სტოქჰოლმურად


მიყვარს წარმოსახვით ჭაობში წოლა, იმის შეგრძნება, რომ ირგვლივ ყველაფერი ლპება, როდესაც ვაცნობიერებ რომ დასაკარგი აღარაფერია და ისეთი თავისუფლების შეგრძნება მიპრყრობს ლამისაა ცალი ხელი თავქვეშ ამოვიდო, მეორეში სიგარეტი დავიკავო და საამური ღიმილით ვუყურო როგორ მიიკლაკნება კვამლი ზევით და როგორ იფანტება ჰაერში. ამ ტკბობის პროცესში ვხვდები, რომ სანახაობა, გასართობი მაკლია, რომ ამ აგდებულ დამოკიდებულებას ცხოვრებისა და საკუთარი თავის მიმართ აზრი არ ექნება თუ ყელამდე ჭაობში წოლისას თავის შესაქცევს ვერაფერს ვიპოვნი.
იმისთვის, რომ ნათლად ვიგრძნო თუ რაოდენ ”მიმიფურთხებია” აუცილებლად მჭირდება ის რის ან ვის მიმართაც ამას ვიგრძნობ.
შუალედს ვერასოდეს ვიცავ, ყოველთვის მოვიაზრებდი, რომ ეს ჩემი პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შტრიხი იყო – რადიკალური, შეუბრალებელი მე, მაგრამ წუმპეში წოლის პროცესში საკუთარ სიდიადეზე ფიქრი დიდი ვერაფერი გასართობია.
ერთფეროვნება, სიხშირე, განჭვრეტადი, პროგნოზირებადი მრავალფეროვნებაც კი, ინტერესის ყველაზე დიდი მკვლელია, თუმცა დამოკიდებულების პროცესში ზღვარს ვერასოდეს ავლებ, სიხშირისგან გბეზრდება, გაიშვიათების მცდელობა კი მხოლოდ მტანჯველ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გიჩენს. ამიტომ არჩევანს თამაშზე, ჩემთვის ყველაზე მისაღებ გზაზე ვაკეთებ, კატასავით ვიქცევი, თაგვზე ვნადირობ, კუდით ვიჭერ და ვერთობი იმის ყურებით თუ როგორი დაჟინებით ცდილობს თავის დაღწევას, სწრაფად მბეზრდება და გულმოწყალედ ვჩუქნი თავისუფლებას, ბუნებრივია, რომ პირველად უკანმოუხედავად გარბის.მომდევნო 24 საათს გაუნძრევლად ვატარებ წუმპეში და შემდეგ მისი თავიდან დაჭერის ჟინი მიჩნდება ანუ ისევ ნების საწინააღმდეგოდ მივათრევ ჭაობში.
სტოქჰოლმის სინდრომზე გსმენია რამე? ჰო, როდესაც მსხვერპლს სიმპათია უჩნდება ანაც უყვარდება მოძალადე, გამტაცებელი. სანამ ვერთობი ის ჩემგან ყველა ჟესტს განსაკუთრებული სიკეთის, გულმოწყალების გამოვლინებად აღიქვამს, ბოლოს თავისუფლებას ვჩუქნი და აღარ მირბის, განა შეიძლება გაგიჩნდეს თაგვის დაჭერის სურვილი, როდესაც ის თავად გივარდება კლანჭებში?
იცი რაზე ვოცნებობ? იმაზე, რომ ერთ დღეს მე ვიქნები თაგვი. რატომ? იმიტომ, რომ ვიცი ეს დღე არასოდეს დადგება და ამის გაცნობიერება ჭაობში წოლისას ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ცოტა რამ


