სიგარეტი


მონაცვლეობით ვეწევით. მე კაბა მაცვია და საკუთარ თავს ფანჯარაში ვათვალიერებ, არც მომწონს, არც არ მომწონს, უბრალოდ ვათვალიერებ.

სიგარეტს ცერა და საჩვენებელი თითებით იჭერს, მაგრად ქაჩავს და მიბრუნებს, მომწონს ასე რომ ეწევა, მე ჩვეულებისამებრ საჩვენებელ და შუა თითებს შორის ვაქცევ აალებულ ღერს და მის მსგავსად მთელი ძალით ვექაჩები კვამლს. ისევ მისი ჯერია…

–        ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დავიწყო – ვეუბნები მე.

–        რა მნიშვნელობა აქვს? – მპასუხობს კვამლისგან შეგუბებული ხმით.

–        სიგარეტი მხოლოდ მაშინაა სიგარეტი თუ ყავისფერი ფილტრი აქვს. – ვიწყებ ახსნას.

–        აბა რა ჭირად ყიდულობ ამ თეთრ ღერებს? – იღიმის.

–        ჩემი პირველი ღერიც ასეთი ქათქათა იყო. ორი ღერი ვიყიდე, სადარბაზოს ბინძურ კიბეზე ჩამოვჯექი, თეთრი ოფიციალური ზედა მეცვა, მოაჯირს მივეყუდე და მოვუკიდე. ველოდებოდი როდის დამახველებდა და დამახველა. ისტერიამდე არ მივსულვარ, მაშინვე მეორე ღერზე გადავედი, ამაყად გავეხვიე კვამლში და სახლში შესვლის წინ ჩემ თეთრ ზედას დავყნოსე, კვამლის სუნი ქონდა, გამიხარდა და გაზრდილი შევბრუნდი სახლში.

–        გაზრდილი?

–        ჰო, გაზრდილი! ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დავიწყო. – ვეუბნები და სასწრაფოდ ვართმევ ხელიდან ლამის ბოლომდე ჩამწვარ ღერს, მთელი ძალით ვქაჩავ და საფერფლეს ვაჭყლეტ.

ისევ აივანზე ვართ, ისევ მონაცვლეობით ვეწევით, ფილტრი ისევ თეთრი აქვს ჩემ ახლად ნაყიდ სიგარეტს.

–        ფილტრი თეთრია. – მეუბნება და მიბრუნებს.

–        ვიცი. – ვპასუხობ მე, კვამლს ვუშვებ და უკან ვაწვდი.

–        კარგი ფერია. – ლუღლუღებს.

–        რა? – ლუღლუღითვე ვპასუხობ.

–        ტუჩები.

–        ვისი?

–        შენი.

–        ახალია. – ვიღიმი.

–        ტუჩები? – მიღიმის.

–        არა, საცხი. – ვპასუხობ და თითით გავარდისფრებულ ფილტრზე მივანიშნებ.

–        ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დაიწყო.

–        სხვა სიგარეტს ვერ მოვწევ. გუშინ დიდ ხანს ვიდექი და ვათვალიერებდი სხვა კოლოფებს. არა, სხვას ვერ მოვწევ.

დღეს ის აჭყლეტს საფერფლეზე ჩვენ საერთო ღერს.

პირველი ნაფაზი მე მეკუთვნის, სანთებელას მაშველებს, მინდა ვუთხრა როგორ ვერ ვიტან როცა ასე იქცევა, მაგრამ არაფერს ვეუბნები.

ვქაჩავ და ვაწვდი, მართმევს, ძირს აგდებს და ფეხით აქრობს.

ჰაერის მარაგს ვიღებ საჩხუბრად, ხმის ამოღებას არ მაცდის, ჯიბიდან კოლოფს იღებს და მაწვდის. ჩემი სიგარეტია.

–        ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა უნდა დაიწყო. – მეუბნება.

არაფერს ვპასუხობ, კოლოფს ვხსნი და ახალ ღერს ვაძვრენ. ყავისფერი ფილტრი აქვს, ჩემი სიგარეტია და ყავისფერი ფილტრი აქვს, კოლოფის ოცივე ღერის ფილტრი გაფერადებულია ყავისფრად.

–        შენ გიყვარს ყავისფერ ფილტრიანი სიგარეტი? – ვეკითხები და ვცდილობ სერიოზული სახე შევინარჩუნო.

–        სიგარეტი მხოლოდ მაშინაა საიგარეტი თუ ყავისფერი ფილტრი აქვს. – მპასუხობს და ცდილობს სერიოზული სახე შეინარჩუნოს.

