შავი


– ადამიანებს ფერების მიხედვით ვყოფ. – მითხრა და ისევ სიტყვებით აჭრელებულ ფურცელს დაუბრუნდა.
ცოტა ხანს გავჩუმდი, ვიფიქრე არ ღირს მეთქი, თუმცა ვერ მოვითმინე და ვკითხე – მე რა ფერის ვარ?
– შავი. – მიპასუხა და გამიღიმა.
მეც გამეღიმა, პასუხი წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც გამეღიმა, ნახევრად ჩამწვარ სიგარეტის ღერს გადავწვდი, მაგრად მოვქაჩე და სანამ კვამლს გამოვუშვებდი ღია მწვანე შეფერილობის სითხე მოვწრუპე, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი ძარღვებში, პირიდან კი სიტკბოში გაზავებული მწარე არომატით გაჟღენთილი კვამლი გამოვუშვი.
– სინამდვილეში ქამელეონი ვარ, ადამიანებს ვეწებები და მათ შეფერილობას ვიღებ.
ეჭვნარევად ამომხედა, თუმცა არაფერი უთქვამს.
– ჰო, მე დღეს შავი ერთიანი ვარ და დაჟინებით მეფიქრება ნაცრისფერ შვიდიანზე.
სიგარეტს მოუკიდა, სავარძელზე მიწვა და მანიშნა განაგრძეო.
– იდეალური ნადავლი ვარ, მსხვერპლისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული შტრიხების გარეშე. ადამიანებს ფასს ვადებ, აუქციონს ვმართავ და მხოლოდ მათ ვყიდულობ ვისზეც დიდი მოთხოვნაა. გამარჯვების, პირველობის შეგრძნება მიყვარს, ძვირფასი, მოთხოვნადი ადამიანები მჭირდება.
– მე რა ვღირვარ? – მკითხა, ანთებული თვალებით.
-ძვირი. – ვუპასუხე მე. – მეგობარი მყავს, ალბათ ყავისფერი იქნება, ყავისფერი რვიანი, ადრე ვიყიდე, ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად რომ ვიძენდი გასაყიდად გამოტანილ ადამიანებს, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იაფი იყო, ნაკლებად მოთხოვნადი, როგორც ყველა, ისიც რამდენიმე ადამიანს ეკუთვნოდა, მე მხოლოდ წილი მქონდა. დროთა განმავლობაში მისი სრულუფლებიანი მფლობელი გავხდი, არავის უნდოდა, მე კი შევეჩვიე და დავიტოვე, ყოყმანის გარეშე დავიტოვე, დღეს კი ვხვდები, რომ ესეც კარგად გათვლილი მომგებიანი სვლა იყო, ვიცოდი, რომ წლების შემდეგ განძის მფლობელი ვიქნებოდი, არ შევმცდარვარ, ახლა ვუყურებ, როგორ იმატებს მისი ფასი და ვიცი, რომ ის ჩემია.
– შენი ფასი? – მკითხა გამომწვევი ღიმილით და თვალებდახუჭულმა მოიყუდა სასმელით სავსე ჭიქა.
– საკუთარ თავს ფასს არასოდეს ვადებ, არ შეიძლება ერთდროულად მყიდველიც იყო და საქონელიც. 
– ნაცრისფერი შვიდიანი ვინ არის?
– ზედმეტად ძვირი, ჭრელი, ხუთიანი, რომელმაც არ იცის, რომ ნაცრისფერია იმიტომ, რომ შავი თმა და შემაძრწუნებლად თეთრი კანი აქვს, არც ის იცის, რომ შვიდიანია, თუმცა იცის, რომ ძვირია და ვიცი, რომ ისიც მყიდველია.
– მყიდველის ყიდვა გადაწყვიტე?
– გითხარი იდეალური ნადავლი ვარ მეთქი, იმდენჯერ ვცადე მისი ყიდვა, რომ თავად აღმოვჩნდი გაყიდული, თანაც უფასოდ, უაზროდ ჟღერს ხომ?! მართალია, გაჩუქებული უნდა მეთქვა, თუმცა ხვალ მისი ფასი მკვეთრად დაიკლებს… მყიდველების ნაღებ საზოგადოებაში გავალ და ვიტყვი, რომ აღარ მაინტერესებს ის, როგორც საქონელი, ვიტყვი, რომ უვარგისია.
– აკი მითხარი თავადაც მყიდველიაო.
– დიახ, გითხარი, ასეცაა, ამის შემდეგ ის საკუთარი ფეხით დადგება გასაყიდი საქონლის გვერდით.
– შენ შავი ხარ.
– ვიცი. – ვუპასუხე მე და კმაყოფილმა გამოვუშვი კვამლი. 

Advertisements

12 thoughts on “შავი

  1. მიხარია, რომ განწყობის დაჭერა შევძელი სადღაც, ერთ ფრაზაში…

    მესმის პოსტის გმირის პრინციპში, თუმცა მეეჭვება ის მართლაც მყიდველი იყოს, გათვითცნობიერებულად ყოველ შემთხვევაში. ისიც უბრალო პროდუქტია (საქონელი ცუდად ჟღერდა 🙂 ), რომელიც ოდესღაც გაიყიდა.

    Like

    1. განწყობის დაჭერას ყოველთვის ახერხებ ხოლმე 🙂

      ერთი და იგივე პროდუქტი ალბათ ხშირად იყიდება, ფუნქციას გააჩნია 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s