ფეხით სიარული არასოდეს მიყვარდა, იშვიათად თუ დავდგებოდი ხოლმე ასეთ განწყობაზე, თუმცა წელიწადში რამდენიმე დღეს სიამოვნებით ვსეირნობდი მუსიკის თანხლებით. უმეტესად ძირს ვიყურებოდი და საკუთარი ნაბიჯების თვალიერებით ვირთობდი ხოლმე თავს, მანამ სანამ ჩემი მეექვსე გრძნობა არ დაიწყებდა კივილს ”ვიღაც გიახლოვდება და ნამდვილად დაეჯახებიო”, შემდეგ ისევ ფეხებს ვუბრუნდებოდი და ველოდებოდი, როდის შემოკრავდა მორიგ ”განგაშის” ზარს.
წვიმდა, ასეთ ამინდში სეირნობის კი არა სახლიდან გასვლის სურვილიც არასოდეს მიჩნდებოდა ხოლმე. თვალი რომ გავახილე, საწოლთან ცარიელ სიგარეტის კოლოფს მოვკარი თვალი, გამახსენდა, რომ ბოლო ღერი ძილის წინ დავაგემოვნე და კვამლით გემრიელად გაჟღენთილმა დავიძინე. გარეთ ისეთი ნისლი იყო იფიქრებდი სახლიანად ღრუბლებში მომისროლეს და ცაში ვარ გამოკიდებულიო, ფანჯარას რამდენიმე წვეთი ემჩნეოდა, თუმცა დანამდვილებით ვერც იმას იტყოდი წვიმდა თუ არა.
აუღელვებლად ჩავიცვი, ქუდი ლამის სახეზე ჩამოვიფხატე და ნისლში მაღაზიის პოვნის იმედით გავიხურე კარები. ქუჩაში სულიერის ჭაჭანებაც არ იყო, საათისთვის არ დამიხედავს, არც დღე მახსოვდა დანამდვილებით, თუმცა მივხვდი, რომ ჯერ ადრე იყო. მაღაზიის კარებს რამდენიმე კილოიანი ბოქლომი ედო. დამენანა გამოვლილი გზის წყალში ჩაყრა და სახლში აბრუნება, ვიფიქრე ჯობია დაველოდო სანამ მაღაზიის მფლობელის ჩაპუტკუნებული მეუღლე კეთილს ინებებს და სიგარეტს მომყიდის ორმაგ ფასად მეთქი. კიბეზე ჩამოჯდომა მოვინდომე, თუმცა მივხვდი, რომ სველი იყო და ფეხების ბაკუნი დავიწყე გასახურებლად, ნიკაპის კანკალი რომ დამეწყო, გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო, გზას ჩავუყევი, ”ისეთი ამინდია ქუჩაში ძაღლი არ გაიგდება”- მეთქი ჩავიბურდღუნე, გამეცინა და აღმოვაჩინე, რომ მთელ დაღმართზე ერთი უპატრონო ძაღლიც კი არ დაძუნძულებდა, არადა რამდენიმე დღის წინ გულის კანკალით გავიარე მთელი გზა სახლამდე.
დაღმართს ბოლომდე ჩავუყევი, ბოლო სახლისგან რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა, ორი კვირის წინ, პირველად, რომ შემოვდგი ფეხი ამ სოფელში, მაღაზიის გამყიდველმა გამაფრთხილა მოერიდე იქით სიარულსო, თითით დამანახა ეს სახლი და ფრიად მხიარულ ტონში ამიხსნა ”გიჟი ცხოვრობსო.” მაშინ არ დავინტერესებულვარ რას გულისხმობდა, ცხოვრებაში რამდენ სოფელშიც ვყოფილვარ, ყველგან ყავდათ ერთი ასეთი გიჟი, ბავშვობაში სადაც ვისვენებდი, იქ ამ ტიტულს ქ-ნი ”ფაქიზო” ატარებდა, დღესაც მახსოვს მისი სახლი და სილუეტი, მარტო ცხოვრობდა, ორი მდინარის შესართავთან წამოჭიმულ გორაკზე მდგომ ერთადერთ სახლში, რა სიამოვნებით გამოველაპარაკებოდი ახლა, ვიფიქრე დანანებით და გეზი პირდაპირ ”სოფლის გიჟის” სახლისკენ ავიღე.
ეზოს დიდი ღობე ქონდა შემორტყმული და რკინის ჭიშკარი იცავდა, ყველა ფანჯარაზე საგულდაგულოდ იყო ფარდები ჩამოფარებული. ახლოს მივედი, შევიხედე და კარებთან ხელჯოხს მოვკარი თვალი. დროის გასაყვანად გადავწყვიტე სახლისთვის წრე დამერტყა და შემოვლა დავიწყე, შუაში რკინის ღობე მთავრდებოდა და სახლის უკანა კედელი იწყებოდა, რომელიც ნაირ-ნაირ ფერებში იყო აჭრელებული, ახლოს მივედი და შევნიშნე, რომ წარწერები იყო.
”01.12.2009
მინდა მადლობა გამოვუცხადო ჩემ მუზებს, რომელებმაც მაიძულეს დავფიქრებულიყავი როგორ გამეხალისებინა ჩემი სახლის ნაცრისფერი კედელი და როგორ მომეკლა მწერლობის ჟინი. დიახ, არაჩვეულებრივი იდეა მომაწოდეს ნიკამ და ნინიკომ, როდესაც წითელი საღებავით დაწერეს ჩემ კედელზე ნიკა+ნინიკო უდრის სამუდამო სიყვარულს. მართალია ამის შემდეგ ნიკა მეზობელ სოფელში მცხოვრები მარიკას მშობლებმა გვარიანად დაალურჯეს ქალიშვილის სახელის გატეხვისთვის და ცოლადაც მოაყვანინეს, ნინიკო კი დაუყოვნებლივ გიორგიზე გაათხოვეს, მაგრამ ეს უკვე დეტალებია.”
”12.12.2009
დილაობით თითები დასერილი მხვდება, მსუბუქი ჭრილობები მაქვს, თუმცა შევშფოთდი მათი სიხშირით. სანამ მარტო დავიწყებდი ცხოვრებას მეუბნებოდნენ ძილში იცინიო. არ მჯეროდა, არც ახლა მჯერა, რა ჭირად უნდა მეცინა ცხოვრებაში სიზმარი სულ რამდენჯერმე მაქვს ნანახი და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გონება კომედიებს არასოდეს თხზავდა.”
”24.12.2009
დღეს ნაძვის ხის დღეა. 24 დეკემბრის საღამო ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩემ ცხოვრებაში, ტრადიცია არასოდეს დამირღვევია, წლების განმავლობაში ნაგროვებ სათამაშოებს დღესაც მივუჩენ ადგილს ჩემ ნაძვის ხეზე, სულ ქვემოთ ყველაზე დიდ ბურთს ჩამოვკიდებ, რომელშიც ბავშვობაში ფულსა და ორცხობილებს ვინახავდი ხოლმე. მოვიმზადებ კაკაოს, ჩავჯდები სავარძელში და წარმოვიდგენ, რომ არაფერი შეცვლილა.”

