ცხელი შოკოლადის დალევამდე


დერეფანს ჩანჩალით მივუყვები თითქოს სასამართლოზე მივდიოდე და სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას ველოდებოდე – „ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ 1 საათს თათბირობდნენ“ არგუმენტით. ზღურბლთან ვდგები და ცოცხალი თავით არ ვიცვლი ფეხს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მრგვალ მაგიდასთან წამოყრანტალებული წინადადება თუ მაპატიეს, ახლა უკონტროლო მონოლოგის წაკითხვით უეჭველად დავიმარხავ თავს.

ვიცი და მაინც არ ვიცვლი ფეხს ადგილიდან, ეს ოხერი ნაფიცი მსაჯულებიც არსად ჩანან და მხოლოდ ორი ქალბატონი და ერთი საქალბატონე საუბრობენ კისკისით ჩემთვის აშკარად უინტერესო თემებზე.

„ჯობდა ცხელი შოკოლადი დამესხა და მაგიდას დავბრუნებოდი“ – ვფიქრობ და ვგრძნობ როგორ მიყურებს სამივე, ის ისაა უნდა მკითხონ აქ რამ მოგიყვანაო რომ ლაპარაკის საღერღელი მეშლება.

აწი ვეღარაფერი შემაჩერებს…

ვჩუმდები, ჰაერის მარაგს ვიღებ და ვფიქრობ რომ დროა უკანმოუხედავად გავეცალო იქაურობას.

შენც არ მომიკვდე! ჩახუთული ჰაერით ახლად შევსებულ ფილტვებს კიდევ ერთი მონოლოგისთვის ვწირავ, შემდეგ კი ვიცი რომ მხუთავი აირისა და კუპრის ნიკოტინთან კომბინაციით ვიჯერებ გულს და ჩემი ცხოვრების ლანძღვას მოვყვები. ნათქვამ სიტყვებს ათასჯერ ავწონი და გადავწყვეტ რომ შემოჩენილ შფოთვას მხოლოდ ალკოჰოლი მოერევა.

არადა სად არის ეს ალკოჰოლიც? წარმოდგენაზეც კი მზარავს, არეული, უკონტროლო, უაზრო ლაყბობის გამო უნდა დავთვრე, იმისთვის, რომ ისევ არეული, უკონტროლო, უაზრო ლაყბობა დავიწყო, დიახ ამით წინა მონოლოგის ეფექტს გადავფარავ და ახლით ჩავანაცვლებ, იქნებ ეს უკანაკსნელი გაცილებით მარტივი გადასახრში გამოდგეს.

ცხვირში ისევ აყროლებული თევზის სუნი მაქვს, გონებაში სანუკვარი მოლოდინის სუნად რომ ჩამებეჭდა იმისი.

შაბათს ველოდებოდი სულმოუთქმელად, შეუდარებელ სადილს გავიკეთებ და თევზს შევიწვავ მეთქი. ლამის იყო ორშაბათიდან მოყოლებული დარჩენილ საათებს ვითვლიდი საკუთარ თავთან სადილამდე.

გაყინული ნაჭრები საგულდაგულოდ გავალღვე და გაცხელებულ ტაფაზე ავაშიშხინე.

უსიამოვნო სუნი მეცა, ის ის იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა უნდა დამეწყო ტაფას ამ ოხერი კვერცხის სუნი ვერაფრით გავაცალე მეთქი, რომ თავსახური მოვხადე, ნანატრ უკვე გაოქროსფრებულ თევზის კანს ჩანგლით შევეხე ნაზად და ოდნავ გადავხსენი.

ორთქლი გამოუშვა, თვალები სიამოვნებით უნდა მიმენაბა, რომ ყელში სპაზმი ვიგრძენი.

ჰო, მაშინ აღმოვაჩინე, რომ სანუკვარი მოლოდინები ყროლდება ხოლმე.

ჰოდა ახლაც მოლოდინის აყროლებული სუნი მცემდა რატომღაც.

ყელზე ჩამოკიდებულ რუნებს თითებით შევეხე და უაზრო სიმშვიდე ვიგრძენი.

სინათლე და წარმატება წკარუნით მიეჯახნენ ერთმანეთს, ხელში დავიჭირე და ჩემი სხეულის სითბო ვიგრძენი, ისინი მე დავმუხტე, იმათმა მე.

Advertisements

5 thoughts on “ცხელი შოკოლადის დალევამდე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s