შედევრი


 „ თუ სული არ არსებობს, თუ სიკვდილი სიკვდილია და არა გარდაცვალება, მაშინ ყველა ფიქრი, რომელიც არასოდეს გამიხმოვანებია, არსად დამიწერია, არავისთვის მითქვამს, არ დამიხატავს, ჩემთან ერთად მოკვდება?!

არადა, უკვდავებას დაგპირდი!“ – დავწერე ფურცელზე, საწერი მაგიდის თავთან გავიკარი, სიგარეტს მოვუკიდე და საათს შევხედე. ვაგვიანებდი, სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავედი.

12 საათზე უკვე კარებთან ვიდექი, ბინა # 38, კარები ჩაპუტკუნებულმა, თავიდან ფეხებამდე საღებავით მოთხვრილმა მამაკაცმა გამიღო, მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ შეხვედრაზე დამთანხმდა, ვიცოდი ჭირვეული ხასიათი ქონდა. მომესალმა და სავარძელზე მიმითითა, ჩამოვჯექი, სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან, გადმოიხარა და მომიკიდა, გავუღიმე მადლობის ნიშნად, ჩავახველე და ვუთხარი:

„როგორც აგიხსენით შეკვეთა მინდა მოგცეთ…“ დავიწყე ახსნა.

„მე კი გითხარით, რომ შეკვეთებზე არ ვმუშაობ“- შემაწყვეტინა მან.

„ვიცი და ამის მიუხედავად გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. კარგად გადავიხდი.

მე არც ხატვის ნიჭი მაქვს, არც წერის, არც მუსიკას ვქმნი, მოკლედ ხელოვანი ჩემზე არ ითქმის.

აქამდე მეგონა, რომ ჩემი იდეები, გრძნობები, ფიქრები აჩუქებდნენ უკვდავებას იმას, ვისაც უკვდავებას დავპირდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ სხეულთან ერთად კვდება ყველაფერი, ხელშესახები ქმნილებების გარდა. მინდა, რომ ჩემი გრძნობები, ის ვისაც უკვდავებას დავპირდი ხელშესახები გახადოთ, მოგიყვეთ მასზე, თქვენ კი დახატოთ.

მინდა ნაცრისფერი სხეული ქონდეს, შავი თვალები, თხელი თითები, სევდიანი ღიმილი, მომნსუხველი მზერა, მინდა მის ფეხქვეშ ეგებოდეს სამყარო, მიდა კვარცხლბეკზე იდგეს სიამაყის გარეშე, მინდა, რიჟრაჟი იყოს, მინდა ტაშს უკრავდნენ, მინდა ერთბაშად აღფრთოვანებასა და ზიზღს იწვევდეს, მინდა სისხლისფერი ტუჩები ქონდეს, მინდა ირგვლივ მზე იღვრებოდეს.“

***

წამოვედი, ორი საათი ხდებოდა, ტაქსი გავაჩერე და თხუთმეტ წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, მაგიდას მივუჯექი, საათს დავხედე, ოფიციანტს ყავა ვთხოვე და ხალხის თვალიერება დავიწყე, 5 წუთში შემომიერთდა, მომესალმა, დააზუსტა მე ვესაუბრე თუ არა ტელეფონზე, მსუბუქი ღიმილით დავეთანხმე, ხელი გავუწოდე კეთილგანწყობის ნიშნად. კაპუჩინო შეუკვეთა, სიგარეტს მოუკიდა და ღიმილით მანიშნა, რომ შემეძლო დამეწყო.

„მინდა წიგნი დაწეროთ, რომანის შეკვეთა მინდა. ვიცი უცნაური თხოვნაა, მაგრამ მინდა წიგნი იმაზე დაწეროთ ვინც ჩემი მუზა იქნებოდა წერის ნიჭი, რომ მქონოდა.

უკვდავებას შევპირდი, შედევრი ვუწოდე, ახლა კი მგონია, რომ სიკვდილის შემდეგ ჩემი გრძნობების ფასი იმდენივე იქნება, რამდენიც ჩემი სხეულის, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.

მინდა დაწეროთ იმაზე ვისაც უმიზეზოდ აღმერთებენ, ვინც მაიძულა შემყვარებოდა საკუთარი თავი და შემდეგ მაგრძნობინა, რომ მე არაფრით გამორჩეული, მორიგი, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი. ჰო, შეუდარებელი კეთილგანწყობით გააკეთა ეს. მინდა დაწეროთ ადამიანზე, რომლის სიყვარულსაც ეპიდემიას ვეძახი და რატომღაც იდიოტურად მჯერა, რომ მე განსაკუთრებულად მიყვარს. არადა ასეა, აბა მითხარით, რომელი მისი თაყვანისმცემელი გადაწყვეტდა მასზე რომანი შეეკვეთა თქვენთვის?!

მინდა დაწეროთ იმაზე ვისი პირით მონათხრობი დეპრესიაც კი სანუკვარ ოცნებად იქცევა. მინდა დაწეროთ იმაზე ვინც ჩემი აზრით ნაძირალაა, სხვების აზრით კი ღვთაება.

მინდა დაწეროთ ფეტიშზე.

მინდა მისგან შედევრი შექმნათ. მინდა შეპირებული უკვდავება ვაჩუქო.“

ბევრი ვისაუბრეთ, დაინტერესდა, შევთანხმდით, რომ ყოველ კვირას ვივლიდი მასთან და მოვუყვებოდი მის „ახლად გამომცხვარ მუზაზე“.

***

სახლში დავბრუნდი, სავარძელზე მივესვენე.

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს გამოიყენო მაგია სხვისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ! – ეს წესი ზეპირად ვიცოდი, ყოველთვის ვოცნებობდი მის დარღვევაზე და დაპირებული სასჯელი ფეხებზე მეკიდა. თუმცა სასაცილო იყო ის, რომ მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში ყველაზე დიდი სმხვერპლის გაღება თავად მომიწევდა – თავმოყვარეობა და სიამაყე! ორი გრძნობა, რომელიც იმად მქმნიდა ვინც ვიყავი, ჰოდა ისიც კი არ მიღირდა ამად.

ხელში საკუთარი „სასიკვდილო განაჩენი“ მეჭირა.

კედლიდან ფურცელი ჩამოვხსენი, კიდევ ერთხელ გადავიკითხე.

„თუ სული არ არსებობს, თუ სიკვდილი სიკვდილია და არა გარდაცვალება, მაშინ ყველა ფიქრი, რომელიც არასოდეს გამიხმოვანებია, არსად დამიწერია, არავისთვის მითქვამს, არ დამიხატავს, ჩემთან ერთად მოკვდება?!

არადა უკვდავებას დაგპირდი!“

მუსიკა ჩავრთე და წერა განვაგრძე.

„უკვდავებას დაგპირდი და მეგონა, რომ საკუთარი გამორჩეული, იდეალური სიყვარულით უკვე გაჩუქე ის. ახლა ვხვდები, რომ ეს ტყუილია.

მინდა უკვდავება გაჩუქო, შენგან შექმნილი სრულყოფილების მშობელი ვიყო და ამით საკუთარი თავი ვიხსნა დავიწყებისგან.

ეს ესაა მაგიის ყველაზე დიდი კანონი დავარღვიე – შენი თავისუფალი ნების წინააღმდეგ წავედი! თუმცა ამაზე პასუხს ვერავინ, ვერასოდეს მაგებინებს.