ერთმანეთს არ ვუყურებთ. მონაცვლეობით ვეწევით ყავისფერ ფილტრიან სიგარეტს.

უსიტყვოდ


სიტყვები აღარ მყოფნის, დავდუმდი, ცხოვრებაში პირველად მაქვს ამდენი სათქმელი და ვერაფერს ვამბობ. შავებში ჩაცმულ სიმშვიდეს ვგრძნობ, მშვიდად ვარ, ემოციებისგან დაცლილი და ყველაზე დიდ კმაყოფილებას განვიცდი რაც კი აქამდე განმიცდია.

განწყობის ხელოვნურად შექმნა აღარაფერში მჭირდება, თავისით იბადება, ყალიბდება და მიპყრობს.

არაფერს ვაპროტესტებ, არაფერი მაწუხებს, ცარიელი ვარ, ცარიელი და ბედნიერი.

დამშვიდობება ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა, ყოველგვარი გამარჯვებულისთვის დამახასიათებელი აღტკინების გარეშე ვზეიმობ დასასრულს.

გულწრფელ სინანულს განვიცდი, მეცოდება ყველა ვისაც ახლა ჩემსავით შავებში ჩაცმულს ახალი ემოცია არ იპყრობს. აღმოჩენების გაკეთება არასოდესაა გვიან, ახალი ემოციების შობის უნარს არასოდეს ვკარგავ, ყველაფერი განცდილი არასოდეს გვაქვს.

საკუთარ ნაწერს ვავლებ თვალს და ვხვდები რომ უხარისხო გავხდი, ვხვდები და არ ვწუხვარ, თვალის გახელისთანავე მივხვდი რომ სიტყვებით ვერაფრის გადმოცემას შევძლებდი, მივხვდი და ის ემოცია დამენანა რომელიც არსად არასოდეს დარჩება, არ აიხსნება, არ გადმოიცემა და ერთ დღეს ვეღარც გავიხსენებ. გული დამწყდა, დამენანა და კმაყოფილმა გავიღიმე, კმაყოფილმა იმიტომ რომ არსებობს რაღაც რაც უნდა იგრძნო, აუხსნელად, გადმოუცემლად, გაუზიარებლად იგრძნო და სინანულის გარეშე დაემშვიდობო შესაფერის დროს.

ნაცრისფრად გათენდა, შავები ჩავიცვი და სიმშვიდეში ავირიე.

დღეს უსახელო დღეა, უმიზნო, უმიზეზოდ გათენებული, მხოლოდ ჩემთვის შექმნილი მოვლენებით. ის თავდახრილი და შავ–წითელში არეული ფიგურა გავხდი რომლად ქცევასაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი.

უგემური გემოს არ ქონას უნდა ნიშნავდეს, საკუთარ თავს უგემურს ვუწოდებდი, გემოს არ მქონეს, არც ტკბილს, არც მჟავეს, არც მწარეს, უბრალოდ უგემურს.

ნაცრისფრად გათენდა, როგორც ახალი შთაგონება მიმღერის დღეს ჩრდილი არ მაქვს.

ვეწევი, ვეწევი და ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ ვერ შექმნეს შედევრი რომ შთაგონება ქონდათ ზედმეტად ძლიერი. დაუმორჩილებლად ცდილობდნენ სიტყვებით აღეწერათ ტალღა რომელმაც წალეკა ყველა ემოცია და ვერ გადმოსცეს, დადუმდნენ ისე როგორც დავდუმდი მე.

ჩემი ახალი მუზა წყევლად მომევლინა, დამამშვიდა, განმაახლა, ნალოლიავებ ფიგურას დამამსგავსა, ამავსო და დამადუმა.

კალამი გვერდზე გადავდე, ფეხმორთხმით დავჯექი და საწერად გამზადებულ ხელში სიგარეტი მოვიმარჯვე, პირიდან სიტყვების ნაცვლად კვამლი გამოვუშვი, ხელზე მელნის ნაცვლად სიგარეტის კვალი მაქვს.

