საწყისი


ტელეფონი რეკავს, უკვე მეათედ უკანასკნელი 10 წუთის განმავლობაში, ვიცი, რომ კიდევ რაღაც გაახსენდა, ახალი მითითება უნდა მომცეს, თან მითხრას „კიდევ სახლში ხარ?! დროზე!“–ო.

ვპასუხობ, თან დაღლილობის ნიშნად ჰაერის დიდ მარაგს ვუშვებ ფილტვებში და მომენტალურად უკან ამომაქვს. არ იმჩნევს, ან ვერ ამჩნევს, იმდენადაა გართული ახალი წამოწყებით. მეკითხება –  „შავებში ხარ ჩაცმული?“ ვიბნევი, ვერ ვხვდები საიდან მოიტანა ასეთი სისულელე, ტონს ვასწორებ და ვპასუხობ „არა!“ „გამოიცვალე! შავებში ჩაცმული მოდი, ოღონდ ის წითელი ფეხსაცმელი ჩაიცვი ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველ დღე, რომ ახსენებდი.“ ვხვდები, რომ კითხვების დასმას აზრი არ აქვს, იმასაც ვხვდები, რომ თუ განმარტებას მოვთხოვ უაზროდ მოვიშლი ნერვებს და წასვლას გადავიფიქრებ, არადა ძალიან მინდა მისი ექსპერიმენტის მონაწილე ვიყო, შემადგენელი კომპონენტი, ამიტომ გაუპროტესტებლად ვეუბნები კარგი მეთქი და ისე ვემშვიდობები, რომ ვერ გავიგო, როგორ გამოსცრის „დროზე!“–ო.

„შავები ჩაიცვი, შავები, შავები, შავები…“ ვიმეორებ ცინიკურად და დიდი ხნის წინ დავიწყებულ შავ კაბას ვეძებ, რომელიც ბოლოს მაშინ მეცვა, როცა წარსულის ჩრდილებს შევეხე ხელით. იმ დღის გახსენება დღემდე უსიამოვნო ემოციებს იწვევს და დაჟინებით ვბლოკავ ყველა მოგონებას, რომელიც სურათებად მეშლება თვალწინ.

ნაჩქარევად ვიცვამ, ჩემ ახალ წითელ ფეხსაცმელს ვიღებ ყუთიდან, ფეხზე ვირგებ და ნელი ნაბიჯით მივიწევ სარკისკენ. ისევ ტელეფონი რეკავს, აღარ ვპასუხობ დაე იფიქროს, რომ უკვე წავედი, ქურქს ვუყრი ხელს და სადარბაზოში გავდივარ, კარებს ვიჯახუნებ, გასაღებს ვატრიალებ და კიბეს მივუყვები.

15 წუთში უკვე მის კართან ვარ, ვერაფრით გადამიწყვეტია დავაკაკუნო, ზარი დავრეკო თუ უბრალოდ გავბრუნდე. გადაწყვეტილების მიუღებლად, ინერციით ვაკაკუნებ.

კარებს აღებს და ნაძალადევი ღიმილით მეუბნება დაგაგვიანდაო, არადა დროზე არც ვყოფილვართ შეთანხმებული, უბრალოდ იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი, ამასობაში კი ათასი ახალი იდეა მოუვიდა. არაფერს ვპასუხობ, ნელი ნაბიჯით მივუყვები მომცრო დერეფანს და მისაღებში შევდივარ, ქურქს ვიხდი, იქვე სავარძელზე ვდებ, ვჯდები და ფეხს ფეხზე ვიდებ, თან წითელ ფეხსაცმელს ვათვალიერებ, ქუსლიდან ვიწყებ, შემდეგ ფეხზე ავდივარ, მომწონს!

სასმელს შემოუთავაზებლად მაწვდის, იცის, რომ ალკოჰოლზე უარს არასოდეს ვამბობ, დღეს კი, დღეს განსაკუთრებული დღეა, მე მას იდეის გაცოცხლებაში უნდა დავეხმარო.

მაგიდაზე გაშლილი ფურცლებისკენ ვაპარებ თვალს, თან გულში ჩემ უკვე გვარიანად გაუბედურებულ მხედველობას ვლანძღავ.

„სათვალე უნდა წამოგეღო.“ – მეუბნება ღიმილით, ოღონდ ამჯერად გულიანად იღიმის, ძალდატანების გარეშე. ეს მახარებს და ვპასუხობ „მართალი ხარ! ჩემი წითელი სათვალე უდავოდ მოუხდებოდა ჩემ წითელ ფეხსაცმელს. მაგრამ შენ ჩანაფიქრში ეს დეტალი არ გიხსენებია.“

არაფერს მპასუხობს, მაგიდასთან ჯდება, სიგარეტს უკიდებს, თან თვალებს ჭუტავს ყოველი მოქაჩვისას, და მელნით აჭრელებულ ფურცლებს მისჩერებია.

მოუთმენლობა მეპარება და დაძაბულობის მოსახსნელად ისტერიულად ვსვამ.

„წამოიღე რაც გთხოვე?“ – მეკითხება, ისე რომ მაგიდას არ აშორებს თვალს.

„კი.“ – ვპასუხობ მოკლედ და კითხვების დასმის გარეშე ვაწვდი ჩანაწერების რვეულს.

კითხვას იწყებს. ერთი საათის განმავლობაში ხმის ამოუღებლად კითხულობს, ჩემ ნაწერებს კითხულობს, ანუ მკითხულობს, მე კი ამასობაში ვთვრები და ლაპარაკის საღერღელი მეშლება.

„კარგია“ – უეცრად წყვეტს კითხვას.

„მხოლოდ?“ – ვეკითხები გამომწვევად.

„ძალიან კარგია!“ – მპასუხობს ღიმილით. „და კიდევ უკეთესი იქნება მაშინ, როდესაც იმას შექმნის, რასაც შედევრი ერქმევა.“ – ახლა ის მიწვევს.

„რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.“ – ვეუბნები და ისევ ალკოჰოლს ვყლუპავ.

ნაწერებს გვერდზე დებს, საზურგეს ეყრდნობა და მსწავლობს, ისე, აუღელვებლად, ქვეტექსტების გარეშე. ვიცი რასაც ეძებს და იმედი მაქვს, რომ იპოვნის, იმედი მაქვს და ვერ ვხვდები რა ჭირად მინდა მისი წარმატების ჭანჭიკი ვიყო.

23:00–ს აჩვენებს ჩემი საათი, ვეუბნები, რომ უნდა წავიდე, ვიკრიფები სავარძლიდან, ქურქს ვიღებ და დერეფანში გავდივარ.

„მუზები ასე არ იქცევიან!“ მესმის უკნიდან.

მეღიმება, ცოტა ხანს ჩუმად ვარ, არ მინდა ჩემ ტონში ღიმილი იგრძნოს, ვსერიოზულდები და ვპასუხობ: „მე არ ვარ მუზა. გეშლება.“ ბერეტს ვიხურავ და დაუმშვიდობებლად ვიხურავ კარებს.

დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ვიცი, რომ ისაა და ვფიქრობ ვუპასუხო თუ არა, ვხვდები, რომ მაინც მომიწევს პასუხის გაცემა და ამიტომ ნამძინარევი ხმით ვეუბნები „გისმენ.“ ისევ თავისთან მიბარებს, მითითებების გარეშე. მეც სრულიად აუხსნელი მიზეზის გამო ვჩქარობ მასთან წასვლას.

კარებს გამოუძინებელი სახით მიღებს, ოთახში შესულს მეუბნება, რომ „დაწერა.“ შემდეგ ამატებს „არაჩვეულერბივი იყო“ და რამდენიმე ფურცელს მაწვდის.

კითხვას ვიწყებ, საკუთარ თავს ვერსად ვპოულობ, თუმცა ვხვდები, რომ ჩემი ნაწერით შთაგონებული წერდა, ჰო, ჩემი ნაწერით შთაგონებული, ოღონდ უკეთესად! არსად მიმეორებს, არსად მპარავს აზრს, არსად იყენებს ჩემ მიერ გამოყენებულ ფრაზებს, მაგრამ მგავს.

მომწონს. ტაშს ვუკრავ ყალბად და ვეუბნები „ბრავო!“

კმაყოფილი სახით მიყურებს და მიღიმის.

„როდის მომიტან ახალ შთაგონებას?“ – მეკითხება.

„სულ ეს იყო, მეტი არაფერი დამიწერია“. – ვპასუხობ ნიშნის მოგებით.

„დაწერე!“ – მეუბნება მომთხოვნი ტონით – „დაწერე“ – იმეორებს.

არ ვიცი საიდან მაქვს ამდენი მორჩილება, მაგრამ ვეთანხმები. ვდგები და სახლში მივდივარ.

საწერ მაგიდას ვუჯდები და წერას ვიწყებ, ვგრძნობ, რომ მისი ნამუშევარი შთამაგონებს, ის ნამუშევარი, რომლის შექმნაც ჩემმა ნაწერმა შთააგონა. ვიბნევი, ვეღარ გავიგე ვისი მუზა ვარ, ვგრძნობ, რომ ვეჯიბრები, რომ საკუთარი თავისგან ვითხოვ მასზე უკეთესი გახდეს. და ბოლოს, შუა ღამისკენ, მთელი დღის მუშაობის შემდეგ ვგრძნობ, რომ გამომდის, საკუთარი თავი აღმაფრთოვანებს. წერტილს ვსვამ და ვიძინებ.

