ახლა ვარ განსხვავებული?!


საღამოს დადგეგმილი შეკრებისთვის წარმოსაქთმელ სიტყვას დაჟინებით ვიმეორებდი სარკესთან, კულმინაციურ მომენტში მაგიდას მუშტი დავარტყი და ნელსურნელებით სავსე ბოთლი მთელი ძალით მოვიქნიე იატაკზე, კარებისკენ გამექცა თვალი და ათრთოლებული სილუეტი დავლანდე, ზღურბლზე იდგა გაყინული მზერით და შესაფერის მომენტს ეძებდა ჩემთან დიალოგის გასაბმელად. თითით ვანიშნე შემოდი მეთქი და სავარძელზე მივწექი. ჩქარი ნაბიჯით მომიახლოვდა, სკამის კიდეზე ჩამოჯდა და ხელების ფშვნეტა დაიწყო ნერვიულად. ტუჩი მოვიკვნიტე მოუთმენლობის ნიშნად და ამრეზით გადავხედე, წარბის აწევით შევატყობინე, რომ აგვიანებდა საუბრის დაწყებას. ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა, ქალაქის ცენტრში გელოდებიანო, ფრაზა არ ქონდა დამთავრებული, უკვე კედლის საათს ვუყურებდი დაჟინებით, ამოიოხრა და მიმანიშნა არ დამიმთავრებიაო, წამოვჯექი, მისკენ გადავიწიე და სისინით ვუთხარი განაგრძე მეთქი – ”თეთრი ხალათი ჩაიცვა, ხელები უკან შეიკრა, გიჟის პერანგში გამოწყობილი ავიდა ტრიბუნაზე, ”ლაქია” დაიყენა გვერდით, რომელიც ყოველი მინიშნებისას სიგარეტს აწვდის. ჯერ არაფერი უთქვამს, მოედანი სავსეა ხალხით და გამოსვლის დაწყებას ელოდებიან.” ტუჩზე თითი მივიდე, სისველე ვიგრძენი, მოკვნეტისგან სისხლი მდიოდა და პირში ნაცნობი მლაშე გემო მეპარებოდა.
გარდერობთან მივედი, ტანსაცმლის თვალიერება დავიწყე, თუ ვაგვიანებ ბარემ ბოლომდე მეთქი გავიფიქრე და შავ ჰაეროვან ზედას გავუყარე ხელი.
ქუჩაში გასულს რამდენიმე ჩრდილმა გამირბინა გვერდით, ვიცოდი საითაც მიიჩქაროდნენ და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა მთავარ მოედანს, იქიდან კი ზუზუნად ქცეული მოუთმენლობის ხმა მოედინებოდა ვიწრო ქუჩებში. სიგარეტი ქვაფენილზე დავაგდე, ქუსლით დავაწექი, რამდენიმე წამს გაუნძრევლად ვიდექი, ხელები შარვლის ჯიბეში ჩავიწყვე და უდარდელი ნაბიჯით გავუყევი უკვე ბილიკად ქცეულ, მოკირწყლულ გზას. რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, არც ერთს მივსალმებივარ ისე ავუარე გვერდი და მოქნილად გავიარე ჩაპრესილი ბრბო.
სკამზე იჯდა, თავჩაქინდრული უყურებდა მტვრისგან დაფარულ ხის იატაკს, სიგარეტი ედო პირში და დაჟინებით ქაჩავდა, თეთრებში გამოწყობილი ლაქია კი პერიოდულად აცლიდა ტუჩების კიდეში მიმწყვდეულ ღერს და კვამლს ხელის შეუმჩნეველი მოძრაობით ფანტავდა. შევჩერდი, ქვემოდან გამომხედა და ისე ამარიდა თვალი თითქოს პირველად მხედავდა. მხოლოდ თეთრი პერანგი ეცვა, უკან შეკრული სახელოებით, სკამზე გასწორდა, შეკრებილ ხალხს თვალი გადაავლო, წამოდგა, შეეცადა წონასწორობა არ დაეკარგა, ქვედა ტუჩში სილურჯე შეპარვოდა და შეუმჩნევლად უთრთოდა სახის ყველა კუნთი, ღრმად ჩაისუნთქა და ჩურჩულში გადასული ხმით იკითხა: ”ახლა ვარ განსხვავებული?” ხალხი უკმაყოფილოდ ახმაურდა, ხმამაღლაო გაისმა აქა-იქ. გაიმეროა ”ახლა განსხვავებული ვარ? შევქმენი შოუ, რომელსაც ელოდით? როგორ დასასრულს ხედავთ? უმრავლესობას ხომ სადღაც სჯერა, რომ გავგიჟდი, გავგიჟდი ისე, რომ დღევანდელ საღამოს დაუვიწყარ სანახაობას გაჩუქებთ. მაგრად დაწუნული ბაწრის ყულფში გავყოფ თავს და ვითხოვ, რომ მიწა გამომაცალონ ფეხებიდან.