უკვდავებას გაჩუქებ! ხელოვნების ნიმუშად, შედევრად გაქცევ, რითიც ჩემზე სამუდამო ფიქრის განაჩენს გამოგიტან.

ვერასოდეს, ვერავინ გამიმეორებს. შეუდარებელი, დაუვიწყარი ვიქნები.

მე, უკვდავება ვიჩუქე.“

კინაღამ


დასაწყისი უღიმღამო იყო, ვერაფერი გავიგე, შუა გზაში მყოფმა კი გადავწყვიტე, რომ სანაცვლოდ დასასრული იქნებოდა გრანდიოზული, იმის დასასრული, რასაც განსაკუთრებულად სენტიმენტალური ადამიანების აზრით დასასრული არ აქვს.

მიყვარს დიდი ხნის „ტყვეობის“ შემდეგ თავისუფლება, რომ შემეპარება ხოლმე, სიამოვნებით რომ მინათდება თვალები, მზერა ისევ ცივი და უემოციო, რომ მიხდება და სიგარეტის თითოეულ მოქაჩვას მთელი ტანით, რომ ვგრძნობ.

დასასრულის წარმოდგენაზე კმაყოფილებისგან ტუჩს ვიკვნეტ, სათნოდ ვიღიმი ყოველთვის, როდესაც „ის“ თავად მიბიძგებს ფინიშისკენ, ტაშს ვუკრავ და ბრავოს ძახილით ლამისაა ხმა სამუდამოდ დავკარგო, თუმცა მომწონს როდესაც დაძაბულობისგან ხმა მეცვლება, მიბოხდება, უცხოობის შეგრძნება მაქვს ხოლმე, მე კი ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემ სხეულს ჩემთვის უცხო და ახალი პერსონაჟები სტუმრობენ.

დანამდვილებით ვიცი, რომ წინა ცხოვრებაში მეც ის ვიყავი, ვინც მოუთმენლად ელოდა სასწაულის დასაწყისს და დასასრულის წარმოდგენაზეც კი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ის ვიყავი ვისაც სჯეროდა, რომ სამყარო იყოფოდა სამად – მე, ის და ყველა დანარჩენი. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა სამყარო ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ორ ნაწილად იყოფა, წინა ცხოვრებისგან განსხვავებით კი, მისი სამად დაყოფის სურვილით არ ვიწვი.

მგონია, რომ ნახევრებად, მეოთხედებად, მეათედებად ვიბადებით ხოლმე, შემდეგ ქვეცნობიერად მივისწრაფვით გამთლიანებისკენ, გზად იმდენ უსარგებლო ნაწილს ვირგებთ, რომ ძებნის ინსტინქტი გვიქვეითდება და ბოლოს ბედს ვეგუებით – დიდად არ მიხდება, მაგრამ არაფერია არგუმენტით. მრავალი ცხოვრების შემდეგ კი იმდენ ნაწილად ვართ გაფანტული სამყაროში, რომ გამთლიანების იდეა შეუსრულებელ მისიად გვეჩვენება და წინა ცხოვრებებში განცდილი გადაღლსიგან დამოუკიდებლობის ფასს ვიგებთ – „დაე, ერთ დროს მთლიანობად შეკრულმა და შემდეგ გაფანტულმა მეებმა ერთმანეთი უჩემოდ იპოვნონ, მე ამ ცხოვრებაში სასწაულები აღარ მჭირდება.“ ერთ დღეს კი იმდენად მოგვბეზრდება ეს დაუსრულებელი ძიების პროცესი, რომ ყველა მთლიანობად ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა გონმა ნაწილაკად ჩაგვიფიქრა და უკანასკნელ ცხოვრებას ვიცხოვრებთ. სად წავალთ შემდეგ? სადმე სადაც, არ გვეტყვიან, რომ დაუსრულებელი პროექტი ვართ.

დასასრული ვახსენე, ჰო, ჩემი წინა ცხოვრებებისგან განსხვავებით დასასრულის აღნიშვნა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, ოღონდ თუ ღმერთი გწამთ ამას ქელეხს ნუ უწოდებთ, ნუ შეურაცხყოფთ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ზეიმს, ან უფრო ზეიმებს.

მტანჯველი სენისგან ვთავისუფლდები, ცინიკური ღიმილით ვუყურებ ყველას ვინც იმის მოხდენას ცდილობს, ვინც მიუხედავად მრავალცხოვრებიანი გამოცდილებისა ვნებიანობის ჟამს საკუთარ ნაწილაკად მივიჩნიე და სულელურად, თითქოს გამოუცდელი, სამყაროში ახლად გატყორცნილი, ტუტუცი მოლეკულა ვყოფილიყავი ისე შემიყვარდა.

ისევ ავცდი დასასრულის იდეას, არადა დღეს უნდა ვიზეიმო.

იმას ვამბობდი, როგორ მიყვარს ჯერ კიდევ საკუთარ განუმეორებლობაში დარწმუნებული, ათრთოლებული დაუსრულებელი პროექტების ნახვა, რომლებიც იმას იზომავენ გასახდელში ვინც კინაღამ სამუდამოდ დამიბნელა გონება და კიდევ ერთი სიცოცხლისთვის გამწირა.

კარგი სიტყვაა არა კინაღამ?!

ფსონი


შავი საღებავით შეგიღებავ თითებს და მოგთხოვ, რომ ყველა კედელზე შენი ანაბეჭდი დატოვო. 
”მწვანე ფერიას” დავლევ, აბზინდას, ანისულის, კამისა და ალკოჰოლის ნაერთით დავთვრები.
არეული გავიხურავ კარებს, სიბილასთან მივალ და ოთახის კუთხეში მივესვენები, შენ ანაბეჭდებს მივუტან და ვეტყვი, რომ მზად ვარ მის მოსასმენად. ტუჩზე თითს მიიდებს, ფარდებს ჩამოაფარებს, სანთელს აანთებს და გამომწვევი ღიმილით მიპასუხებს, რომ ფორტუნამ უკვე გაგასხვისა. მაგიდაზე ოცნებებს დავყრი ფსონის სახით და მოვთხოვ, რომ სამივე მოირას უხმოს. თვალს გამისწორებს და ჩურჩულით მკითხავს ”ხვდები რას აკეთებ?” არაფერს ვუპასუხებ, მის წინ დავჯდები, სიგარეტს ამოვიღებ და კვამლით გაჭვარტლული სიტყვებით გამოვცრი ”გელოდები!”
სამივე ხელის ცეცებით მოუჯდება მაგიდას, შენი ძაფის ძებნას დავიწყებ ათას ხლართს შორის, სიჭრელით ვიცნობ და მოვთხოვ შეწყვიტონ მისი იისფერთან გადაბმა.
სიბილა სიგარეტს მაგიდაზე გაშლილ ოცნებებს ჩააწვავს და კარტის დარიგებას დაიწყებს. გადმოიხრება და ყურში მიჩურჩულებს ”წააგებ!”
დედოფლების დანახვისას სუნთქვა შემეკვრება.
სათითაოდ დავიწყებთ კარტების გახსნას, დედოფლებს მაგიდაზე დავყრი და წამებს დავითვლი, შვიდამდე, რომ ავალ შენ ძაფს იისფერთან კიდევ ერთი კვანძით შეკრავენ და მაგიდაზე ტუზებს დაყრიან.
ჩემ ოცნებებს კი სათითაოდ ჩაუძახებენ პატარა ტომარაში.
იმედების ჯიბეს ამოვიცარიელებ და გამყინავი მზერით მოვითხოვ გამეორებას.
სიბილა შეშინებული გადმომხედავს და კარტს არევს.
ისევ შვიდამდე დავითვლი…
ჩემი ბედისწერის ძაფს შავ საღებავს გადაუსვამენ.
გულის ჯიბეში შენახულ ბედნიერებას დავდებ მაგიდაზე ხელის კანკალით…
წამოსვლისას ჩემ კუპრივით შავ ბედისწერას შევხედავ და მისი სიგრძე შემშინებს.
შიში არ იყიდეს.
სიბილა მხარზე ხელს დამადებს, მეტყვის ”ბედისწერას არ უნდა ეთამაშო!” და მაგრად მოხურავს კარებს.
სახლში მისული სარკესთან დავჯდები და ანარეკლით დავიწყებ  შენი ანაბეჭდების თვალიერებას, იისფერ საღებავს ვიყიდი და კედლებს გადავღებავ.
მზის ამოსვლისთანავე არეული ნაბიჯით გავუყვები ქუჩას, მაღაზიაში შევალ, ყველა ჭრელსა და შავ ძაფს ვიყიდი. სახლში მისული მაგრად გადავაბამ ერთმანეთზე, ჭერზე ჩამოვკიდებ და სკამზე ავალ.

