ქმნილება


ჩემი მუზეუმის მკვიდრ ცვილის ფიგურებს ჩემზე გავლენა არასოდეს ქონიათ, საკუთარ ჭკუაზე ვერასოდეს მატრიალებდნენ, უსულო ქანდაკებების მარიონეტი არასოდეს ვყოფილვარ, ძაფები ყოველთვის მაგრად მეჭირა ხელში და წარბშეუხრელად ვმართავდი მათ თითოეულ მოძრაობას.

სანამ ახალ ექსპონატს დავადგამდი თვალს. თავიდან ყველაზე სუსტი ჩანდა, გამორჩეული შტრიხების გარეშე, სხვებისგან განსხვავებული იყო და არც გარემოს უხდებოდა. მნახველებს ვერაფრით გაეგოთ რატომ გადავწყვიტე მისთვის ადგილის გამოყოფა, დიდ ხანს ათვალიერებდნენ ხოლმე, შემდეგ კი ჭიქა წითელი ღვინით ხელში დაღამებამდე საუბრობდნენ მის შეუსაბამობაზე.

კითხვებზე პასუხს არასოდეს ვცემდი, მხოლოდ ორაზროვნად ვიღიმოდი ხოლმე. მიზეზი მარტივი იყო, თავადაც არ ვიცოდი რამ მაიძულა მისი ხელში ჩაგდება და ჩემი შედევრების გვერდით გამოფენა.

მეგონა რომ ვმართავდი, ვერასოდეს დამისხლტებოდა ხელიდან, გაქცევა არც მას უცდია, ქედს იხრიდა ხოლმე ჩემ წინაშე და მასზე საკუთრების უფლებას არასოდეს აყენებდა ეჭვქვეშ, პირიქით მეუბნებოდა რომ ჩემი იყო, ვფლობდი და განვკარგავდი.

ზედმეტად თეთრი იყო, დადებით ემოციებს აღძრავდა და ჩემ რუდუნებით ნაშენებ ჭაობს საკუთარი კეთილგანწყობით გესლავდა. მძულდა მისი სამაგალითო საქციელი, მისი დამყოლი ხასიათი, ის რომ არაფერში მეწინააღმდეგებოდა.

შუაღამე იყო, მძიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და დაუფიქრებლად წავათრიე საწყობში, კარები მაგრად გამოვიჯახუნე და დავივიწყე.

უძილობა სტანჯავდა, ღამეს ბოლთის ცემაში ატარებდა ხოლმე, მისი ფეხის ხმა მაგიჟებდა, ვუყვიროდი, ვუბრძანებდი გაჩერებულიყო, ასეც იქცეოდა, პროტესტის გამოხატვა არასოდეს შეეძლო, სუსტი იყო, გულის ამრევად ნაზი და სათუთი.

მასში მეამბოხე არასოდეს დამინახავს, ვერც დავინახავდი არ იყო და იმიტომ, მე შევქმენი, საკუთარი ხელით დავგეგმე შეთქმულება, საკუთარ თავს ავუჯანყდი და პოზიციების დათმობა მოვთხოვე.

ცოტა ხანში ჩემი აღფრთოვანების ფეხქვეშ გათელვა დაიწყო, ყველაფერი რასაც გადამეტებულ ყურადღებას ვაქცევდი გააცამტვერა, ცხვირი აიბზუა, დაიწუნა. მე კი ჯიუტად განვაგრძობდი მუშტის ბრახუნს მაგიდაზე ცდები მეთქი. სანამ საკუთარ აგრესიაზე თვალს ამიხელდა, წინააღმდეგობის ჟინით შეპყრობილი ვიწონებდი ყველაფერს, ლამის იყო ტაშის კვრისგან ხელის გულები დამხეთქვოდა ყველაზე უნიჭო გამოსვლების დასრულების შემდგომ, ვარწმუნებდი არაფერი გესმის შეუდარებელი იყო მეთქი.

