სიგარეტი


მონაცვლეობით ვეწევით. მე კაბა მაცვია და საკუთარ თავს ფანჯარაში ვათვალიერებ, არც მომწონს, არც არ მომწონს, უბრალოდ ვათვალიერებ.

სიგარეტს ცერა და საჩვენებელი თითებით იჭერს, მაგრად ქაჩავს და მიბრუნებს, მომწონს ასე რომ ეწევა, მე ჩვეულებისამებრ საჩვენებელ და შუა თითებს შორის ვაქცევ აალებულ ღერს და მის მსგავსად მთელი ძალით ვექაჩები კვამლს. ისევ მისი ჯერია…

–        ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დავიწყო – ვეუბნები მე.

–        რა მნიშვნელობა აქვს? – მპასუხობს კვამლისგან შეგუბებული ხმით.

–        სიგარეტი მხოლოდ მაშინაა სიგარეტი თუ ყავისფერი ფილტრი აქვს. – ვიწყებ ახსნას.

–        აბა რა ჭირად ყიდულობ ამ თეთრ ღერებს? – იღიმის.

–        ჩემი პირველი ღერიც ასეთი ქათქათა იყო. ორი ღერი ვიყიდე, სადარბაზოს ბინძურ კიბეზე ჩამოვჯექი, თეთრი ოფიციალური ზედა მეცვა, მოაჯირს მივეყუდე და მოვუკიდე. ველოდებოდი როდის დამახველებდა და დამახველა. ისტერიამდე არ მივსულვარ, მაშინვე მეორე ღერზე გადავედი, ამაყად გავეხვიე კვამლში და სახლში შესვლის წინ ჩემ თეთრ ზედას დავყნოსე, კვამლის სუნი ქონდა, გამიხარდა და გაზრდილი შევბრუნდი სახლში.

–        გაზრდილი?

–        ჰო, გაზრდილი! ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დავიწყო. – ვეუბნები და სასწრაფოდ ვართმევ ხელიდან ლამის ბოლომდე ჩამწვარ ღერს, მთელი ძალით ვქაჩავ და საფერფლეს ვაჭყლეტ.

ისევ აივანზე ვართ, ისევ მონაცვლეობით ვეწევით, ფილტრი ისევ თეთრი აქვს ჩემ ახლად ნაყიდ სიგარეტს.

–        ფილტრი თეთრია. – მეუბნება და მიბრუნებს.

–        ვიცი. – ვპასუხობ მე, კვამლს ვუშვებ და უკან ვაწვდი.

–        კარგი ფერია. – ლუღლუღებს.

–        რა? – ლუღლუღითვე ვპასუხობ.

–        ტუჩები.

–        ვისი?

–        შენი.

–        ახალია. – ვიღიმი.

–        ტუჩები? – მიღიმის.

–        არა, საცხი. – ვპასუხობ და თითით გავარდისფრებულ ფილტრზე მივანიშნებ.

–        ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დაიწყო.

–        სხვა სიგარეტს ვერ მოვწევ. გუშინ დიდ ხანს ვიდექი და ვათვალიერებდი სხვა კოლოფებს. არა, სხვას ვერ მოვწევ.

დღეს ის აჭყლეტს საფერფლეზე ჩვენ საერთო ღერს.

პირველი ნაფაზი მე მეკუთვნის, სანთებელას მაშველებს, მინდა ვუთხრა როგორ ვერ ვიტან როცა ასე იქცევა, მაგრამ არაფერს ვეუბნები.

ვქაჩავ და ვაწვდი, მართმევს, ძირს აგდებს და ფეხით აქრობს.

ჰაერის მარაგს ვიღებ საჩხუბრად, ხმის ამოღებას არ მაცდის, ჯიბიდან კოლოფს იღებს და მაწვდის. ჩემი სიგარეტია.

–        ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დაიწყო. – მეუბნება.

არაფერს ვპასუხობ, კოლოფს ვხსნი და ახალ ღერს ვაძვრენ. ყავისფერი ფილტრი აქვს, ჩემი სიგარეტია და ყავისფერი ფილტრი აქვს, კოლოფის ოცივე ღერის ფილტრი გაფერადებულია ყავისფრად.

–        შენ გიყვარს ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტი? – ვეკითხები და ვცდილობ სერიოზული სახე შევინარჩუნო.

–        სიგარეტი მხოლოდ მაშინაა საიგარეტი თუ ყავისფერი ფილტრი აქვს. – მპასუხობს და ცდილობს სერიოზული სახე შეინარჩუნოს.

ერთმანეთს არ ვუყურებთ. მონაცვლეობით ვეწევით ყავისფერ ფილტრიან სიგარეტს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s