დილით უჩვეულოდ ადრე მეღვიძება, დაუპატიჟებლად მივდივარ მასთან და ნიშნის მოგებით ვაწვდი წუხანდელ ნამუშევარს.

კითხულობს, თვალები ენთება, ვხვდები, რომ გრძნობს – უკეთესი ვარ!

მემშვიდობება.

დილით ისევ მისი ზარი მაღვიძებს, ისევ თავისთან მიბარებს და მეც ისევ გიჟივით მივრბივარ.

ახალ ნაშრომს მაძლევს, ვკითხულობ, უკეთესია!

შთაგონება მოსჩქეფს მისგან. ერთი სული მაქვს სახლში მივიდე…

მთელ ღამეს წერაში ვატარებ და ისევ დაუპატიჟებლად ვსტუმრობ.

მკვებავს, აღმაფრთოვანებს, შთამაგონებს იმით რისი შთაგონებაც თავად ვარ, მე კი შთავაგონებ იმით, რომ ის არის ჩემი შთაგონება.

თუმცა ვიცი, რომ საწყისი ვარ, ყველაფერი ჩემგან დაიწყო.

ჩემი პირველობის ჟინი კმაყოფილია და დუმს.

Advertisements

თამამი


სამწუხაროა, რომ მუსიკის სიტყვებით გადმოცემა არ შეიძლება. სიამოვნებით გავხდიდი წაკითხვადს ყველა იმ სიმღერას, რომელსაც ვუსმენ. მკითხველი ნაწერს ფეხს ააყოლებდა და უდარდელი ღიმილით გავიდოდა ბოლომდე. – გაიფიქრა, ტუჩი მოიკვნიტა და მხიარული სახით შემომხედა.

„თამამი“ ამაზე უკეთესად ვერაფერი აღწერდა მის ხასიათს. ასოციაციებით მინდოდა მეთამაშა, მინდოდა გამეგო რას ხედავდნენ სხვები ამ სიტყვის წარმოთქმისას. რას ვხედავდი მე? ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეკთხა ვის ვხედავდი მე მეთქი, მე სიფრიფანა კაბაში ჩაცმულ, სავარძელზე თავისუფლად მოკალათებულ ქალბატონს ვხედავდი გაშლილი თმით, დიდი თაფლისფერი თვალებით, მზის შუქზე მწვანეში, რომ ირევა ისეთით … რაღაცის სათქმელად პირს რომ გააღებს მაშინვე მისი გაჩუმება, რომ მოგინდება. უფრთხილდები, ნერვიულობ, გაშინებს სიტყვები, რომლებსაც ამბობს, დაუფარავად, რომ გეთამაშება, გიწვევს, იცინის, ამბობს ყველაფერს რაც თავში მოუვა.

გეშინია, რომ არ მიიღებენ, აკრძალავენ, დასჯიან, მოკვეთენ, გეშინია და მზად ხარ კუდში სდიო, საჭირო მომენტში პირზე ხელის ასაფარებლად, თან იცოდე, რომ ყოველთვის, როდესაც ასე მოიქცევი ის აუღელვებლად მოიშორებს შენ ხელს პირიდან, გულიანად გაიცინებს და იმაზე უარესს იტყვის ვიდრე აპირებდა.

ეჭვიანობაში გდებს ბრალს, გეუბნება, რომ მისი გაყოფა არ გინდა სხვებთან, მესაკუთრესა და ეგოისტს გეძახის, გიმეორებს, რომ ის თავისუფალია და გაბრაზებული, სიგარეტის ისტერიული ქაჩვით გტოვებს ოთახში, კარებს მაგრად იჯახუნებს და მიდის. საკუთარ თავს აიძულებ არ გაეკიდო, იმეორებ „კისერიც უტეხია“, იმეორებ, იმეორებ, იმეროებ… იქამდე სანამ არ მიხვდები, რომ ამ ორმა სიტყვამ აზრი დაკარგა, ბგერების უაზრო ნაზავად იქცა, გაიდღაბნა და ჩუმდები. ცოტა ხანს გაბრუებული უყურებ ოთახს, დგები და ცდილობ იპოვნო, დაეწიო, მოაბრუნო. იპოვნო სანამ თავს დაიღუპავს, სანამ ეტყვიან, რომ მიუღებელია, სანამ მისკენ თითს გაიშვერენ. აქოშინებული მირბიხარ მასთან და გაუცნობიერებელ ბოდიშს იხდი, ეუბნები, რომ ეგოისტი და ნაძირალა ხარ, ეხვეწები დაბრუნდეს, ის კი გაღიმებული გისმენს ბოლომდე, გეუბნება, რომ „უკანასკნელად გპატიობს, რომ უნდა შეიცვალო“, თანახმა ხარ, გიჟივით იღიმი და თავს ისტერიულად უქნევ ყველაფერზე რასაც გეუბნება, ოღონდ წამოგყვეს, ოღონდ დაბრუნდეს.

ყოველ დილით მასზე ადრე იღვიძებ, გეშინია ხელიდან არ დაგისხლტეს.

სახლში ბრუნდები, საათს უყურებ და ნერვებს ძლივს თოკავ, ჯერაც არ დაბუნებულა, არ დაურეკავს… გარეთ გადიხარ, მისი საყვარელი ბარისკენ იღებ გეზს. თვალის დახამხამებაში უკვე იქ ხარ, ყველაზე ხმაურიანი მაგიდისკენ მიდიხარ და ხედავ, რომ ყველა მას უყურებს, შუაში ზის და გაუთავებლად საუბრობს, თან ვნებიანად იკვნეტს ტუჩს. ყურებზე ხელს იფარებ, თვალებს ხუჭავ, პანიკაში ჩავარდნილი ელოდები რა მოხდება, რას იტყვიან, როგორ მოექცევიან… უახლოვდები და გესმის მისი სიმთვრალისგან დამტკბარი ხმა, სწრაფი საუბარი… რამდენიმე წამიც და იქ ხარ, თავს ძალას ატან, გგონია, რომ კატასტროფა დაგატყდება თავს, ამ დროს კი გარშემომყოფების აღფრთოვანებულ მზერას აწყდები, გულწრფელ აღფრთოვანებას ხედავ მათ თვალებში და ხვდები, რომ მიიღეს, ხვდები, რომ შენსავით მოსწონთ, უყვართ, აღმერთებენ. ხვდები, რომ შეგეშალა.

ტრიალდები და მოდიხარ, სანერვიულო აღარაფერი გაქვს, აღარაფერი! მაინც ნერვიულობ, ვერ ისვენებ, გული ყელში გიცემს.

აღიარებ, რომ ეჭვიანი, მესაკუთრე, ეგოისტი და ნაძირალა ხარ, რომ მისი გაყოფა არავისთან გინდა, რომ მართალი იყო, რომ გერჩივნა აეკრძალათ, დაესაჯათ, მოეკვეთათ, დაეგმოთ მისი „სი–თა–მა–მე“.

 

ბიძგი


“ნამდვილად გაგიჟდა!” – უკვე მეათასედ გავიფიქრე და ბოლთის ცემა დავიწყე. “კუბოს კარამდე მეგობრობის არ მჯერა.” – სიტყვით გამოსვლას გავდა ჩემი მონოლოგი, ხმამაღლა ვფიქრობდი იმით გათამამებული სახლში მაინც მარტო ვარ მეთქი – “საჭირო მომენტში ისე გამყიდიან ცხვარივით ერთ წუთსაც არ დაფიქრდებიან. და მე? მეც ასე მოვიქცევი? თუ ჩემი მაღალი მორალური პრნციპები არ მომცემს ამის საშუალებას? არა, რა თქმა უნდა არა! ბოლოს როდის გავყიდე საკუთარი თავი? არც კი მახსოვს, ეს ალბათ იმის ბრალია შეზარხოშებული, ინერციით, დაუფიქრებლად რომ ვისვრი ხოლმე სიტყვებს…

გაგიჟდა! არა, კი არ გაგიჟდა ამაზრზენი გახდა, მიუღებელი, გულის ამრევი, უპრინციპო, ისეთი გვერდის ავლისას შეხედვის ღირსადაც რომ არ ჩავთვლიდი მის ფეხქვეშ გათელვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ან იქნებ ისევ ვამუქებ ფერებს? ვაზვიადებ, გონება მაქვს დაბნელებული და დაუფიქრებლად ვროშავ ათას სისულელეს. ნორმალური როდისღა იყო მისი სიგიჟის შეცხადება ახლა რომ დავიწყე? ჰო, ბოლო პერიოდში ძველებურზე მეტად აურია, მაგრამ რა გასაკვირია?! არც მე ვარ საღად აზროვნების ნიმუში.”

გავჩუმდი, დივანზე მივწექი, თვალებზე ხელი გადავიფარე და მეძინება მეთქი დაჟინებით დავიწყე თავის დარწმუნება.

კანკალმა ამიტანა, ვერაფრით გამეგო რა უფრო მაბრაზებდა საკუთარი დაუდევრობა, მოსალოდნელი ღალატი თუ ის, რომ უსაფუძვლოდ ვცხებდი ჩირქს ჯერ კიდევ უდანაშაულო ადამიანს. “უდანაშაულო!” – გამოვცერი კბილებში – “ჰაჰ!…. უდანაშაულო!”