საკუთარი თავის ზიზღი დამჩემდა, ვგმობდი ყველაფერს რასაც ჩემი ჭაობის გველი გმობდა, ყოველი გაწეული წინააღმდეგობა მის მორჩილებას გამოხატავდა, მაიძულა საკუთარი თავის წინააღმდეგ გამელაშქრა, იცოდა რომ ყველაზე მეტად მეშინოდა სისუსტის, ბრძოლის ჟინით დამამარცხა და ძაფები ჩაიგდო ხელში ჩემ სამართავად.

მფლობს და განმკარგავს.

ჩემი მუზეუმი მიწასთან გაასწორა, ექსპონატები ფეხქვეშ გათელა, საწყობში მიმიჩინა ადგილი და ყოველ ღამე მიბრძანებს შევეშვა ბოდიალს.

ყველაფერი წრეზე ტრიალებს.

როლები გავცვალეთ, დამანაწევრა, ემოციებად დამყო, გამომფინა და გაბატონდა.

ჰო, როლები გავცვალეთ, მე კი ვიცი რომ ყველაფერი წრეზე ტრიალებს, ნახევარი წრე კი უკვე გავლილი გვაქვს.

ვილაყბებ ცოტას


რა დიდად მისაბაძი ჩემი აკვიატებად ქცეული ვაი მწერალი იყო არ ვიცი, მაგრამ მოულოდნელად მის სხეულში შეძვრომა და მისი ტვინის დაუფლების ისეთი ჟინი გამიჩნდა საკუთარ თავს ამ უწყინარ ახირებაზე უარი ვერ ვუთხარი. ადრე მეუბნებოდნენ თუნდაც რამდენიმე წამით ნანახი ადამიანის სახეს ისე იმახსოვრებს შენი გონება რომ ერთ დღესაც სიზმარში მისი გარეგნობის მქონე პერსონაჟს შექმნისო. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, სიზმრებს არ ვხედავდი და იმიტომ. ბოლო პერიოდში კი ღამე ისეთ აქტიურ ცხოვრებას ეწევა ჩემი ფანტაზია ლამისაა დავიჯერო ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ მეთქი. ჰოდა ბუნებრივად გამიჩნდა ეჭვი იმის თაობაზე რომ ამ ნაირ–ნაირ სახეებს ყოველი დაღამებისას ჩემი წარმოსახვა ვერსაიდან შობდა და ისინი უეჭველად სადღაც დიდი ხნის წინ ნანახი ადამიანების ასლები იყვნენ.

ჰოდა, დღეს სამსახურში მიმავალი ვფიქრობდი, აი მივალ ახლა პირველივე გამვლელთან, გავაჩერებ და ვეტყვი – „იცით თქვენ მე აუცილებლად დამესიზმრებით.“ შემდეგ კი უკომენტაროდ გავაგრძელებ მეთქი გზას. მაგრამ შენც არ მომიკვდე, ენა ისე ჩამივარდა მუცელში ორი ბგერის გადაბმასაც ვერ მოვახერხებდი, ეს ზედმეტი თავდაჭერილობა დამღუპავს მე. ალბათ ამიტომაა ალკოჰოლს რომ ვეძალები ხოლმე როცა თავზე ხელის აღება მინდა. არადა რა არის ჩემნაირი ადამიანის შემთხვევაში თავზე ხელის აღება? დიდი არაფერი, თუ მაგალითად ფხიზლად ყოფნის დროს თავდაჭერილ ტონალობაში გეტყოდით გამარჯობას, განსაკუთრებული შეზარხოშებისას გულიანად გაგიღიმებთ. სულ ესაა რა დარღვევებზე წასვლაც ჩემ დიად პერსონას შეუძლია. ჩარჩოში მოქცეული, საღი ადამიანი ვარ. საღი და არა ცინცხალი, მგონია რომ მოკითხვითაც ვაწუხებ ადამიანებს, ამიტომ ენა მუდმივად მუცელში მაქვს ჩაგდებული.

ზედმეტად გავილექსე მგონი. აჯობებს ისევ იქ დავბრუნდე საიდანაც დავიწყე.