სტადია


წუხელ ცხელება დამეწყო, ღამე ემბრიონის პოზაში გავატარე, გონება ამერია, ჩამოუყალიბებლად ვფიქრობდი, ავირიე. წუთები საუკუნეებად გაიწელა, გამთენიისას ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ თვალი მომჭრა და ოდნავ მოცოცხლებულმა გადავწყვიტე კლინიკაში წასვლა.
კლინიკა ჩემი დროებითი საცხოვრებლიდან 1 კილომეტრში იყო, თბილად ჩავიცვი, ძველი ქუდი დავიხურე, ყელი შევიხვიე და მუხლამდე თოვლში ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს.
ამღვრეული თვალებით ძლივს გავყურებდი ნისლიან ჰორიზონტს, თავში ციფრები, ფერები, სახელები ირეოდა. გასამხნევებლად სიმღერა დავიწყე, გონების გათიშვა, რომ არ გამომრჩენოდა.
ნახევარი საათი მოვანდომე დანიშნულების ადგილამდე მისვლას. სუნთქვა შეკრული ჩამოვჯექი კლინიკის კიბეზე და დასვენება გადავწვიტე, საფეხურები ზედმეტად მაღალი მეჩვენა და ხმამაღლა დავიწყე გამეორება ”ვერ ავალ, ვერ ავალ!”
ცოტა ხანში ისევ სიმღერა დავიწყე, ვუყურებდი ორთქლს, რომელიც პირის ყოველი გაღებისას ბგერებს მოყვებოდა, სიგარეტზე მონატრებულმა წარმოვიდგინე, რომ კვამლს ვუშვებდი პირიდან და წყლის ადუღებას ველოდებოდი ყავის დასასხმელად, ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ არაფერი შეცვლილა, ისევ ძველ სახლში ვცხოვრობდი, ისევ ვიჯერებდი თავს, რომ კარგად ვიყავი, ისევ მეგონა, რომ ჩემი იმუნური სისტემა, რომლითაც ბავშვობიდან ვამაყობდი თავის საქმეს პირნათლად შეასრულებდა, სანამ არ მომაკითხეს და დროებით საცხოვრებელში გადაყვანა არ შემომთავაზეს, თავიდან უარი განვაცხადე, შემდეგ შემოთავაზება მოთხოვნად იქცა და მეც ქალაქიდან მოშორებით გადაკარგულში ერთი ოთახი გამომიყვეს. თავიდან ბევრნი ვიყავით, ნელ-ნელა ყველა გაიხვეტა გაურკვეველი მიმართულებით, კითხვებს არასოდეს ვსვამდი, არავისთან შევსულვარ კონტაქტში, ერთმანეთს გამარჯობასაც არ ვეუბნებოდით და როგორც კეთროვნები ისე ვარიდებდით თვალს. წარმოვიდგინე, რომ ერთ ღერს მოვწევდი, ყავას მოვსვამდი, აუჩქარებლად ჩავიცვამდი ტანსაცმელს და შემოჩენილი გადაღლილობის წყევლით გავუყვებოდი ქუჩას ტრანსპორტის მოლოდინში. ვუშვებდი ორთქლს და ვგრძნობდი როგორ უერთდებოდა კვამლის სურნელი ჯერ ჰაერს, შემდეგ კი კოფეინს.
დროის აღქმა დიდი ხნის წინ დავკარგე, რამდენ ხანს ვიჯექი გაუნძრევლად კიბეზე არ ვიცი, თითებში სილურჯე შემეპარა და ნიკაპის კანკალი დამეწყო, რაღაც მომენტში გონება გამინათდა და მივხვდი, რომ გზა უნდა გამეგრძელებინა, კიდევ ერთხელ შევავლე კიბეს თვალი და აუჩქარებელი ნაბიჯით დავიწყე ასვლა.
ცოტა ხანში კარებთან ვიდექი, გახშირებულად ვსუნთქავდი, ჰაერის ჩასვლასა და ამოსვლას ბრონქების ზუზუნი მამცნობდა, კარების სახელურს ჩამოვეკიდე, ძალა მოვიკრიბე და მისაღებში შევედი.
ოთახში არავინ იყო, რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიწიე და მაგიდას მივუახლოვდი, მოხუც ქალბატონს მოვკარი თვალი, მივესალმე და ვუთხარი, რომ ექიმის ნახვა მინდოდა. არაფერი უკითხავს, გამომყევიო მითხრა და გრძელი დერეფნის ბოლოსკენ გამიძღვა. ოთახში შემიყვანა, სკამზე დამსვა და მთხოვა დავლოდებოდი.
ხუთ წუთში სკამზე ჩამომეძინა, კარების ხმაზე შევფხიზლდი, გავსწორდი და ოთახში შემოსულ ექიმს მივესალმე, საპასუხოდ მომესალმა, სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა და მხოლოდ შუბლისა და თვალების დანახვა შევძელი. მაღალი შუბლი ქონდა, რამდენიმე ნაოჭით, ქუთუთოები უძილობისგან შეისებული. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მომეჩვენა რომ გამიღიმა, 1 წამით, გაუცნობიერებლად მაგრამ გამიღიმა.
სიცხე გამიზომა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. კიდევ ცოტა ხანს ვიჯექით ჩუმად, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, რომ ამჟამად ვერაფრით დამეხმარებოდნენ და 2 კვირაში მივსულიყავი. ”კიდევ ორ კვირას ვერ გავძლებ” გავიფიქრე დანანებით, თუმცა არაფერი მითქვამს, პროტესტის გამოთქმის უნარიც წართმეული მქონდა, როგორც დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება, ხელი გავუწოდე დამშვიდობების ნიშნად და ოთახიდან გამოსული  დერეფანს გავუყევი.
მისაღები ცარიელი იყო. ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი, კიბეზე ჩამოვჯექი და დაჟინებით დავიწყე ორთქლის გამოშვება, ”სიგარეტს ვეწეოდი” ნერვების დასამშვიდებლად.
დიაგნოზი არ მიკითხავს, ისედაც ვიცოდი, რომ უკვე დიდი ხნის წინ გაჩენილი დაავადების მუტაცია განცდილი ფორმა მქონდა.
სახლში დავბრუნდი, გაუხდელად შევწექი ლოგინში, საბანი თავზე დავიფარე და ჩამეძინა. თვალები, რომ გავახილე უკვე ღამე იყო და მივხვდი, რომ წინ ისევ საუკუნეებად გაწელილი ჯოჯოხეთი მელოდებოდა.
ისევ ჩემი გასხეულებული ავადმყოფობისთვის მომინდა თვალის შევლება, რვეული გადავშალე და შევეცადე მეპოვნა დღე, როდესაც პირველად გამოვლინდა სიმპტომები.
ზაფხული იყო, იმედიანი განწყობით ვუყურებდი მომავალ 2 თვეს, ჯერ კიდევ ჩემ სახლში ვცხოვრობდი, როდესაც გამთენიისას ოთახში სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი, შემდეგ ჰაერს ფერები შეერია, უცნაურად გაიდღაბნა, კედლებზე ციფრები გაჩნდა და შემაფხიზლა.
დილაობით გაღვიძება აღარ მიჭირდა, გაფერადებული კედლების მოლოდინში ჯერ კიდევ რიჟრაჟზე ვიღვიძებდი ხოლმე.
ბედნიერება მტანჯველ შეგრძნებად მეპარებოდა. – ეს პირველი სტადია იყო. როდესაც ავადმყოფი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ავადაა.
ცოტა ხანში ბედნიერების პირვანდელი დოზა აღარ გყოფნის, მეტი გინდა და ცდილობ ხელვნურად შეიქმნა წარმოდგენა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს, კმაყოფილებას გაგრძნობინებს და გულს აგიჩქარებს.
ავადმყოფობა მწვავდება, გესლის დოზას ამცირებს, იშვიათდება, ყოველი ახალი გამოჩენისას კი იმაზე მეტად ფეთქდება ვიდრე წინაზე, იმაზე მაღლა აყავხარ ვიდრე ოდესმე და შემდეგ ეშვები, ნელა, აუჩქარებლად სანამ ქვესკნელის ძირს არ მიუახლოვდები, ამ დროს ისევ მძლავრად გკრავს ხელს და ცაში გიტაცებს.

