ძველებურად


ველოსიპედით ავედევნებოდი ჩემ ოცნებას ველოსიპედი რომ მყავდეს, ან ოცნება რომ მქონდეს. გავუშვებდი საჭეს ხელს და თვალდახუჭული ვიგრძნობდი ნანატრ სიახლეებს, ცვლილებების იარლიყს რომ არ მივაკრავდი ისეთს.

მითხრეს არ იოცნებოო და შევწყვიტე, მითხრეს რამდენიმე მე გყავსო და დავიჯერე, ისიც მითხრეს მოდუნდი და მიზანზე იფიქრეო, ჰოდა მოვდუნდი, დათქმული დრო რომ გავიდა ვუთხარი ველოსიპედი მინდა მეთქი და მითხრეს არ იოცნებოო. იმდენი რამ მასწავლეს დავიჯერე სრლყოფამდე სულ ცოტა მაკლია მეთქი, ამაყად შევაბიჯე დარბაზში და უკანასკნელი გაკვეთილის მოსმენა დავიწყე, მითხრეს რომ მდგომარეობა უიმედო იყო და ყველაფერი მხოლოდ ამის გასაგებად ამიხსნეს.

ველოსიპედი არ ვიყიდე, არც თვალები დამიხუჭავს და არც ცვლილებებისთვის მიწოდებია სიახლე, ერთი ეგაა ჩემი კარგად დატკეპნილი ბილიკი იმაზე ძლიერად შემიყვარდა ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. მიყვარს საღამოობით უკანა გზაზე დილით დატოვებულ ნაფეხურებს რომ ვაწყდები, მუდმივობის და საიმედოობის განცდა მაქვს. უცვლელობის და სტაბილურობის, იმ სტაბილურობის ერთდროულად სიგიჟემდე რომ მიყვარს და სულის ამოხდამდე რომ ვერ ვიტან.

Advertisements

შეუცვლელი


სხვების ცხოვრება შემახსენებს რომ მე ჩემი მაქვს. სხვების ბედნიერ ფოტოებს იმისთვის ვუყურებ რომ საკუთარი არ დამავიწყდეს. იდეალისტი ვარ და დალაქული ტანსაცმელი მაცვია. მომთხოვნი ვარ და თან ზედმეტად მორიდებული, მოვითხოვ ხოლმე ოღონდ უხმოდ. მე და ჩემნაირებს, ანუ მე, განსხვავებულობა გვიყვარს, გაუჟღერებელი იდეების გაჟღერებას შედეგად მქუხარე ტაში რომ მოსდევს ისეთი. არასოდეს ვფიქრობ რატომ გრძნობენ თავს ასე შინაურულად ჩემი აზრები სხვის თავში, არასოდეს ვფიქრობ იმიტომ რომ კარგად ვიცი განსხვავებულობაც ერთგვარი ილუზიაა და სინამდვილეში ყველა იდენტური დეტალებისგან შევდგებით, ერთი ეგაა განსხვავებული კომბინაციები გვაქვს ხოლმე და მიუხედავად ამ ყბადაღებული უნიკალურობის დაუოკებელი ჟინისა მთელ ცოვრებას ჩვენნაირების ძებნაში ვატარებთ. სხვებს ვასწავლით როგორ გახდნენ ჩვენნაირები და გულში ვიმედოვნებთ რომ მცდელობა ამაო იქნება, ვიღაც ვერასოდეს გახდება მე, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა (!) ერთნაირი დეტალებისგან აგვაწყვეს, კომბინაცია აუცილებლად იქნება უნიკალური.

შეუცვლელობის სინდრომით ვარ ავად და ჩემნაირებს ვეძებ, ანუ მათ ვისაც ვერ შეცვლიან. იმ ადამიანებს ვეძებ ვისაც ვერ შეცვლიან და ვხვდები რომ ესეც პირობითია და გააჩნია საიდან შეხედავ.

