სტადია


წუხელ ცხელება დამეწყო, ღამე ემბრიონის პოზაში გავატარე, გონება ამერია, ჩამოუყალიბებლად ვფიქრობდი, ავირიე. წუთები საუკუნეებად გაიწელა, გამთენიისას ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ თვალი მომჭრა და ოდნავ მოცოცხლებულმა გადავწყვიტე კლინიკაში წასვლა.
კლინიკა ჩემი დროებითი საცხოვრებლიდან 1 კილომეტრში იყო, თბილად ჩავიცვი, ძველი ქუდი დავიხურე, ყელი შევიხვიე და მუხლამდე თოვლში ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს.
ამღვრეული თვალებით ძლივს გავყურებდი ნისლიან ჰორიზონტს, თავში ციფრები, ფერები, სახელები ირეოდა. გასამხნევებლად სიმღერა დავიწყე, გონების გათიშვა, რომ არ გამომრჩენოდა.
ნახევარი საათი მოვანდომე დანიშნულების ადგილამდე მისვლას. სუნთქვა შეკრული ჩამოვჯექი კლინიკის კიბეზე და დასვენება გადავწვიტე, საფეხურები ზედმეტად მაღალი მეჩვენა და ხმამაღლა დავიწყე გამეორება ”ვერ ავალ, ვერ ავალ!”
ცოტა ხანში ისევ სიმღერა დავიწყე, ვუყურებდი ორთქლს, რომელიც პირის ყოველი გაღებისას ბგერებს მოყვებოდა, სიგარეტზე მონატრებულმა წარმოვიდგინე, რომ კვამლს ვუშვებდი პირიდან და წყლის ადუღებას ველოდებოდი ყავის დასასხმელად, ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ არაფერი შეცვლილა, ისევ ძველ სახლში ვცხოვრობდი, ისევ ვიჯერებდი თავს, რომ კარგად ვიყავი, ისევ მეგონა, რომ ჩემი იმუნური სისტემა, რომლითაც ბავშვობიდან ვამაყობდი თავის საქმეს პირნათლად შეასრულებდა, სანამ არ მომაკითხეს და დროებით საცხოვრებელში გადაყვანა არ შემომთავაზეს, თავიდან უარი განვაცხადე, შემდეგ შემოთავაზება მოთხოვნად იქცა და მეც ქალაქიდან მოშორებით გადაკარგულში ერთი ოთახი გამომიყვეს. თავიდან ბევრნი ვიყავით, ნელ-ნელა ყველა გაიხვეტა გაურკვეველი მიმართულებით, კითხვებს არასოდეს ვსვამდი, არავისთან შევსულვარ კონტაქტში, ერთმანეთს გამარჯობასაც არ ვეუბნებოდით და როგორც კეთროვნები ისე ვარიდებდით თვალს. წარმოვიდგინე, რომ ერთ ღერს მოვწევდი, ყავას მოვსვამდი, აუჩქარებლად ჩავიცვამდი ტანსაცმელს და შემოჩენილი გადაღლილობის წყევლით გავუყვებოდი ქუჩას ტრანსპორტის მოლოდინში. ვუშვებდი ორთქლს და ვგრძნობდი როგორ უერთდებოდა კვამლის სურნელი ჯერ ჰაერს, შემდეგ კი კოფეინს.
დროის აღქმა დიდი ხნის წინ დავკარგე, რამდენ ხანს ვიჯექი გაუნძრევლად კიბეზე არ ვიცი, თითებში სილურჯე შემეპარა და ნიკაპის კანკალი დამეწყო, რაღაც მომენტში გონება გამინათდა და მივხვდი, რომ გზა უნდა გამეგრძელებინა, კიდევ ერთხელ შევავლე კიბეს თვალი და აუჩქარებელი ნაბიჯით დავიწყე ასვლა.
ცოტა ხანში კარებთან ვიდექი, გახშირებულად ვსუნთქავდი, ჰაერის ჩასვლასა და ამოსვლას ბრონქების ზუზუნი მამცნობდა, კარების სახელურს ჩამოვეკიდე, ძალა მოვიკრიბე და მისაღებში შევედი.
ოთახში არავინ იყო, რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიწიე და მაგიდას მივუახლოვდი, მოხუც ქალბატონს მოვკარი თვალი, მივესალმე და ვუთხარი, რომ ექიმის ნახვა მინდოდა. არაფერი უკითხავს, გამომყევიო მითხრა და გრძელი დერეფნის ბოლოსკენ გამიძღვა. ოთახში შემიყვანა, სკამზე დამსვა და მთხოვა დავლოდებოდი.
ხუთ წუთში სკამზე ჩამომეძინა, კარების ხმაზე შევფხიზლდი, გავსწორდი და ოთახში შემოსულ ექიმს მივესალმე, საპასუხოდ მომესალმა, სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა და მხოლოდ შუბლისა და თვალების დანახვა შევძელი. მაღალი შუბლი ქონდა, რამდენიმე ნაოჭით, ქუთუთოები უძილობისგან შეისებული. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მომეჩვენა რომ გამიღიმა, 1 წამით, გაუცნობიერებლად მაგრამ გამიღიმა.
სიცხე გამიზომა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. კიდევ ცოტა ხანს ვიჯექით ჩუმად, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, რომ ამჟამად ვერაფრით დამეხმარებოდნენ და 2 კვირაში მივსულიყავი. ”კიდევ ორ კვირას ვერ გავძლებ” გავიფიქრე დანანებით, თუმცა არაფერი მითქვამს, პროტესტის გამოთქმის უნარიც წართმეული მქონდა, როგორც დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება, ხელი გავუწოდე დამშვიდობების ნიშნად და ოთახიდან გამოსული  დერეფანს გავუყევი.
მისაღები ცარიელი იყო. ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი, კიბეზე ჩამოვჯექი და დაჟინებით დავიწყე ორთქლის გამოშვება, ”სიგარეტს ვეწეოდი” ნერვების დასამშვიდებლად.
დიაგნოზი არ მიკითხავს, ისედაც ვიცოდი, რომ უკვე დიდი ხნის წინ გაჩენილი დაავადების მუტაცია განცდილი ფორმა მქონდა.
სახლში დავბრუნდი, გაუხდელად შევწექი ლოგინში, საბანი თავზე დავიფარე და ჩამეძინა. თვალები, რომ გავახილე უკვე ღამე იყო და მივხვდი, რომ წინ ისევ საუკუნეებად გაწელილი ჯოჯოხეთი მელოდებოდა.
ისევ ჩემი გასხეულებული ავადმყოფობისთვის მომინდა თვალის შევლება, რვეული გადავშალე და შევეცადე მეპოვნა დღე, როდესაც პირველად გამოვლინდა სიმპტომები.
ზაფხული იყო, იმედიანი განწყობით ვუყურებდი მომავალ 2 თვეს, ჯერ კიდევ ჩემ სახლში ვცხოვრობდი, როდესაც გამთენიისას ოთახში სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი, შემდეგ ჰაერს ფერები შეერია, უცნაურად გაიდღაბნა, კედლებზე ციფრები გაჩნდა და შემაფხიზლა.
დილაობით გაღვიძება აღარ მიჭირდა, გაფერადებული კედლების მოლოდინში ჯერ კიდევ რიჟრაჟზე ვიღვიძებდი ხოლმე.
ბედნიერება მტანჯველ შეგრძნებად მეპარებოდა. – ეს პირველი სტადია იყო. როდესაც ავადმყოფი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ავადაა.
ცოტა ხანში ბედნიერების პირვანდელი დოზა აღარ გყოფნის, მეტი გინდა და ცდილობ ხელვნურად შეიქმნა წარმოდგენა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს, კმაყოფილებას გაგრძნობინებს და გულს აგიჩქარებს.
ავადმყოფობა მწვავდება, გესლის დოზას ამცირებს, იშვიათდება, ყოველი ახალი გამოჩენისას კი იმაზე მეტად ფეთქდება ვიდრე წინაზე, იმაზე მაღლა აყავხარ ვიდრე ოდესმე და შემდეგ ეშვები, ნელა, აუჩქარებლად სანამ ქვესკნელის ძირს არ მიუახლოვდები, ამ დროს ისევ მძლავრად გკრავს ხელს და ცაში გიტაცებს.