სიტკბოს გარეშე


მუსიკა კულმინაციას აღწევს და წამებში ჩუმდება, ჩუმდება ზუსტად იმ მომენტში კითხვას რომ ვამთავრებ და სამ წერტილს დანანებით რომ ვუყურებ. „უნდა გაგრძელებულიყო“ – ვფიქრობ – „ყველაფერი გათვალა!“ – ვაგრძელებ – „მუსიკა და ტექსტი ერთდროულად დამთავრდა. 10 წუთამდე ვიყავით ერთად, შემდეგ დავიშალეთ.“ – ვფიქრობ და ტელეფონისკენ ვაპარებ თვალს, ვიცი რომ რამდენიმე წუთში დაიწყებს რეკვას და მეც „ალო“ მექნება სათქმელი, ჰო ის „ალო“ რომლის თქმასაც ვერაფრით შევეჩვიე.

სავსე ვარ, მგონია რომ ზომაზე მეტი დავლიე.

არა! ჩემ ორგანიზმს გონია რომ ზომაზე მეტი დალია. ჰო, ტუჩების დაბუჟებით ვგრძნობ რომ ჩემი ორგანიზმის დოზის გადაჭარბებას გძრნობს, არა, კი არ გძნობს განიცდის, განიცდის ჩემ გარეშე, მე არაფერს განვიცდი, იმის გარდა რომ მუსიკა და ტექსტი ერთდროულად დამთავრდა, ე.ი. შევეწყვეთ, ზუსტად ავაყოლე ნაბიჯი, არა ეს გამხატვრულება საჭირო არ იყო, ნაბიჯი კი არ ავაყოლე, ფიქრი, თვალები და ტუჩები ავაყოლე. ჰო, როდესაც განსაკუთრებული გატაცებით ვკითხულობ ტუჩებს ვაყოლებ ხოლმე პატარა ბავშვივით, ოღონდ კი არ ვჩურჩულებ, არა! არ ვჩურჩულებ, უბრალოდ ტუჩების მოძრაობით მიყვარს თავში ფიქრებად გაელვებული სიტყვების მოხაზვა.

ჩემი ორგანიზმი სიმთვრალეს განიცდის, კარგი სიტყვაა არა განიცდის?! ისეთი მთვრალია აქამდე რომ არასოდეს ყოფილა, ის ისაა ცუდად უნდა გახდეს რომ ბედნიერებას გრძნობს, ოღონდ ისეთს კი არა გადაჭარბებული სიტკბოსგან გულის რევამდე რომ მიყავხარ, არა ბედნიერებას გრძნობს ყოველგვარი გლუკოზის გარეშე.

მუსიკას თავიდან ვრთავ, ჟრუანტელი თავიდან მივლის და ტექსტის წაკითხვას არ ვჩქარობ, ვიცი რომ არსად მეჩქარება, დარწმუნებული ვარ რომ რაღაც აუხსნელი მიზეზით მაინც ერთად გავჩუმდებით, უფრო სწორედ ის გაჩუმდება მე კი ტუჩების მოძრაობას შევწყვეტ და ისევ ვიფიქრებ რომ უნდა გაგრძელებულიყო.

In the mood for love


საკუთარი თავის სათამაშოდ ვიქეცი. იმდენ როლს ვირგებ რამდენიც გამიხარდება. სიმთვრალეში ვირევი და გამწარებული ვიწყებ მიმდინარე დღის ნიღბის ძებნას, მანამ სანამ საკუთარ თავს არ გადავაწყდები, მართვის სადავეებს არ გავუშვებ ხელიდან და ჩემი ყველაზე გრძელვადიანი როლის შესრულებას არ შევუდგები.

ვერ ვიტან მომდევნო დღეებს, დილებს როდესაც ვაცნობიერებ რომ ჩემი თავისგან შედევრის შექმნა შემეძლო და ღვინო ვამჯობინე.

უხასიათოდ ვარ, მარჯვენა ხელის ნეკი მეყინება.

ჰო, უხასიათოდ ვარ, ჩემი ახალი პოტენციური შედევრი კი საკუთარი თავის სურვილით იწვის და სარკესთან იმდენ ხანს ჩერდება სანამ გამოსახულება გადღაბნას არ დაიწყებს. ზედმეტად თავქარიანია, ჰო, ზედმეტად თავქარიანია და  უნდა მოვკლა, ჭიქაში წითელ ღვინოს ვისხამ და გულის აჩქარებით ვხვდები, რომ მორიგ როლამდე ისევ საკუთარ თავს ვეპატრონები.

უხასიათოდ ვარ, გრძნობების ბაზარში ნაყიდ საქონელს შენახვის ვადა გასდის და ახალი დოზისთვის აჩქარებული ნაბიჯით მივიწევ.