მომავლის ცოდნა მინდა და არა დაგეგმვა, ცოდნაც იმისთვის მინდა რომ შევცვალო.

ჩემთვის ვიჯექი და ჩვეული უემოციო სახით ვუშვებდი კვამლს პირიდან. მხარზე ხელი დამადო, სიცივისგან გამომშრალი ტუჩები მომიტანა ყურთან და მოურიდებლად, შენობით ფორმაში მკითხა “გინდა გიმკითხავო?”

მინდოდა. მაინტერესებდა ისევ ხმლების დედოფალი ვიქნებოდი თუ არა.

– გახუნებული ხარ. – მითხრა და ჩემ სიგარეტს გადასწვდა.

– შენი თმის ფერივით? – ვკითხე მე.

– ჰო. – მიპასუხა მოჯღანული ღიმილით და დააყოლა – არ წახვალ.

– სად?

– არ წახვალ, წინასწარ ემოციებს დასჯერდები და უარს იტყვი, იმ წუმპეში ამჯობინებ ყოფნას რომელშიც თავს უკვე ისე გრძნობ როგორც სახლში. ნიჭიერი ხარ.

– გმადლობ და რისი ნიჭი მაქვს?

– საკუთარი თავის დასამარების.

გამეღიმა. მართალი იყო, არსად წასვლას ვგეგმავდი და არც მოსალოდნელი ცვლილებების წარმოდგენისას მეკვროდა სუნთქვა, მხოლოდ ამოჩემებულ მისამართზე დავდიოდი, ყოველი დაზეპირებული ნაბიჯი მძულდა და გადახვევის ყველა მცდელობას სადღაც ვჩქმალავდი. სასურველს მანამ ვჩიჩქნიდი სანამ სულის ამოხდამდე მისული არ შემიძულებდა. არასოდეს მსურს ისინი ვისაც ვძულვარ.

– უნდა წავიდე? – ვკითხე და სიგარეტი საფერფლეზე დავაწვი. მონეტის აგდება რომ შემძლებოდა აუცილებლად ავაგდებდი და საკუთარ თავს იმის სურვილში გამოვიჭერდი რომ ფორტუნას ეთქვა “უნდა წახვიდე”. გამოვიჭერდი და საკუთარი სისულელის შემრცხვებოდა.

მხრები აიჩეჩა “არ ვიცი”–ს ნიშნად და დამწვარი თმის ბოლოების თვალიერება დაიწყო.

კარტი არ გამიშალა ისე გაეცალა იქაურობას. ვერ გავიგე ისევ ხმლების დედოფალი ვიყავი თუ დამაქვეითეს.

 

უარი წრეებს


“დღეს ამის დრო არ არის!” – ჰო იმ დღეს არ იყო იმ ფიქრების დრო, რომლებიც განუწყვეტლივ მიტრიალებდა თავში. ისევ პარალელების გავლება დავიწყე საკუთარ თავთან, იმასთან ვინ ვიყავი ზუსტად ერთი წლის წინ, რა მინდოდა და რას ვგეგმავდი, სად ვიყავი და სად მინდოდა ყოფნა.

თავსაფრები თუ ყელსახვევები საჭიროზე მეტი მქონდა, ის ერთადერთი იასამნისფერი რომელთანაც აგვისტოს ცხელი მოგონებები მაკავშირებდა არ ვიცოდი სად იყო და მოძებნაც მეზარებოდა. ჩემი წარსულის ქექვის დაუშრეტელი სიყვარულის მიუხედავად წარსულის ქექვის დრო არ იყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც სურვილი.

ზრდილობა ამოუხსნელ ფენომენად იქცა, მიუხედავად ყველა არა სასურველი სუბიექტის სასურველ მისამართზე გაშვების დაუოკებელი წყურვილისა ასე მოქცევის უფლებას არ მაძლევს და სასურველ სუბიექტებთან ყრუ-მუნჯად მაქცევს ხოლმე.

