მიზეზების გარეშე


შემოდგომის ნაცრისფერი დილა იყო, ნაწვიმარ, სველ ხის იატაკზე ვიწექი, წვიმის წვეთების სახეზე დაიხლართებოდნენ, თვალები დახუჭული მქონდა და ღრმად ვსუნთქავდი. ყოველი ამოსუნთქვისას ყელზე ბასრ, ახლად გაპრიალებულ დანის წვერს ვგრძნობდი, მალე გახშირებული სუნთქვისგან ყელზე თბილი ღვარი ვიგრძენი, პანიკამ შემიპყრო და გამეღვიძა.

ემოციების დაცხრობას დაველოდე, საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე და გადავწყვიტე, რომ დღემდე არსებული ყველა ტრადიციისთვის წერტილი უნდა დამესვა.

ფანჯარა გამოვაღე, ოთახში დამწვარი ფოთლების სუნი შემოვიდა, საბანში გავეხვიე და ღრმა ძილში წასულ „გამომძიებელს“ მივკარი თითი. შეიშმუშნა, რამდენიმე წამში ცალი თვალი გაახილა და უკმაყოფილოდ დაიწყო გამოფხიზლება.

თეორიები მჭირდება მეთქი ვუთხარი მხიარული ხმით და ჭერზე დიდი ხნის წინ მიკრულ ვარსკვლავებს დავუწყე თვალიერება.

წამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა, საფერფლე მივაწოდე და ვთხოვე ჩემთვის შეცდომები შეეხსენებინა.

„ის რაც შენ შეგიძლია, შეუძლია სხვასაც.“ – მითხრა დაუფიქრებლად. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და დაბნეული მზერა ვესროლე.

„ვიცი გონებაში უკვე საბრალდებო დასკვნა დასრულებული გაქვს, გასუსული, ჩასაფრებული ელოდები როდის დაუშვებს შეცდომას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნდე საკუთარი ეჭვების სისწორეში. ელოდები და ისეთ ტკბობაში ხარ მთავარი გავიწყდება, თუ შენ შეძელი მისი გამოაშკარავება, იგივეს შეძლებს ისიც. იმაში სდებ ბრალს, რაც თავადაც გააკეთე, შენ კი კარგად იცი, რომ ჭკუით არ ჩამოგივარდება, არც შესაძლებლობებით, ჰოდა, მთავარი მომენტი გამოგრჩა, თუ შენ შეძლებ მისი ბრალის დამტკიცებას იგივეს გააკეთებს ისიც.“

გავჩუმდი, მივხვდი საითაც მიდიოდა ჩვენი საუბარი, ღრმად სუნთქვა დავიწყე, ვხვდებოდი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი კატასტროფის მასშტაბებს, დაჟინებით ვებრძოდი პანიკას და რამდენიმე წუთის წინ შუა გზაზე გაწყვეტილი სიზმარი გამახსენდა.

თავის დასამშვიდებელი არგუმენტი მომენტალურად ვიპოვნე და კმაყოფილი ხმით გავაჟღერე: „ჰო, მაგრამ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყო ეჭვი უნდა გაგიჩნდეს, ამ კუთხით კი ნამდვილად უკონკურენტო ვარ, შეუძლებელია მასაც ისეთ დონეზე ქონდეს განვითარებული პარანოია, როგორც მე. შესაბამისად ის არასოდეს გამოიყენებს შესაძლებლობებს, რომლებიც აქვს, ვინაიდან არასოდეს შეიტანს ჩემში ეჭვს.“

„აქაც ცდები“ – მიპასუხა თვითკმაყოფილმა – „ეჭვი დიდი ხნის წინ გაუჩნდა და შენ ეს იცი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი გაღვიძება გადაწყვიტე. ყველაზე დიდი შეცდომა, რომლის დაშვებაც შეგიძლია არის ის, რომ არასათანადოდ შეაფასო მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, ეს სასიკვდილო განაჩენია და მიუხედავად ამ წესის ლამის ზეპირად ცოდნისა შენ უკვე მერამდენედ დაუშვი ეს შეცდომა. მითხარი რატომ გადაწყვიტე შენიღბვა ორი თვის წინ თუ ზუსტად იცოდი შენი სახის დანახვას ვერასოდეს შეძლებდა?“

ტუჩზე ვიკბინე, ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, ყელზე ისევ თბილი ნიაღვარი ვიგრძენი, ისევ გაუმაძღრად დავიწყე ჰაერის ფილმტვებში ჩაშვება, გაღვიძება ვცადე, მაგრამ გამახსენდა, რომ კოშმარი ახლახანს უკვე დამთავრდა.

პანიკა სასიამოვნო ჟრუანტელმა შეცვალა, „დავიღუპე“ ჩავილაპარაკე ჩემთვის, ბავშვობიდან კატასტროფის გაანალიზება აუხსნელ სიამოვნებას მანიჭებდა ხოლმე.

„მოტივი“ – ვთქვი სახეზე გაჩენილი გამარჯვებულის ღიმილით – „მოტივია მთავარი. ეს კი ყველა შემთხვევაში ჩემთვის სასიკეთოდ წყვეტს სიტუაციას.“

„ჰო, მაგრამ შენ მტკიცებულებები არ გაქვს და ჯერ კიდევ ელოდები მის მახეში გაბმას, მაშინ როდესაც თავად უკვე დიდი ხნის წინ გაები მის დაგებულ ხაფანგში და თუ ის ამას გათვლის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ვერაფრის დამტკიცებას შეძლებ“ – წამისისინა და ტრიუმფისთვის მოემზადა.

