ბიძგი


“ნამდვილად გაგიჟდა!” – უკვე მეათასედ გავიფიქრე და ბოლთის ცემა დავიწყე. “კუბოს კარამდე მეგობრობის არ მჯერა.” – სიტყვით გამოსვლას გავდა ჩემი მონოლოგი, ხმამაღლა ვფიქრობდი იმით გათამამებული სახლში მაინც მარტო ვარ მეთქი – “საჭირო მომენტში ისე გამყიდიან ცხვარივით ერთ წუთსაც არ დაფიქრდებიან. და მე? მეც ასე მოვიქცევი? თუ ჩემი მაღალი მორალური პრნციპები არ მომცემს ამის საშუალებას? არა, რა თქმა უნდა არა! ბოლოს როდის გავყიდე საკუთარი თავი? არც კი მახსოვს, ეს ალბათ იმის ბრალია შეზარხოშებული, ინერციით, დაუფიქრებლად რომ ვისვრი ხოლმე სიტყვებს…

გაგიჟდა! არა, კი არ გაგიჟდა ამაზრზენი გახდა, მიუღებელი, გულის ამრევი, უპრინციპო, ისეთი გვერდის ავლისას შეხედვის ღირსადაც რომ არ ჩავთვლიდი მის ფეხქვეშ გათელვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ან იქნებ ისევ ვამუქებ ფერებს? ვაზვიადებ, გონება მაქვს დაბნელებული და დაუფიქრებლად ვროშავ ათას სისულელეს. ნორმალური როდისღა იყო მისი სიგიჟის შეცხადება ახლა რომ დავიწყე? ჰო, ბოლო პერიოდში ძველებურზე მეტად აურია, მაგრამ რა გასაკვირია?! არც მე ვარ საღად აზროვნების ნიმუში.”

გავჩუმდი, დივანზე მივწექი, თვალებზე ხელი გადავიფარე და მეძინება მეთქი დაჟინებით დავიწყე თავის დარწმუნება.

კანკალმა ამიტანა, ვერაფრით გამეგო რა უფრო მაბრაზებდა საკუთარი დაუდევრობა, მოსალოდნელი ღალატი თუ ის, რომ უსაფუძვლოდ ვცხებდი ჩირქს ჯერ კიდევ უდანაშაულო ადამიანს. “უდანაშაულო!” – გამოვცერი კბილებში – “ჰაჰ!…. უდანაშაულო!”

ისევ გავჩუმდი, დაღლილობა ვიგრძენი, თავში ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვები მიტრიალებდა, გაუმართავი წინადადებები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, ჩამოუყალიბებელი აზრები, იდეები, რომლებისგანაც გამთენიისას აღარაფერი დარჩებოდა.

დასაძინებლად მოვემზადე, მუხლები ცხვირთან მივიტანე, საბანი გადავიფარე და თვალები მაგრად დავხუჭე. გონებაში ქარბორბალა ამოვარდა,  უყურადღებოდ დატოვებული იდეები ჰაერში აიტაცა და მათი წრეზე ტრიალი დაიწყო, წამოდგომა დავაპირე, დამენანა მათი განუხილველად სანაგვეზე გაშვება. კუნთები მოდუნებული მქონდა, მციოდა და წამოდგომა სიკვდილის ტოლფასი მეგონა. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დავმორჩილდი გადაღლის შეგრძნებას და სინდისის დასამშვიდებლად საკუთარ თავს დავპირდი ხვალ ყველაფერი მემახსოვრება მეთქი.

„დანაშაული“ – ისევ გამიელვა თავში – „ან კი რა არის დანაშაული? მიუღებელი ქმედება, რომლისკენაც ერთმანეთს ვუბიძგებთ, გაუცნობიერებლად ვწირავთ იმისთვის, რომ შემდეგ ბრალი დავდოთ, მაღალფარდოვანი სიტყვებით, თეატრალური დადგმით მოვნუსხოთ მსაჯულები, ვაიძულოთ სასჯელის უმაღლეს ზომაზე დაფიქრდნენ. ერთმანეთის დაღუპვა ხომ გამჯდარი გვაქვს, ოდითგანვე მოგვდგამს. როგორ მოვედით აქამდე? ჯერ იყო და ადამმა მარტოსულად იგრძნო თავი, ჰოდა, ლილიტიც, მისი პირველი ცოლი დაუყოვნებლივ მოევლინა ქვეყანას. ნუთუ თავიდანვე დემონად, გამყიდველად, თავაშვებულ არსებად იყო ჩაფიქრებული?! ამიტომ გვიყვებიან ტალახისგან და ნარჩენებისგან შეიქმნა სუფთა მიწის ნაცვლადო?

რა სტანჯავდა ადამს? თანასწორობის იდეა იმდენად ვერ აიტანა, რომ უნებურად უბიძგა ლილიტს გაქცევისკენ, უბიძგა და შემდეგ მოღალატედ შერაცხა, საკუთარი უპირატესობა, პირველობა ვერ დათმო და ახალი მეწყვილე ისურვა, ნაკლები პრეტენზიით. არც პირველ ევაზე მიუვიდა გული, ამრეზით უყურებდა მისი შექმნის პროცესს და ახლოსაც არ მიეკარა. მესამე მცდელობა კი წარმატებულად სცნო, მიიღო ევა, დაიკმაყოფილა პირველობის ჟინი. რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა და სამუდამო წყევლად იქცა მისი სიბრმავე, დაუდევარი საქციელი, პირველობისკენ სწრაფვა და ხელები ისევ ევას შეაწმინდა.

