დაუსრულებელი


„საკუთარ თავზე გულწრფელ საუბარს საკუთარი თავის შეურაცხყოფად მოიაზრებ?“ – ვიკითხე უაზროდ, პასუხი არ მაინტერესებდა, უბრალოდ ფიქრები გავახმოვანე.

„გააჩნია“ – მიპასუხა ინტერესის გარეშე, ინერციით.

„რას?“ – მაინც გადავწყვიტე მომესმინა მისი აზრი.

„რას გულისხმობ საკუთარ თავზე გულწრფელ საუბარში და რას მიიჩნევ შეურაცხყოფად. ზოგადად კი ვერ ვხედავ გულახდილობის საჭიროებას, ყველაფრისთვის ფარდის ახდა დადებითი შედეგის მომტანი არასოდესაა.“

„საკუთარ თავს ბოლომდე იცნობ?“ – წამოვროშე და მაშინვე ვინანე.

„არ გინდა ეს დაუმთავრებელი ბაასი საკუთარი თავის ბოლომდე ვერ შეცნობის შესახებ. მეზიზღება ეს გადაპრანჭული და ძალიან ფილოსოფიური საუბრები ვითომ მნიშვნელოვან თემებზე, ჭკვიანი ფიზიონომიით, საბოლოოდ არაფრამდე რომ მიდიან და ყველაფერზე კვერს რომ უკრავენ ერთმანეთს სანამ ათასი გრძელი სიტყვით გამოტენილი დასკვნის გაჟღერებას გადაწყვეტენ. რა ვიცი მე ვიცნობ თუ არა საკუთარ თავს ბოლომდე, არ ვიცი და არც მაინტერესებს, მთავარია, რომ ჩვენი თანაცხოვრება უღრუბლოა და უშრეტი სიყვარულით მიყვარს, მესაკუთრეობრივი, ეგოისტური სიყვარულით და მისი დაფარული შტრიხები დისკომფორტს არასოდეს მიქმნის, ყველა კონფლიქტი სწარაფად გვარდება და ეს არასოდეს ხდება დაშორების ან დამშვიდობების მიზეზი.“

გამეღიმა, გამიხარდა, რომ არ აყვა ჩემ აზრს მოკლებულ საუბარს ან აყვა, უბრალოდ საინტერესოდ.

„რამდენჯერ შეიძლება დაემშვიდობო ერთი და იგივე ადამიანს?“ – ახალი თემა წამოვჭერი.

„უკეთესი მომავლის და მოკლე დროში შეხვედრის იმედით?“ – გაეცინა.

„არა არასოდეს ნახვისა და შემთხვევითი შეხვედრის შემთხვევაში ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადასვლის იმედით გამარჯობის თქმისგან თავის არიდების მიზნით.“

„ეგ უაზრო დამშვიდობებაა, უზრდელობის ნიშნებით, თავის მოტყუებაზე აგებული.“

დავასრულეთ საუბარი და ისევ საწინააღმდეგო მიმართულებით დავიწყეთ ყურება. რამდენიმე წუთში მისი არსებობაც დამავიწყდა, ისევ ფიქრებში ჩაფლობა გადავწყვიტე, სადაც გაცეცხლებული პოლემიკა იყო უჩემოდ გამართული იმის შესახებ თუ რამდენჯერ შეიძლება დადგეს ერთი და იგივე დასასრული. დასასული თავის თავში მოიაზრებს ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას, სხვა შემთხვევაში ამას დროებითი შესვენება ან რაღაც ამდაგვარი ქვია, ვფიქრობდი მე.

„დაუსრულებლობის სენით ვარ ავად“ მეთქი დავასკვენი და გამეცინა, ყველა თვისებას ავადმყოფობის იარლიყს ვაკერებ ბოლო პერიოდში. შედეგად კი იმდენი უკურნებელი სენის დიაგნოზი დავუსვი საკუთარ თავს, უდავოდ ევთანაზიაზე ვედრება უნდა დავიწყო.