საერთო დღეები ერთფეროვან არსებებად გვაქცევს, ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ, ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და მრავლისმთქმელად ვიღიმით, იმის ნიშნად რომ კარგად გვესმის “ჩვენ ვალდებულებების ჯაჭვებით გადაგვაბა თარიღმა”.

ვერასოდეს ვიტანდი ვალდებულებებს, ხოლო იმას რასაც ვერ ვიტან შეუდარებელი წარმატებით ვასრულებ ხოლმე. ჰოდა შეუცვლელი ვარ ყველა იმ საქმის კეთებაში რასაც ვერ ვიტან.

ისევ ვიღაცის პირად დიალოგში აღმოვჩნდი ჩართული, საკუთარი თავის ძიება არ დამიწყია თუმცა მთავარ გმირად მაქციეს, ისევ ზედმეტი აღმოვჩნდი, ოღონდ სასურველად ზედმეტი, ორივე მხარე ჩემი არაფრის მთქმელი ჩანართების სურვილით რომ იწვოდა. მეც ჩემთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს და როლი სრულყოფილად შევასრულე.

მიყვარს სრულყოფილება, გაუცნობიერებლად, უნახავად შემიყვარდა და ცხოვრების, ჰო, ჩემი პირადი ცხოვრების უმეტეს ნაწილს მასზე ფიქრში ვატარებ. ანუ ყოველთვის როდესაც მაქვს დრო ვიფიქრო საკუთარ თავზე ვფიქრობ არაფერზე, სანამ ჩემი გონება გვარიანად გახრწნილი და აყროლებული, საგულდაგულოდ მიჩქმალული მოგონებების გამოსვენებას დაიწყებდეს, შემდეგ როგორც წესი ვიძინებ ხოლმე ან ალკოჰოლს ვეძალები.

აღარ ვსვამ.

გარედან შემოსული ხმაური მახსენებს რომ საათს უნდა შევხედო, ახლა წრეების დროა, იმ წრეების რომლებზეც ტრიალისგან მე თავად შევიკავე თავი, არადა ჯობდა კარგად მოხაზულ და უკვე დატკეპნილ მონახაზზე წავსულიყავი.

მგონი დროა კისერზე ვარსკვლავის დახატვის ნაცვლად ვარგისობის ვადა დავიწერო.

ფინიკის ნაიარევები


ადრე მეგონა რომ ყველაფრის მოსწრება შეიძლებოდა ერთ დღე–ღამეში. ჰო, ადრე და არა ბავშვობაში, ან ბავშვობაშიც და ადრეც. მეგონა რომ კორპუსების და სახლების აშენებას მხოლოდ იმიტომ ანდომებდნენ თვეებსა და წლებს რომ ზედმეტად ბევრს ისვენებდნენ, ვერავინ, ვერასოდეს დამარწმუნებდა რომ 24 საათიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ვერ აშენდებოდა კორპუსი/სახლი, ვერ დაიწერებოდა თუნდაც 500 გვერდიანი რომანი და ა.შ.

ცოტა ხანში ასე აღარ მეგონა, ან ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. 50 გვერდიანი ანალიზის წერის პროცესში კი, ღამის 2 საათი რომ გახდა მივხვდი რომ 24 საათი საკმარისი არა თუ კორპუსების ასაშენებლად არამედ 50 გვერდის დასაწერადაც კი არ იყო.

იმ ბაღის პატრონი დარწმუნებული ვარ 24 საათზე მეტ ხანს შრომობდა როდესაც მთელ ღობეს ეკლებითა და წვეტიანი მავთულით აფორმებდა, ჰო, ჰო დარწმუნებული ვარ რომ ეს მხოლოდ ვიზუალური იერისთვის სჭირდებოდა და ზედმეტად ცნობისმოყვარე ბავშვების ხაფანგში მოქცევასთან არავითარი კავშირი ქონია.