აგვისტოს ერთ-ერთ ჩანაწეს მივადექი: ”მიყვარს შენი გრძნობები, რომ ფეთქავს ჩემ ყელში, როდესაც შენზე ვკითხულობ. წინადადებებად, გაცვეთილ, გახუნებულ, ყელში ამოსულ გრძნობებად იღვრები და თავს შეუდარებელ, არაჩვეულებრივ, განუმეორებელ ადამიანად მაგრძნობინებ.

მაფერადებ ისე როგორც საღამოობით მზე ჰორიზონტს და ახალი დღის იმედს მჩუქნი.

ეჭვებად იშლები ფიქრში და უგუნებობის განაჩენი გამოგაქვს.”

შემაცია, ხელები გამეყინა და კანკალმა ამიტანა, ავადმყოფბის უკანასკნელ სტადიად შევრაცხე შავად გადმოღვრილი სურნელი ჩემ კედლებზე.

ოთახის კუთხესთან მივედი, უჯრა გამოვაღე, საგულდაგულოდ შეფუთული ყუთი ამოვაძვრინე, რომელიც სწორედ ამ მომენტისთვის მქონდა შენახული. სიგარეტის კოლოფი ხელის კანკალით ამოვიღე და მოვუკიდე, კვამლი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, არყის ბოთლი გავხსენი, დავყნოსე, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და მოვიყუდე. ეს ხელოვნური აგონიის გამოწვევის მცდელობა იყო.

იატაკზე დავწექი, ჭერს დავუწყე ყურება და განვლილი პერიოდის განმავლობაში ყველა ფიქრი თავიდან ვიფიქრე, სიტყვები ამოვკრიფე და წინადადებები შევადგინე, ეჭვები დავადასტურე, მოვიბეზრე, ყოველი ახალი ნაკლის პოვნისას მის ფერად სახეზე შავი საღებავის გადასმა დავიწყე სანამ მისგან შავი უფორმო მასა არ დარჩა.

შუა დღისკენ გამეღვიძა, პულსი გავისინჯე და მისი მონოტონური ბაგა-ბუგით მივხვდი, რომ ავადმყოფობით დავამარცხე ავადმყოფობა.

უეცარი სიხარული ვიგრძენი.

რამდენიმე დღეში სახლში დავბრუნდი. დილით ვეღარ ვიღვიძებდი, ისევ მომავალი დღის წყევლით ველოდებოდი ტრანსპორტს, ისევ ვეწეოდი სიგარეტს უგემურად. სისხლში დაავადების ნარჩენებს ვეძებდი და ნიშნის მოგებით ვიმეორებდი, რომ მე შევეძელი მისი დამარცხება, ვიმეორებდი კმაყოფილების გარეშე.

Advertisements

2 thoughts on “სტადია

  1. შენს პოსტებზე კომენტარებს ვერ ვწერ.ვუყურებ,ვუყურებ და იმდენად ვარ ემოციებში ჩაფლული,რომ აზრებს ვერ ვალაგებ.
    შენი ბლოგი ჩემი ერთ–ერთი ფავორიტია და არ არსებობს პოსტი,რომლის შემდეგაც არ ვიჯდე და ვფიქრობდე.
    ვოტ :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s