აგვისტოს ერთ-ერთ ჩანაწეს მივადექი: ”მიყვარს შენი გრძნობები, რომ ფეთქავს ჩემ ყელში, როდესაც შენზე ვკითხულობ. წინადადებებად, გაცვეთილ, გახუნებულ, ყელში ამოსულ გრძნობებად იღვრები და თავს შეუდარებელ, არაჩვეულებრივ, განუმეორებელ ადამიანად მაგრძნობინებ.

მაფერადებ ისე როგორც საღამოობით მზე ჰორიზონტს და ახალი დღის იმედს მჩუქნი.

ეჭვებად იშლები ფიქრში და უგუნებობის განაჩენი გამოგაქვს.”

შემაცია, ხელები გამეყინა და კანკალმა ამიტანა, ავადმყოფბის უკანასკნელ სტადიად შევრაცხე შავად გადმოღვრილი სურნელი ჩემ კედლებზე.

ოთახის კუთხესთან მივედი, უჯრა გამოვაღე, საგულდაგულოდ შეფუთული ყუთი ამოვაძვრინე, რომელიც სწორედ ამ მომენტისთვის მქონდა შენახული. სიგარეტის კოლოფი ხელის კანკალით ამოვიღე და მოვუკიდე, კვამლი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, არყის ბოთლი გავხსენი, დავყნოსე, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და მოვიყუდე. ეს ხელოვნური აგონიის გამოწვევის მცდელობა იყო.

იატაკზე დავწექი, ჭერს დავუწყე ყურება და განვლილი პერიოდის განმავლობაში ყველა ფიქრი თავიდან ვიფიქრე, სიტყვები ამოვკრიფე და წინადადებები შევადგინე, ეჭვები დავადასტურე, მოვიბეზრე, ყოველი ახალი ნაკლის პოვნისას მის ფერად სახეზე შავი საღებავის გადასმა დავიწყე სანამ მისგან შავი უფორმო მასა არ დარჩა.

შუა დღისკენ გამეღვიძა, პულსი გავისინჯე და მისი მონოტონური ბაგა-ბუგით მივხვდი, რომ ავადმყოფობით დავამარცხე ავადმყოფობა.

უეცარი სიხარული ვიგრძენი.

რამდენიმე დღეში სახლში დავბრუნდი. დილით ვეღარ ვიღვიძებდი, ისევ მომავალი დღის წყევლით ველოდებოდი ტრანსპორტს, ისევ ვეწეოდი სიგარეტს უგემურად. სისხლში დაავადების ნარჩენებს ვეძებდი და ნიშნის მოგებით ვიმეორებდი, რომ მე შევეძელი მისი დამარცხება, ვიმეორებდი კმაყოფილების გარეშე.

ძვირფასი


მზერას ვგრძნობ, ჩემივე მზერის შეხებას კანზე. ფიქრები ცვლიან ერთმანეთს და ზეციდან ქვესკნელში საოცარი სისწრაფით ვეშვები.
გზაჯვარედინზე ვზივარ და ვერაფრით გადამიწყვეტია საით წავიდე, გავუჩინარდე თუ უკვე სანახევროდ განვლილ გზაზე განვაგრძო სიარული. მინდა გავქრე, იმისთვის, რომ დილით, ჯერ კიდევ გამოფხიზლებამდე შემოჩენილი თავისუფლების შეგრძნება შევინარჩუნო. თავისუფლება, რომელიც სურვილების მსხვრევის შემდეგ ვიგრძენი და საკუთარი თავი დავარწმუნე გადაულახავ კედელს მივადექი მეთქი. საზღვრების გამიჯვნა ნიშნავს ჩემთვის თავისუფლებას, როდესაც ვიცი, რომ მივადექი დასასრულს და დიდი ხნის ნაშენები ილუზიები მენგრევა თავზე. ვინ თქვა, რომ თავიუფლება აუცილებლად პოზიტიური შეგრძნება უნდა იყოს?!
მგონია, რომ ჩემი ცხოვრება დიდი სიმაღლიდან გაფრენილი ბუმბულია, ხან არსაიდან მოსული ნიავი, რომ ააფრენს ცაში, შემდეგ კი მძლავრი ქარი რომ მიაქანებს მიწისკენ. ვიცი, რომ მიწაზე აღმოჩენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად ამოვარდება ქარი, ცოტას მახოხიალებს და შემდეგ ისევ ჰაერში ამიტაცებს. მე ამას ვეძახი იმედს.
ჩემი თითოეული ოცნების ასრულების შანსი გუშინ განვსაზღვრე, როდესაც უჯრიდან იარაღი ამოვიღე, მდელოზე გავედი და მზეს ვესროლე, შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი: ”ეს მეტი თვალსაჩინოებისთვის, შენი ყველა მიზანი და სურვილი მზის იარაღით მოკვლის მცდელობაა, წარმატების იგივე შანსი აქვს!”
ამის მიუხედავად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში ნაძვის ხეზე ჩემ საყვარელ სათამაშოს, უკვე ყურმოტეხილ და გახუნებულ გარმონიან დათუნიას ჩამოვკიდებ და სურვილს ჩავუთქვამ, იმ სურვილს, რომლის გადმოცემაც სამი სიტყვით შეიძლება ”მინდა მზე მოვკლა” და უსაზღვრო კმაყოფილებას ვიგრძნობ იმის გამო, რომ სურვილის ფორმულირება აბსოლუტურად ასცდება მის შინაარსს.
გარშემომყოფებს დაჟინებით მივუთითებ გარდაცვლილი იმედების გვამებზე, იმისთვის, რომ საკუთარი თავის დარწმუნება შევძლო რეალობის სისასტიკეში. სინამდვილეში კი იმედებისგან შევდგები, ცოცხალი, ცინცხალი, სრულყოფილი იმედებისგან. ამის გაცნობიერებისას დადებითად განმსჭვალული ვცდილობ ბრალის გამოსყიდვას და სხვებს ილუზიების გამყარებაში ვეხმარები, ყველაფერზე კვერს ვუკრავ და ვპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროსაც ვცოდავ. მე ისევ მიჭირს ბალანსის დაცვა და ხან ერთი რადიკალიზმის დიაგნოზით ვარ ავად, ხან მეორე.
”იმდენად გავიშვიათდი, რომ წარმოსახვით სცენაზე ასვლა მჭირდება საკუთარი თავის როლის მოსარგებად” – გავიფიქრებ და სკამზე შევდგები, შემდეგ ერთი ნაბიჯით მაღლა ავიწევ.
ნახევარი საათში აღმოვაჩენ, რომ სინამდვილეში მუნჯი ვარ და ყველაზე რთული საკუთარი თავის თამაშია.
საკუთარი ბრჭყვიალება მჭრის თვალს და კმაყოფილს მეღიმება, ძვირფასი ვარ. 

