 11 საათზე სამყარო აყროლდა და დამპალი გემო დამიტოვა პირში.

ძველი ნაცნობივით ჩამომიჯდა გვერდით და მკითხა:

–        ისევ არაფერზე წერ?

–        არაფერს ვწერ. – ვუპასუხე მე.

–        ისევ? – გამიმეორასავით კითხვა.

–        არა, ახლებურად.

მინდოდა მეთქვა ისევ ფერებზე ვარ შეშლილი და ისევ მიდუღდება სისხლი როდესაც დამნაშავის დასჯას მანამდე მოითხოვენ სანამ დანაშაული მოხდება მეთქი. ჰო, მინდოდა მეთქვა, და ვთქვი კიდეც, უხმოდ, ისე უბრალოდ გავაჟღერე და გავჩუმდი. ისევ იმ სიტყვების ძებნა დავიწყე ფერებს რომ შეიცავდნენ, წინადადებები უნდა გამეფერადებინა. ახალს ვერაფერს მივაგენი და ძველის გახუნება დამენანა.

ბოლო დროს ასე ვარ, ახალს ვერაფერს ვპოულობ, ძველი კი უკვე ვნება ჩამქრალი სიყვარულით მიყვარს, მგონია რომ ზედმეტად სათუთია და ხელის ხლება მენანება. ისევ ძველსა და შეუმდგარ ახალს შორის ვარ გაჩხერილი, ისევ ძველ მუსიკას ვუსმენ და ძველი სიტყვები მიტრიალებს თავში, ძველი წყობით დაწყობილი წინადადებები მეწერინება და ძველი აზრები მეფიქრება, დავძველდი.

–        ახალ სიმღერას მაჩუქებ? – ვკითხე უაზროდ.

–        უკვე ყველა სიმღერა გაჩუქე. – მიპასუხა სიგარეტის ნელი ქაჩვით.

–        ახალ სიტყვებს ფერებზე? – ისევ ნაწერის გაფერადებისკენ გამექცა ფიქრები.

–        აღარ მაქვს. – მიპასუხა კვამლიანი ხმით.

–        რას მაჩუქებ? – არ მოვეშვი.

–        არაფერს.

–        ეგ ხომ უკვე მითხარი? ხომ მითხარი რომ ახალ ფერს ვერ მაჩუქებდი.

გამეცინა.

სამყარო რომ გაენიავებინათ და მე ისევ ფერების ძებნა დამეწყო, აუცილებლად ვეტყოდი რომ სიტყვები ფერებზე უნდა აგვეგო, ემოციების ფერებით გამოხატვა უნდა დაგვეწყო, ვეტყოდი რომ დღეიდან მეზიზღები იქნება „მეშავები“, მიყვარხარ იქნება „მეწითლები“. მხოლოდ ჩემთვის დავტოვებდი სიტყვას „მეიასამნისფრები“, დავტოვებდი განმარტების გარეშე.

მაგრამ დავძველდი, გარემოს სუნებით აღვიქვამ და პირში დამპალი გემო მაქვს. დღეს 11 საათზე სამყარო აყროლდა.