ჰოდა იმას ვამბობდი ერთი ბანალური, ვაი მწერალის კანი მოვირგე ტანზე და მისი ტვინის უჯრედებში გემრიელად მოვკალათდი მეთქი.

რაზე წერდა? რაზე დაწერდა, იმ ემოციებზე მე რომ არაფერი გამეგება. ან კი რა უნდა გამეგებოდეს ჩარჩოში მოქცეულ, ზედმეტად თავდაჭერილ ადამიანს, ხშირად ცივსისხლიანობაში რომ სდებენ ხოლმე ბრალს. ცივსისხლიანი ვარ? არ ვიცი, იქნებ მიპასუხოთ ეს შეუბრალებლობის სინონიმი ხომ ნამდვილად არ არის? თუ არ არის მაშინ არ ვარ. შეუბრალებელი ვარ? შესაძლოა.

ისევ საკუთარ თავზე ლაყბობა დავიწყე არადა შემიძლია ახლავე დავიფიცო ბიბლიაზე (გინდაც კონსტიტუციაზე), რომ წვეთი არ დამილევია აგერ უკვე 48 საათი სრულდება.

ჰოდა უპრიანი იქნება ისევ ვიკითხო რას ვამბობდი მეთქი. რას ვამბობდი და ჩემ ახალ გატაცებაზე ვსაუბრობდი, ზედმეტად ხშირად რომ იწვევს ზიზღის შეგრძნებას და კიდევ უფრო ხშირად რომ აღმაფრთოვანებს ხოლმე. არადა რითი აღმაფრთოვანებს? ბანალურობით? რას გაიგებ, კაცია და გუნებაო, ჰოდა მომწონს და მორჩა.

საზოგადოებას უყვარს, მე კი ეჭვიანი ცოლივით ვერ ვიტან მათ ვინც მგზნებარე სიყვარულში უტყდება, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან მათ ვინც კრიტიკის ქარ–ცეცხლში ატარებს, ვინ ვარ მე? მე ისევ ენა მუცელში ჩაგდებული ადამიანი ვარ, რომელიც არც მის ფეხებთან ერთხმება და არც მის ლანძღვაში ათენ–აღამებს. ჰო, მართალი ბრძანდებით, ისევ იქამდე მივედით, რომ ერთი ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ, არაჩვეულებრივი მახასიათებლებით – არასოდეს ვყვირი ბრავოს და ბისზე არასოდეს ვუხმობ, როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს ეს.

კარგით, ვტყუი, ბრავოს ვიძახი ხოლმე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისგან ველოდები რამეს.

ნაძირალაც ვყოფილვარ!

ისევ აღფრთოვანების ობიექტს დავუბრუნდეთ. როგორ აღწერს მას ჩემი წარმოსახვა გაინტერესებთ? გველივით სლიკინა კანი აქვს. სულ ესაა, მოკლედ გველია, ოღონდ ისეთი გველი უეცრად გველების მიმართ ყოველგვარ პატივისცემას რომ დაგაკარგვინებს.

არადა მიყვარს გველები, შორიდან მაგრამ, შორით ტრფობაც ხომ ტრფობაა?!

დღეს წარსულის სასაფლაოზე ვიყავი, გვარიანად ბევრი ადამიანი ამოვთხარე მიწიდან, თვალი შევავლე და მომეწონა, ჰო დიდი ხანია წარსული გვამების ჩიჩქვნისას კმაყოფილების შეგრძნება არ გამჩენია, გაუხრწნელ განწყობას მივადექი, დალპობას გადარჩენილი ადამიანების გაზრდილი აზრები წავიკითხე და მოვიხიბლე, ის დღეც კი ვერ გავიხსენე, როდესაც მათი დამარხვა გადავწყვიტე, ზეწარში გახვეულები ჩავყარე უპატრონო გვამებივით სამარეში და ნაჩქარევად მივაყარე მიწა.

ჰოდა მგონი დროა ჩემი ახალი გატაცებაც გავახვიო ნაცრისფერ ზეწარში და საერთო საფლავში ვუკრა თავი.