ისევ გავჩუმდი, დაღლილობა ვიგრძენი, თავში ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვები მიტრიალებდა, გაუმართავი წინადადებები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, ჩამოუყალიბებელი აზრები, იდეები, რომლებისგანაც გამთენიისას აღარაფერი დარჩებოდა.

დასაძინებლად მოვემზადე, მუხლები ცხვირთან მივიტანე, საბანი გადავიფარე და თვალები მაგრად დავხუჭე. გონებაში ქარბორბალა ამოვარდა,  უყურადღებოდ დატოვებული იდეები ჰაერში აიტაცა და მათი წრეზე ტრიალი დაიწყო, წამოდგომა დავაპირე, დამენანა მათი განუხილველად სანაგვეზე გაშვება. კუნთები მოდუნებული მქონდა, მციოდა და წამოდგომა სიკვდილის ტოლფასი მეგონა. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დავმორჩილდი გადაღლის შეგრძნებას და სინდისის დასამშვიდებლად საკუთარ თავს დავპირდი ხვალ ყველაფერი მემახსოვრება მეთქი.

„დანაშაული“ – ისევ გამიელვა თავში – „ან კი რა არის დანაშაული? მიუღებელი ქმედება, რომლისკენაც ერთმანეთს ვუბიძგებთ, გაუცნობიერებლად ვწირავთ იმისთვის, რომ შემდეგ ბრალი დავდოთ, მაღალფარდოვანი სიტყვებით, თეატრალური დადგმით მოვნუსხოთ მსაჯულები, ვაიძულოთ სასჯელის უმაღლეს ზომაზე დაფიქრდნენ. ერთმანეთის დაღუპვა ხომ გამჯდარი გვაქვს, ოდითგანვე მოგვდგამს. როგორ მოვედით აქამდე? ჯერ იყო და ადამმა მარტოსულად იგრძნო თავი, ჰოდა, ლილიტიც, მისი პირველი ცოლი დაუყოვნებლივ მოევლინა ქვეყანას. ნუთუ თავიდანვე დემონად, გამყიდველად, თავაშვებულ არსებად იყო ჩაფიქრებული?! ამიტომ გვიყვებიან ტალახისგან და ნარჩენებისგან შეიქმნა სუფთა მიწის ნაცვლადო?

რა სტანჯავდა ადამს? თანასწორობის იდეა იმდენად ვერ აიტანა, რომ უნებურად უბიძგა ლილიტს გაქცევისკენ, უბიძგა და შემდეგ მოღალატედ შერაცხა, საკუთარი უპირატესობა, პირველობა ვერ დათმო და ახალი მეწყვილე ისურვა, ნაკლები პრეტენზიით. არც პირველ ევაზე მიუვიდა გული, ამრეზით უყურებდა მისი შექმნის პროცესს და ახლოსაც არ მიეკარა. მესამე მცდელობა კი წარმატებულად სცნო, მიიღო ევა, დაიკმაყოფილა პირველობის ჟინი. რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა და სამუდამო წყევლად იქცა მისი სიბრმავე, დაუდევარი საქციელი, პირველობისკენ სწრაფვა და ხელები ისევ ევას შეაწმინდა.

ოდითგანვე ვუბიძგებდით ერთმანეთს ქმედებისკენ, რომლის გამოც შემდეგ თავადვე ვაგებინებდით პასუხს. კაცობრიობის პირველი ისტორიაც ხომ ამაზეა აგებული, ადამი ღალატისკენ უბიძგებს ლილიტს, შემდეგ კი ევა უბიძგებს ადამს.

ან იქნებ ისევ ვამუქებ ფერებს.

იქნებ ლილიტს თავისუფლება სურდა, წითელ ზღვაზე თავაშვებული ცხოვრება ხიბლავდა. ევა უბრალოდ შეცდა, ადამს კი ევა უბრალოდ უყვარდა.“ – გავიფიქრე და ჩამეძინა.

დილით იდეების განყოფილება მტვრით იყო სავსე, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ მოვატყუე როცა შევპირდი ყველაფერი მემახსოვრება მეთქი.

დაუსრულებელი


„საკუთარ თავზე გულწრფელ საუბარს საკუთარი თავის შეურაცხყოფად მოიაზრებ?“ – ვიკითხე უაზროდ, პასუხი არ მაინტერესებდა, უბრალოდ ფიქრები გავახმოვანე.

„გააჩნია“ – მიპასუხა ინტერესის გარეშე, ინერციით.

„რას?“ – მაინც გადავწყვიტე მომესმინა მისი აზრი.

„რას გულისხმობ საკუთარ თავზე გულწრფელ საუბარში და რას მიიჩნევ შეურაცხყოფად. ზოგადად კი ვერ ვხედავ გულახდილობის საჭიროებას, ყველაფრისთვის ფარდის ახდა დადებითი შედეგის მომტანი არასოდესაა.“

„საკუთარ თავს ბოლომდე იცნობ?“ – წამოვროშე და მაშინვე ვინანე.

„არ გინდა ეს დაუმთავრებელი ბაასი საკუთარი თავის ბოლომდე ვერ შეცნობის შესახებ. მეზიზღება ეს გადაპრანჭული და ძალიან ფილოსოფიური საუბრები ვითომ მნიშვნელოვან თემებზე, ჭკვიანი ფიზიონომიით, საბოლოოდ არაფრამდე რომ მიდიან და ყველაფერზე კვერს რომ უკრავენ ერთმანეთს სანამ ათასი გრძელი სიტყვით გამოტენილი დასკვნის გაჟღერებას გადაწყვეტენ. რა ვიცი მე ვიცნობ თუ არა საკუთარ თავს ბოლომდე, არ ვიცი და არც მაინტერესებს, მთავარია, რომ ჩვენი თანაცხოვრება უღრუბლოა და უშრეტი სიყვარულით მიყვარს, მესაკუთრეობრივი, ეგოისტური სიყვარულით და მისი დაფარული შტრიხები დისკომფორტს არასოდეს მიქმნის, ყველა კონფლიქტი სწარაფად გვარდება და ეს არასოდეს ხდება დაშორების ან დამშვიდობების მიზეზი.“

გამეღიმა, გამიხარდა, რომ არ აყვა ჩემ აზრს მოკლებულ საუბარს ან აყვა, უბრალოდ საინტერესოდ.

„რამდენჯერ შეიძლება დაემშვიდობო ერთი და იგივე ადამიანს?“ – ახალი თემა წამოვჭერი.

„უკეთესი მომავლის და მოკლე დროში შეხვედრის იმედით?“ – გაეცინა.

„არა არასოდეს ნახვისა და შემთხვევითი შეხვედრის შემთხვევაში ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადასვლის იმედით გამარჯობის თქმისგან თავის არიდების მიზნით.“

„ეგ უაზრო დამშვიდობებაა, უზრდელობის ნიშნებით, თავის მოტყუებაზე აგებული.“

დავასრულეთ საუბარი და ისევ საწინააღმდეგო მიმართულებით დავიწყეთ ყურება. რამდენიმე წუთში მისი არსებობაც დამავიწყდა, ისევ ფიქრებში ჩაფლობა გადავწყვიტე, სადაც გაცეცხლებული პოლემიკა იყო უჩემოდ გამართული იმის შესახებ თუ რამდენჯერ შეიძლება დადგეს ერთი და იგივე დასასრული. დასასული თავის თავში მოიაზრებს ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას, სხვა შემთხვევაში ამას დროებითი შესვენება ან რაღაც ამდაგვარი ქვია, ვფიქრობდი მე.

„დაუსრულებლობის სენით ვარ ავად“ მეთქი დავასკვენი და გამეცინა, ყველა თვისებას ავადმყოფობის იარლიყს ვაკერებ ბოლო პერიოდში. შედეგად კი იმდენი უკურნებელი სენის დიაგნოზი დავუსვი საკუთარ თავს, უდავოდ ევთანაზიაზე ვედრება უნდა დავიწყო.

„რომელი უფრო დიდი ცოდვაა მკვლელობა მსხვერპლის სურვილის წინააღმდეგ თუ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით?“ ახალი კითხვა გავაჟღერე.

ისიც ფირქებში იყო წასული და უმეტყველო თვალებით გამომხედა, რამდენიმე წამში გაანალიზა რა ვკითხე და ის ის იყო პასუხი უნდა გაეცა, რომ დავამატე:

„ვიცი სისხლის სამართლის კოდექსით მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა, თუმცა ცოდვის თვალსაზრისით რომელი გადაწონის? თუ ჩვეულებრივი მკვლელობის შემთხვევაში მხოლოდ ამ ქმედებისთვის გასამრთლდები, მსხვერპლის დაჟინებული მოთხოვნით მას თვითმკვლელობაშიც შეუწყობ ხელს, ანუ იქნები მკვლელი და თვითმკვლელობაში თანამონაწილე.“

არაფერი მიპასუხა.

მეც აღარაფერი მითქვამს. სინამდვილეში კითხვებს უმიზეზოდ ვსვამდი, პასუხის მოსმენის სურვილი არ მქონდა.

დავემშვიდობეთ ერთმანეთს, გადავწყვიტე ფეხით გამევლო და ცოტა ხანს კიდევ მეფიქრა, იქნებ შემთხვევით მაინც წავწყდომოდი რამე ღირებულს.

