კინაღამ


დასაწყისი უღიმღამო იყო, ვერაფერი გავიგე, შუა გზაში მყოფმა კი გადავწყვიტე, რომ სანაცვლოდ დასასრული იქნებოდა გრანდიოზული, იმის დასასრული, რასაც განსაკუთრებულად სენტიმენტალური ადამიანების აზრით დასასრული არ აქვს.

მიყვარს დიდი ხნის „ტყვეობის“ შემდეგ თავისუფლება, რომ შემეპარება ხოლმე, სიამოვნებით რომ მინათდება თვალები, მზერა ისევ ცივი და უემოციო, რომ მიხდება და სიგარეტის თითოეულ მოქაჩვას მთელი ტანით, რომ ვგრძნობ.

დასასრულის წარმოდგენაზე კმაყოფილებისგან ტუჩს ვიკვნეტ, სათნოდ ვიღიმი ყოველთვის, როდესაც „ის“ თავად მიბიძგებს ფინიშისკენ, ტაშს ვუკრავ და ბრავოს ძახილით ლამისაა ხმა სამუდამოდ დავკარგო, თუმცა მომწონს როდესაც დაძაბულობისგან ხმა მეცვლება, მიბოხდება, უცხოობის შეგრძნება მაქვს ხოლმე, მე კი ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემ სხეულს ჩემთვის უცხო და ახალი პერსონაჟები სტუმრობენ.

დანამდვილებით ვიცი, რომ წინა ცხოვრებაში მეც ის ვიყავი, ვინც მოუთმენლად ელოდა სასწაულის დასაწყისს და დასასრულის წარმოდგენაზეც კი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ის ვიყავი ვისაც სჯეროდა, რომ სამყარო იყოფოდა სამად – მე, ის და ყველა დანარჩენი. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა სამყარო ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ორ ნაწილად იყოფა, წინა ცხოვრებისგან განსხვავებით კი, მისი სამად დაყოფის სურვილით არ ვიწვი.

მგონია, რომ ნახევრებად, მეოთხედებად, მეათედებად ვიბადებით ხოლმე, შემდეგ ქვეცნობიერად მივისწრაფვით გამთლიანებისკენ, გზად იმდენ უსარგებლო ნაწილს ვირგებთ, რომ ძებნის ინსტინქტი გვიქვეითდება და ბოლოს ბედს ვეგუებით – დიდად არ მიხდება, მაგრამ არაფერია არგუმენტით. მრავალი ცხოვრების შემდეგ კი იმდენ ნაწილად ვართ გაფანტული სამყაროში, რომ გამთლიანების იდეა შეუსრულებელ მისიად გვეჩვენება და წინა ცხოვრებებში განცდილი გადაღლსიგან დამოუკიდებლობის ფასს ვიგებთ – „დაე, ერთ დროს მთლიანობად შეკრულმა და შემდეგ გაფანტულმა მეებმა ერთმანეთი უჩემოდ იპოვნონ, მე ამ ცხოვრებაში სასწაულები აღარ მჭირდება.“ ერთ დღეს კი იმდენად მოგვბეზრდება ეს დაუსრულებელი ძიების პროცესი, რომ ყველა მთლიანობად ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა გონმა ნაწილაკად ჩაგვიფიქრა და უკანასკნელ ცხოვრებას ვიცხოვრებთ. სად წავალთ შემდეგ? სადმე სადაც, არ გვეტყვიან, რომ დაუსრულებელი პროექტი ვართ.

დასასრული ვახსენე, ჰო, ჩემი წინა ცხოვრებებისგან განსხვავებით დასასრულის აღნიშვნა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, ოღონდ თუ ღმერთი გწამთ ამას ქელეხს ნუ უწოდებთ, ნუ შეურაცხყოფთ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ზეიმს, ან უფრო ზეიმებს.

მტანჯველი სენისგან ვთავისუფლდები, ცინიკური ღიმილით ვუყურებ ყველას ვინც იმის მოხდენას ცდილობს, ვინც მიუხედავად მრავალცხოვრებიანი გამოცდილებისა ვნებიანობის ჟამს საკუთარ ნაწილაკად მივიჩნიე და სულელურად, თითქოს გამოუცდელი, სამყაროში ახლად გატყორცნილი, ტუტუცი მოლეკულა ვყოფილიყავი ისე შემიყვარდა.

ისევ ავცდი დასასრულის იდეას, არადა დღეს უნდა ვიზეიმო.

იმას ვამბობდი, როგორ მიყვარს ჯერ კიდევ საკუთარ განუმეორებლობაში დარწმუნებული, ათრთოლებული დაუსრულებელი პროექტების ნახვა, რომლებიც იმას იზომავენ გასახდელში ვინც კინაღამ სამუდამოდ დამიბნელა გონება და კიდევ ერთი სიცოცხლისთვის გამწირა.

კარგი სიტყვაა არა კინაღამ?!

Advertisements

4 thoughts on “კინაღამ

  1. რახან ბოლო ფრაზა შეკითხვაცაა ნაწილობრივ, შევეცდები მე გაგცე პასუხი : არ მიყვრას სიტყვა კინაღამ, რადგან ის არ ითვლება . . . 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s