კვამლში


მოდი მოვხსნათ ეს ხელოვნურად დაწესებული ლიმიტი, ჩავთვალოთ რომ დროის გასაყვანი დრო არ გვაქვს, გადავაბიჯოთ იმ ნაბიჯებს, რომელთა გავლაც მოგვიწევს სანამ დაძაბულობის გარეშე შევძლებთ ლაყბობას ყველაფერზე, არ შეგვაწუხებს სიჩუმე, უაზროდ ჯდომა და მაგიდის რელიეფის სწავლა.

ლუდი დავლიოთ, მე მოგიყვები, რომ ბოლო პერიოდში ჭეშმარიტ მაყურებლად ჩამოვყალიბდი, თვალიერებით ვცხოვრობ, ვუყურებ და განვიცდი, ტაშს ვუკრავ და ვგმობ, მომწონს და მაცვია, არ მომწონს და მაინც მაცვია. გეტყვი რომ დაღლილობისგან უსაქმურობას მივყავი ხელი, არა სხვანაირად გეტყვი, გეტყვი ზედმეტად ბევრი საქმისგან უსაქმურობას მივყავი მეთქი ხელი, სიგარეტს მოვუკიდებ, მოვქაჩავ და კვამლის გამოშვების შემდეგ დავამატებ, ადამიანებს კვამლით ვეხები! შენ გაგეცინება და რაღაცის თქმას დააპირებ, მე არ დაგაცდი და თავხედურად განვაგრძობ საუბარს. გეტყვი, რომ თამაში მომენატრა, რომ მივუჯდებოდი მრგვალ მაგიდას უცნობ ადამიანებთან ერთად, დავიჭერდი სიგარას, დავისხამდი ვისკის და ვითამაშებდი პოკერს ანთებული თვალებით,

ვუყურებდი ტანგოს, ჰო ნახევრად შემოხეული კაბით რომ იცეკვებდა მადიანად ჩაპუტკუნებული, არა, ჩაპუტკუნებული კი არა, სავსე ქალბატონი, მისი ფეხსაცმლის წითელ ძირს ავყვებოდი ფეხზე, შემდეგ თეძოებზე შევაჩერებდი მზერას, კვამლს გამოვუშვებდი და თვალებით კიდევ უფრო ზევით ავცოცდებოდი, ამასობაში პარტნიორი მაგარდ დაიჭრერდა და ჩემკენ მოატრილებდა, ღრმად ჩაისუნთქავდა, პირს ოდნავ შეაღებდა და, და მე ისევ კვამლს გამოვუშვებდი, სანამ ვიღაც მაგრად მიიტმასნავდა ტანზე, ვისკის მოვწურპავდი, სიგარეტს ტუჩებით დავიჭერდი და ტაშს დავუკრავდი, მოგიტრიალდებოდი და გეტყოდი მომწონს, არა ასე არ გეტყოდი, ვიტყოდი „მაგარია“. შენ გაიღიმებდი და ნაკლებად ძლიერი სასმელის ყლუპს გააკეთებდი, მე? მე ისევ კვამლს გამოვუშვებდი პირიდან.

ან ჭირსაც წაუღია ყველაფერი! ჭირსაც წაუღიხარ მოკლედ. ვიჯდებოდი იქ სადაც ჯანსაღი ცხოვრების სტილზე საუბარს არავინ დაიწყებდა, პირიქით ყველაზე გახრწნილ საზოგადოებას მივუჯდებოდი გვერდით, მოვუსმენდი გამაყრუებელ მუსიკას, დავთვრებოდი ისე მე რომ მიყვარს თრობა, თვალები რომ მენთება სხვანაირად, ჰო, ჰო ეგრე! დავათვალიერებდი მოცეკვავეებს, მოვწევდი სიგარეტს, გავერთობოდი დაფლეთილი კაბების და თვალებანთებული კაცების ყურებით.

ჭირსაც წაუღია ბნელი ოთახის კუთხეში ჯდომა და დამპალი, დეპრესიული სიმღერების მოსმენა.