დღემდე თვალუწვდენელ სივრცედ მახსოვს იქაურობა და ლამისაა დავიჯერო რომ არა ერთი დალაშქვრის მიუხედავადაც კი ის ბოლომდე არასოდეს მომივლია. არ ვიცი როგორ მოახერხა რომ ბაღში დარგული ხის ტოტები ერთმანეთში ისე გადაიხლართნენ იქ შესული ცას ვერსაიდან დაინახავდი, თუმცა ამით ისეთი მიმზიდველობა შესძინა ერთი შეხედვით უბრალო ხეხილის ბაღს, რომ დღეს მუხლებზე დარჩენილი ნაიარევების მიუხედავად ერთი წუთითაც არ ვნანობ ბაღის ღობეებთან დაღვრილ სისხლს. ეს ამად ღირდა.

პატრონი არასოდეს მინახავს, მისი ვინაობა დღემდე საიდუმლოა ჩემთვის, ამბობდნენ მოხუცი ქალიაო, ისე არ გამიკვირდებოდა ქალები უფრო სასტიკები არიან ხოლმე რატომღაც, თუმცა მე ფსონს მაინც ხანში შესულ მამაკაცზე გავაკეთებდი.

იქ შესულს არც ერთი ხის ნაყოფისთვის თითიც არ დამიკარებია, ყოველ ჯერზე ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა გამეუმჯობესებინა იქ ყოფნის რეკორდი სანამ გამომააშკარავებდნენ. რატომღაც მახსოვს რომ ერთხელ გამომედევნა კიდეც ის აუხსნელი არსება ბაღის მფლობელად რომ მოიაზრებოდა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, ამ მოგონებებში ფანტაზია მრავლადაა არეული.

ცოტა ხანში ის „გუდრონამ“ შეცვალა. ძირს დაყრილი ვაშლი მიზიდავდა ხეზე გამობულზე მეტად, შევიპარებოდი ხოლმე და ვკრეფდი სანამ ჰორიზონტზე „გუდრონას“ სისხლის მსმელ სახეს დავინახავდი.

ვიღაც კაცი იყო კიდევ იქ, კბილი სტკიოდა და მაჯაზე ნიორი შეიბა, მერე არაყი დალია და ამბობდა გამიყუჩდებაო, მაშინ არ ვიცოდი, არადა უნდა მეთქვა სრული ეფექტისთვის სიგარეტის კვამლიც შეიგუბეთ პირში ამბობენ უებარი საშუალებაა მეთქი, ჰოდა ამ თეორიის სისწორესაც გამოვცდიდი.

მისია დიადი და ნათელი იყო, უმცროსი ძმა არასოდეს უნდა ჩავარდნოდა კლანჭებში „გუდრონას“, როგორც მახსოვს ერთხელ დამისხლტა სიტუაციის კონტროლი ხელიდან და დღემდე რაღაცნაირი სინანულის შეგრძნება მაქვს რომ მახსენდება როგორ ჩააბარა იმ უზურპატორმა ჩემი პატარა ძმა დედაჩემს გამწვანებული სახით.

„ფოლადა“ სხვანაირი იყო, არც ბაღი ქონდა და არც ბავშვებზე ნადირობით ქონია სახელი განთქმული, ერთი ცხენი ყავდა და სოფელ–სოფელ დადიოდა ხოლმე, ფოლადი მწვანეაო იცოდა ჩემმა ძმამ და კითხა „მწვანე რატომ არ ხარ?“ პასუხი –  „მწვანე რა, სვეტაფორი ვარ?!“ ჰო, ფოლადა „სვეტაფორი“ ნამდვილად არ იყო.

სიმინდი არასოდეს მომიპარავს, არა თუ არ მომიპარავს შემწვარიც კი არასოდეს გამისნჯავს, ჰო შემწვარ სიმინდზე არასოდეს დავუპატიჟებივარ ვინმეს.