ნაცნობ გამყიდველს ნაძალადევად ვუღიმი და საქონელს ვათვალიერებ, ვიცი რომ საუკეთესო სადღაც აქვს მიჩქმალული, დამინახა გუშინ მადიანად რომ ვათვალიერებდი და დამიმალა. უსინდისოდ ვუფათურებ სულში ხელებს და გონებაში ჩარჩენილ მუსიკას ვპარავ.

ვიტყუები, ჩემ ახალ შედევრს ხასიათის ახალ შტრიხს ვამჩნევ, აღიარების შეგრძნება აქვს დაქვეითებული, გულახდილობის წარმოდგენაზეც კი სირცხვილით იწვის, ჰო, მორცხვია, მორცხვი და ამავე დროს მატყუარა.

საყვარელი ფილმის კადრს მინდა ვგავდე, შეუმჩნევლად ვიციმციმო და საუცხოო მუსიკალური გაფორმების ფონზე გავუყვე ოდნავ განათებულ ქუჩას.

ჩემი ახალი როლი სირცხვილით იწვის, მე კი ღვინოს ვეტანები და ვაიძულებ გულახდილი იყოს.

შეფარკლული ლოყებით მიყურებს და მეუბნება, რომ სიყვარულის ხასიათზეა.

ნარცისი ვარ, ყველგან საკუთარ თავს ვეძებ, ყველას გამომზეურებულ ცხოვრებას ვსწავლობ და ვცდილობ სადმე საკუთარი თავის თუნდაც ყველაზე უინტერესო განშტოებას მივაკვლიო.

ტაშზე გაყიდული გრძნობებით ვსულდგმულობ, უცნობი ადამიანების ემოციების კოლექცია მაქვს. უკვდავ მატერიებს ხანგრძლივობის ვადას ვუწესებ და სულს ვხდი, ვახუნებ და სანაგვეზე ვისვრი.

მარჯვენა ხელის ნეკა თითი მიხურს, დღეს სიყვარულის ხასიათზე ვარ.

მოდი ავჯანყდეთ


–        მოდი ავჯანყდეთ…

–        სისხლი დავღვაროთ?

–        ტუჩები შევიღებოთ წითლად…

გაჩუმდა და მუსიკა ჩართო, ჯერ თეძოების ნელი მოძრაობით აყვა, მერე წელი ნელა, მუსიკასთან ერთად დაუწვრილდა.

სიგარეტს მოუკიდა და კვამლში გაეხვა, აუჩქარებლად, კაბის ფრიალით მომიტრიალდა და ტუჩებში მოგდებულ ღერს ხელით ჩაებღაუჭა, მაგრად მოქაჩა და გააცოცხლა, წამში სული ამოხადა და ჰაერში გამოუშვა. დაუფიქრებლად მოვიყუდე არყით სავსე ბოთლი, თვალები სიწმრისგან ცრემლით ამევსო. ბუნდოვანი გახდა, ჩრდილივით უხმოდ მომიახლოვდა, ბოთლი გამომართვა და სიგარეტიანი ხელით მიიტანა ტუჩებთან, აენთო და ცეკვა განაგრძო.

ჰაერში ნაცნობი და საყვარელი სპირტის სუნი დატრიალდა, მივხვდი რომ დავეცით, ერთად, გაცნობიერებულად, კვამლით გაჟღენთილები, უხამსი სიმღერის სმენით გართულნი, დავეცით.

–        მოდი ავჯანყდეთ… – გამოვცერი დაბუჟებული ტუჩებით.

–        სისხლი დავღვაროთ? – მიპასუხა გამომწვევად.

–        ტუჩები შევიღებოთ წითლად… – გამეცინა.

–        დავეცეთ?

–        ოღონდ ადგომა არ დაგვავიწყდეს.

–        ვიცეკვოთ?

–        რო დავიღლებით გავჩერდეთ.

–        შევიცვალოთ?

–        გახუნებული სახე მოვისროლოთ სანაგვეზე.

–        გავცოცხლდეთ?

–        მკვდრები ვიყავით?

–        გავცოცხლდეთ?

–        ჰო!

სისხლი ამიდუღდა, მთვრალ უჯრედებად გაიშალა და ძარღვების კედლებს მოასკდა, ავფეთქდი, აგრესიის, ბრაზის გარეშე ვიფეთქე და სასიამოვნო ემოციებად გავიშალე ოთახში, ავალდი და სპირტად დავიღვარე, სიგარეტის მთელ კოლოფს შთავბერე სული რამდენიმე წამით და იქვე ამოვხადე, ოთახში გამოვუშვი და ბურუსში გავეხვიე. გავაღმერთე და თავი ღმერთად ვიგრძენი, სამყარო მუჭში მოვიმწყვდიე და ავჯანყდი, ავჯანყდი და ცეკვა დავიწყე.