თითის წვერებზე


უხარისხოდ დაბეჭდილი საბავშვო გასაფერადებელივით ვგრძნობ თავს, რამდენი ფლომასტერიც არ უნდა მისვან მაინც ნაცრისფერი რომ ვიქნები. ფერები ავიკვიატე, იმდენ ხანს ვღებე საკუთარი თავი სანამ გაურკვეველი შეფერილობის ლაქად არ ვიქეცი.

ფრთები არასოდეს გამიშლია, არასოდეს მქონია და იმიტომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თითის წვერებზე აწევას ზუსტად იგივე თავისუფლების განცდა მოაქვს.

საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, გავუცხოვდით, დაღლილობას ვიმიზეზებთ და ერთმანეთთან საუბარს თავს ვარიდებთ. სანამ ერთი ფეხის წვერებზე იწევა, მეორე საღებავს ისვამს და გულში საკუთარ უხარისხობას ლანძღავს, სინამდვილეში არც ერთი შლის ფრთებს და არც მეორე იდღაბნება ნაცრისფრად, ორივე ვზივართ საწოლთან და ლიმონიან ჩაიში გაზავებულ პიტნის არაყს შევექცევით.

იდეალების შექმნა თანდაყოლილ დაავადებად გვაქვს შერაცხული. წლების განმავლობაში რუდუნებით ნაშენებ ქანდაკებებს ერთი ხელის მოსმით ვაცამტვერებთ და ამაყად ვთელავთ ფეხქვეშ, მტვერში ვიგანგლებით და შემდეგ გულმოდგინედ ვისვამთ საღებავს ახალი ქმნილების მოლოდინში.

საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ მეთქი, ახალი იდეალის შექმნისას რაღაც შეგვეშალა და ფენიქსის თვისება შთავბერეთ სულთან ერთად, რამდენჯერაც გავასწორეთ მიწასთან იმდენჯერ აღდგა, მთლიანობად შეიკრა და კვარცხლბეკზე შემოდგა ნიშნის მოგებით.

ზიზღში არეულ აღფრთოვანებას განვიცდით, ვერაფით გაგვიგია ქმნილება შევიზიზღეთ თუ ავტორი, საკუთარი თავი გვძულს თუ აღფრთოვანების ობიექტი.

სახეზე შეზელილ წითელ საღებავს ვაშრობ ბუხართან, წარსულში დარჩენილი შეცდომების ნაკვერჩხლებს სულს ვუბერავ და ვფეთქდები.

ასეთი ცოცხალი არასოდეს ვყოფილვარ, მგონია რომ რამდენიმე წამში თითის წვერებზე ავიწევი და მუსიკას ფეხს ავაყოლებ.

წერტილების შემდეგ


მზიანი დღეა, საწერ მაგიდასთან ვზივარ, ფეხები მაგიდაზე მაქვს შემოწყობილი, სკამის საზურგეს ვაწვები და ვგრძნობ, რომ ყველაფერი ისეთი უმნიშვნელოა როგორც არასდროს. მშვიდი ვარ და ეს სიმშვიდე ბედნიერებაში მერევა. კურიერს ველოდები, ერთდროულად რამდენიმე კლინიკის დასკვნა უნდა მომიტანოს.

რაღაც უაზრო მელოდიას ვღიღინებ და სიგარეტს მადიანად ვექაჩები, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და ვიცი, რომ ვერაფერი გამიფუჭებს განწყობას.

