ცოტა რამ


ფეხით სიარული არასოდეს მიყვარდა, იშვიათად თუ დავდგებოდი ხოლმე ასეთ განწყობაზე, თუმცა წელიწადში რამდენიმე დღეს სიამოვნებით ვსეირნობდი მუსიკის თანხლებით. უმეტესად ძირს ვიყურებოდი და საკუთარი ნაბიჯების თვალიერებით ვირთობდი ხოლმე თავს, მანამ სანამ ჩემი მეექვსე გრძნობა არ დაიწყებდა კივილს ”ვიღაც გიახლოვდება და ნამდვილად დაეჯახებიო”, შემდეგ ისევ ფეხებს ვუბრუნდებოდი და ველოდებოდი, როდის შემოკრავდა მორიგ ”განგაშის” ზარს.
წვიმდა, ასეთ ამინდში სეირნობის კი არა სახლიდან გასვლის სურვილიც არასოდეს მიჩნდებოდა ხოლმე. თვალი რომ გავახილე, საწოლთან ცარიელ სიგარეტის კოლოფს მოვკარი თვალი, გამახსენდა, რომ ბოლო ღერი ძილის წინ დავაგემოვნე და კვამლით გემრიელად გაჟღენთილმა დავიძინე. გარეთ ისეთი ნისლი იყო იფიქრებდი სახლიანად ღრუბლებში მომისროლეს და ცაში ვარ გამოკიდებულიო, ფანჯარას რამდენიმე წვეთი ემჩნეოდა, თუმცა დანამდვილებით ვერც იმას იტყოდი წვიმდა თუ არა.
აუღელვებლად ჩავიცვი, ქუდი ლამის სახეზე ჩამოვიფხატე და ნისლში მაღაზიის პოვნის იმედით გავიხურე კარები. ქუჩაში სულიერის ჭაჭანებაც არ იყო, საათისთვის არ დამიხედავს, არც დღე მახსოვდა დანამდვილებით, თუმცა მივხვდი, რომ ჯერ ადრე იყო. მაღაზიის კარებს რამდენიმე კილოიანი ბოქლომი ედო. დამენანა გამოვლილი გზის წყალში ჩაყრა და სახლში აბრუნება, ვიფიქრე ჯობია დაველოდო სანამ მაღაზიის მფლობელის ჩაპუტკუნებული მეუღლე კეთილს ინებებს და სიგარეტს მომყიდის ორმაგ ფასად მეთქი. კიბეზე ჩამოჯდომა მოვინდომე, თუმცა მივხვდი, რომ სველი იყო და ფეხების ბაკუნი დავიწყე გასახურებლად, ნიკაპის კანკალი რომ დამეწყო, გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო, გზას ჩავუყევი, ”ისეთი ამინდია ქუჩაში ძაღლი არ გაიგდება”- მეთქი ჩავიბურდღუნე, გამეცინა და აღმოვაჩინე, რომ მთელ დაღმართზე ერთი უპატრონო ძაღლიც კი არ დაძუნძულებდა, არადა რამდენიმე დღის წინ გულის კანკალით გავიარე მთელი გზა სახლამდე.
დაღმართს ბოლომდე ჩავუყევი, ბოლო სახლისგან რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა, ორი კვირის წინ, პირველად, რომ შემოვდგი ფეხი ამ სოფელში, მაღაზიის გამყიდველმა გამაფრთხილა მოერიდე იქით სიარულსო, თითით დამანახა ეს სახლი და ფრიად მხიარულ ტონში ამიხსნა ”გიჟი ცხოვრობსო.” მაშინ არ დავინტერესებულვარ რას გულისხმობდა, ცხოვრებაში რამდენ სოფელშიც ვყოფილვარ, ყველგან ყავდათ ერთი ასეთი გიჟი, ბავშვობაში სადაც ვისვენებდი, იქ ამ ტიტულს ქ-ნი ”ფაქიზო” ატარებდა, დღესაც მახსოვს მისი სახლი და სილუეტი, მარტო ცხოვრობდა, ორი მდინარის შესართავთან წამოჭიმულ გორაკზე მდგომ ერთადერთ სახლში, რა სიამოვნებით გამოველაპარაკებოდი ახლა, ვიფიქრე დანანებით და გეზი პირდაპირ ”სოფლის გიჟის” სახლისკენ ავიღე.
ეზოს დიდი ღობე ქონდა შემორტყმული და რკინის ჭიშკარი იცავდა, ყველა ფანჯარაზე საგულდაგულოდ იყო ფარდები ჩამოფარებული. ახლოს მივედი, შევიხედე და კარებთან ხელჯოხს მოვკარი თვალი. დროის გასაყვანად გადავწყვიტე სახლისთვის წრე დამერტყა და შემოვლა დავიწყე, შუაში რკინის ღობე მთავრდებოდა და სახლის უკანა კედელი იწყებოდა, რომელიც ნაირ-ნაირ ფერებში იყო აჭრელებული, ახლოს მივედი და შევნიშნე, რომ წარწერები იყო.
”01.12.2009
მინდა მადლობა გამოვუცხადო ჩემ მუზებს, რომელებმაც მაიძულეს დავფიქრებულიყავი როგორ გამეხალისებინა ჩემი სახლის ნაცრისფერი კედელი და როგორ მომეკლა მწერლობის ჟინი. დიახ, არაჩვეულებრივი იდეა მომაწოდეს ნიკამ და ნინიკომ, როდესაც წითელი საღებავით დაწერეს ჩემ კედელზე ნიკა+ნინიკო უდრის სამუდამო სიყვარულს. მართალია ამის შემდეგ ნიკა მეზობელ სოფელში მცხოვრები მარიკას მშობლებმა გვარიანად დაალურჯეს ქალიშვილის სახელის გატეხვისთვის და ცოლადაც მოაყვანინეს, ნინიკო კი დაუყოვნებლივ გიორგიზე გაათხოვეს, მაგრამ ეს უკვე დეტალებია.”
”12.12.2009
დილაობით თითები დასერილი მხვდება, მსუბუქი ჭრილობები მაქვს, თუმცა შევშფოთდი მათი სიხშირით. სანამ მარტო დავიწყებდი ცხოვრებას მეუბნებოდნენ ძილში იცინიო. არ მჯეროდა, არც ახლა მჯერა, რა ჭირად უნდა მეცინა ცხოვრებაში სიზმარი სულ რამდენჯერმე მაქვს ნანახი და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გონება კომედიებს არასოდეს თხზავდა.”
”24.12.2009
დღეს ნაძვის ხის დღეა. 24 დეკემბრის საღამო ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩემ ცხოვრებაში, ტრადიცია არასოდეს დამირღვევია, წლების განმავლობაში ნაგროვებ სათამაშოებს დღესაც მივუჩენ ადგილს ჩემ ნაძვის ხეზე, სულ ქვემოთ ყველაზე დიდ ბურთს ჩამოვკიდებ, რომელშიც ბავშვობაში ფულსა და ორცხობილებს ვინახავდი ხოლმე. მოვიმზადებ კაკაოს, ჩავჯდები სავარძელში და წარმოვიდგენ, რომ არაფერი შეცვლილა.”