სიტყვა


”თაყვანი ეცით! შეიყვარეთ! მოსუმინეთ! აღიარეთ!” – ყვირის ეშხში შესული წამყვანი, მე უკანა რიგებში მაქვს ადგილი დაკავებული და ვცდილობ მაქსიმალურად ინდიფერენტული გამომეტყველება შევინარჩუნო, ყველას ვაგრძნობინო, რომ ჩემი იქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ დაკვირვებაა, დაკვირვება მასასა და მაესტროზე. სინამდვილეში კი ვხვდები, მეტიც ვიცი, რომ მეც იმ დუჟმორეული მასის ნაწილი ვარ. მხოლოდ ერთი რამ განგვასხვავებს – პრინციპები, მე პრინციპულად უარვყოფ ადამიანის გაფეტიშების იდეას, ვცდილობ განურჩევლობის ნიღაბი მოვირგო და ყველას დავანახო, რომ მე ერთი საფეხურით მაღლა ვარ.

მაესტრო არავის უნახავს, ის გაუნათებელ სცენაზე გამოდის კვამლში გახვეული და დარბაზში მხოლოდ მისი ხმა ისმის.

ათასობით ჭორის მიუხედავად ჯიუტად ვცდილობ შევინარჩუნო ჩემი პირადი წარმოდგენა მასზე და თუ ოდესმე გადაწყვეტენ შუქის ანთებას თვალები მაგრად დავხუჭო გარდაუვალი იმედგაცრურების შიშით. ”მას სიფრიფანა სილუეტი აქვს, საშუალო სიმაღლისაა, ბოხი ხმა აქვს, რომელიც ჩემ წინა გატაცებას მაგონებს, კანი ზედმეტად თეთრი, თვალები განაცრისფრებული, ცხვირი წვრილი, ისეთი, როგორიც ჩემ ალექსანდრე მაკედონელის ბიუსტს აქვს, თითები თხელი, წვეტიანი მუხლები, გამყინავი გამოხედვა და თავზე კითხვის ნიშნის ფორმის კვამლის ღრუბელი.

კანი ნიკოტინით აქვს გაჟღენთილი, გამოსვლის წინ ალკოჰოლს ეძალება და მის სიახლოვეს ყოველთვის იგრძნობა მსუბუქი სპირტის სურნელი.

წვეტიანი ნიკაპი, ჩვეულებრივზე უფრო შავი თმა თვალისმომჭრელ კონტრასტს ქმნის გაფითრებულ კანთან, ხელები შეუმჩნევლად უკანკალებს და ფრჩხილქვეშ შემაძრწუნებელი სილურჯე აქვს შეპარული, ტუჩებსაც მუდმივად გადაკრავს თეთრში არეული ლურჯი.

მაჯაზე ყველა ძარღვი ეტყობა და თეთრ კანს მოლურჯოდ უსერავს, ხშირად იღიმება, ოღონდ სხვანაირად, ერთბაშად აურაცხელი რაოდენობის ემოციას, რომ იტევს ისე. თვალებში არასოდეს გიყრუებს, საუბრისას მზერა ყოველთვის ერთ ადგილზე აქვს გაშეშებული.

შავი ფერი მისი ფავორიტია, მის ტანზე სხვა ფერის ტანსაცმელს ვერასოდეს მოკრავ თვალს.” – ლამის ხმამაღლა აღვწერ მის ჩემებურ ხედვას, ტაშის ხმა მაფხიზლებს, რამდენიმე წამში სრული სიბნელე ისადგურებს, სცენა კვამლით ივსება და წარმოვიდგენ როგორ მიდის ნელი ნაბიჯით მაესტრო სცენის შუაგულისკენ, სადაც ვიცი, რომ სკამი დგას, რომელზეც არასოდეს ჯდება, ტუჩები ძალიან ახლოს მიაქვს მიკროფონთან და მგონია, რომ ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მის სუნთქვას ვიგრძნობ.

დარბაზი დუმდება და ვხვდები, რომ რამდენიმე წამში მის ხმას გავიგებ, უკვე მერამდენედ არ ვიცი მაგრამ ყოველ ჯერზე მგონია, რომ პირველად მესმის, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და ”მიმიფურთხებია” გამომეტყველების შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება. თუ უცნობი ადამიანის სიყვარული შეიძლება, მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს, ოღონდ ისე არა, როგორც ჩემ გვერდით მდგომ ერთუჯრედიან არსებებს, არა, სხვანაირად და ვერავინ, ვერასდორს შეძლებს დამარწმუნოს, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

”გამოვსწორდები. შენი, ჰო, შენი ხათრით უარვყოფ ყველაფერს, დავიძინებ იმიტომ, რომ ძილად ღირხარ, ვიყვირებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ამას ელოდები, ყველას ვეტყვი, რომ გავსხვისდი იმაზე ვინც ჩემზე გასხვისდა. შენ არასოდეს იქნები სხვა, ვერასოდეს ვერავინ გიწოდებს ამ სახელს და მაშინაც კი თუ ჩემი ფლობის სურვილზე უარს იტყვი, მე გიპასუხებ, რომ ჩუქების ხელშეკრულებით უკვე შენი ვარ და მემკვიდრეობითაც კი ვერ გადავეცემი ვერავის.