კარებზე ზარია, აუჩქარებლად ვდგები სკამიდან, სიგარეტს ვაქრობ და გზად კვამლს ვუშვებ პირიდან. რამდენიმე წამში ოთახში ვბრუნდები კონვერტებით ხელში. გახსნა არ მეჩქარება, თუმცა არც გადადებას ვაპირებ. ისევ მაგიდასთან ვჯდები, ფეხებს ისევ ზემოდან ვაწყობ, ისევ ვუკიდებ სიგარეტს, სიმშვიდე ისევ ბედნიერებაში მერევა. ჭაღს ვაკვირდები, შეუმჩნევლად ქანაობს, ბროლის ბურთები ის ისაა უნდა შეეჯახონ ერთმანეთს, რომ ჩერდებიან. მეღიმება, უეცრად თავს დამტყდარი ბედნიერების შეგრძნება ისე მახარებს, რომ ისევ რაღაც მელოდიის ღიღინს ვიწყებ, არაფერი მაწუხებს, ცხოვრებაში პირველად ყველა დაუსრულებელი წინადადების ბოლოს დიდი წერტილი მაქვს დასმული. კითხვის ნიშნების, მრავალწერტილის, ძახილის ნიშნების გარეშე ვცხოვრობ. ყველა თავი დასრულებული მაქვს და ყველა კვანძი გახსნილი, მგონია, რომ აღარ ვარსებობ, დიდი ასოებით დაწერილი „დასასრულის“ შემდეგ არსებულ სიცარიელეში გავუჩინარდი.

პირველი კონვერტის გახსნას ვიწყებ, თან სიგარეტი მაგრად მიჭირავს ტუჩებით და თვალებს ვჭუტავ კვამლისგან დასაცავად. წერილის პირველ აბზაცს ვკითხულობ „ ქალბატონო თინათინ, მოხარული ვართ გაცნობოთ…“ აქ ვჩერდები – „ვერაფერი მიპოვნეს“ – ვამბობ აგდებული ტონით და დაუფიქრებლად გადავდივარ შემდეგზე.

რამდენიმე წუთში ჩემი ურნა სავსეა კონვერტებითა და დაკუჭული ფურცლებით, აშკარა ცინიზმით ვუყურებ ტექსტთა კრებულს ჩემ შეუმდგარ დიაგნოზზე, და უკანასკნელ წერილს ვხსნი, კონვერტის სისქე მახარებს, არაფერზე ამდენს არ დაწერდნენ მეთქი ვფიქრობ და ტექსტის წაკითხვამდე, ფურცლის თავში განთავსებულ კლინიკის ლოგოს პატივისცემით ვუყურებ.

მთხოვენ დანართს გავეცნო.

საინტერესოა – ვბურდღუნებ და დასკვნის კითხვას ვიწყებ, დიაგნოზის გრაფისკენ გამირბის თვალი და წაკითხვამდე იმედგაცრუება მიპყრობს, სულ ორი სიტყვა წერია, ვაკვირდები და მეღიმება, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ჩემი სახელი და გვარი.

–საკუთარი თავით ვარ ავად. – აშკარა კმაყოფილებით ვახმოვანებ დიაგნოზს, მეცინება და ვიმეორებ – საკუთარი თავით ვარ ავად… არა, მოიცა, ეს როგორ? საკუთარი თავით ავად ვერ ვიქნები, თუ დიაგნოზი ვარ, ე.ი. ავად კი არ ვარ ავადმყოფობა ვარ. რა სიგიჟეა – ვხარხარებ ნერვიულად და კმაყოფილებისგან მაცახცახებს. გარედან ქარის ხმა შემოდის, და ბროლის ბურთები ნიშნის მოგებით ეხეთქებიან ერთმანეთს, წკრიალის ხმა მაფხიზლებს და ის ისაა ლანძღვა უნდა დავიწყო, რომ საკუთარი სიმშვიდე მახსენდება. ვცხრები, სახე ისევ უმეტყველო მიხდება და ისევ სიგარეტის ქაჩვას ვიწყებ.

უკანასკნელ წერილსაც ვკუჭავ და სანაგვეზე ვისვრი, გავერთე და მორჩა, ეს წერილი საკუთარ თავს თავად გავუგზავნე.

ცხოვრება მოვიბეზრე, მოვიყირჭე ყველაფერი აღტაცებიდან დაწყებული სასოწარკვეთით დამთავრებული.

სათამაშო მჭირდება, სათამაშო, რომელიც ჩემ წარსულში კახპად წოდებულ მუზას ჩაანაცვლებს.