–        მოდი ავჯანყდეთ… – დავუმარცვლე ყურთან.

–        გადავსხვაფერდეთ? – მიპასუხა წითლად შეღებილი ტუჩებით.

–        ჰო, ფერი ვიცვალოთ.

–        ყველა ფერი?

–        ჰო ყველა ფერი, ყველაფერი.

–        ძველი არაფერი დავიტოვოთ?

–        არა ფერი, არაფერი!

წითელი


„ისეთია კარგად ვიცი ახალი რომაა და მაინც ძველი მგონია“. – ორი სიტყვით შემოვიფარგლე, არა ორი სიტყვით კი არა, 9 სიტყვით (ჰო, დავწერე და გადავთვალე), არც დადუმება მინდოდა, რა ვიცი რას იფიქრებდა – „იმდენად მოეწონა ვერაფერს ამბობს!!!“ – არადა არაა მართალი, ან – „იმდენად არ მოეწონა რომ არ იცის რა თქვას“ – არც ესაა მართალი, ან „მგონი ვერ მიხვდა რატომ….“ – ჰო, ამ რატომ–ს ბევრი გაგრძელება შეიძლებოდა ქონოდა, მოკლედ ყველა სავარაუდო დასკვნის გამოსარიცხად ორი სიტყვით (იმ ორი სიტყვით სინამდვილეში 9 რომ იყო) შემოვიფარგლე და თან კმაყოფილიც დავრჩი, საკუთარი თავი ბანალური არ მეჩვენა და იმიტომ. იმდენად ვუფრთხი ამ ბანალურობას რომ ყველა ჩემი არა ბანალური ქმედება გავხადე ბანალური, თუ რაღაც ასეთი, ზედმეტი ტვინის დაღლად არ ღირს და ფიქრს არ განვავრცობ.

ზოგჯერ ისეთი გემოვნებიანი ვარ ხოლმე ჩემ მოწონებულ სიმღერებს ყველა ქუჩის კუთხეში უსტვენენ გემოვნებიანად ჩაცმული ადამიანები, ზოგჯერ კი მხოლოდ მე ვაქიცინებ თავს ყველასთვის გაუგებარ მელოდიაზე და ბედნიერად ვიღიმი. რომელი მირჩევნია? არ მიყვარს საყვარელ ნივთებს, სიმღერებს, ადგილებს და მოგონებებს რომ მართმევენ, ამაშიც მესაკუთრე ვარ, მირჩევნია მხოლოდ მე მომწონდეს და მხოლოდ მე ვოცნებობდე კასაბლანკაზე… წინადადების დასრულება გადავიფიქრე, თავი ისეთი სულელი მეჩვენა რომ ტუტუცურად გავწითლდი.

არადა არასოდეს ვწითლდები.

ჰოდა, იმას ვამბობდი რომ ორი სიტყვით ნათქვამი 9 სიტყვიანი ფრაზა დავასრულე და მივხვდი რომ იმაზე მეტად მომეწონა ვიდრე მინდოდა რომ მომწონებოდა, ან ვიდრე მინდოდა რომ გამომეხატა. არ მინდოდა მომწონებოდა იმიტომ რომ ავტორზე არაფერი ვიცოდი, მინდოდა მომწონებოდა იმიტომ რომ ავტორზე ეჭვი მქონდა.

გულწრფელ აღფრთოვანებას მოვერიდე, მომერიდა და მოვერიდე, თავის შეკავება სისუსტედ ჩავთვალე და შემრცხვა, ჰოდა გავწითლდი.

არადა არასოდეს ვწითლდები.

ცხელი შოკოლადის დალევამდე


დერეფანს ჩანჩალით მივუყვები თითქოს სასამართლოზე მივდიოდე და სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას ველოდებოდე – „ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ 1 საათს თათბირობდნენ“ არგუმენტით. ზღურბლთან ვდგები და ცოცხალი თავით არ ვიცვლი ფეხს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მრგვალ მაგიდასთან წამოყრანტალებული წინადადება თუ მაპატიეს, ახლა უკონტროლო მონოლოგის წაკითხვით უეჭველად დავიმარხავ თავს.