”27.12.2009

მაშინ როდესაც ახლად გამომცხვარი საკუთარივე თავის ფეტიში კვარცხლბეკიდან დამპალი პომიდვრების სროლას იწყებს დანარჩენებმა ლამისაა დაგლიჯონ ერთმანეთი იმისთვის, რომ შემაღლებულ ტრიბუნაზე აღმოჩნდნენ მის გვერდით და ვინმემ შემთხვევით არ იფიქროს, რომ ისინიც იმ საზოგადოების ნაწილი არიან, ვისაც დუჟმორეული იდეალური არარაობა დაჟინებით უშენს პომიდვრებს.”

”05.01.2010

ჩემი წელი მოვიდა. ალკოჰოლის მარაგს ვათავებდი ჯიუტად და წერისთვის ვერ მოვიცალე. უკვე მერამდენე წელია მილოცვა არავისგან მიმიღია, თქვენც ქალბატონო მიმოზა მაღაზიაში შემოსულს თვალს, რომ მარიდებთ და ცდილობთ დაუყოვნებლივ მომიშოროთ თავიდან არც გიფიქრიათ ჩემთვის საპასუხოდ ბედნიერი წელი გესურვებინათ, რა არის გიჟების ბედნიერება ხომ?! აბა მეტი ვინ მომილოცავდა, ტელეფონი მე არ მაქვს, არც მეგობრები მყავს და ნათესავებმა ისიც კი არ იციან ცოცხალი ვარ თუ არა, თუმცა თავს არც მანამდე იკლავდნენ ჩემი მოკითხვით. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ჩემი წელი მოვიდა, მე ცენტრი ვარ, ყველაფრის ცენტრი, მზე, ძალაუფლება, რევოლუცია, ჰოდა ჭირსაც წაუღიხართ თქვენი მილოცვებიანად.”

”12.01.2010

დღეს დედაჩემი მოევლინა ქვეყანას, ჩემი არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტი. თუ შემთხვევით არაფერი ხდება, მაშინ ვივარაუდებ, რომ ჩემი ამ ქვეყნად მოვლინებაც წინასწარ კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი იყო. მე გეგმა ვარ, მალე ყველა პუნქტზე პლიუსი, რომ ექნება დასმული ის გეგმა.”

”01.03.2010

გაზაფხულია. ბავშვობიდან ვიჩემებდი შუალედურს ვერაფერს ვიტან მეთქი, ამიტომ გაზაფხულსა და შემოდგომას, ყველაზე მომაბეზრებელ დროებად მივიჩნევდი. ახლა პირიქით მგონია, ალბათ უმჯობესი იქნებოდა ცხოვრებაში ზოგჯერ მეც ვყოფილიყავი შუალედური.”