ფაქიზო სხვანაირი იყო, ბაღი არ ქონია, ან რა ჭირად უნდოდა მისი სახლიდან მთელი ტყე იშლებოდა თავისი ხეხილით, ველური მარწყვითა და უშველებელი მინდვრებით. მარტო ცხოვრობდა და მის სახლთან მიახლოვებას მგონი ფოლადაც ვერ ბედავდა. გიჟიაო, ჰო გიჟი იყო ქმარი მაგას არ ყავდა და მარტო ცხოვრობდა იმხელა სახლში, ნორმალური როგორ იქნებოდა?! გამხდარი იყო და თავისი ასაკისთვის (რომელიც სხვათაშორის არ ვიცოდი) არც თუ ისეთი მოხუცი. შეუხედავი იყო? არ მახსოვს, სილუეტად ჩამრჩა გონებაში, სახეს ვერაფრით აღვიდგენ.

ოტიას თავგადასავლების მოყოლა უყვარდა, მომიყვა როგორ ნადირობდა დათვზე და როგორ დაადგა დათვს კუდზე ფეხი. „აფერისტს“ ეძახდნენ, „აფერსიტები“ თავი ებათ, ოტიას უყვარდა ისტორიები და ცოლი, თან ისეთი ფანტაზია ქონდა ყველა დათვებზე მონადირეს ჩაისვამდა ჯიბეში.

ცუცუნას უცხო პლანეტელები უნახავს ძროხების სახლში მორეკვისას. ვაიმე იცით რა სახალისო იყო საძოვარზე გაშვებული ძროხების ძებნა? თან თუ ვერ იპოვნიდი და თავზე დაგაღამდებოდა, სავარაუდოდ მეორე ტყეში წაგიყვანდნენ და გეტყოდნენ ყური დაუგდე ზარების ხმა ხომ არ გესმისო. ჰო ცუცუნას გზაზე უცხო პლანეტელები შეხვდნენ, თუ მფრინავი თეფში ნახა, არ მახსოვს ზუსტად.

სათიბში ყოფნისას მდელოზე რომ დასძინებია ვიღაცას და ხვრინვისას გველი ჩასძვრომია კუჭში იცოდით? შემდეგ რძე რომ აუდუღებიათ და რძის სუნზე ამოუყვანიათ გველი უკან ეგეც იცოდით? მე არ ვიცოდი და სათიბში ყოფნისას ვერავინ ვერასოდეს მაიძულებდა დაძინებას.

დიყაზე გსმენიათ რამე? ყვავილია, შეუხედავი, დიდი იზრდება და ღერო აქვს მილივით, ისეთი ბედნიერი ვიყავი ეს აღმოჩენა რომ გავაკეთე, აწი მდინარეში ჩასაყვინთად გამოვიყენებ მეთქი. შემდეგ რა მოხდა? დიყას თურმე ნაიარევის გასაჩენად იყენებდნენ ჭეშმარიტად მამაკაცური გარეგნობის ვაჟკაცები, გადავრჩი, რაღაც მცენარისგან მომზადებული მალამოთი მიმკურნალეს და იმ ვაჟკაცების რიგებს არ შევუერთდი.

სხვისი


სხვისთვის ნათქვამი აღფრთოვანების ფრაზა ამეკიდა დილიდან და ტუჩებიდან გადმოხეთქვას ცდილობს.

აღფრთოვანება ვახსენე, გაღმერთებას უნდა გავდეს რაღაცით, მაგრამ ზედმეტად მიწიერია. ისეთი, ჭუჭყში გასვრილი ქალის სილუეტი რომ დაგიგდება თვალწინ, მადიანად შემოფლეთილი კაბით და ვნების მოსათოკად ტუჩს რომ  მოიკვნეტ.

ახალ ჩრდილს ავედევნე ფიქრებით, მისი სიტყვები მაგრად ჩავიბეჭდე გონებაში და ტექსტის გამოსახულებად ვიქეცი, მთელ სხეულზე მისი ნააზრევი დავიწერე და კისერზე გამოსახულ ვარსკვლავს შევეხე თითებით, იმ ვარსკვლავს წარმოსახვით უკვე მერამდენე თვეა კანში რომ მაქვს ჩამკვდარი.