ვიცი და მაინც არ ვიცვლი ფეხს ადგილიდან, ეს ოხერი ნაფიცი მსაჯულებიც არსად ჩანან და მხოლოდ ორი ქალბატონი და ერთი საქალბატონე საუბრობენ კისკისით ჩემთვის აშკარად უინტერესო თემებზე.

„ჯობდა ცხელი შოკოლადი დამესხა და მაგიდას დავბრუნებოდი“ – ვფიქრობ და ვგრძნობ როგორ მიყურებს სამივე, ის ისაა უნდა მკითხონ აქ რამ მოგიყვანაო რომ ლაპარაკის საღერღელი მეშლება.

აწი ვეღარაფერი შემაჩერებს…

ვჩუმდები, ჰაერის მარაგს ვიღებ და ვფიქრობ რომ დროა უკანმოუხედავად გავეცალო იქაურობას.

შენც არ მომიკვდე! ჩახუთული ჰაერით ახლად შევსებულ ფილტვებს კიდევ ერთი მონოლოგისთვის ვწირავ, შემდეგ კი ვიცი რომ მხუთავი აირისა და კუპრის ნიკოტინთან კომბინაციით ვიჯერებ გულს და ჩემი ცხოვრების ლანძღვას მოვყვები. ნათქვამ სიტყვებს ათასჯერ ავწონი და გადავწყვეტ რომ შემოჩენილ შფოთვას მხოლოდ ალკოჰოლი მოერევა.

არადა სად არის ეს ალკოჰოლიც? წარმოდგენაზეც კი მზარავს, არეული, უკონტროლო, უაზრო ლაყბობის გამო უნდა დავთვრე, იმისთვის, რომ ისევ არეული, უკონტროლო, უაზრო ლაყბობა დავიწყო, დიახ ამით წინა მონოლოგის ეფექტს გადავფარავ და ახლით ჩავანაცვლებ, იქნებ ეს უკანაკსნელი გაცილებით მარტივი გადასახრში გამოდგეს.

ცხვირში ისევ აყროლებული თევზის სუნი მაქვს, გონებაში სანუკვარი მოლოდინის სუნად რომ ჩამებეჭდა იმისი.

შაბათს ველოდებოდი სულმოუთქმელად, შეუდარებელ სადილს გავიკეთებ და თევზს შევიწვავ მეთქი. ლამის იყო ორშაბათიდან მოყოლებული დარჩენილ საათებს ვითვლიდი საკუთარ თავთან სადილამდე.

გაყინული ნაჭრები საგულდაგულოდ გავალღვე და გაცხელებულ ტაფაზე ავაშიშხინე.

უსიამოვნო სუნი მეცა, ის ის იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა უნდა დამეწყო ტაფას ამ ოხერი კვერცხის სუნი ვერაფრით გავაცალე მეთქი, რომ თავსახური მოვხადე, ნანატრ უკვე გაოქროსფრებულ თევზის კანს ჩანგლით შევეხე ნაზად და ოდნავ გადავხსენი.

ორთქლი გამოუშვა, თვალები სიამოვნებით უნდა მიმენაბა, რომ ყელში სპაზმი ვიგრძენი.

ჰო, მაშინ აღმოვაჩინე, რომ სანუკვარი მოლოდინები ყროლდება ხოლმე.

ჰოდა ახლაც მოლოდინის აყროლებული სუნი მცემდა რატომღაც.

ყელზე ჩამოკიდებულ რუნებს თითებით შევეხე და უაზრო სიმშვიდე ვიგრძენი.

სინათლე და წარმატება წკარუნით მიეჯახნენ ერთმანეთს, ხელში დავიჭირე და ჩემი სხეულის სითბო ვიგრძენი, ისინი მე დავმუხტე, იმათმა მე.