 სიგარეტს ძლიერი ქარის მიუხედავად მაინც ქონდა გემო და კვამლიც წამის მეათასედში, გაფანტვამდე ისეთი ხილვადი იყო უნებურად შვებას, რომ მოგგვრიდა. უკვე მერადმენედ განვიცდიდი ერთი და იგივე დასასრულს, არა კი არ განვიცდიდი უფრო ვაანალიზებდი, განცდა ყოველ ჯერზე განსხვავებული იყო, გამარჯვებულისთვის შესაფერისი ზარ–ზეიმიდან დაწყებული, დარდის ალკოჰოლში ჩაკვლის მცდელობით დამთავრებული. განსხვავებული დასასრულების მიუხედავად უცვლელი იყო შეგრძნება დაუსრულებლობის შესახებ, რომელსაც ზოგჯერ, განსაკუთრებული გამბედავობის ჟამს იმედსაც კი ვეძახდი და საკუთარი უსუსურობის აღმოჩენისას სირცხვილით ვწითლდებოდი ხოლმე. რა განსხვავება იყო ზარ–ზეიმსა და დარდის ალკოჰოლში ჩაკვლას შორის დღემდე არ მესმის, ორივე შემთხვევაში უგონობამდე მისული საბანს თავზე ვიფარებდი და სურვილის საწინააღმდეგოდ ვითიშებოდი ხოლმე იმ მომენტამდე სანამ წყურვილის შეგრძნება გამაღვიძებდა.

ან რა იყო გამარჯვება? არაფერი, უაზრო თავის მოტყუება, რევანშის აღების თანდაყოლილი ჟინის მისაწიხლად.

იშვიათი


შიშმა დამიარა, ყელამდე ფერფლში ჩაფლული ვიჯექი ჩემი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში და ნაცნობი ავადმყოფობის სიმპტომებს ვიკვლევდი. „განმეორებითი დასნებოვნება ძალზედ იშვიათია“ – გავიფიქრე და ამ აზრს მაგრად ჩავებღაუჭე.

სიმშრალე ვიგრძენი, ტუჩები ერთმანეთზე მიმეწება, მეგონა, რომ კანიდან ორთქლი ამდიოდა და ჰაერში ვიფანტებოდი წყლის ნაწილაკებად.

წამოვდექი, პირზე წყალი შევისხი, საკუთარ თავს ყალბად გავუღიმე სარკეში და სახლიდან გასასვლელად მოვემზადე.

10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, შეთანხმებისამებრ შევედი ბარში, მაგიდას მივუჯექი და ვინაიდან მივხვდი, რომ დათქმულ დროზე ადრე მომიწია მისვლა დარეკვა გადავიფიქრე, „ბენდი“ უცნაურ მუსიკას უკრავდა, ხმაურიანი გარემოსთვის შეუფერებელს, სოლისტი ქალბატონი კი მიკროფონს გადაღლილი სახით ეკვროდა და ბგერებს ნაძალადევად უშვებდა პირიდან.

სიგარეტს მოვუკიდე, მარტინი შევუკვეთე და მაგიდაზე გაშლილი შაქრის ნაწილაკების თვალიერებით გავერთე. ისე მოვიდა არ შემიმჩნევია, სახესთან ხელი მომიტანა და აქეთ–იქით გააქნია, გაღიმებულმა ავხედე, მანაც საპასუხოდ გამიღიმა, თავით მომღერალ გოგონაზე მიმანიშნა და მკითხა „რას უკრავენო?“, პასუხის გაცემა დავაპირე, თუმცა დამეზარა და მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, თან ხელმეორედ გავუღიმე იმის ნიშნად, რომ უჩვეულო რეპერტუარი მეც შევნიშნე.

სანამ მიმტანი მისგან შეკვეთას იღებდა, დაძაბულობის თავიდან მოსაშორებლად იმ თემებზე დავიწყე ფიქრი, რომლებზეც უნდა მესაუბრა ჩვენი შეხვედრის განმავლობაში უხერხული სიჩუმის თავიდან ასაცილებლად. ისე არაფერი მეზიზღება, როგორც ახლად გაცნობილ ადამიანებთან ხმის ამოუღებლად ჯდომა და სხვადასხვა მიმართულებით ყურება, იმის ნიშნად თითქოს ვერ ვამჩნევდეთ ერთმანეთს. ამ დროს სრულიად გაუცნობიერებლად მეც ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად ამინდზე ვიწყებ საუბარს და როდესაც საკუთარ ბანალურობას ვამჩნევ ლამის მთელი პროგნოზი მაქვს ხოლმე მოყოლილი, მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზს არასოდეს ვადევნებ თვალს, უბრალოდ ყურით მოთრეული ყველა ჭორი მახსენდება, მეხსიერების სანაგვეებს ვჩხრეკ სანამ არ მივადგები ფრაზას „ამბობენ 25–დან უფრო აცივდებაო“, პასუხად მხოლოდ ღიმილს, რომ მივიღებ, დაუყოვნებლივ ვაყოლებ ხოლმე „ესღა გვაკლდა“, ასეთ დროს თანამოსაუბრე უმეტესად თევზის თვალებით მიყურებს და უაზროდ იღიმის, არადა ვიცი, რომ ჩვენი დიალოგის საინტერესო განვითარებაზე ფიქრობს ჩემთან ერთად, მეც ამ უაზრო ფრაზების როშვის დროს პანიკაში ჩავარდნილი ვაწყდები ტვინის უჯრედებს და ვყვირი „რეანიმაცია!!!“.

როგორც იქნა დაასრულა შეკვეთის მიცემა, ხელები მაგიდაზე დადო და შემომხედა „ჩემგან ელოდება საუბრის დაწყებას“ გავიფიქრე და ის ის იყო განგაშის ზარები უნდა შემომეკრა, რომ თავში ისევ ჩემი ავადმყოფობა ამომიტივტივდა, ტუჩები ერთმანეთზე მიმეწება და შიშნარევმა ჟრუანტელმა დამიარა, ამ დროს იმხელა თავისუფლება ვიგრძენი, რომ ყურებამდე გავიღიმე, ჩემმა შესაძლო დიაგნოზმა მასთან საუბრის დაწყების სირთულე მომენტალურად მეასეხარისხოვნად აქცია და ამით ენით აღუწერელი შვება მომგვარა.

ჩემი მიმიკის რადიკალური ცვლილება არც მას დარჩენია მხედველობის მიღმა, ვერ გაბედა ეკითხა „რა მოხდაო?“ სამაგიეროდ გულითადად გამიღიმა.

ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ალაგ–ალაგ ვჩუმდებოდით და კედლებს ვათვალიერებდით შესაშური ინტერესით. მალევე მივხვდი, რომ ზრდილობის წესებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა და სინდისის ქენჯნის გარეშე შემეძლო მეთქვა მეჩქარება მეთქი, ასეც მოვიქეცი, დავემშვიდობე მომავალ შეხვედრამდე და წამოვედი.

ქუჩაში უკვე გვარიანად ციოდა, მოვიბუზე და სახლისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოსთან შევჩერდი, ჩემ მეზობელს მოვკარი თვალი, ორ კაცს მიყავდა, ის კი მთელი ძალით ყვიროდა „ყველაფერი ფერადია, ფერადი, ცისარტყელას ფერებშია სამყარო. ფერადია, ფერადი!!!“ მივხვდი რაც ხდებოდა, თვალები დაბლა ჩავხარე და კიბეს ჩქარი ნაბიჯით ავუყევი. სახლში შევედი და კარები მაგრად დავაჯახუნე, ძლივს ვსუნთქავდი, დაძაბულობისა და გადაღლისგან, ბრონქები მტკიოდა.

ფანჯარასთან მივედი, დავინახე, როგორ დაიძრა მანაქანა. რამდენიმე წუთში კი გარედან მეზობლების საუბარი შემომესმა, კარები გავაღე და სასხვათაშორისოდ ვიკითხე „რა მოხდა?“

„ავადაა“ – მიპასუხა დედამისმა და თვალი ამარიდა.

მივხვდი რაც იგულისხმა, ამიტომ აღარ ჩავძიებივარ, სახლში შევბრუნდი და საძინებლისკენ გავემართე, ფარდები ჩამოვაფარე, საწოლში შევწექი და ჩამეძინა.

რიჟრაჟზე შევფხიზლდი, თითქმის მდუღარე შხაპი მივიღე და სახლიდან გავედი. გაუცნობიერებლად გავაჩერე ტაქსი და ჩემთვის კარგად ნაცნობ მისამართზე ვთხოვე წაყვანა.

ნახევარ საათში ადგილზე ვიყავი, ვიცოდი მიღების საათები არ იყო დაწყებული.

მიმღებში შევედი, მაგიდასთან ნაცნობი სახე დავლანდე, გულიანად გავუღიმე, თითქოს მის მოსაკითხად ვიყავი მისული, მანაც საპასუხოდ გამიღიმა, გამოვკითხე როგორ ხართ მეთქი, ორიოდე სიტყვით მიამბო თავის ამბები და კითხვის ნიშნით შემომხედა, ავუხსენი რისთვისაც ვიყავი მისული, ჩემი მეზობლის სახელი და გვარი გავუწოდე და დავამატე გუშინ მოიყვანეს მეთქი. მკაცრად მიპასუხა ხომ იცი დილით მნახველებს არ ვუშვებთო, „ძალიან მჭირდება მისი ნახვა“ – ვედრების ტონით გავიმეორე, მიმოიხედა და მანიშნა გამომყევიო, ოთახში შემიყვანა, მაგიდასთან დამსვა და მთხოვა დავლოდებოდი. 10 წუთში მასთან ერთად დაბრუნდა, საათზე მიმითითა, მანიშნა დროზე დაამთავრეო და მარტო დაგვტოვა.

