ძვირფასი


მზერას ვგრძნობ, ჩემივე მზერის შეხებას კანზე. ფიქრები ცვლიან ერთმანეთს და ზეციდან ქვესკნელში საოცარი სისწრაფით ვეშვები.
გზაჯვარედინზე ვზივარ და ვერაფრით გადამიწყვეტია საით წავიდე, გავუჩინარდე თუ უკვე სანახევროდ განვლილ გზაზე განვაგრძო სიარული. მინდა გავქრე, იმისთვის, რომ დილით, ჯერ კიდევ გამოფხიზლებამდე შემოჩენილი თავისუფლების შეგრძნება შევინარჩუნო. თავისუფლება, რომელიც სურვილების მსხვრევის შემდეგ ვიგრძენი და საკუთარი თავი დავარწმუნე გადაულახავ კედელს მივადექი მეთქი. საზღვრების გამიჯვნა ნიშნავს ჩემთვის თავისუფლებას, როდესაც ვიცი, რომ მივადექი დასასრულს და დიდი ხნის ნაშენები ილუზიები მენგრევა თავზე. ვინ თქვა, რომ თავიუფლება აუცილებლად პოზიტიური შეგრძნება უნდა იყოს?!
მგონია, რომ ჩემი ცხოვრება დიდი სიმაღლიდან გაფრენილი ბუმბულია, ხან არსაიდან მოსული ნიავი, რომ ააფრენს ცაში, შემდეგ კი მძლავრი ქარი რომ მიაქანებს მიწისკენ. ვიცი, რომ მიწაზე აღმოჩენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად ამოვარდება ქარი, ცოტას მახოხიალებს და შემდეგ ისევ ჰაერში ამიტაცებს. მე ამას ვეძახი იმედს.
ჩემი თითოეული ოცნების ასრულების შანსი გუშინ განვსაზღვრე, როდესაც უჯრიდან იარაღი ამოვიღე, მდელოზე გავედი და მზეს ვესროლე, შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი: ”ეს მეტი თვალსაჩინოებისთვის, შენი ყველა მიზანი და სურვილი მზის იარაღით მოკვლის მცდელობაა, წარმატების იგივე შანსი აქვს!”
ამის მიუხედავად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში ნაძვის ხეზე ჩემ საყვარელ სათამაშოს, უკვე ყურმოტეხილ და გახუნებულ გარმონიან დათუნიას ჩამოვკიდებ და სურვილს ჩავუთქვამ, იმ სურვილს, რომლის გადმოცემაც სამი სიტყვით შეიძლება ”მინდა მზე მოვკლა” და უსაზღვრო კმაყოფილებას ვიგრძნობ იმის გამო, რომ სურვილის ფორმულირება აბსოლუტურად ასცდება მის შინაარსს.
გარშემომყოფებს დაჟინებით მივუთითებ გარდაცვლილი იმედების გვამებზე, იმისთვის, რომ საკუთარი თავის დარწმუნება შევძლო რეალობის სისასტიკეში. სინამდვილეში კი იმედებისგან შევდგები, ცოცხალი, ცინცხალი, სრულყოფილი იმედებისგან. ამის გაცნობიერებისას დადებითად განმსჭვალული ვცდილობ ბრალის გამოსყიდვას და სხვებს ილუზიების გამყარებაში ვეხმარები, ყველაფერზე კვერს ვუკრავ და ვპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროსაც ვცოდავ. მე ისევ მიჭირს ბალანსის დაცვა და ხან ერთი რადიკალიზმის დიაგნოზით ვარ ავად, ხან მეორე.
”იმდენად გავიშვიათდი, რომ წარმოსახვით სცენაზე ასვლა მჭირდება საკუთარი თავის როლის მოსარგებად” – გავიფიქრებ და სკამზე შევდგები, შემდეგ ერთი ნაბიჯით მაღლა ავიწევ.
ნახევარი საათში აღმოვაჩენ, რომ სინამდვილეში მუნჯი ვარ და ყველაზე რთული საკუთარი თავის თამაშია.
საკუთარი ბრჭყვიალება მჭრის თვალს და კმაყოფილს მეღიმება, ძვირფასი ვარ. 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s