”01.04.2010

დღეს წერილი მივიღე. ფოსტალიონის გაფრთხილება ვერ მოასწარით ალბათ, სათნოდ გამიღიმა, ამინდზეც მესაუბრა და საუკეთესო სურვილებითაც დამემშვიდობა. მომენატრა ადამიანებთან ურთიერთობა, საუკუნეა გამარჯობაც კი არავის უთქვამს ჩემთვის, დღეს კი წერილიც მივიღე და დიალოგითაც ვიჯერე გული. მიყვარს აპრილი.”

”05.05.2010

ჩემი გონება ემოციებს შაბლონებად ინახავს. იმახსოვრებს ამა თუ იმ მოვლენაზე, ადამიანზე ბოლოს რა რეაქცია მქონდა და ავტომატურად უშვებს ხოლმე სისხლში იმპულსებს. 30 წლის უნახავ ადამიანს მივამსგავსე ფანჯრიდან ვიღაც გამვლელი და ისეთი პანიკა დამეწყო ლამის მუხლები მომეკვეთა.”

”12.05.2010

ადამიანები მანამ მიყვარს სანამ გავიცნობ. შემდეგ სრულ არარაობად იქცევიან ხოლმე და დაჟინებით ვცდილობ არ წავშალო ის სახე, რომლითაც მათ გაცნობამდე ვიცნობდი.”

”01.06.2010

ნაძირლები ხართ!”

სიცივისგან სხეულს ვეღარ ვგრძნობდი და მოწევის სურვილი მახრჩობდა, დანარჩენი ნაწერები წაშლილი იყო, ვიღაცას საღებავი შეესხა ”ნაძირლები” ჩავიბურტყუნე. წამოსვლას ვაპირებდი, რომ კიდევ ერთ წინადადებას მოვკარი თვალი, გაურკვევლად ეწერა ”დატოვე შენი აზრი”, ჯიბეები მოვიჩხრიკე და ვერაფერი ვიპოვნე, ირგვლივ მიმოვიხედე, რამდენიმე ნაბიჯში ჩამწვარ ხის ნაფოტებს მოვკარი თვალი, ხელში ავიღე და ნაწერების გაკეთება დავიწყე.

სახლში კმაყოფილი ავბრუნდი, ქალბატონი მიმოზასგან ცეცხლის ფასად ნაყიდი სიგარეტი მოვწიე, გავთბი, საღებავი ვიპოვნე უკანა ეზოში, ჩემი სახლის კედელთან მივედი და წერა დავიწყე.

Advertisements

12 thoughts on “ცოტა რამ

  1. ძალიან მომეწონა , ცოტა დამაფიქრა.
    ”გიჟის” იარლიყიანი სულაც არ გავდა გიჟს, ვინ იცის რამდენი ასეთი ადამიანი არსებობს რეალურად.

    Like

    1. მართლაც, იარლიყების მიწებება გვიყვარს ზოგადად, ზედმეტი ჩაღრმავების გარეშე.
      საინტერესოა ”ფაქიზო” ნამდვილად გიჟი იყო, თუ უბრალოდ მძიმე ხასიათიანი, მარტოხელა მოხუცი.

      მიხარია, რომ მოგეწონა 🙂

      Like

  2. “ადამიანები მანამ მიყვარს სანამ გავიცნობ. შემდეგ სრულ არარაობად იქცევიან ხოლმე და დაჟინებით ვცდილობ არ წავშალო ის სახე, რომლითაც მათ გაცნობამდე ვიცნობდი.” ვაიმე რა ნაცნობია :/
    ძალიან მომეწონა

    Like

  3. ”01.03.2010
    გაზაფხულია. ბავშვობიდან ვიჩემებდი შუალედურს ვერაფერს ვიტან მეთქი, ამიტომ გაზაფხულსა და შემოდგომას, ყველაზე მომაბეზრებელ დროებად მივიჩნევდი. ახლა პირიქით მგონია, ალბათ უმჯობესი იქნებოდა ცხოვრებაში ზოგჯერ მეც ვყოფილიყავი შუალედური.”

    გულზე მომხვდა…… 😀

    Like

  4. Rusa

    მე მან შემაყვარა სეირნობა… საკუთარ სიხალისესთან და სიხალასესთან დამაბრუნა,
    მე ახლაც მიყვარს სეირნობა, როცა ძალიან ცუდად ვარ, რადგან ახლაც სხვანაირია – მიდიხარ, ხვდები, ამდენ ხალხში კაცი არაა შენი პატრონი და ძალებს იბრუნებ, საკუთარს.

    Like

  5. ასე ადვილად და მსუბუქად, შენი ჯერ არც ერთი პოსტი არ წამიკითხავს. უაზროდ გამიხარდებოდა მსგავს კიდევ ბევრ პოსტებს თუ ვნახავდი მომავალშიც. 🙂

    Like

    1. გამიკვირდა 🙂

      ამ სიტყვის შემდეგ ტექსტი უნდა ყოფილიყო განმარტებით რატომ, მაგრამ განმარტების წერსისას ავიხლართე, მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი და გამიკვირდა გმადლობ-ით შემოვიგაფარგლები 🙂 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s