მაგიდას ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა, გაუკვირდა ჩემი დანახვა, ამდენი წლის განმავლობაში ერთ სახლში ვცხოვრობდით, თუმცა გამარჯობაც კი არასოდეს გვითქვამს ერთმანეთისთვის, მიუხედავად ამისა მაგიდასთან დაჯდა, გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე, თუმცა არ გავცნობივარ, ვერ ვიტანდი ამ პროცესს და იმიტომ. შემდეგ საზურგეს მიეყუდა, რითიც მანიშნა, რომ მისმენდა. სათქმელი არაფერი მქონდა, არც კი ვიცოდი რა ჭირად მივედი იქ ან იქნებ საკუთარი ეჭვების გადამოწმება მსურდა, საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა.

სიჩუმე დაარღვია – „ფერადია მეთქი ყველაფერი!“

„მე არაფერს ვწყვეტ.“ – ვუთხარი ცინიკური ღიმილით. ვიცოდი, რომ მატყუებდა.

„ძველი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის კადრივით ციმციმებ შავ–თეთრად.“ – ზედმეტად მარტივად დანებდა.

ვერაფერი ვუპასუხე, მეტის გაგება მინდოდა.

„დაგიფიქსირებია, რომ ემოციები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უნდა გააფერადონ, გააყველა–ფერ–ონ, ცისარტყელასავით გადაგვეფარონ, საბოლოო ჯამში გვანაცრისფრებენ?

იცი რას მიპასუხებ ამაზე? იმას, რომ ცისარტყელა მხოლოდ წვიმის შემდეგ ჩნდება, ამით იმედს ჩამისახავ. იმედიც ფერადი გრძნობაა ხომ? ჩვენ ცხოვრებას აფერადებს, ა–მრავალ–ფერ–ოვნებს… შემახსენე შემდეგ რა ემართება?…

ეს ფერადი გრძნობები, სადღაც აგვტყორცნიან ხოლმე და შემდეგ მომენტალურად გვანარცხებენ მიწაზე.

სასაცილოა, ასე კომფორტულად არასოდეს მიგრძვნია თავი, როგორც ახლა.

ჰო, მხევდელობა შავ–თეთრი მაქვს, ოთახში შევალ, ფრანგულ შანსონებს ჩავრთავ, მივწვები საწოლზე და საკუთარი სიმშვიდის შემშურდება კიდეც.

ამასობაში შენ და შენნაირები საახალწლო შუშხუნებივით იფეთქებთ და ფერად ფერებად დაიღვრებით, მხოლოდ ესაა ზეიმს, რომ დაამთავრებთ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება შეგეპარებათ და მოუსვენრობა შეგიპყრობთ ახალი ფერადი ემოციების წყურვილი გადაგრევთ…

მე მშვიდად ვარ.“

„დიდ ხანს არ გაგრძელდება შენი სიმშვიდე. მალე შენი ტვინიდან არასასურველ ფიქრებს ცივი შხაპით განდევნიან, გაიძულებენ იგრძნო საკუთარი უბედურება, სანამ არ აღიარებ, რომ სამყაროს ფერადად დანახვის სურვილით იწვი.“ – ვუპასუხე ჩემთვის უჩვეულო სინანულით.

„ჩვენ განვსხვავდებით!“ – გადმოიხარა და ამრეზით გამიღიმა – „ადამიანით იყავი ავად. ერთი და იგივე ადამიანით ორჯერ არ ავადდებიან ხომ? როგორც სამედიცინო ლიტერატურაში ვკითხულობთ – „განმეორებითი დასნებოვნება ძალზედ იშვიათია“. ძალზედ იშვიათია, ი–შ–ვ–ი–ა–თ–ი! რა ხდება ნაცნობ სიმპტომებს ატყობ საკუთარ თავს? რისთვის მოხვედი ჩემ ფონზე საკუთარი სიფერადე, რომ შეგემოწმებინა? გილოცავ, შენ ძალზედ იშვიათი ხარ!“

შთაგონება ქირით


გამოუძინებელი, დასიებული თვალებით გამოვედი სახლიდან, სიგარეტს მოვუკიდე და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას. რამდენიმე მეტრში ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი, ვიფიქრე მინდოდა თუ არა მისალმება, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი თვითონ შემნიშნა, გამიღიმა და მაგრძნობინა, რომ ეტიკეტით გათვალისწინებული ფრაზების გაცვლა აუცილებლად მოგვიწევდა.

მივუახლოვდით ერთმანეთს, მივესალმე, ნაძალადევად გავიღიმე, „როგორ ხარ“ მეთქი ვკითხე და დაველოდე როდის მეტყოდა „კარგად თავად“–ო, პასუხს არ დაუგვიანია, თუმცა რამდენიმე წამში ან წუთში აღმოვაჩინე, რომ საუბარი გაუგრძელდა, შევეცადე თავისთვის ძალა დამეტანებინა და მომესმინა რას მეუბნებოდა.

„… წიგნის წერა დავიწყე, იდეებისგან ლამისაა თავი გამისკდეს, რამდენიმე ნაცნობ კრიტიკოსს წავაკითხე და ისეთი გამოხმაურებები მივიღე დანამდვილებით ვიცი საუკეთესო ნამუშევარი იქნება. გადასარევი დილაა არა? თავად როგორ ხარ?“ როგორც იქნა დაამთავრა სათქმელი, თავიდან რას ამბობდა ვერ გავიგე, საკუთარ გადაღლას ვაგინებდი გუნებაში და იმიტომ.

ღიმილისგან ყბები ამტკივდა, სახე მომეჯღანა და სასწრაფოდ დავიბრუნე გამოუძინებელი, გადაღლილი ადამიანის ფიზიონომია, დავფიქრდი რა ვუპასუხო მეთქი და როდესაც მივხვდი დროს უაზროდ ვწელავდი ვუთხარი: „ძველებურად.“

შეეცადა სახეზე მაქსიმალურად აღებეჭდა თანაგრძნობა, არაფერი გამოუვიდა და სიცილის მოთოკვის მცდელობის შედეგად დამარცვლული სიტყვებით განაცხადა „თანაგრძნობა ცალკე ოთახში მყავს, დიდი ხანია აღარ შევსულვარ მასთან, სიუჟეტი არ მოითხოვდა ამას.“

ისევ ნაძალადევი ღიმილით დავუქნიე თავი, ერთი სული მქონდა გავცლოდი იქაურობას და ყბები გამევარჯიშებინა საშინელი ტკივილის მოსახსნელად, შემდეგღა გავაანალიზე რა მითხრა, ვიფიქრე ნამდვილად გაგიჟდა ეს საცოდავი მეთქი და კეთილგანწყობის გამოსახატად შესაფერისი გამომეტყველების ძიება დავიწყე ჩემი სახეების კოლექციაში, მტვერდადებულს და მოჯღანულს მივადექი მოვირგე და ვუთხარი „ჰოოო“ – მეთქი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, „საკუთარი თავი გამჭირვებია“ მოტივით შევეცადე დროულად მომემთავრებინა ეს ერთი შეხედვით და პირვანდელი ჩანაფიქრით მხოლოდ ზრდილობის გამო შემდგარი დაზეპირებულ ფრაზებიანი დიალოგი.

ის ის იყო, კეთილი სურვილებით უნდა დავმშვიდობებოდი, რომ მკითხა „გინდა მისამართი მოგცე?“–ო.

ნერწყვი გადავყლაპე, გავიფიქრე ან ეს გაგიჟდა ან მე ყველაზე მთავარი ვერ მოვისმინე მეთქი, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩემი ყბები ისევ სამსხვერპლოზე გავიტანე და ვუთხარი „რატომაც არა.“

თვალი ჩამიკრა, ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო, რაღაც დაწერა და მითხრა „ოღონდ არავისთან….“

რამდენიმე წამში ტუჩებთან თითი მიიტანა მეტი თვალსაჩინოებისთვის და თბილად გამიღიმა.

„ნამდვილად გაგიჟდა!“ – ჩავილაპარაკე გუნებაში, ფურცელი გამოვართვი და დაყვავების ტონით ვუთხარი „რა თქმა უნდა“ მეთქი, შემდეგ სრული ეფექტისთვის პირთან ხელიც მივიტანე და წარმოსახვითი გასაღებით ჩავკეტე ინფორმაციის წყარო.

აღარფერი უთქვამს, უკეთესი მომავლის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ფურცელს შევავლე თვალი, რაღაც გადაკარგულ უბანში მიშვებდა, „საცოდავი“ გულწრფელი სინანულით გავიფიქრე და ისევ სიგარეტს მოვუკიდე.

გამომცემელს უნდა შევხვედროდი. მართლაც მშვენიერი ამინდი იყო, ჩემ საყვარელ კაფეში მქონდა შეხვედრა დათქმული, გარეთ დავჯექი, ყავა ვთხოვე მიმტანს და საათს დავხედე. აგვიანებდა, თუმცა არსად მეჩქარებოდა და ამიტომ მშვიდად დავიწყე ყავის წრუპვა.

რამდენიმე წუთში შემომიერთდა, ბოდიში მომიხადა დაგვიანებისთვის, მე მსუბუქი ღიმილით ვანიშნე არაფერია მეთქი, ისევ ყბები ამტკივდა და სასწრაფოდ გავასწორე სახე.