ღიაა


ვიღაცამ რომ შენი მისამართი არ იცოდეს და ისე მოვიდეს, დაუკაკუნებლად შემოაღოს კარები, დაიაროს ყველა ოთახი, კედლებთან დიდ ხანს გაჩერდეს და ათვალიეროს, შენ საყვარელ სავარძელზე ჩამოჯდეს, ცოტა ხანს გიყუროს და შემდეგ გითხრას „მომწონს, ძალიან მომწონს აქაურობა, თუმცა მე ამ სავარძელს ოთახის მეორე კუთხეში დავდგამდი. აწი ხშირად გესტუმრები ხოლმე.“ ადგეს, სამზარეულოში გავიდეს, ყავა დაისხას, ნახევრამდე ჩაცალოს, შემდეგ ნაჩქარევი ნაბიჯით გავიდეს სახლიდან და იმ მისამართზე გაეშუროს, სადაც უკვე დიდი ხანია დადის და სადაც დიდი ხნის წინ ზუსტად ისე დაუპატიჟებლად მივიდა, როგორც შენთან. იქ უკვე ელოდებიან. ხელებს ავარჯიშებს ხოლმე მისვლამდე, იცის, რომ რაც არ უნდა დახვდეს იქ ტაშის დაკვრა აუცილებლად მოუწევს, დიასახლისიც სათნოდ გაუღიმებს და ეტყვის, რომ ელოდა მის გამოჩენას, საძინებლისკენ გაუძღვება, ყავას შესთავაზებს და კედელზე ჩამოკიდებულ ახალ ნახატზე მიუთითებს შემიფასეო, ის კი წინასწარ ნავარჯიშები ხელებით დაიწყებს ტაშის კვრას, იტყვის ბრავოო და სხვა მისამართზე წავა.

მიუხედავად მისი თავხედური გამოჩენისა, მის განმეორებით სტუმრობას დაელოდები, დადგები კარებთან და ყოველი გაფაჩუნებისას ჭუჭრუტანაში გაიხედავ, გვერდს რომ აუვლიან შენ კარებს იმედგაცრუებული დაბრუნდები ოთახში და სიგარეტის ქაჩვას დაიწყებ.

თავხედობა იქნებოდა, ასე დაუპატიჟებლად რომ მოგდგომოდნენ გზააბნეული ადამიანები, ჰო თავხედობა იქნებოდა შენ რომ არ დაგეწერა კარებზე „ჩემი ცხოვრება ყველასთვის ღიაა“, ახლა გაუცნობიერებლად ელოდები მნახველებს, რომლებიც მოგიწონებენ ან ცხვირაბზუებულები დატოვებენ შენ სახლს, ტაშს დაგიკრავენ ან ცინიკურად გადმოგხედავენ და დერეფანში შემოსვლისთანავე გაბრუნდებიან უკან.

რიგი დაგიდგება, ოთახები სავსე იქნება ხალხით, შიშველი იჯდები იმ სავარძელზე გზააბნეულმა სტუმარმა რომ გითხრა ოთახის მეორე კუთხეში გადადგიო, იჯდები და სიგარეტის ქაჩვით გართული ვერ მიხვდები გაგიხარდეს მათი მზერა შენ კანზე, თუ კარებზე საკეტის გამოცვლა გადაწყვიტო.

ან იქნებ გაშიშვლება ზედმეტად თამამი იდეა იყო, იქნებ ბინა უნდა გექირავებინა და შენ ბუდეში არ დაეწყო ყველას სიარული, იქნებ პატარა ოთახი უნდა მოგეწყო, შენ დაფარულ „მე“–ს რომ მოეწონებოდა ისეთი, საგულდაგულოდ გამოწყობილიყავი მნახველების მისაღებად და სარკესთან მისულს საკუთარი თავი ვერ გეცნო, ვერ გეცნო მაგრამ მოგწონებოდა.

ნიღაბს გაიკეთებდი, ჰო, ჰო ნიღაბს, შავს მხოლოდ თვალები გამოგიჩნდებოდა, მისაღებში იჯდებოდი ორაზროვანი ღიმილით და მნახველებს ანიშნებდი შემოდითო, იჯდებოდი კუთხეში და ოვაციებზე გამომწვევად გაიღიმებდი, ზოგჯერ უმანკო, გულთბილი, გულახდილი ხმით ეტყოდი მიხარია რომ აქ ხართო.

დასაძინებლად სახლში დაბრუნდებოდი, ნაქირავები ბინის კარებს ღიას დატოვებდი, აბა რა ჭირად უნდა გნახონ როგორ გძინავს საბანში გახვეულს.

დილით აჩქარებული ნაბიჯით გაეშურებოდი შენი ცხოვრების გამოფენად გახსნილი ნაწილისკენ, კარებთან მოქუჩებულ წერილებს წაიკითხავდი, ზოგის დახევის სურვილი გაგიჩნდებოდა, მაგრამ სწრაფადვე აღკვეთავდი ამ ფიქრებს, კედელზე გამოაკრავდი სხვა წერილებთან ერთად და მიაწერდი „დიდი მადლობა“ „მართალი ხარ, გმადლობ“ „გეთანხმები“ „გამიხარდა“ „გამიხარდება“ „იმედი მაქვს“ „რას გულისხმობთ???“ დასახევად გამზადებულ ბარათებს კი დიდ ხანს უყურებდი და ვერაფერს რომ მოიფიქრებდი საპასუხოდ მათ გამოკვრას ემოციების ჩაცხრომის ჟამისთვის გადადებდი.