ოდითგანვე ვუბიძგებდით ერთმანეთს ქმედებისკენ, რომლის გამოც შემდეგ თავადვე ვაგებინებდით პასუხს. კაცობრიობის პირველი ისტორიაც ხომ ამაზეა აგებული, ადამი ღალატისკენ უბიძგებს ლილიტს, შემდეგ კი ევა უბიძგებს ადამს.

ან იქნებ ისევ ვამუქებ ფერებს.

იქნებ ლილიტს თავისუფლება სურდა, წითელ ზღვაზე თავაშვებული ცხოვრება ხიბლავდა. ევა უბრალოდ შეცდა, ადამს კი ევა უბრალოდ უყვარდა.“ – გავიფიქრე და ჩამეძინა.

დილით იდეების განყოფილება მტვრით იყო სავსე, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ მოვატყუე როცა შევპირდი ყველაფერი მემახსოვრება მეთქი.

Advertisements

10 thoughts on “ბიძგი

  1. დილით იდეების განყოფილება მტვრით იყო სავსე, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ მოვატყუე როცა შევპირდი ყველაფერი მემახსოვრება მეთქი.<<აუ, სულ ასე მჭირს.
    სხვათაშორის, წუხელ დავასრულე ამ ქალზე წერა. სულ სხვა კუთხით, ბლოგისთვისაც არა, მაგრამ სასიამოვნო დამთხვევაა აქაც რომ დამხვდა..

    Like

    1. სხვათაშორის მეც ზუსტად გუშინ ვწერდი ლილიტზე არა ბლოგისთვის. შემდეგ პოსტშიც აღმოჩნდა, ოღონდ სხვანაირად (ამ კუთხით იქ არ განმიხილავს). უცნაურია…

      Like

      1. რაღაც უხილავი კავშირია ბლოგებს შორის. 🙂 ის გამახსენდა, სტოკჰოლმის სინდრომზეც რომ დაწერე, იმ დღეებში მეც მასე ვწერდი და ახლაც დრაფტშია :ევილ:

        ლილიტს რაც შეეხება, ტატუს გაკეთება მინდოდა ერთი პერიოდი: ერთ ხელზე სელენა, მეორეზე – ლილიტი.. მერე გადავიფიქრე..

        Like

        1. საინტერესოა, ხომ ვამბობდი შენ ბლოგზე რასაც ვკითხულობ ყველაფერი ძალიან ნაცნობია მეთქი 🙂 მოკლედ ერთი და იგივე თემები გვაქვს ვინ პირველი დაწერს პრინციპით? 😀
          ტატუს გაკეთებას რაც შეეხება ეგ იდეა მეც მქონდა (მაქვს) ოღონდ ლილიტზე არ მიფიქრია, უფრო მომცრო ზომის რამ მინდოდა, თუმცა ვერ დავაყენე საშველი. გადაწყვეტილებებს ან ძალიან სწრაფად ვიღებ ან ძალიან ბევრს ვფიქრობ და ბოლოს საერთოდ არაფერს ვწყვეტ.

          Like

  2. დაახლოებით 🙂
    ჩემი ვარიანტიც პატარა ზომისაა, მაჯაზე, სადაც ფეთქავს იმ ადგილისკენ.
    http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/archive/0/0d/20100414144658!Lilith_symbol.svg
    აი, ასეთი. და მეორე მაჯაზე შემტრიალებული და თეთრი ფერის.
    ან ერთი ესეთი: http://tribes.tribe.net/darkmoongoddesslilith/photos/bf32ae4a-bcc0-450a-b25e-727e95f6b432
    შენ რა ვარიანტი გაქვს?

    Like

    1. აუ ძალიან მომეწონა ^ ^ იცი რა არის სიმბოლოებთან ცოტა ვფრთხილობ ხოლმე, მგონია, რომ დიდი დატვირთვა აქვს და მოკლედ ჩამოყალიბება მიჭირს.
      მე კისერზე მინდა, მეტი ვარიანტი არ განიხილება, არც ძალიან გამოსაჩენი იქნება და რა თქმა უნდა მომცრო ზომის უნდა იყოს. რუნებზე ვფიქრობდი http://tatuaze.us/upload/foto/0/12300750900_0.jpg
      პენტაგრამაც განიხილებოდა.
      აგვისტოში ფეხის გულზე ორი ერთიანიც მინდოდა, მოკლედ ჩამოუყალიბებელი ვარ.

      Like

  3. „იქნებ ლილიტს თავისუფლება სურდა, წითელ ზღვაზე თავაშვებული ცხოვრება ხიბლავდა. ევა უბრალოდ შეცდა, ადამს კი ევა უბრალოდ უყვარდა.“ – ყველაზე მეტად მომეწონა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s