განვსხეულდები თუ მეტყვი, რომ ჩრდილებს ვერ იტან, ყოველთვის როდესაც შორს იქნები სხეულს დავტოვებ და სილუეტად აგეკიდები. დამცინავად გაგეღიმება და მეტყვი, რომ ვაჭარბებ დაგეთანხმები და ბრძოლას გამოვუცხადებ შენ იდეებს და დამარცხებულიც კი გეტყვი, რომ ყველაფერი წინ გვაქვს.

ასეთი არასოდეს ვარ, საკუთარი თავის მიმართ განცდილი სიყვარულის ტალღით ირგვლივ ყველაფერს ვფარავ და შემდეგ სხვებისგან მიღებული ემოციები მომაკვდინებელ ნაზავს ქმნის, რაც მსუბუქი ლტოლვიდან ამრეზაში გადადის.

არ ვიცი რა ემოციების გაცემა შეგიძლია შენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენც ისევე გიყვარს საკუთარი თავი როგორც მე, ვიცი, რომ შენ სასჯელი ხარ და ვიცი, რომ შეუბრალებლად შეგიძლია ფეხქვეშ გათელო ის ვინც საპასუხო სასჯელად მოგევლინება.

განადგურება არ აგვცდება და მე მინდა ჩემი შენ ცხოვრებაში გამოწვეული გამანადგურებელი ძალისგან დაგიცვა, ანუ არ დავიძინო, იმიტომ რომ ძილად ღირხარ, არ ვიყვირო, როდესაც ვიგრძნობ, რომ ამას ელოდები, არ გავსხვისდე იმაზე ვინც ჩემზე გასხვისდება, ჩუმად ვიდგე როდესაც შენზე იტყვიან სხვა და გაგათავისუფლო საჩუქრისგან, რომლის ფლობაზეც უარს იტყოდი.

მე შენზე მეტი ვარ! ვერასოდეს მოვიშლი ჩემი თავის გაღმერთების ჩვევას, ვერასოდეს გავავლებ ზღვარს საკუთარი თავისა და შენ სიყვარულს შორის იმიტომ, რომ ერთნი ვართ, სწორედ ამიტომ არასოდეს მოგცემ უფლებას გასრისო ის ვინც ნაწილად გერგო და დარჩენილი ცხოვრება ნახევრად მკვდარმა გაატარო. ”

ავდექი და დარბაზი დავტოვე.

ხმის გამაძლიერებლით მისი სუნთქვა ვიგრძენი კანზე და ეჭვებით შეპყრობილი გავუყევი ბნელ დერეფანს.

სახლში მისული საწერ მაგიდასთან დავჯექი და დიდი ასოებით სათაურად დავწერე ”სიტყვა”. ვიფიქრე – ”თუ არასოდეს ვიქნები მუზა, მაშინ ავტორობით გამოწვეული ვნებით ჩავანაცვლებ ყელში მოწოლილი ეჭვნარევ ჟინს.”

ნაწილებად


ერთ დღეს ჩვენ შევერთდებით, შევეჯახებით ერთმანეთს ისე, როგორც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ანდრომედას გალაქტიკა შეეჯახება მშობლიურ რძიან გზას.
სხვანაირი ცა გვექნება, სხვა ფერების აღქმას შევძებთ, ახალი ჰორიზონტები გაგვეშლება თვალწინ.
ყველაფერ ახალს აუცილებლად ახლავს დაღუპვის რისკი, მე გეტყვი: ”თუ გადავრჩით…” შენ მიპასუხებ ”გადავრჩებით”.
”რისგან შედგები?” – გკითხავ მე.
”შენ?” – დამიბრუნებ კითხვას.
”მე შევდგები საყვარელი წიგნების პერსონაჟებისგან, საყვარელი ფილმების გმირებისგან, პრინციპებისგან, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება, ემოციებისგან, რომლებიც ყოველთვის ფარავენ საღად აზროვნების უნარს, თავმოყვარეობისგან, რომელიც საჭიროზე დიდი დოზით მაქვს, იმისგან როგორადაც ვხედავ ჩემ თავს და იმისგან როგორადაც მხედავენ სხვები. იმისგან, რომ შემიძლია ვინანო ყველა დაუფიქრებელი ნაბიჯი, იმისგან, რომ შემიძლია საკუთარ თავს ვაპატიო ყველაფერი, იმისგან, რომ აგრესიის მიუხედავად ყოველთვის ვაკეთებ იმას რაც მევალება და შემდეგ მრცხვენია საკუთარი აგრესიის და ვნანობ.
შევდგები ოჯახისგან, ჩემი დიდი ბებიისგან, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა, რომელსაც 5 ოფიციალური ქმარი ყავდა და არც ერთი შვილი, რომელიც საკუთარი თავისთვის ძალიან ძვირფასი იყო, რომელსაც ეჭვიანობის ნიადაგზე პირველმა ქმარმა ესროლა, რომელსაც სჯეროდა, რომ ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა მიეღო, რომელმაც ინანა, რომ შვილი არ ყავდა და რომელიც 80 წლის ასაკშიც კი თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა.
ბაბუაჩემისგან, რომელსაც უყვარდა ყავა და სიგარეტი, რომელსაც 4 ოფიციალური ცოლი ყავდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთში ცხოვრობდა და რომელსაც შვილი ყავს ფრანგი მედდისგან, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის მაგონებს.
მეორე ბებიისგან, რომელიც გადაჭარბებული ემოციების გროვა იყო, თუმცა თავდავიწყებით არავინ უყვარდა, იმისგან ვინც ბაბუაჩემის მესამე ცოლი იყო, თუმცა ეს პრაგმატული ხედვის გამო უფრო გააკეთა, იმისგან ვისაც არასოდეს სწამდა ღმერთი და ადრეულ ასაკში გარდაცვალების ჟამს ამბობდა, რომ საშინელ ზმანებებს ხედავდა ოთახში.
მეორე ბებიისგან, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ოჯახი, რომელსაც მძიმე ხასიათს აბრალებდნენ, რომელმაც მარტომ გაზარდა შვილი, რომელიც საკუთარი ძმის გამო კომისარიატის შენობაში შეიპარა და მისი ”საქმე” შეჭამა, რომელიც ზედმეტად თანამედროვედ აზროვნებდა და რომელსაც არაჩვეულებრივი ატმის ნახატებიან საზაფხულო კაბა ქონდა, რომლის გარდერობის სუნიც დღემდე მახსოვს და რომლის გვერდით წოლა დღესაც მენატრება. რომელიც მეუბნებოდა ”როცა მოვკვდებიო” და ყოველ ჯერზე ვტიროდი, რომელიც გარდაიცვალა და საკმარისად ბევრი ვერ ვიტირე.
მეორე ბაბუისგან, რომელმაც მთელი ცხოვრება ომში გაატარა, გადარჩა და ომიდან დაბრუნებული რამდენიმე წელიწადში უბედური შემთხვევისგან გარდაიცვალა. რომელსაც არ ვიცნობდი და რომელიც ვიცი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელმაც ვერ გაზარდა შვილი.
ჰო, კიდევ ჩემი დიდი ბაბუისგან, რომლის შეუბრალებლობაზეც დღემდე მესმის ლეგენდები და ჩემ დიდ ბებიაზე, რომელიც როგორც ამბობენ მასაც კი სცემდა შიშის ზარს.
ჰო კიდევ დედაჩემისა და მამაჩემისგან, რომლებიც დღემდე განაგრძობენ ახალი შემადგენელი ნაწილების დამატებას, რომელთა შეჯახების შედეგიც ვარ მე და იმ ცას ვხედავ, რომელიც მანამდე არ არსებობდა.
სამყაროებად ვიყოფით, ერთი უერთდება მეორეს.
შეერთებული გალაქტიკები იერთებენ სხვებს და ასე დაუსრულებლად.
შენ რისგან შედგები?”