ჰო. ჰო ბინის ქირაობა აჯობებდა ნამდვილად.

თმა


განწყობა ჩემი ახალი ქვედაბოლოსავით ერთი ფერიდან მეორეში გადადის, ლურჯიდან წითელში, წითლიდან ხაკისფერში და ასე დაურსულებლად.

გრძელ დერეფანს მივუყვები და გულში კარგად მომზადებულ ტექსტს ვიმეორებ, საკუთარი ფეხსაცმლის ხმა მაღიზიანებს, მზად ვარ გავიხადო და თითის წვერებზე, შიშველი ფეხით განვაგრძო სიარული.

სიტყვების კორიანტელში ვარ გახვეული, ქარბორბალასავით დამტრიალებენ იდეები თავზე.

წინა ღამით დალეული ათასი სითხის ნაზავი მიდუღს ძარღვებში და გულისცემას ვითვლი, ყოველთვის როდესაც შვიდზე ავდივარ ვჩერდები და მისი პირველადი მნიშვნელობის აღდგენას ვცდილობ.

ფეტიშად ქცეული მოკვდავი ქალღმერთის ფეხებთან განრთხმული საზოგადოება სათაყვანებელ სახელს ყვირის, ტაშს უკრავს და მისი მზერის დაჭერას ცდილობს.

ჰაერში შეზავებული ცეცხლის სურნელი მთავარი მოედნისკენ მიხმობს, ვუახლოვდები და გულის ცემა მიხშირდება. ვნების ცეცხლში დამწვარი მსჯავრდებულების რიგებს ვარღვევ, ზღვარგადასულ ჟინს წვავენ კოცონზე და ყველა მხრიდან ჯოჯოხეთის მეფის სახელი მესმის.

მამაკაცები ცალკე ჯგუფად დგანან, თავშლები აქვთ მოხვეული და სასჯელის აღსრულებას ელოდებიან.

ქარი გაგიჟებით უბერავს, სხვების მსგავსად მეც თმას ვიშლი.

დაბნეული მზერით ვაცეცებ თვალებს, შორიდან ნაცნობი სილუეტი მიახლოვდება, ხშირი შავი თმა ავისმომასწავებლად უფრიალებს თავზე, შეცვლილი მზერა აქვს, მორჩილების, სინანულის ნატამალის გარეშე, მგონია, რომ თვალის სკლერა ცეცხლით აქვს სავსე, რამდენიმე წამიც და მისი კუპრივით შავი თმა სახეზე მეხება, ტუჩები ჩემ ყურთან მოაქვს და ნელსურნელებაში არეულ ნამწვის სუნს მასუნთქებს, ფიქრით ისევ გულის ცემას ვითვლი და ისევ შვიდზე ვჩერდები, მის მხურვალებას ვგრძნობ კანზე და მოუთმენლობა მკლავს, ველოდები როდის ამოიღებს ხმას.

„სამყარო მოთმინებით ელოდა ქალს, რომელსაც კოცონზე დაწვავდნენ, მაცდური ბუნება შთაბერეს სულთან ერთად და შემდეგ პასუხი აგებინეს ამის გამო. იცი რა იყო სანამ ევა აჭმევდა აკრძალულ ხილს ადამს? ადამი დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი ქმნილება იყო, პირველობისთვის იბრძოდა, დომინანტობა სურდა, ამაყი იყო, ცოლი ყავდა და მაინც სხვისკენ მიურბოდა თვალი, ნაამასთან დაწვა სანამ ლილიტს მიუჩენდნენ ადგილს სხვა დაცემულ არსებებთან ერთად, დაწვა და ჯოჯოხეთის მეფე შვა, ვნება დაბადა. ღალატი სისხლში ქონდა გამჯდარი, ჟინის ცეცხლით იწვოდა, სანამ ევა გაასინჯებდა აკრძალულ ნაყოფს. შემდეგ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა.“

ჩემი ქვედაბოლოს ფერებში ვირევი, ლურჯიდან წითელში გადავდივარ და აალებული თვალებით გავყურებ ჰაერში ერთდროულად აფრიალებულ ქალების თმას, კანზე ისევ მის სუნთქვას ვგრძნობ.

Image