ისე


ბინა ვიქირავეთ, ზოგადად უპრეტენზიო კლიენტები ვართ, ამ შემთხვევაში კი საერთოდ ხმის ამოუღებლად დავთანხმდით პირველივე ვარიანტს. შევთანხმდით, რომ ფარდებს მე ვიყიდიდი, ის კი ორ სავარძელს და მაგიდას.
რამდენიმე საათში, ოთახი უკვე მოწყობილი გვქონდა.
– შემახსენე რატომ ვაკეთებთ ამას? – მკითხა ეჭვნარევი ხმით.
– ყოველდღიური უაზრო დიალოგებისგან თავის დასაღწევად, იმისთვის, რომ გვქონდეს ადგილი სადაც იმაზე ვისაუბრებთ, რისთვისაც დრო და გამბედაობა არასოდეს გვყოფნის.
– ვალდებულებად იქცევა და ორ კვირაში მოგვბეზრდება.
– ვიცი, მაგრამ ცდად ღირს.
პირველ საღამოს ბევრი ვიდავეთ იმაზე გვჭირდებოდა თუ არა ალკოჰოლი, მე ვამტკიცებდი, რომ უამისოდ მთელ ხიბლს დაკარგავდა იდეა, ის კი მეუბნებოდა, რომ პირიქით იდეა განუხრორციელებელი დარჩებოდა იმ შემთხვევაში თუ ორი გონება დაბინდული ადამიანის ბოდვას უნდა მიძღვნოდა ყველაფერი. რამდენიმე საათიანი პოლემიკის შემდეგ შევთანხმდით, რომ 1 საღამო ალკოჰოლის თანხლებით წავიდოდა და მეორე მის გარეშე, შესაბამისად შედარებასაც შევძლებდით. დღე დავთქვით, პარასკევი, 9 საათი.

 ***

ნახევარი საათით გვიან მივედი, ბოდიში მოვიხადე, ჩანთიდან არყით სავსე ბოთლი ამოვიღე და მაგიდაზე დავდგი, სამზარეულოში ორი ჭიქა ვიპოვნე, გამოვიტანე და დავჯექი. სავარძელს ვერ მოვერგე, ბევრი ვიწრიალე, ბოლოს როგორც იქნა კომფორტულად ვიგრძენი თავი და სიგარეტს მოვუკიდე. სანთებელა გავუწოდე, ორივემ შეთქმულის სახეებით გამოვუშვით კვამლი. არაყი ჩამოვასხი, ჭიქები მივაჭახუნეთ და ჩვენი იდეის სადღეგრძელო დავლიეთ.
კენჭი ვყარეთ, პირველობა მხვდა წილად. შესავლის სახით შევახსენე წესები: ”სანამ ერთი საუბრობს მეორე ხმას არ იღებს, კითხვებს არ ვსვამთ, შეჯამებას არ ვაკეთებთ.” თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მე ჩავახველე, ამით ვანიშნე დაწყებას ვაპირებ მეთქი, სინამდვილეში რამდენიმე წამი მოვიგე, წარმოდგენა არ მქონდა რაზე უნდა მესაუბრა.
”რიტუალებით ვცხოვრობ, ეს ცრურწმენას გავს, თუმცა მე თვითონ ვქმნი თითოეულ მათგანს, რაოდენობა კი ნელ-ნელა იზრდება, საბოლოო ჯამში სრულფასოვან ცხოვრებასაც კი ვეღარ შევძლებ. რიტუალი მაქვს შესასრულებელი სახლიდან გასვლამდე, დაძინებამდე, მეგობართან დარეკვამდე … მოკლედ ყოვედღიური, რუტინული ქმედებების შესასრულებლად პირველ რიგში რამდენიმე პუქნტიანი წესის შესრულება მიწევს.
ზოგადად წესებს არასოდეს ვარღვევ, არც იმ ტიპის ადამიანებს განვეკუთვნები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ”წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო”, თუმცა იმდენად მომბეზრდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რომ რამდენჯერმე ვცადე სანაგვეზე მომესროლა ყველა რიტუალი. არაფერი გამომივიდა, მოსვენება დავკარგე, ამიტომ ისევ მშვიდად ცხოვრება ვამჯობინე.
ცოტა ხნის წინ კი დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ჩემნაირ ადამიანებზე, ჰოდა, პირველად შემეშინდა, აღმოჩნდა, რომ სამკურნალო ვარ და ეს ფსიქიური აშლილობაა.”
გავჩუმდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ სათქმელი აღარაფერი მქონდა, უფრო სწორად მეტი არაფერი იყო რისი ხმამაღლა თქმაც მინდოდა, ვუთხარი სულ ეს იყო მეთქი და ვთხოვე დაეწყო.
მას არ ჩაუხველებია, არც მოსამზადებლად გაუწელია დრო, პირდაპირ, უცერემონიოდ დაიწყო:
”ადამიანებს ჩემ შეცდომებზე ვაგებინებ პასუხს. უხეშად ჟღერს, უბრალოდ ვერ ვიტან დამნაშავის როლს, გაქცევის სურვილი მიჩნდება, სამხილებისა და მოწმეების განადგურების სურვილი. დაუფიქრებლად ვუსვამ ხაზს იმ ადამიანებს, რომლებიც მახსენებენ საკუთარ სისუსტეს, არასწორ საქციელს, შეცდომას ბოლოს და ბოლოს. მიზეზებს ვიგონებ რის გამოც ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას იმსახურებენ, არარაობას ვეძახი, ნაკლის პოვნა კი არასოდეს მიჭირს, ყველაზე იდეალურ ქმნილებასაც კი მარტივად ვთხვრი ტალახში, ბრალს ვდებ და შემდეგ ბუნებრივად მიჩნდება ზიზღის შეგრძნება, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მე დავუშვი შეცდომა. პასუხს სხვები აგებენ, ჩემ წინაშე მაინც.”
გამიღიმა, მივხვდი, რომ პირველი საღამოსთვის საკმარისი იყო, ისევ სიგარეტს მოვუკიდეთ, კმაყოფილი სახეებით გამოვუშვით კვამლი და ერთი ამოსუნთქვით გამოვცალეთ ჭიქები.
ღამე გავათენეთ, უხმოდ, დიალოგის გარეშე ვიჯექით მზის ამოსვლამდე, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ მომდევნო კვირის პარასკევამდე.

