ნაწილებად


ერთ დღეს ჩვენ შევერთდებით, შევეჯახებით ერთმანეთს ისე, როგორც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ანდრომედას გალაქტიკა შეეჯახება მშობლიურ რძიან გზას.
სხვანაირი ცა გვექნება, სხვა ფერების აღქმას შევძებთ, ახალი ჰორიზონტები გაგვეშლება თვალწინ.
ყველაფერ ახალს აუცილებლად ახლავს დაღუპვის რისკი, მე გეტყვი: ”თუ გადავრჩით…” შენ მიპასუხებ ”გადავრჩებით”.
”რისგან შედგები?” – გკითხავ მე.
”შენ?” – დამიბრუნებ კითხვას.
”მე შევდგები საყვარელი წიგნების პერსონაჟებისგან, საყვარელი ფილმების გმირებისგან, პრინციპებისგან, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება, ემოციებისგან, რომლებიც ყოველთვის ფარავენ საღად აზროვნების უნარს, თავმოყვარეობისგან, რომელიც საჭიროზე დიდი დოზით მაქვს, იმისგან როგორადაც ვხედავ ჩემ თავს და იმისგან როგორადაც მხედავენ სხვები. იმისგან, რომ შემიძლია ვინანო ყველა დაუფიქრებელი ნაბიჯი, იმისგან, რომ შემიძლია საკუთარ თავს ვაპატიო ყველაფერი, იმისგან, რომ აგრესიის მიუხედავად ყოველთვის ვაკეთებ იმას რაც მევალება და შემდეგ მრცხვენია საკუთარი აგრესიის და ვნანობ.
შევდგები ოჯახისგან, ჩემი დიდი ბებიისგან, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა, რომელსაც 5 ოფიციალური ქმარი ყავდა და არც ერთი შვილი, რომელიც საკუთარი თავისთვის ძალიან ძვირფასი იყო, რომელსაც ეჭვიანობის ნიადაგზე პირველმა ქმარმა ესროლა, რომელსაც სჯეროდა, რომ ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა მიეღო, რომელმაც ინანა, რომ შვილი არ ყავდა და რომელიც 80 წლის ასაკშიც კი თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა.
ბაბუაჩემისგან, რომელსაც უყვარდა ყავა და სიგარეტი, რომელსაც 4 ოფიციალური ცოლი ყავდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთში ცხოვრობდა და რომელსაც შვილი ყავს ფრანგი მედდისგან, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის მაგონებს.
მეორე ბებიისგან, რომელიც გადაჭარბებული ემოციების გროვა იყო, თუმცა თავდავიწყებით არავინ უყვარდა, იმისგან ვინც ბაბუაჩემის მესამე ცოლი იყო, თუმცა ეს პრაგმატული ხედვის გამო უფრო გააკეთა, იმისგან ვისაც არასოდეს სწამდა ღმერთი და ადრეულ ასაკში გარდაცვალების ჟამს ამბობდა, რომ საშინელ ზმანებებს ხედავდა ოთახში.
მეორე ბებიისგან, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ოჯახი, რომელსაც მძიმე ხასიათს აბრალებდნენ, რომელმაც მარტომ გაზარდა შვილი, რომელიც საკუთარი ძმის გამო კომისარიატის შენობაში შეიპარა და მისი ”საქმე” შეჭამა, რომელიც ზედმეტად თანამედროვედ აზროვნებდა და რომელსაც არაჩვეულებრივი ატმის ნახატებიან საზაფხულო კაბა ქონდა, რომლის გარდერობის სუნიც დღემდე მახსოვს და რომლის გვერდით წოლა დღესაც მენატრება. რომელიც მეუბნებოდა ”როცა მოვკვდებიო” და ყოველ ჯერზე ვტიროდი, რომელიც გარდაიცვალა და საკმარისად ბევრი ვერ ვიტირე.
მეორე ბაბუისგან, რომელმაც მთელი ცხოვრება ომში გაატარა, გადარჩა და ომიდან დაბრუნებული რამდენიმე წელიწადში უბედური შემთხვევისგან გარდაიცვალა. რომელსაც არ ვიცნობდი და რომელიც ვიცი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელმაც ვერ გაზარდა შვილი.
ჰო, კიდევ ჩემი დიდი ბაბუისგან, რომლის შეუბრალებლობაზეც დღემდე მესმის ლეგენდები და ჩემ დიდ ბებიაზე, რომელიც როგორც ამბობენ მასაც კი სცემდა შიშის ზარს.
ჰო კიდევ დედაჩემისა და მამაჩემისგან, რომლებიც დღემდე განაგრძობენ ახალი შემადგენელი ნაწილების დამატებას, რომელთა შეჯახების შედეგიც ვარ მე და იმ ცას ვხედავ, რომელიც მანამდე არ არსებობდა.
სამყაროებად ვიყოფით, ერთი უერთდება მეორეს.
შეერთებული გალაქტიკები იერთებენ სხვებს და ასე დაუსრულებლად.
შენ რისგან შედგები?”

 

Advertisements

10 thoughts on “ნაწილებად

  1. საინტერესოა.
    ზოგადად,საინტერესოდ წერ.
    მე ამჟამად ცარიელი ვარ,მაგრამ როცა ცარიელი არ ვარ–სავსე ვარ.ბევრი ბევრი ნაწილისაგან შევდგები.ბევრი მეებისაგან,რომლებიც ზოგჯერ ვერ ეწყობიან ერთმანეთს.
    ისე კი გარემო და ადამიანები,რომლებთანაც ურთირერთობა გაქვს,რათქმაუნდა გავლენას ახდენენ შენზე,ამიტომ მათგან შედგები.

    Like

    1. თითოეულ ჩვენგანს ალბათ ბევრი ”მე” ყავს, ასე ცხოვრება უფრო საინტერესოცაა, ცხოვრების კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ”მეს” ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ვინვ ამ ”მეების” ერთიანობას წარმოადგენს.

      Like

  2. როგორ მომწონს!!!!!!
    ატმის ნახატებიანი კაბა და საყვარელი ბებო… ❤
    მეც მყავდა ეგეთი ბებო, რომლის გარდაცვალებსას საკმარისად ვერ ვიტირე… მანამდე მეუბნებოდა ხოლმე, რომ მოვკვდები გული დაგწყდებაო? იტირებო? პასუხად სულ ვტიროდი და ვეჩხუბებოდი ნუ მეუბნები მაგას მეთქი… : (

    Like

    1. ამაზე გამახსენდა, რომ ერთი ბებო ეუბნებოდა ხოლმე ჩემს ძმას, რომ მოვკვები, ჩემი კუბოს წამღები ხომ იქნებიო. და ამან, ეგონა ასიამოვნებდა: კი, ცალი ხელითო 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s