შენ! ჰო შენ წინა რიგებში, რომ დაგიკავებია ადგილი, სახე ტკივილისგან, რომ გემანჭება და ორივე მუხლი შეხვეული გაქვს, გუშინ არ იყო, რომ მორბოდი? ტრიბუნაზე საქვეყნოდ აღიარებული ორატორის გამოსვლაზე პირველს რომ გადაგეწყვიტა მოსვლა, პირველს რომ უნდა გეყვირა ბრავო, რომ პირველი შენთვის გაეღიმა. რა მოგივიდა? დაეცი გზად? ფეხი დაგიცურდა? სისხლიანი მუხლებით მოხვედი და მიხვდი, რომ დაგაგვიანდა? მერამდენე იყავი ვისაც ღიმილი აჩუქა? მეასე, მეათასე, მეასიათასე? თუ ვცდები?! შენ ხომ ის ხარ, ვისაც პირველობის ჟინით შეპყრობილს ფეხი დაუცდა, სისხლში ამოგანგლული მივიდა მასთან და წაიჩურჩულა ”ბრავო!”. დაგაფასეს? მიიღე ის რასაც ელოდი? გაგიღიმეს? შეძელი თაყვანი გეცა ისე, როგორც ”პირველებს” შეეფერებათ?
როგორ იქცევით როდესაც თქვენ იდეალებს ეხება საქმე? როგორ უმტკიცებთ საკუთარ ერთგულებას? ხელებს ულოკავთ? მუხლებს უკოცნით? ფეხქვეშ თელავთ ყველას ვისაც თუნდაც წამოსცდება მათზე რაიმე ცუდი? როგორ ქმნით იდეალებს? უკვე გამზადებულს გართმევენ ლანგარზე? რიგებად ჩამწკრივებული ბრბოს ნაფეხურებს მიუყვებით და იქ ყვირით სადაც დანარჩენები? როდის გიპყრობთ შიში? მაშინ როდესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენ ახლად გამომცხვარ ფეტიშს სათქვენო დრო არ აქვს? როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას მათ უთმობს ვინც მოასწრო და პირველმა შეძლო მისი აღიარება? ვინც ახლახანს შემოუერთდა? ვისაც თვითკმაყოფილებისგან გასიებული სახით ისვამს კალთაში და ხელს უსვამს ნაზად თავზე? პატარა ბავშვებივით იწყებთ ეჭვიანობას ახალშობილ დასა თუ ძმაზე? წყევლით დღეს, როდესაც შუათანა შვილის სტატუსი გერგოთ? აღარც პირველი ხართ და აღარც ახალი?
ისინი ხართ ვინც დაიჯერა, რომ ვერასოდეს იქნება ლიდერი? ისინი ვინც პირველობისკენ მიისწრაფვიან? უკანასკნელი ფენის ადამიანების პირველობისკენ? განსაკუთრებული პირფერობის ხარჯზე? სიამოვნებით იწმენდთ ფურთხს, როდესაც თქვენი იდეალი კეთილს ინებებს და განსაკუთრებული გაცხარების ჟამს შემოგაფურთხებთ? ე.ი. გამოგარჩიათ, ე.ი. ახსოვხართ, დაგინახათ…
აბა რამდენ თქვენგანს გონია, რომ მასზე ვსაუბრობ? კმაყოფილებს გეღიმებათ იმაში დარწმუნებულთ, რომ ეს ყველას ეხება თქვენ გარდა? მზად ხართ ერთმანეთის ტაშის ხმა ნებისმიერ ფასად გადაფაროთ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ თქვენ არ ხართ ამ სიტყვის აზრი და მუზა? რამდენ ხანს იდგებით ყინვაში, იმისთვის, რომ დასასრულს ხელი ჩამომართვათ და მითხრათ, რომ აღგაფრთოვანეთ? იმის შიშით, რომ შესაძლოა ხვალ ის ვიყო ვის პირველ, ერთგულ შვილობასაც არაფერი სჯობია? ადგილებს დაიკავებთ?
ახლა ვარ განსხვავებული?!”
ტაშის ხმა აყრუებს იქაურობას, ვტრიალდები, ვცდილობ გავარღვიო სცენასთან მიმწყდარი ადამიანების რიგები, მივდივარ და ვფიქრობ ”ბრავო! მაგრამ ეს მე არ მეხება.” ვიღაც მიახლოვდება, ყურთან მოაქვს პირი და მისისინებს ”განა?!” 

Advertisements

6 thoughts on “ახლა ვარ განსხვავებული?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s