 

who needs love?!


აღსარებაზე მინდა წასვლა. 
მონანიების სურვილი არ მაქვს, საუბარი მინდა, უცნობ ადამიანთან და არა ღმერთთან, მე ხომ ზუსტად ვიცი, რომ ღმერთის იდეა თავისთავად გამორიცხავს შუამავლების არსებობის აუცილებლობას.
– თქვენ მესაკუთრეობრივი სიყვარულის გჯერათ? რას აღიარებთ? იმას, რომ ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს? როგორ განსაზღვრავთ გადაჭარბებული სიყვარულის დოზას? როგორ გგონიათ მოთხოვნების გარეშე უნდა გვიყვარდეს ერთმაენთი? გავცემდეთ და სანაცვლოდ არაფერს ველოდეთ?
არა, არ მიპასუხოთ.
გულწრფელობა კარგია? გულახდილები უნდა ვიყოთ? მაშინაც კი, როდესაც გულახდილობით არც ჩვენ მოვიგებთ რამეს და არც გარშემომყოფები? თუ აქაც მოქმედებს კანონი გამონაკლისი შემთხვევების შესახებ? მოქმედებს რა თქმა უნდა აბსოლუტური ხომ არაფერია.
აი დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი არავინ, რომ მიყვარდეს, არავის წინაშე მქონდეს პასუხისმგებლობა, ჩემგან არავინ, არაფერს ელოდეს. მოკლედ გარშემომყოფები ზეროს მეძახდნენ.
ბედნიერი ვიქნებოდი, ეს მოვალეობის შეგრძნება, რომ არ მაწვეს მხრებზე, ვიცხოვრებდი ჩემთვის. ლაღი, ბედნიერი ადამიანები ხომ უფრო პოზიტიურები არიან?
არ გინდათ ახლა საუბარი იმაზე, რომ ცხოვრება უსიყვარულოდ ცხოვრება არ არის. როგორ გეკადრებათ?
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დამპალი ბალანსი არ იშოვება არსად, არც სიყვარული არც ზიზღი, არც სიკეთე, არც ბოროტება.
უბრალოდ არსებობა, ცხოვრება მინდა, ჩემი თავისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის! არ მითხრათ ახლა, რომ ეს ეგოიზმია.
მე არ მითქვამს, რომ სხვების ინტერესები მინდა შევიწირო მსხვერპლად, არაფერში მჭირდება მსხვერპლი, თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი წარმოდგენა იდეალურის შესახებ სწორედ ის სამყაროა სადაც ერთმანეთთან ადამიანებს არაფერი დააკავშირებთ, ყოველ დილით ბედნიერად გაშლიან ხელებს, თვალებს დახუჭავენ და იფიქრებენ, რომ ეს ესაა გაფრინდნენ, ზედმეტი ტვირთის გარეშე გაშალეს ფრთები.
გაფრენა ეს პირობითად რა თქმა უნდა.
აბა მითხარით რანაირი ბედნიერებაა ერთმანეთისთვის საზღვრების დაწესება, გულის ხეთქვა თითოეულ წვრილმანზე, ფლობისა და საკუთრების სურვილით ღამეების თენება.
არა, თუ ღმერთი გწამთ არ მითხრათ, რომ თუ გვიყვარს მას საზღვრებს არასოდეს დავუწესებთ, რომ მათ თავისუფლებას ვაჩუქებთ, ბედნიერები ვიქნებით მათი ბედნიერებით და ეს საკმარისი იქნება…
თქვენ ადამიანი ხართ? ჩემი ხათრით თითი შუბლთან მიიტანეთ და იჩხვლიტეთ, თუ სხეული თქვენ თითს არ გაატარებს ე.ი. ხორცშესხმული ადამიანი ხართ, რომელიც ახლა ზის და მატყუებს, თან სააღმსარებლოში.
რა ჭირად უნდა გამიხარდეს იმის თავისუფლება, ვისი თავისუფლებაც ჩემთვის სამუდამო ტანჯვის განაჩენი იქნება?
მაზოხიზმი თქვენი აზრით გადახრაა?
ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეცნიერება ასე თვლის, ჰოდა დარწმუნებული ვარ, რომ ეთანხმებით, ჰოდა, რომელ ბედნიერებაზე მესაუბრებით? იმ ბედნიერებაზე, რომელიც ტანჯვაზე გადის?
არ მინდა! თქვენი იყოს. სილაღე მინდა, მკვდარი ემოციები, საღი აზრი, თავისუფლება.
მკითხა ვინმემ რა მინდოდა და როგორ? მომცეს არჩევანის საშუალება? არა, არაფერი არ მოუციათ, დავიბადე და სანამ საკუთარ თავში გავერკვეოდი იმხელა ტვირთი ამკიდეს, რომ მის ჩამოხსნას ვეღარასოდეს შევძლებ, ჰოდა ახლა კეთილი უნდა ვინებო და ვათრიო ყველგან სადაც წავალ.
არადა…
დამადლებულს ვერაფერს ვიტან, ეს ჩემი ადრეულ ასაკში გაუცნობიერებლად აკიდებული ტვირთის რამდენიმე კილოგრამია, ამიტომ ვცდილობ ის რასაც სხვებს ვუკეთებ, ვალის დაბრუნების მოთხოვნის გარეშე გავაკეთო.
მათ ეს არ ესმით!
ისეთი დამახინჯებული აქვს თითოეულ ჩვენგანს გონება, რომ ვერაფრით ინელებს სიკეთეს რომელსაც უკეთებ, აუცილებლად უნდა დაგიბრუნოს ვალი, მოკლედ აუცილებლად უნდა ჩაგაფურთხოს სულში, ჩაგაფურთხოს და შემდეგ თავი მოვალედ გაგრძნობინოს, რომ შენც საპასუხო ჟესტით აგრძნობინო იგივე დამოკიდებულება.
მეც მორჩილად ვიღებ იგივე პასუხისმგებლობას და ვაბრუნებ ვალს, იმის მაგივრად, რომ თითით ვანიშნო თუ შეიძლება აქ ნუღარ ჩააფურთხებთ მეთქი.

შემდეგ ავდგე და წამოვიდე.