საკუთარი არაფერი მაქვს და ყოველთვის სხვისი მინდა, სხვისას ვისაკუთრებ და კლანჭებში მოქცევისთანავე ვკარგავ ინტერესს, სხვების ტრფობის ტრფობა მიყვარს. არა, მიყვარს გადაჭარბებული ნათქვამია, გადაჭარბებული და ზედმეტად ნაზი გრძნობით აღსავსე, კი არ მიყვარს, ჟინი მიჩნდება, დაუოკებელი, მოუთოკავი ჟინი.

–        როგორი იყავი ადრე? – მეკითხება აციმციმებული თვალებით და მატყობს რომ მთვრალი ვარ.

–        ზომიერად ტკბილი. – ვპასუხობ ინტერესის გარეშე.

–        ახლა? – არ მეშვება, იხრება და მეგობრულად მუხლზე მადებს ხელს.

–        როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო შენთან ყოფნა რომ არ მომინდება ისეთი. – ვამბობ აუღელვებლად.

ცივი შხაპი მჭირდება, სხვისთვის ნათქვამი სიტყვებისგან მოდებული სიცხე რომ მოვიშორო, გავგრილდე და საღად აზროვნება შევძლო.

ერთდროულად იმდენი ემოცია მიპყრობს გადარჩევას ვერ ვასწრებ, ყველაზე ამაღლებულიდან ვიწყებ და გასხივოსნებული მივექანები ქვესკნელისკენ, ტანის ნელი მიხვრა–მოხვრით, აღფრთოვანებითა და გმობით, სიყვარულითა და სიძულვილით, ვნებითა და სინაზით.

–        როგორი ხარ? – ისევ ჩემკენ იხრება.

–        სპირტისთვის გადამეტებულად ტკბილი, ზედმეტი რომ არ უნდა მოგივიდეს ისეთი. – ვეუბნები და ვგრძნობ რომ უკვე სხვა ტალღაზე ვარ.

უნდა ვიცეკვო. ცხოვრებას მისი უმნიშვნელობა ცეკვით უნდა დავუმტკიცო, უნდა ვაგრძნობინო რომ „ფეხებზე მკიდია“ ყველაფერი, უნდა დავუმტკიცო და ვიცეკვო. შემდეგ ცივი შხაპი მივიღო და ფრჩხილების კვნეტას შევუდგე, ტუჩებზე გადავიდე და ჭრილობა ვიწვალო, იქამდე სანამ ყველა მოპარულ ფრაზას არ განვდევნი ტვინიდან. სანამ სხვების ინტიმური დიალოგების ტრანსკრიპტისგან არ გავწმენდ სხეულს, სანამ კისერზე ვარსკვლავს არ დავიხატავ.

–        მთვრალი ვარ თუ ავად? – ვეკითხები და ახლა მე ვიხრები მისკენ.

–        ორივე. – მეუბნება ღიმილით.

–        უნდა გეკითხა ამას რატომ მეკითხებიო. – ვეუბნები იმედგაცრუებული ტონით.

–        ამას რატომ მეკითხები? – სწრაფად იღებს სერიოზულ სახეს.

–        ახალი აკვიატება მაქვს. მინდა დაველოდო, სახლთან დავხვდე, გავაჩერო და ვთხოვო, შევევედრო არასოდეს შეწყვიტოს იმ უცნობი ქალის საჯარო სიყვარული, რომლითაც ვსულდგმულობ. უნდა დავუჩოქო არასოდეს მოერიდოს მათი გრძნობების სცენაზე გამოტანას, მუხლებში უნდა ჩავუვარდე.

–        მთვრალი ხარ.

–        ავად ვარ.

უნდა ვიცეკვო, ჰო, უნდა ვიცეკვო, ცხოვრებას მისი უმნიშვნელობა ცეკვით უნდა დავუმტკიცო.