ეჩქარებოდა, ორი სიტყვით ამიხსნა, რომ წიგნი დაიწუნეს, ათას რაღაცას მიედ–მოედო, მთავარი კი ის იყო, რომ ძალიან ერთფეროვანი, მდორე და უინტერესო საკითხავი აღმოჩნდა. დააყოლა ვწუხვარო და დამემშვიდობა.

მე უფრო ვწუხდი. განა არ ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა?! ვიცოდი, თან გადასარევად. ამიტომ არც პროტესტი გამჩენია და არც განსაკუთრებულად დამწყვეტია გული.

ემოციებისგან ვიყავი დაცლილი, აღარაფერი შთამაგონებდა, ისეთივე მდორე, ერთფეროვანი, ცარიელი და უინტერესო ვიყავი, როგორც ჩემი დაწუნებული და მალე სანაგვეზე აღმოჩენისთვის განწირული რომანი.

ისევ ჩემი ნაცნობი აწ უკვე „გიჟად“ შერაცხული, წარსულში წარმატებული მწერლის მიერ მოცემულ ფურცელს დავხედე, არ ვიცი რა ეშმაკი შემომიჩნდა, მაგრამ სახლში წასვლასა და დაძინებას მითითებულ მისამართზე გავლა ვამჯობინე. ტაქსი გავაჩერე. 1 საათში ადგილზე ვიყავი, ზუსტად იმ ნომერს ვერ მივაგენით, ამიტომ ჩამოსვლა და კორპუსის ჩემით პოვნა გადავწყვიტე.

რამდენიმე წუთს ვიბორიალე, ბოლოს კი ჭიშკარს მივადექი, ფურცელზე დაწერილი „43“ ნომერი იყო ზედ ჩამოკონწიალებული, ირგვლივ მიმოვიხედე, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ახლოს მივედი და შევიჭყიტე. კარები სუფთად ჩაცმულმა მამაკაცმა გამიღო, ხელით მანიშნა, რომ შემეძლო შევსულიყავი, მივესალმე და დაბნეული მზერით ვანიშნე წარმოდგენა არ მაქვს სად მოვხვდი მეთქი. გამიღიმა, საპასუხოდ მომესალმა და მკითხა კონკრეტულად რას ვეძებდი. გავჩუმდი, რას ვეძებდი? არაფერსაც არ ვეძებდი, დროის მოსაკლავად ვიყავი მისული.

„მწერალი, კომპოზიტორი, მხატვარი, მოქანდაკე?“ – მკითხა ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე.

ვერაფერი გავიგე, ერთი სული მქონდა გავცლოდი იქაურობას, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კითხვა წავილუღლუღე – „უკაცრავად??“

„ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძანდებით?“ – შეეცადა აეხსნა.

„შეუმდგარი მწერალი“ – მეთქი ვუპასუხე, თან საკუთარმა გულახდილობამ დამაბნია.

„წამობრძანდით!“–ო მითხრა და შენობისკენ აიღო გეზი. ირგვლივ მიმოვიხედე, ვიფიქრე ნამდვილად მესიზმრება მეთქი, წამოსვლა მომერიდა და ცხვარივით ავედევნე.

შენობაში შევედით, დარბაზში შემიძღვა, მაგიდასთან მიმიპატიჟა და დაჯდომა შემომთავაზა. სკამის კიდეზე ჩამოვჯექი, გასაქცევად ვიყავი მზად, თავადაც მოუჯდა მაგიდას და ამიხსნა „ჩვენ ემოციებს, შთაგონებას, განწყობას, მუზებს ვაქირავებთ.“

„მეტის ღირსი ვარ!“ – გავიფიქრე – „გიჟის მოცემულ მისამართზე წამოსვლაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე?!“

„საინტერესოა“ – ძლივს ამოვღერღე – „ბედნიერება, ცოტა დეპრესია, სასოწარკვეთა და ორი მუზა რა დამიჯდება?“ – ვიკითხე ხუმრობით.

კალკულატორი ამოიღო, რაღაც დათვალა და ფასი დამანახა.

ისევ საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე გუნებაში, თუმცა გადავწყვიტე დავთანხმებოდი და მოვლენების განვითარებისთვის მედევნებინა თვალყური.

წამოდგა და გეზი დერეფნისკენ აიღო, მეც ისევ ავედევნე.

რამდენიმე წამში დიდ ოთახში შემიძღვა. მთხოვა ცოტა ხანს დავლოდებოდი და გაუჩინარდა.

ნახევარ საათს ვიჯექი უხმოდ, ის ის იყო გაპარვას ვაპირებდი, რომ როგორც იქნა დაბრუნდა, მომიახლოვდა და გასაღები გამომიწოდა.

გასაღებს ნომერი ქონდა დაკრული – „7“.

„ეს თქვენი ოთახის გასაღებია, შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაშიც კი იყოთ იქ. მეორე სართულზე უნდა აბრძანდეთ, დერეფნის ბოლოს იპოვით ოთახს. 1 თვის ვადით ვაფორმებთ ხელშეკრულებას.“

„ნამდვილად მესიზმრება!“ – დავიწყე თავის დარწმუნება, გასაღები გამოვართვი და დავემშვიდობე.

დერეფანში გასულმა, გეზი მეორე სართულზე ასასვლელი კიბისკენ ავიღე, მეშვიდე ოთახი უპრობლემოდ ვიპოვნე, გასაღები მოვარგე და შევეცადე გახშირებული გულის ცემის მიუხედავად მშვიდი სახე შემენარჩუნებინა.

რამდენიმე წუთს ვიდექი გაუნძრევლად, ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და კარები შევაღე.

თვალში მთელ კედელზე გადაჭიმული წითელი ფარდა მომხვდა.

ოთახში რამდენიმე კარებს მოვკარი თვალი, თითოეულ მათგანზე წარწერა იყო გაკეთებული – „დეპრესია“, „ბედნიერება“ , „სასოწარკვეთა“, „მუზები“.

დღეს უკვე მერამდენედ ვლანძღავდი საკუთარ თავს არ ვიცოდი, სათვალავი ამერია.

სიგარეტს მოვუკიდე და პირველი კარები „დეპრესია“ შევაღე.

პატარა, ბნელ ოთახში აღმოვჩნდი, კუთხეში გამხდარ სილუეტს მოვკარი თვალი, ფეხმორთხმით იჯდა, თავი კედელზე მიედო, სიგარეტს ექაჩებოდა და დაბალ ხმაზე ვიოლინოს გულის გამაწვრილებელ ხმას უსმენდა. არ შემოუხედავს, თითქოს არც კი შეუმჩნევია, რომ შევედი. მივუახლოვდი და მივესალმე, გული უკვე ყელში მიცემდა.

საპასუხოდ მომესალმა. სიგარეტი ჩააქრო და ლამის ჩურჩულით მითხრა: „რიგით მეათე ხარ. საიუბილეო ნომერი გაქვს, ხომ არ დაგველია?“

„ვერაფერი გავიგე“ – ვუთხარი მორცხვად.

„არც მე მესმის რამე. აქ შთაგონებას ეძებ ალბათ. ყოველ დღე მოხვალ, ერთად დავლევთ, მე მუსიკას შევარჩევ, გეტყვი, რომ მიუხედავად მზიანი დარისა ყოველი დღე ნაცრისფერია, მოგიყვები რამხელა უაზრობაში ვკარგავთ დროს. გვერდზე ოთახში მცხოვრები სასოწარკვეთა არაფერში გჭირდება, ერთნი ვართ.“

ბოლოს და ბოლოს მივხვდი რაში იყო საქმე, აღფრთოვანება და შიში ცვლიდნენ ერთმანეთს. ავდექი, კარები გამოვიხურე, სასოწარკვეთას გვერდი ავუარე და ბედნიერების ოთახში შევედი. ოთახს მზის სხივები ანათებდა, სახალისო მუსიკა უკრავდა, ოთახის ცენტრში კოპლებიან კაბაში გამოწყობილი, ფეხშიშველი წითური გოგონა ცეკვავდა, შეუდარებელი სიმსუბუქით ეხებოდა იატაკს, სახეზე სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა, თვალები დახუჭული ქონდა და ჩუმად მუსიკის ჰანგებს ყვებოდა. გაღიმებულმა გამოვიხურე კარები, ორი ემოცია ერთდროულად შეეჯახა ჩემში ერთმანეთს.

ავფორიაქდი და კარები მუზებს შევუღე. მაგიდასთან ისხდნენ, წითელი, ოდნავ შესიებული ტუჩებით ეხებოდა ერთ–ერთი სიგარეტს და ვნებიანად ქაჩავდა, გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადაედო, ფონად ედიტ პიაფი მღეროდა „პადამ, პადამ…“ შავი, ტანზე მოტმასნული კაბა ეცვა, ხორბლისფერ კანს მზე უნათებდა, თხელი ცხვირი, კარგად გამოყვანილი ლოყები და მოშიშვლებული ლავიწის ძვლები ფორიაქს მიჩენდა. მოპირდაპირე მხარეს ახალგაზრდა მამაკაცი ეჯდა და„კაზანოვას“ საფირმო ღიმილით ეუბნებოდა რაღაცას.

ისევ მთავარ ოთახში აღმოვჩნდი, დაბნეული მივედი წითელ ფარდასთან, სიგარეტს მოვუკიდე და გამახსენდა „თანაგრძნობა ცალკე ოთახში მყავს, დიდი ხანია აღარ შევსულვარ…“

მეც გავგიჟდი.

