carnificina


თიხის უფორმო მასა იყავი.
შეუასაბამო, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დეტალების გამოძერწვას ითხოვდი ჩემგან.
ბოლოს საკუთარი თავი თავად გამოძერწე და ერთხელ ოთახში შემოსულს მითხარი, რომ სრულყოფილი ხარ.
დაგეთანხმე, გაუცნობიერებლად, შენი გულის მოსაგებად, ყალბად დაგეთანხმე.
შენ ტკბობას მიეცი.
საკუთარი თავი ორმაგად გიყვარდა, როგორც თითოეულ ჩვენგანს – ეგოისტურად და როგორც შემოქმედს თავისი ქმნილება.
გრძელი, რთული სიტყვები ისწავლე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხმარობდი, მე ტაშს გიკრავდი.
დივანზე, ღვინის ბოთლით ახლად ჩაძინებულს თავზე დამადექი და მთხოვე სახელი დამერქმია შენთვის. ნარცისი გიწოდე, ბანალურიაო მითხარი და კარები უცერემონიოდ გაიხურე.
რამდენიმე საათში დაბრუნდი, ბედნიერმა გამიღიმე და თქვი: ”დღეიდან ენიუსი დამიძახე.”
გამეღიმა, არაფერი მითქვამს და წერა განვაგრძე.
საღამოს მთვრალი შემოვედი შენთან და გითხარი ”ენიუს კიდევ შექმენი რამე.”
დაბნეულმა გადმომხედე და მიპასუხე, რომ საკუთარ თავზე უკეთესს ვეღარაფერს შექმნიდი.
ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით, ბოთლი გამომართვი და მითხარი: ”შენ შექმენი რამე ენიუსზე.”
”საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისზე? იმაზე ვინც მამაც თვითონაა და შვილიც? იმაზე ვინც თავს რომაული პოეზიის მამის სახელი უწოდა? ვინც საკუთარი თავის ჩრდილში ცხოვრობს? მაგ ენიუსზე?”
გაუბედავად მითხარი ”ჰო.”
არაფერი მითქვამს, ცოტა ხანში ისევ ბოთლზე ჩახუტებულს ჩამეძინა.
რამდენიმე საათს იჯექი ოთახში და მაგიდაზე გაბნეულ ჩანაწერებს კითხულობდი, საკუთარი თავი ვერსად იპოვნე და ეჭვმა გაგკრა.
გამეღვიძა, ოთახის კუთხეში იჯექი და თავი კედელზე გქონდა მიყრდნობილი.
წამოვდექი, გვერდზე მოგიჯექი და გითხარი ”დავწერ.”
არაფერი მიპასუხე.

წერილების წერა ისწავლე, მაკითხებდი ხოლმე, მეც ტაშს გიკრავდი. ერთხელ უალკოჰოლო თრობით გონება არეულმა გითხარი, რომ მართლა მომწონდა, გითხარი და მივხვდი, რომ სიმართლეს ვამბობდი.

წერილებს ერატოს, თავად სასიყვარულო პოეზიის მუზას წერდი, უკითხავად დავასკვენი, რომ ეს მე ვიყავი.
შთაგონებად, ჩემ საკუთრებად გაქციე, ვიცოდი რომ ერთფეროვანი ვიყავი, შენ კი საკუთარი ანარეკლის ყურების ფუფუნების დაკარგვით შეშინებული უარყოფდი ამას.
გვიან ღამით მოხვედი სახლში, ფურცელი გამომიწოდე, წერის სტილი საკუთარს მივამსგავსე, აღფრთოვანებულმა შემომხედე და მითხარი ”ჩემზე წერს”. ”ვინ?” ძლივს გამოვცერი კბილებიდან. ”ერატო” – მიპასუხე გაღიმებულმა და დაამატე – ”შენ გგავს.” ჩემში აფეთქებულ მრისხანებასთან დავიწყე ბრძოლა, ხმის ამოღება ვერ შევძელი ”ისიც ერატოა” განაგრძე შენ. მივხვდი, რასაც გულისხმობდი და გიპასუხე ”ცდები, მე მელპომენე ვარ, სიყვარული უცხოა ჩემთვის.”
გთხოვე წამომყოლოდი, იმ ოთახში შევედით სადაც თიხის უფორმო მასიდან ჩემი შთაგონების ფორმები მიიღე, გთხოვე დამლოდებოდი. ჭერიდან გამოწეულ რკინაზე თოკი შევაბი, ყულფი გავაკეთე, თვალები აგიხვიე და გითხარი ”მშვიდობით ენიუს”.
გათენებამდე გაუნძრევლად ვიჯექი შენ გვამთან, რომელიც მტვრის ნაწილებად მეყრებოდა თავზე.

გარეთ შეუდარებელი ამინდი იყო, ღრმად ჩავისუნთქე, კიბეზე ჩამოვჯექი ჩემ ძველ მეგობარ ბახუსთან ერთად.

საღამოს სახლში ახლად ნაყიდი თიხის უფორმო მასით დავბრუნდი.

Advertisements

4 thoughts on “carnificina

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s