სიტყვა


”თაყვანი ეცით! შეიყვარეთ! მოსუმინეთ! აღიარეთ!” – ყვირის ეშხში შესული წამყვანი, მე უკანა რიგებში მაქვს ადგილი დაკავებული და ვცდილობ მაქსიმალურად ინდიფერენტული გამომეტყველება შევინარჩუნო, ყველას ვაგრძნობინო, რომ ჩემი იქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ დაკვირვებაა, დაკვირვება მასასა და მაესტროზე. სინამდვილეში კი ვხვდები, მეტიც ვიცი, რომ მეც იმ დუჟმორეული მასის ნაწილი ვარ. მხოლოდ ერთი რამ განგვასხვავებს – პრინციპები, მე პრინციპულად უარვყოფ ადამიანის გაფეტიშების იდეას, ვცდილობ განურჩევლობის ნიღაბი მოვირგო და ყველას დავანახო, რომ მე ერთი საფეხურით მაღლა ვარ.

მაესტრო არავის უნახავს, ის გაუნათებელ სცენაზე გამოდის კვამლში გახვეული და დარბაზში მხოლოდ მისი ხმა ისმის.

ათასობით ჭორის მიუხედავად ჯიუტად ვცდილობ შევინარჩუნო ჩემი პირადი წარმოდგენა მასზე და თუ ოდესმე გადაწყვეტენ შუქის ანთებას თვალები მაგრად დავხუჭო გარდაუვალი იმედგაცრურების შიშით. ”მას სიფრიფანა სილუეტი აქვს, საშუალო სიმაღლისაა, ბოხი ხმა აქვს, რომელიც ჩემ წინა გატაცებას მაგონებს, კანი ზედმეტად თეთრი, თვალები განაცრისფრებული, ცხვირი წვრილი, ისეთი, როგორიც ჩემ ალექსანდრე მაკედონელის ბიუსტს აქვს, თითები თხელი, წვეტიანი მუხლები, გამყინავი გამოხედვა და თავზე კითხვის ნიშნის ფორმის კვამლის ღრუბელი.

კანი ნიკოტინით აქვს გაჟღენთილი, გამოსვლის წინ ალკოჰოლს ეძალება და მის სიახლოვეს ყოველთვის იგრძნობა მსუბუქი სპირტის სურნელი.

წვეტიანი ნიკაპი, ჩვეულებრივზე უფრო შავი თმა თვალისმომჭრელ კონტრასტს ქმნის გაფითრებულ კანთან, ხელები შეუმჩნევლად უკანკალებს და ფრჩხილქვეშ შემაძრწუნებელი სილურჯე აქვს შეპარული, ტუჩებსაც მუდმივად გადაკრავს თეთრში არეული ლურჯი.

მაჯაზე ყველა ძარღვი ეტყობა და თეთრ კანს მოლურჯოდ უსერავს, ხშირად იღიმება, ოღონდ სხვანაირად, ერთბაშად აურაცხელი რაოდენობის ემოციას, რომ იტევს ისე. თვალებში არასოდეს გიყრუებს, საუბრისას მზერა ყოველთვის ერთ ადგილზე აქვს გაშეშებული.

შავი ფერი მისი ფავორიტია, მის ტანზე სხვა ფერის ტანსაცმელს ვერასოდეს მოკრავ თვალს.” – ლამის ხმამაღლა აღვწერ მის ჩემებურ ხედვას, ტაშის ხმა მაფხიზლებს, რამდენიმე წამში სრული სიბნელე ისადგურებს, სცენა კვამლით ივსება და წარმოვიდგენ როგორ მიდის ნელი ნაბიჯით მაესტრო სცენის შუაგულისკენ, სადაც ვიცი, რომ სკამი დგას, რომელზეც არასოდეს ჯდება, ტუჩები ძალიან ახლოს მიაქვს მიკროფონთან და მგონია, რომ ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მის სუნთქვას ვიგრძნობ.