მიზეზების გარეშე


შემოდგომის ნაცრისფერი დილა იყო, ნაწვიმარ, სველ ხის იატაკზე ვიწექი, წვიმის წვეთების სახეზე დაიხლართებოდნენ, თვალები დახუჭული მქონდა და ღრმად ვსუნთქავდი. ყოველი ამოსუნთქვისას ყელზე ბასრ, ახლად გაპრიალებულ დანის წვერს ვგრძნობდი, მალე გახშირებული სუნთქვისგან ყელზე თბილი ღვარი ვიგრძენი, პანიკამ შემიპყრო და გამეღვიძა.

ემოციების დაცხრობას დაველოდე, საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე და გადავწყვიტე, რომ დღემდე არსებული ყველა ტრადიციისთვის წერტილი უნდა დამესვა.

ფანჯარა გამოვაღე, ოთახში დამწვარი ფოთლების სუნი შემოვიდა, საბანში გავეხვიე და ღრმა ძილში წასულ „გამომძიებელს“ მივკარი თითი. შეიშმუშნა, რამდენიმე წამში ცალი თვალი გაახილა და უკმაყოფილოდ დაიწყო გამოფხიზლება.

თეორიები მჭირდება მეთქი ვუთხარი მხიარული ხმით და ჭერზე დიდი ხნის წინ მიკრულ ვარსკვლავებს დავუწყე თვალიერება.

წამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა, საფერფლე მივაწოდე და ვთხოვე ჩემთვის შეცდომები შეეხსენებინა.

„ის რაც შენ შეგიძლია, შეუძლია სხვასაც.“ – მითხრა დაუფიქრებლად. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და დაბნეული მზერა ვესროლე.

„ვიცი გონებაში უკვე საბრალდებო დასკვნა დასრულებული გაქვს, გასუსული, ჩასაფრებული ელოდები როდის დაუშვებს შეცდომას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნდე საკუთარი ეჭვების სისწორეში. ელოდები და ისეთ ტკბობაში ხარ მთავარი გავიწყდება, თუ შენ შეძელი მისი გამოაშკარავება, იგივეს შეძლებს ისიც. იმაში სდებ ბრალს, რაც თავადაც გააკეთე, შენ კი კარგად იცი, რომ ჭკუით არ ჩამოგივარდება, არც შესაძლებლობებით, ჰოდა, მთავარი მომენტი გამოგრჩა, თუ შენ შეძლებ მისი ბრალის დამტკიცებას იგივეს გააკეთებს ისიც.“

გავჩუმდი, მივხვდი საითაც მიდიოდა ჩვენი საუბარი, ღრმად სუნთქვა დავიწყე, ვხვდებოდი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი კატასტროფის მასშტაბებს, დაჟინებით ვებრძოდი პანიკას და რამდენიმე წუთის წინ შუა გზაზე გაწყვეტილი სიზმარი გამახსენდა.

თავის დასამშვიდებელი არგუმენტი მომენტალურად ვიპოვნე და კმაყოფილი ხმით გავაჟღერე: „ჰო, მაგრამ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყო ეჭვი უნდა გაგიჩნდეს, ამ კუთხით კი ნამდვილად უკონკურენტო ვარ, შეუძლებელია მასაც ისეთ დონეზე ქონდეს განვითარებული პარანოია, როგორც მე. შესაბამისად ის არასოდეს გამოიყენებს შესაძლებლობებს, რომლებიც აქვს, ვინაიდან არასოდეს შეიტანს ჩემში ეჭვს.“

„აქაც ცდები“ – მიპასუხა თვითკმაყოფილმა – „ეჭვი დიდი ხნის წინ გაუჩნდა და შენ ეს იცი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი გაღვიძება გადაწყვიტე. ყველაზე დიდი შეცდომა, რომლის დაშვებაც შეგიძლია არის ის, რომ არასათანადოდ შეაფასო მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, ეს სასიკვდილო განაჩენია და მიუხედავად ამ წესის ლამის ზეპირად ცოდნისა შენ უკვე მერამდენედ დაუშვი ეს შეცდომა. მითხარი რატომ გადაწყვიტე შენიღბვა ორი თვის წინ თუ ზუსტად იცოდი შენი სახის დანახვას ვერასოდეს შეძლებდა?“

ტუჩზე ვიკბინე, ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, ყელზე ისევ თბილი ნიაღვარი ვიგრძენი, ისევ გაუმაძღრად დავიწყე ჰაერის ფილმტვებში ჩაშვება, გაღვიძება ვცადე, მაგრამ გამახსენდა, რომ კოშმარი ახლახანს უკვე დამთავრდა.

პანიკა სასიამოვნო ჟრუანტელმა შეცვალა, „დავიღუპე“ ჩავილაპარაკე ჩემთვის, ბავშვობიდან კატასტროფის გაანალიზება აუხსნელ სიამოვნებას მანიჭებდა ხოლმე.

„მოტივი“ – ვთქვი სახეზე გაჩენილი გამარჯვებულის ღიმილით – „მოტივია მთავარი. ეს კი ყველა შემთხვევაში ჩემთვის სასიკეთოდ წყვეტს სიტუაციას.“

„ჰო, მაგრამ შენ მტკიცებულებები არ გაქვს და ჯერ კიდევ ელოდები მის მახეში გაბმას, მაშინ როდესაც თავად უკვე დიდი ხნის წინ გაები მის დაგებულ ხაფანგში და თუ ის ამას გათვლის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ვერაფრის დამტკიცებას შეძლებ“ – წამისისინა და ტრიუმფისთვის მოემზადა.

ისევ ავის მომასწავებლად დაიწყეს შიშის ზარებმა რეკვა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემ მიერ დაგებული ხაფანგი უკვე საკმარისზე დიდი დროის განმავლობაში ელოდა ნანატრ სტუმარს, რომელიც არა და არ ჩანდა.

„გაიმარჯვე!“ – მეთქი გამოვცერი კბილებიდან.

აღარაფერი უთქვამს, რამდენიმე წამში უკვე მშვიდად ეძინა.

დამარცხებას არასოდეს ვაღიარებ, მაშინაც კი როდესაც ყველაფერი ცხადია, ყველა საშუალება გამოყენებული და რამის შეცვლა თეორიულადაც კი შეუძლებელია. ჟინი, მთელი ცხოვრება აუხსნელი ჟინით ვიტანჯები, მიყვარს როდესაც ჩემი ცხოვრება ემოციებს აფრქვევს, გამარჯვებისა და დამარცხების ჟინი მკლავს, იქაც კი ვიბრძვი სადაც ამის საჭიროება არ არსებობს, ინტრიგებს ვხლართავ, სიტუაციას ვთვლი და ზოგჯერ სრულიად მიზანმიმართულად ვუშვებ შეცდომებს, დაღუპვის პირას ყოფნა კმაყოფილების ენით აღუწერელ განცდას მანიჭებს. თითოეულ მოვლენას ვაზვიადებ, მნიშვნელობებით ვტვირთავ, ეს სასიცოცხლო აუცილებლობად ვაქციე.

ბანალური, ათასჯერ ნაცხოვრები სიტუაციების ფობიით ვიტანჯები, ამიტომაცაა, რომ ბრალდებულად და პროკურორად რომ ვიყოფი, ეჭვმიტანილად და გამომძიებლად, თავი ყოველთვის ტრიბუნაზე მგონია, მაშინაც კი როდესაც უბრალო, ყოველდღიურ თემებზე ვსაუბრობ.

აკვიატებები ჩვევაში გადამდის, ადამიანებს კი სრულიად უმიზეზოდ ვიკვიატებ, მათგან ახალ სახეს ვძერწავ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვებრძვი, იქამდე სანამ არ მივხვდები, რომ ზედმეტი მომივიდა, შემდეგ საკუთარ უდანაშაულობას საკუთარ თავსვე ვუმტკიცებ, რადგან არასოდეს, არავინ ირჯება საიმისოდ, რომ უკვე საზოგადოდ ცნობილ, ჩემ მიერ „დანაშაულად“ შერაცხულ ქმედებაში დამდოს ბრალი. არადა თავის მართლებაში შეუდარებელი ვარ.

დღეს კი ტრადიციებს მოვუღე ბოლო, ამიტომ ჩემი შემდეგი ნაბიჯი უჩვეულო იქნება, გულახდილად ვაღიარებ იმას, რომ დამარცხება გადამეტებული ნათქვამია, რომ საკუთარ შეცდომებს მახე მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ მორიგი აკვიატება საინტერესო მოწინააღმდეგედ შემერაცხა.

თავისუფლებით განცდილი ბედნიერება ოთახის ყველა კუნჭულში იმალება. მეც კმაყოფილი ვზივარ სავარძელში, მსიამოვნებს ფანჯრიდან შემოსული სუსხი, კვამლში არეული სურნელით ახალი დღის გათენებას, რომ მამცნობს, სიგარეტის ახალთახალ ღერს ვათამაშებ ხელში, საკუთარ თავს გულახდილობის უფლებას ვაძლევ და ყველა წინადადებას ვამთავრებ ფრაზით „მერე რა?!“

გიფიქრია, რომ ბედნიერება ყველაზე გემრიელი მაშინაა, როდესაც მიზეზი არ აქვს? აი ასეთ, უბრალო, არსაიდან მოსულ ბედნიერებას განვიცდი, თავისუფლებაში, რომ ირევა ისეთს.