ისევ ავის მომასწავებლად დაიწყეს შიშის ზარებმა რეკვა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემ მიერ დაგებული ხაფანგი უკვე საკმარისზე დიდი დროის განმავლობაში ელოდა ნანატრ სტუმარს, რომელიც არა და არ ჩანდა.

„გაიმარჯვე!“ – მეთქი გამოვცერი კბილებიდან.

აღარაფერი უთქვამს, რამდენიმე წამში უკვე მშვიდად ეძინა.

დამარცხებას არასოდეს ვაღიარებ, მაშინაც კი როდესაც ყველაფერი ცხადია, ყველა საშუალება გამოყენებული და რამის შეცვლა თეორიულადაც კი შეუძლებელია. ჟინი, მთელი ცხოვრება აუხსნელი ჟინით ვიტანჯები, მიყვარს როდესაც ჩემი ცხოვრება ემოციებს აფრქვევს, გამარჯვებისა და დამარცხების ჟინი მკლავს, იქაც კი ვიბრძვი სადაც ამის საჭიროება არ არსებობს, ინტრიგებს ვხლართავ, სიტუაციას ვთვლი და ზოგჯერ სრულიად მიზანმიმართულად ვუშვებ შეცდომებს, დაღუპვის პირას ყოფნა კმაყოფილების ენით აღუწერელ განცდას მანიჭებს. თითოეულ მოვლენას ვაზვიადებ, მნიშვნელობებით ვტვირთავ, ეს სასიცოცხლო აუცილებლობად ვაქციე.

ბანალური, ათასჯერ ნაცხოვრები სიტუაციების ფობიით ვიტანჯები, ამიტომაცაა, რომ ბრალდებულად და პროკურორად რომ ვიყოფი, ეჭვმიტანილად და გამომძიებლად, თავი ყოველთვის ტრიბუნაზე მგონია, მაშინაც კი როდესაც უბრალო, ყოველდღიურ თემებზე ვსაუბრობ.

აკვიატებები ჩვევაში გადამდის, ადამიანებს კი სრულიად უმიზეზოდ ვიკვიატებ, მათგან ახალ სახეს ვძერწავ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვებრძვი, იქამდე სანამ არ მივხვდები, რომ ზედმეტი მომივიდა, შემდეგ საკუთარ უდანაშაულობას საკუთარ თავსვე ვუმტკიცებ, რადგან არასოდეს, არავინ ირჯება საიმისოდ, რომ უკვე საზოგადოდ ცნობილ, ჩემ მიერ „დანაშაულად“ შერაცხულ ქმედებაში დამდოს ბრალი. არადა თავის მართლებაში შეუდარებელი ვარ.

დღეს კი ტრადიციებს მოვუღე ბოლო, ამიტომ ჩემი შემდეგი ნაბიჯი უჩვეულო იქნება, გულახდილად ვაღიარებ იმას, რომ დამარცხება გადამეტებული ნათქვამია, რომ საკუთარ შეცდომებს მახე მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ მორიგი აკვიატება საინტერესო მოწინააღმდეგედ შემერაცხა.

თავისუფლებით განცდილი ბედნიერება ოთახის ყველა კუნჭულში იმალება. მეც კმაყოფილი ვზივარ სავარძელში, მსიამოვნებს ფანჯრიდან შემოსული სუსხი, კვამლში არეული სურნელით ახალი დღის გათენებას, რომ მამცნობს, სიგარეტის ახალთახალ ღერს ვათამაშებ ხელში, საკუთარ თავს გულახდილობის უფლებას ვაძლევ და ყველა წინადადებას ვამთავრებ ფრაზით „მერე რა?!“

გიფიქრია, რომ ბედნიერება ყველაზე გემრიელი მაშინაა, როდესაც მიზეზი არ აქვს? აი ასეთ, უბრალო, არსაიდან მოსულ ბედნიერებას განვიცდი, თავისუფლებაში, რომ ირევა ისეთს.

Advertisements

9 thoughts on “მიზეზების გარეშე

  1. ყველაზე გემრიელი “უმიზეზო” ბედნიერებაა, მაგრამ ამ უმიზეზოს, თუ კარგად დააკვირდები, ერთი, მაგრამ ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა ჰქონდეს…

    Like

  2. თავისუფლება ყველაზე დიდი ბედნიერებაა და მოლის ვეთანხმები–მიზეზი ყველაფერს აქვს.
    როგორც ყოველთვის,საინტერესო პოსტია :*

    Like

      1. ვაჰ, ფინიკის სხვა სიკეთესთან ერთად თავის მოტყუებაც სცოდნია 🙂

        ”მიზანმიმართულად ვუშვებ შეცდომებს, დაღუპვის პირას ყოფნა კმაყოფილების ენით აღუწერელ განცდას მანიჭებს”,-ეს მაზოხისტური თვისება მომწონს

        Like

  3. „გიფიქრია, რომ ბედნიერება ყველაზე გემრიელი მაშინაა, როდესაც მიზეზი არ აქვს? აი ასეთ, უბრალო, არსაიდან მოსულ ბედნიერებას განვიცდი, თავისუფლებაში, რომ ირევა ისეთს.“ – არ მიფისქრია, მარა საინტერესო აღმოჩენაა და გეთანხმები.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s