დარბაზი დუმდება და ვხვდები, რომ რამდენიმე წამში მის ხმას გავიგებ, უკვე მერამდენედ არ ვიცი მაგრამ ყოველ ჯერზე მგონია, რომ პირველად მესმის, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და ”მიმიფურთხებია” გამომეტყველების შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება. თუ უცნობი ადამიანის სიყვარული შეიძლება, მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს, ოღონდ ისე არა, როგორც ჩემ გვერდით მდგომ ერთუჯრედიან არსებებს, არა, სხვანაირად და ვერავინ, ვერასდორს შეძლებს დამარწმუნოს, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

”გამოვსწორდები. შენი, ჰო, შენი ხათრით უარვყოფ ყველაფერს, დავიძინებ იმიტომ, რომ ძილად ღირხარ, ვიყვირებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ამას ელოდები, ყველას ვეტყვი, რომ გავსხვისდი იმაზე ვინც ჩემზე გასხვისდა. შენ არასოდეს იქნები სხვა, ვერასოდეს ვერავინ გიწოდებს ამ სახელს და მაშინაც კი თუ ჩემი ფლობის სურვილზე უარს იტყვი, მე გიპასუხებ, რომ ჩუქების ხელშეკრულებით უკვე შენი ვარ და მემკვიდრეობითაც კი ვერ გადავეცემი ვერავის.

განვსხეულდები თუ მეტყვი, რომ ჩრდილებს ვერ იტან, ყოველთვის როდესაც შორს იქნები სხეულს დავტოვებ და სილუეტად აგეკიდები. დამცინავად გაგეღიმება და მეტყვი, რომ ვაჭარბებ დაგეთანხმები და ბრძოლას გამოვუცხადებ შენ იდეებს და დამარცხებულიც კი გეტყვი, რომ ყველაფერი წინ გვაქვს.

ასეთი არასოდეს ვარ, საკუთარი თავის მიმართ განცდილი სიყვარულის ტალღით ირგვლივ ყველაფერს ვფარავ და შემდეგ სხვებისგან მიღებული ემოციები მომაკვდინებელ ნაზავს ქმნის, რაც მსუბუქი ლტოლვიდან ამრეზაში გადადის.

არ ვიცი რა ემოციების გაცემა შეგიძლია შენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენც ისევე გიყვარს საკუთარი თავი როგორც მე, ვიცი, რომ შენ სასჯელი ხარ და ვიცი, რომ შეუბრალებლად შეგიძლია ფეხქვეშ გათელო ის ვინც საპასუხო სასჯელად მოგევლინება.

განადგურება არ აგვცდება და მე მინდა ჩემი შენ ცხოვრებაში გამოწვეული გამანადგურებელი ძალისგან დაგიცვა, ანუ არ დავიძინო, იმიტომ რომ ძილად ღირხარ, არ ვიყვირო, როდესაც ვიგრძნობ, რომ ამას ელოდები, არ გავსხვისდე იმაზე ვინც ჩემზე გასხვისდება, ჩუმად ვიდგე როდესაც შენზე იტყვიან სხვა და გაგათავისუფლო საჩუქრისგან, რომლის ფლობაზეც უარს იტყოდი.

მე შენზე მეტი ვარ! ვერასოდეს მოვიშლი ჩემი თავის გაღმერთების ჩვევას, ვერასოდეს გავავლებ ზღვარს საკუთარი თავისა და შენ სიყვარულს შორის იმიტომ, რომ ერთნი ვართ, სწორედ ამიტომ არასოდეს მოგცემ უფლებას გასრისო ის ვინც ნაწილად გერგო და დარჩენილი ცხოვრება ნახევრად მკვდარმა გაატარო. ”

ავდექი და დარბაზი დავტოვე.

ხმის გამაძლიერებლით მისი სუნთქვა ვიგრძენი კანზე და ეჭვებით შეპყრობილი გავუყევი ბნელ დერეფანს.

სახლში მისული საწერ მაგიდასთან დავჯექი და დიდი ასოებით სათაურად დავწერე ”სიტყვა”. ვიფიქრე – ”თუ არასოდეს ვიქნები მუზა, მაშინ ავტორობით გამოწვეული ვნებით ჩავანაცვლებ ყელში მოწოლილი ეჭვნარევ ჟინს.”

Advertisements

4 thoughts on “სიტყვა

    1. ვერ ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის მუზა ვარ, თუმცა უმეტესად საკუთარ თავზე ვწერ. რაც შეეხება მუზას, შეიძლება ითქვას, რომ მყავს და ეს მე არ ვარ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s