წითელი


„საზოგადოს ვერაფერს ვიტან, მძულს ემოციები, რომლებიც ნაწილებად იშლება ირგვლივ და ათასობით ადამიანი გულმოდგინედ კრეფს.“ – ვუჩურჩულე ყურში.

ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა, კედელს უყურებდა გაშტერებული თვალებით, შემდეგ წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო.

სიგარეტი მოვქაჩე, კმაყოფილი მივაწექი სკამის საზურგეს.

„მიყვარს ყველა ვისაც ვუყვარვარ.“ – მითხრა და ფანჯარასთან შეჩერდა. – „შენ გინდა მითხრა, რომ ეს ტყუილია?“

გამეცინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას მიპასუხებდა. სწორად ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და ეწყინა, ამან გამახარა, შურისძიების სურვილით ვიყავი განმსჭვალული, მინდოდა ფეხქვეშ გამეთელა მისი კეთილგანწყობა, კეთილშობილება, ყველა გრძნობა, რომელიც „სიკეთესთან“ იყო კავშირში.

„ტყუილი… რა შუაშია ტყუილი, რატომ ხდი სიყვარულს საზიაროს მეთქი ეს ვიკითხე“ – ვუპასუხე მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ.

„ყველა ვისაც ვეუბნები, რომ მიყვარს, მიყვარს ერთნაირად.“

„ამას ვგულისხმობ, საკუთარ გრძნობას აუფასურებ. ის რაც ყველას აქვს ნაკლებად მოთხოვნადია ხოლმე.“ – შევეცადე ამეხსნა.

„ხელები ყველას გვაქვს, მაგრამ ვისაც არ აქვს უბედურია, მაშინ მითხარი რა ღირს წყვილი ხელი?“ – მითხრა და საათისკენ გაექცა თვალი.

„უაზრო მაგალითია.“ – ვუპასუხე და გავიფიქრე, რომ ჩემდა გასაოცრად საინტერესო პასუხი გამცა.

„ხედავ?!“ – მითხრა გამარჯვებული სახით, მაჯის საათს დახედა და განაგრძო – „უნდა წავიდე.“

გავუღიმე და დავემშვიდობე.

ვიცოდი, რომ 7 საათზე ქონდა შეხვედრა.

წიგნების მაღაზიის მფლობელი იყო, თავადაც წერდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით ქალბატონებში. ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე შეხვედრას მართავდა მკითხველებთან, წინასწარ მომზადებულ რამდენიმე ფურცლიან ნაშრომს კითხულობდა ხოლმე.

სწრაფად ჩავიცვი, გასაღები ავიღე ხელში და კარები გამოვიჯახუნე.

ათობით ადამიანი ირეოდა ოთახში, ის კი მაგიდასთან იჯდა და ფურცლებს ჩაჰყურებდა, თავისუფალ სკამს მოვკარი თვალი, მაგიდაზე სასმელი იდო, მოვიხიბლე გარემოს გაფორმებით, მარტინი ავიღე და უკანასკნელ სკამზე ჩამოვჯექი.

რამდენიმე წუთში უკვე ყველა ადგილზე იჯდა.

გაიღიმა, თმა მარცხენა ხელით გადაიწია, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ნაიარევს მოვკარი თვალი, რომელზეც არასოდეს არაფერი უთქვამს და რომელიც გონების დაბინდვამდე მიყვარდა. ნერვიულმა კანკალმა ამიტანა, ტანზე ეკალმა დამაყარა და შევეცადე ღრმად მესუნთქა, უცნაური განწყობა დამეუფლა, ისეთი დამპალ წინათგრძნობად რომ ვნათლავ ხოლმე.

მუსიკა ჩართო, მაგიდაზე სანათი ედგა, გარეთ უკვე გვარიანად ბნელოდა და მისი სახის გარჩევა ვეღარ შევძელი.

ისევ თმა გადაიწია, ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა „მოგესალმებითო“ და ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო კითხვა.

„უკიდეგანო გადაღლის შეგრძნებით მიწოლილიყო სავარძელზე, სიცივისგან გამსკდარ ტუჩს იქამდე კვნეტდა სანამ სისხლის მლაშე გემო არ იგრძნო, საჩვენებელი თითი მიიტანა პირთან და სისხლით შეფერადებულ ანაბეჭდებს დაუწყო თვალიერება.

ადამიანების ქონის მანიით იყო ავად. ყველა ვისაც ისურვებდა, ვისაც თითს დაადებდა მისი უნდა გამხდარიყო ნებისმიერ ფასად.

…იმედგაცრუებები ერთი მეორის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს.

***

ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. თოვლის ბაბუის არასოდეს სჯეროდა, მისთვის არასოდეს უთქვამთ არსებობსო, როდესაც გაიგო, უკვე იცოდა, რომ მითს უყვებოდნენ.

ბალიშის ქვეშ რამდენიმე შოკოლადი დამალა ბავშვობის ყველაზე სანუკვარი მოგონების გაცოცხლების მიზნით, იმ შოკოლადების გემო დღემდე ახსოვდა, არასოდეს უკითხავს ვინ დატოვა ისინი იქ, სიმართლის მოსმენა არ სურდა და იმიტომ.

„დალახვროს ეშმაკმა“  – ჩაილაპარაკა – „ნუთუ ასეთი რთული იყო ტყუილის თქმა?!“

სარკესთან მივიდა, თითის წვერებზე აიწია, საკუთარ თავს გამომცდელი მზერა ესროლა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ნაზად ააყოლა ფეხი მუსიკას და თვალები დახუჭა.

დიდ ხანს ემზადებოდა ამ დღისთვის, დღისთვის, როდესაც ნაძვის ხეს დადგამდა და პირველ სათამაშოს ჩაუთქვამდა სურვილს.

საკუთარი სურვილების გამო სირცხვილით იწვოდა, ამიტომ არასოდეს, არასოდეს ჩაუთქვამს ის რაც ნამდვილად უნდოდა.

„ეს ეგოიზმია“ – იმართლებლდა ხოლმე თავს – „გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს ვიდრე ჩემი ხუშტური.“

წელს სხვანაირი იყო, საკუთარი თავისთვის გაძვირფასებული, შეუდარებელი, გემრიელი.

მალე მისი ტუტუცი ხუშტურების წელი დგებოდა.

წითელი არაფრით გამორჩეული ბურთი აათამაშა ხელში, ჯერ კიდევ შიშველ ნაძვის ხესთან მივიდა და პირველივე ტოტზე დაკიდა.

***

რამდენიმე წელიწადში მისი ნაძვის ხე ათობით წითელ ბურთს ითვლიდა, ათობით ადამიანის სული ეკიდა მის სახლში წინა საახალწლოდ.

ადამიანების ქონის მანიით იყო ავად.

მოძველებული სულები ჩამოხსნა ტოტებიდან და ნამსხვრევებად აქცია.

კაკუნი შემოესმა, არავის ელოდა, დამფრთხალმა გაიხედა ჭუჭრუტანიდან და ნაცნობ, კარგად დავიწყებულ სილუეტს მოკრა თვალი. კარები ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გააღო, ხელში მისი ბურთი ეჭირა დასამსხვრევად გამზადებული.

სახლში შეიპატიჟა, წინ გაუძღვა და სავარძელზე მიუთითა. სიგარეტს მოუკიდა და გამომწვევად დაიწყო ბურთის ხელში თამაში.

„ეს ესაა სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანე“ – უთხრა კმაყოფილი ხმით.

„გეშლება. დიდი ხანია.“ – უპასუხა იმან ვის სულსაც ხელში უაზროდ ათამაშებდა.

ბურთს ხელი გაუშვა და ის წითელ ნამსხვრევებად გაიფანტა ოთახში.

„წელს ჩემი სურვილი სანაგვეზე მოისროლეს.“ – წაისისინა – „მე კი არასოდეს ვმეორდები.“

მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ იატაკზე ნამსხვრევებად გაშლილმა უცნობმა ფურცელი გაუწოდა „დღეს ამას წავიკითხავ“ – უთხრა დაძაბული ხმით.

„რაზე წერ? ბედნიერებაზე? სასწაულებზე? ჯადოსნურ არსებებზე? ახალ წელზე? სიყვარულზე?“ – იკითხა ამრეზით, რამდენიმე წუთში კი განაგრძო – „საზოგადოს ვერაფერს ვიტან, მძულს ემოციები, რომლებიც ნაწილებად იშლება ირგვლივ და ათასობით ადამიანი გულმოდგინედ კრეფს.“

უცნობი კარებამდე მიაცილა და ახალი ბურთის თვალიერება დაიწყო „ვინ? ვინ? ვინ?…“ ჩურჩულებდა ბრაზმორეული ხმით.

დიდ ხანს იდგა გაუნძრევლად, შემდეგ ნაძვის ხესთან მივიდა,  ბურთი ტოტზე ჩამოკიდა „არავინ“–ო რამდენჯერმე გაიმეორა და ოთახში გაშლილ ნამსხვრევებზე შიშველი ფეხით გაიარა.

საწოლში შეწვა, ბალიში აწია, შოკოლადები დაყარა და ემოციებისგან დაცლილს ჩაეძინა.“

გარეთ გამოვედი, აკანკალებული ხელით მოვუკიდე სიგარეტს და ქუჩას გავუყევი.