ფსონი


შავი საღებავით შეგიღებავ თითებს და მოგთხოვ, რომ ყველა კედელზე შენი ანაბეჭდი დატოვო. 
”მწვანე ფერიას” დავლევ, აბზინდას, ანისულის, კამისა და ალკოჰოლის ნაერთით დავთვრები.
არეული გავიხურავ კარებს, სიბილასთან მივალ და ოთახის კუთხეში მივესვენები, შენ ანაბეჭდებს მივუტან და ვეტყვი, რომ მზად ვარ მის მოსასმენად. ტუჩზე თითს მიიდებს, ფარდებს ჩამოაფარებს, სანთელს აანთებს და გამომწვევი ღიმილით მიპასუხებს, რომ ფორტუნამ უკვე გაგასხვისა. მაგიდაზე ოცნებებს დავყრი ფსონის სახით და მოვთხოვ, რომ სამივე მოირას უხმოს. თვალს გამისწორებს და ჩურჩულით მკითხავს ”ხვდები რას აკეთებ?” არაფერს ვუპასუხებ, მის წინ დავჯდები, სიგარეტს ამოვიღებ და კვამლით გაჭვარტლული სიტყვებით გამოვცრი ”გელოდები!”
სამივე ხელის ცეცებით მოუჯდება მაგიდას, შენი ძაფის ძებნას დავიწყებ ათას ხლართს შორის, სიჭრელით ვიცნობ და მოვთხოვ შეწყვიტონ მისი იისფერთან გადაბმა.
სიბილა სიგარეტს მაგიდაზე გაშლილ ოცნებებს ჩააწვავს და კარტის დარიგებას დაიწყებს. გადმოიხრება და ყურში მიჩურჩულებს ”წააგებ!”
დედოფლების დანახვისას სუნთქვა შემეკვრება.
სათითაოდ დავიწყებთ კარტების გახსნას, დედოფლებს მაგიდაზე დავყრი და წამებს დავითვლი, შვიდამდე, რომ ავალ შენ ძაფს იისფერთან კიდევ ერთი კვანძით შეკრავენ და მაგიდაზე ტუზებს დაყრიან.
ჩემ ოცნებებს კი სათითაოდ ჩაუძახებენ პატარა ტომარაში.
იმედების ჯიბეს ამოვიცარიელებ და გამყინავი მზერით მოვითხოვ გამეორებას.
სიბილა შეშინებული გადმომხედავს და კარტს არევს.
ისევ შვიდამდე დავითვლი…
ჩემი ბედისწერის ძაფს შავ საღებავს გადაუსვამენ.
გულის ჯიბეში შენახულ ბედნიერებას დავდებ მაგიდაზე ხელის კანკალით…
წამოსვლისას ჩემ კუპრივით შავ ბედისწერას შევხედავ და მისი სიგრძე შემშინებს.
შიში არ იყიდეს.
სიბილა მხარზე ხელს დამადებს, მეტყვის ”ბედისწერას არ უნდა ეთამაშო!” და მაგრად მოხურავს კარებს.
სახლში მისული სარკესთან დავჯდები და ანარეკლით დავიწყებ  შენი ანაბეჭდების თვალიერებას, იისფერ საღებავს ვიყიდი და კედლებს გადავღებავ.
მზის ამოსვლისთანავე არეული ნაბიჯით გავუყვები ქუჩას, მაღაზიაში შევალ, ყველა ჭრელსა და შავ ძაფს ვიყიდი. სახლში მისული მაგრად გადავაბამ ერთმანეთზე, ჭერზე ჩამოვკიდებ და სკამზე ავალ.

Advertisements

8 thoughts on “ფსონი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s