ეს ჩემგან

ასლი


გავცვდი.
სიტყვებს ნაძალადევად ვიგლეჯ პირიდან.
კოპირება მიყვარს, ვზივარ ათასობით ასლში ჩაფლული და ვეძებ ორიგინალს.
ზოგჯერ ვეჭვობ, რომ დედანი არ არსებობს.
ანაც პირველწყარო სწორედ ის არის ვინც მილიონობით ადამიანიდან იმ ერთადერთს არჩევს, რომლის ასლადაც უნდა ვიქცე.
შენი კოპირება არ მინდა, ვიცი, რომ ამით გაუფასურების განაჩენს გამოგიტან, საკუთარ თავად გაქცევ, წუნებად დაგყოფ და აბსოლუტური ნული გახდები, სრული არარაობა.
ნაკლების პოვნის ნიჭი დაბადებიდან დაყვა ჩემ პირვანდელ სახეს. ადამიანების ახლოს გაცნობის სურვილი არასოდეს მაქვს, მათ ისეთ უსახურ ქმნილებებად ვაქცევ, რომ შემდეგ უნებურად მიჩნდება ზიზღის განცდა.
სიახლოვე არ შემიძლია. ხშირად საკუთარი თავიც კი მბეზრდება და ასლებისგან თავის დაღწევის სურვილი ოთახში ჩასაკეტად მექაჩება ხოლმე.
ალბათ ჩემ ორიგინალს მარტო ყოფნა უყვარს.
საკუთარი აღფრთოვანების დონით ნებისმიერ მომენტში შემიძლია განვსაზღვრო ზუსტად რამდენი წუნის აღმოჩენა დამჭირდება გამოუსწორებელი იმედგაცრუების განსაცდელად.
შენ შემთხვევაში ერთიც საკმარისი იქნება.
რაც უფრო მაღლა ხარ ასული, მით უფრო მტკივნეულად ეცემი, ჰოდა ვცდილობ გიხსნა ჩემ მიერ გაუფასურებული ადამიანებით სავსე უფსკრულისგან, რომლის წინაშეც იმ მომენტში აღმოჩნდი როდესაც შენი გაღმერთება გადავწვყიტე მე ანუ დედანმა ახალი ასლის შერჩევისას, რომელსაც აღფრთოვანების შეუდარებელი ნიჭი ექნებოდა.
შენი ფლობის მსურველებს ეჭვნარევი მზერით ვუყურებ, მეცინება, როდესაც მაკოპირებენ, მეცინება იმიტომ, რომ ვიცი ასლის ასლი, როგორც წესი ძალიან უხარისხოა ხოლმე.
უხარისხო ჩემთვის, იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ შევიმუშავე, როდესაც საკუთარ თავში განსჯის უნარს მივადექი. მათ ფასში შენ ეჭვი არასოდეს შეგაქვს და ამას იმ ნაკლის წინაპირობად განვიხილავ, რომელიც საბოლოოდ მოგიფრენს ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ უფსკრულში.
მორიგი უსულო მანეკენი გახდები, უმეტყველო თვალებით.
იდეალებს ვეძახით მათ ვინც ჩვენ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, შემდეგ მხრების ჩეჩვით დავსძენთ, რომ სრულყოფილება თავს მოგვაბეზრებს! ხედავ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ გვესმის სწორად. თავის მობერზრება ხომ უკვე თავისთავადაა ნაკლი, სრულყოფილება კი უნაკლობის სინონიმია.
მე კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივობის გათვალისწინებით განუმეორებლად ვერავინ მეყვარება, ამ განცდის ყველა შესაძლო ვარიანტი დიდი ხნის წინ ამოიწურა, თუმცა ვიცი, რომ განუმეროებელი იქნება გრძნობა, რომლითაც ვიტყვი უარს შენ გაღმერთებაზე, საკუთარი ხელით შექმნილი ქვესკნელისგან გიხსნი.

სითბოდ


დილით ჩვეულებრივიზე გვიან ავდექი, ყავა ჩამოვისხი და გაზეთი გადავშალე:
”პოპულარულ მწერალს ორემათე კოლოზინს ყველა ბრალდება მოეხსნა, ის როგორც ცნობილია 12 მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, ის გუშინ გაათავისუფლეს პატიმრობიდან.” დანარჩენ ტექსტს გადავახტი, და რამდენიმე აბზაცის შემდეგ განვაგრძე კითხვა.
”დამნაშავემ აღიარებითი ჩვენების შემდეგ ითხოვა, რომ კოლოზინისთვის მიწერილი წერილი, ცვლილების გარეშე გამოექვეყნებინათ პრესაში, გთავაზობთ წერილის უცვლელ ვარიანტს:

”რას გრძნობთ თქვენი შთაგონების წყაროს მიმართ? რა გამოძრავებთ მაშინ, როდესაც მათზე საწერად გექაჩებათ ხელი? როდესაც გონება დაუსრულებლად მოითხოვს თქვენგან მუზებზე საუბარს? მუზებზე წერას, მუზების ხატვას, ძერწვას… გრძნობთ როგორ ქმნიან თქვენი თითები სრულყოფილებას? სიამაყით ივსებით? იცით, რომ უპირობო აღიარება გელოდებათ?

მე ხატვის ნიჭი არასოდეს მქონია, არც მუსიკასთან ვმეგობრობდი, წერაც არ შემეძლო… ხელოვნება უცხო იყო ჩემთვის.

შენი მუზა იმაზე მეტად მიყვარდა ვიდრე შენ, იმაზე მეტი ტრფობის დატევა შემეძლო ვიდრე შენ, იმაზე მეტ სილამაზეს ვხედავდი ვიდრე შენ აღწერდი, იმაზე უკეთესი იყავი ვიდრე გეგონა.

მე ჩემი გრძნობა ვაქციე შედევრად და მივხვდი, რომ ხელოვნებას აკლია მიმართულება გრძნობა.

შენი შეხება იმხელა სითბოდ იღვრება თითოეული ადამიანის სხეულში, რომ მასში წარუშლელ კვალს ტოვებს. 

მე შენი სითბოს შეგროვება დავიწყე. იმ ადამიანებს ვაგროვებდი, რომლებმაც ბოლოს შენი თითების შეხება იგრძნეს და უხილავ ანაბეჭდებად დარჩნენ მათ კანზე. მათ ბედნიერებას უკვადვება ვაჩუქე. უკვდავება, სანამ სხვა გაახუნებდა შენთან სიახლოვის ნაკვალევს მათ ტანზე.

საკუთარ თავს გაუმაძღრობაში ვდებ ბრალს… მე არასოდეს შემეძლო შენი ნაშრომების კითხვაზე უარის თქმა, არასოდეს შემეძლო შემეწყვიტა შენი შეგრძნება, იქამდე ვკითხულობდი სანამ სიტყვები არეულ ბგერებად არ იქცეოდნენ და ემოციების სრულ დაშრეტვამდე არ მივიდოდი.

ახლა, როცა საათი შვიდიანების მთელ წყებას ანახებს, ზუსტად ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვწერ ამას. გებღაუჭები იმისთვის, რომ შევძლო არასასურველი ფიქრებისგან თავის დაღწევა, ჩემ ქმნილებას გეძახი და ვერასოდეს, ვერავინ შეძლებს ჩემ გადარწმუნებას.

მე შენ შეგქმენი.

და თუ ყველაფერს რასაც ახლა ვწერ ილუზიურად შექმნილი შენი სახიდან ვიპარავ, მიმაჩნია, რომ ამას არა უშავრს.

მაცოცხლებ, შენი არსებობა სიამოვნებად მეღვრება ძარღვებში, ვჩქეფ მაშინ, როდესაც შენი ახალი ნაწერის კითხვას ვიწყებ. ვეჭვიანობ, როდესაც სხვებზე საუბრობ და მჯერა, რომ თუნდაც გაუცნობიერებლად მე შენი ნაწერის უხილავი სული ვარ.”