დროს ვკლავ, ვახრჩობ, იბრძვის, ცახცახებს, იკრუნჩხება, მე კი აუღელვებლად განვაგრძობ მისი მკლველობის აქტს. უკვე ათობით წუთია ჩემ სინდისზე. ნაფიცი მსაჯულები ამრეზით მიყურებენ და მზად არიან თუნდაც ახლავე გამომიტანონ გამამტყუნებელი განაჩენი, მოსამართლეს კი ჩემი სიკვდილით დასჯის რეკომენდაცია მისცენ.

კისერიც უტეხიათ, იქნებ იმ დასასრულის შემდეგ სიცოცხლე სიკვდილმისჯილთა პატარა კამერაში ვპოვო. ჰო, ბოლო თავის უკანასკნელ სიტყვასთან წერტილი, რომ დავსვი, ამაყად გამოვჭიმე შემდეგ „დასასრული“ და დარჩენილი ფურცლის სიცარიელეში, რომ გავუჩინარდი მკითხველისთვის მაშინ დამთავრდა ჩემი ისტორია, ვინ წარმოიდგენდა ამის შემდეგ საათების მკვლელობაში, რომ დამდებდნენ ბრალს, დამამძიმებელ გარემოებებსაც, რომ გამომიჩიჩქნიდნენ და სიკვდილს, რომ მომისჯიდნენ.

ჭირსაც წაუღია განაჩენი, კოცონზე დაწვას მაინც ვერ ვეღირსები, ჰოდა, ხარაკირის იდეას ვამუშავებ, ვტკბები საკუთარი თავის წარმოდგენით, თეთრებში ჩაცმული, რომ ვზივარ ლოტოსის პოზაში და მუცლის არეში თეთრი კაბის წითლად შესაღებად, რომ ვემზადები, საკუთარი სიკვდილით ხელოვნება, რომ უნდა შევქმნა და ჩემი დიდი ხნის წინ დავიწყებული კახპა სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნით აყროლებული, რომ მისისინებს „მიდი, მიდი!“

რას ვამბობდი? იმას ვამბობდი ბედნიერი ვარ მეთქი, ბედნიერი კი არა უემოციო, სიმშვიდე, რომ ბედნიერებაში მერევა ისეთი.

ყურზე წითელი ტუჩის საცხის კვალი მიხურს, ჩემი კახპის ალისფერი ტუჩების ანაბეჭდი მემჩნევა.

მიმიფურთხებია? მიმიფურთხებია და მერე როგორ.

თინათინ


„თინათინ“ – წაიჩურჩულა და გულიანად გაეღიმა, იფიქრებდი ელოდება როდის უპასუხებსო, სიგარეტი მოქაჩა და გაიმეორა „თინათინ!“ – ტონი უფრო მომთხოვნი გაუხდა, თითქოს გამოღვიძებას ცდილობდა. ახლა უკვე ხმით გაეცინა და სავარძელზე გემრიელად მოკალათდა.

„თინათინ, იდგებოდი ახლა კარებთან ფოსტალიონის მოლოდინში. მისი ყოველი გამოჩენისას გარეთ გავარდებოდი და კითხავდი „ჩემთვის არაფერია?“ უარის ნიშნად თავს გააქნევდა, შემდეგ კი გულითადი მეგობარივით გეტყოდა „იქნება თინათინ, აუცილებლად იქნება“-ო. შენც მოხუცი ფოსტალიონის სიტყვებით დაიმედებული შებრუნდებოდი სახლში და ჩაის დაისხამდი მოჩუქურთმებულ ჭიქაში. შემდეგ საწერ მაგიდას მიუჯდებოდი და კიდევ ერთი წერილის წერას დაიწყებდი. დიდ ხანს იფიქრებდი შესავალზე, ათასჯერ მაინც გადაშლიდი ერთი და იგივე წინადადებას, ბოლოს მოაბამდი თავს დასაწყისს და დაწერდი. „საკუთარი სახელის ვნებიან სიყვარულში გამოვიჭირე თავი, ასე მგონია მე რომ მიხდება ისე არავის მოუხდება მეთქი, ვზივარ ახლა გიჟივით სავარძელზე და საკუთარ თავს ვუმეორებ „თინათინ, თინათინ, თინათინ….“ სახლში ჯდომა არ უხდება ჩემ ფრიად პრეტენზიულ განწყობას, იფეთქებს ხოლმე და შემდეგ ყელი მტკივაო წუწუნებს, ავად ვარო იჩემებს და მიმეორებს ნამდვილად დავიხოცებითო. იქამდე არ ჩერდება სანამ ამის დაჯერებას არ დავიწყებ, შიში, რომ შემეპარება ხოლმე მეცინება ყველაფერზე რასაც გადამეტებულ ყურადღებას ვანიჭებდი.

ჩემთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა დასასრულზე გადის, მთავარია აღფრთოვანება მეჩქარებოდეს, ჩვეულებრივ დღეებში კი ვგრძნობ, რომ თავბრუდამხვევი ბედნიერების მოსაპოვებლად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დრო მაქვს, ჰოდა რაღას ვიჩქარო?!

ოჰ, როგორ ვერ ვიტან კითხვას რა არის ბედნიერება? თქვენ ალბათ პირიქით ხომ? რატომღაც მგონია, რომ თქვენში აღმოჩენილი სრულყოფილება სხვა ადამიანების საუკეთესო თვისებების მსგავსებაზე გადის. უაზროდ ვპრანჭავ წინადადებებს, სინამდვილეში კი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენ თქვენი დახვეწილი ნორმალურობის ხარჯზე იზიდავთ ყველას. რა არის მეთქი ბედნიერება? ბავშვობაში ბედნიერება მუსიკალური ზარდახშა იყო, რომელშიც ბალერინა ცეკვავდა და რომელიც არასოდეს მქონია. დღეს გამახსენდა და ისე მომინდა თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვიყო. მაშინვე გავიფიქრე საკუთარ თავს ვუყიდი და გავახარებ მეთქი, მაგრამ მგონია, რომ მისი მაგიური დატვირთვისთვის აუცილებელია ის საჩუქრად მივიღო. სულელურად ჟღერს ხომ? კი ნამდვილად ასეა, ამიტომაცაა, რომ ვზივარ და ვიმეორებ „თინათინ! თინათინ! თინათინ…“

წინა წერილში ჩემ ახალ გატაცებაზე გწერდით, არაფრით გგავთ და ამით მომნუსხა მეთქი, დღეს დავიჩემე, რომ ზედმეტად ფემინურია, ქალური კი არა, ფემინური! ძვირფასი კახპასავით გამომწვევი და მაცდური, ღამეს, რომ გაატარებ და ამრეზით, რომ დატოვებ საწოლში, მოსაღამოვებისას კი ისევ მასთან რომ გაექანები ისეთი. ჰოდა, სანამ მოსაღამოვდება გეტყვით, რომ შემზიზღდა.“

მორჩებოდი წერილის წერას და სასწრაფოდ დალუქავდი კონვერტს. მეზობელი გესტუმრებოდა დის შვილთან ერთად, გოგონას შენ ოთახში შეიპატიჟებდი და გამოკითხავდი „უცხოეთის“ ამბებს, გამომწვევი ღიმილით გეტყოდა შენ „ადრესატს“ გადავეყარე ქუჩაში ახალგაზრდა ქალბატონთან ერთადო, დაამატებდა ბედნიერები ჩანდნენო და მოჩუქურთმებულ ჭიქას მიიტანდა ტუჩის წვერთან.

ჰო, ყველაფერი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ასეთი მარტივი, რომ არ გაეხადათ.“

გაჩუმდა, წამოიზლაზნა სავარძლიდან, მაგიდასთან მივიდა, Facebook-ის ფანჯარა გაშალა და Sent messages კიდევ ერთხელ გადაიკითხა, შემდეგ search-ში სახელის პირველი რამდენიმე ასო ჩაწერა.

Image