„რომელი უფრო დიდი ცოდვაა მკვლელობა მსხვერპლის სურვილის წინააღმდეგ თუ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით?“ ახალი კითხვა გავაჟღერე.

ისიც ფირქებში იყო წასული და უმეტყველო თვალებით გამომხედა, რამდენიმე წამში გაანალიზა რა ვკითხე და ის ის იყო პასუხი უნდა გაეცა, რომ დავამატე:

„ვიცი სისხლის სამართლის კოდექსით მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა, თუმცა ცოდვის თვალსაზრისით რომელი გადაწონის? თუ ჩვეულებრივი მკვლელობის შემთხვევაში მხოლოდ ამ ქმედებისთვის გასამრთლდები, მსხვერპლის დაჟინებული მოთხოვნით მას თვითმკვლელობაშიც შეუწყობ ხელს, ანუ იქნები მკვლელი და თვითმკვლელობაში თანამონაწილე.“

არაფერი მიპასუხა.

მეც აღარაფერი მითქვამს. სინამდვილეში კითხვებს უმიზეზოდ ვსვამდი, პასუხის მოსმენის სურვილი არ მქონდა.

დავემშვიდობეთ ერთმანეთს, გადავწყვიტე ფეხით გამევლო და ცოტა ხანს კიდევ მეფიქრა, იქნებ შემთხვევით მაინც წავწყდომოდი რამე ღირებულს.

 სიგარეტს ძლიერი ქარის მიუხედავად მაინც ქონდა გემო და კვამლიც წამის მეათასედში, გაფანტვამდე ისეთი ხილვადი იყო უნებურად შვებას, რომ მოგგვრიდა. უკვე მერადმენედ განვიცდიდი ერთი და იგივე დასასრულს, არა კი არ განვიცდიდი უფრო ვაანალიზებდი, განცდა ყოველ ჯერზე განსხვავებული იყო, გამარჯვებულისთვის შესაფერისი ზარ–ზეიმიდან დაწყებული, დარდის ალკოჰოლში ჩაკვლის მცდელობით დამთავრებული. განსხვავებული დასასრულების მიუხედავად უცვლელი იყო შეგრძნება დაუსრულებლობის შესახებ, რომელსაც ზოგჯერ, განსაკუთრებული გამბედავობის ჟამს იმედსაც კი ვეძახდი და საკუთარი უსუსურობის აღმოჩენისას სირცხვილით ვწითლდებოდი ხოლმე. რა განსხვავება იყო ზარ–ზეიმსა და დარდის ალკოჰოლში ჩაკვლას შორის დღემდე არ მესმის, ორივე შემთხვევაში უგონობამდე მისული საბანს თავზე ვიფარებდი და სურვილის საწინააღმდეგოდ ვითიშებოდი ხოლმე იმ მომენტამდე სანამ წყურვილის შეგრძნება გამაღვიძებდა.

ან რა იყო გამარჯვება? არაფერი, უაზრო თავის მოტყუება, რევანშის აღების თანდაყოლილი ჟინის მისაწიხლად.

Advertisements

11 thoughts on “დაუსრულებელი

  1. რაღაცის დასრულებას ყველა შემთხვევაში დიდი გამბედაობა სჭირდება. ვეთანხმები იმას, რომ ერთი და იგივე ადამიანს რამდენჯერმე ვერ დაემშვიდოებები და თუ მაინც ასე მოხდა, მაშინ თავის მოტყუება ყოფილა.
    მე არასდროს მეყოფა გამბედაობა დავასრულო რაღაც ან ვიღაც.თუმცა იყო ერთი ასეთი შემთხვევა 3-4 წლის წინ, მაგრამ გახსენებად არ ღირს, იმიტომ რომ დასრულება ორივეს უნდოდა.

    Like

    1. ალბათ განსხვავდება ობიექტური დასრულება და სუბიექტური. ობიექტურად შესაძლოა ნებისმიერი რამ დასრულდეს, სუბიექტურად (ანუ თავად შენ) რამდენად გაქვს დასრულებული ეს სხვა საკითხია.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s