 ***

კვირები ისე გადიოდა ერთმანეთს არ ვეხმიანებოდით, მხოლოდ პარასკევს ვამოწმებდით ძალაში იყო თუ არა შეთანხმება.

 ***

ამჯერად მას დააგვიანდა. ქოშინით შემოვიდა ოთახში, მივხვდი, რომ ჩქარობდა, ამიტომ არაფერი მიკითხავს.
დაჯდა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, ვუთხარი, რომ დღეს კენჭს აღარ ვყრიდით და ის გახსნიდა საღამოს.
”მაზოხისტები ტკივილით იღებენ სიამოვნებას ხომ? მე შიშით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ავადმყოფობის ფორმაა. არა, ვამლაშებ, ავადმყოფობაც არ არის, უფრო ბუნებრივი მოვლენაა. თვითონ შიშის შეგრძნება არ მანიჭებს სიამოვნებას, უფრო იმის წარმოდგენა, რომ შემეშინდება, ანუ ქმედება, რომელიც გარდაუვალ შიშს მომიტანს.”
გაჩუმდა, მივხვდით, რომ ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით რამდენიმე საათიანი მონოლოგები რეალურად რამდენიმე წუთიანი იყო მხოლოდ.
მე ისევ ჩავახველე.
”ეს საღამოები რისთვის მჭირდება იცი?! იმისთვის, რომ საკუთარი განსხვავებულობა ვიგრძნო, იმისთვის, რომ რაღაც პირადი, გამორჩეული მქონდეს, ყოვედღიური, გულის ამრევი რეალობის გარდა. მჯეროდეს, რომ მე ყველა არ ვარ, მე რუტინა არ ვარ. მუდმივად ვზრუნავ საკუთარი გამორჩეულობის ხაზგასმაზე, ოღონდ ამას სხვების დასანახად არასოდეს ვაკეთებ, მხოლოდ საკუთარ თავს ვუმტკიცებ უნიკალური ხარ მეთქი, საინტერესო ცხოვრება გაქვს და ეს რაღაცად მაინც ღირს მეთქი. შემდეგ სავარძელში ვჯდები და ვხვდები, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. ვიწყებ ლაპარაკს და მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ შენ კითხვების დასმის უფლება არ გაქვს და ამაზე არასოდეს ვისაუბრებთ.”

– ან იქნებ იმიტომ, რომ არ ვარსებობ.
– ჰო, შეიძლება ამიტომაც.

Advertisements

11 thoughts on “ისე

  1. მშვენიერია… მე ვიტყოდი ძალიან მაგარია. დავიწყებ იქიდან რომ მოვიხდი ბოდიშს ასე ერტIანად რომ მივატოვე ყველა საყვარელი ბლოგი. გავაგრძელებ იმით რომ როგორც ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით გავედი ბოლოში, კიდევ იმით რომ მომწონს ეს დიალოგები და თუ მონოლოგები, და დავასრულებ იმით რომ ვისურვებდი ასეთი იდეა დამოუკიდებლად მომსვლოდა და განმეხორციელებინა.!!!!

    Like

  2. გამოხმაურება: უსათაუროდ « ჭიამაია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s