”27.12.2009

მაშინ როდესაც ახლად გამომცხვარი საკუთარივე თავის ფეტიში კვარცხლბეკიდან დამპალი პომიდვრების სროლას იწყებს დანარჩენებმა ლამისაა დაგლიჯონ ერთმანეთი იმისთვის, რომ შემაღლებულ ტრიბუნაზე აღმოჩნდნენ მის გვერდით და ვინმემ შემთხვევით არ იფიქროს, რომ ისინიც იმ საზოგადოების ნაწილი არიან, ვისაც დუჟმორეული იდეალური არარაობა დაჟინებით უშენს პომიდვრებს.”

”05.01.2010

ჩემი წელი მოვიდა. ალკოჰოლის მარაგს ვათავებდი ჯიუტად და წერისთვის ვერ მოვიცალე. უკვე მერამდენე წელია მილოცვა არავისგან მიმიღია, თქვენც ქალბატონო მიმოზა მაღაზიაში შემოსულს თვალს, რომ მარიდებთ და ცდილობთ დაუყოვნებლივ მომიშოროთ თავიდან არც გიფიქრიათ ჩემთვის საპასუხოდ ბედნიერი წელი გესურვებინათ, რა არის გიჟების ბედნიერება ხომ?! აბა მეტი ვინ მომილოცავდა, ტელეფონი მე არ მაქვს, არც მეგობრები მყავს და ნათესავებმა ისიც კი არ იციან ცოცხალი ვარ თუ არა, თუმცა თავს არც მანამდე იკლავდნენ ჩემი მოკითხვით. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ჩემი წელი მოვიდა, მე ცენტრი ვარ, ყველაფრის ცენტრი, მზე, ძალაუფლება, რევოლუცია, ჰოდა ჭირსაც წაუღიხართ თქვენი მილოცვებიანად.”

”12.01.2010

დღეს დედაჩემი მოევლინა ქვეყანას, ჩემი არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტი. თუ შემთხვევით არაფერი ხდება, მაშინ ვივარაუდებ, რომ ჩემი ამ ქვეყნად მოვლინებაც წინასწარ კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი იყო. მე გეგმა ვარ, მალე ყველა პუნქტზე პლიუსი, რომ ექნება დასმული ის გეგმა.”

”01.03.2010

გაზაფხულია. ბავშვობიდან ვიჩემებდი შუალედურს ვერაფერს ვიტან მეთქი, ამიტომ გაზაფხულსა და შემოდგომას, ყველაზე მომაბეზრებელ დროებად მივიჩნევდი. ახლა პირიქით მგონია, ალბათ უმჯობესი იქნებოდა ცხოვრებაში ზოგჯერ მეც ვყოფილიყავი შუალედური.”

”01.04.2010

დღეს წერილი მივიღე. ფოსტალიონის გაფრთხილება ვერ მოასწარით ალბათ, სათნოდ გამიღიმა, ამინდზეც მესაუბრა და საუკეთესო სურვილებითაც დამემშვიდობა. მომენატრა ადამიანებთან ურთიერთობა, საუკუნეა გამარჯობაც კი არავის უთქვამს ჩემთვის, დღეს კი წერილიც მივიღე და დიალოგითაც ვიჯერე გული. მიყვარს აპრილი.”

”05.05.2010

ჩემი გონება ემოციებს შაბლონებად ინახავს. იმახსოვრებს ამა თუ იმ მოვლენაზე, ადამიანზე ბოლოს რა რეაქცია მქონდა და ავტომატურად უშვებს ხოლმე სისხლში იმპულსებს. 30 წლის უნახავ ადამიანს მივამსგავსე ფანჯრიდან ვიღაც გამვლელი და ისეთი პანიკა დამეწყო ლამის მუხლები მომეკვეთა.”

”12.05.2010

ადამიანები მანამ მიყვარს სანამ გავიცნობ. შემდეგ სრულ არარაობად იქცევიან ხოლმე და დაჟინებით ვცდილობ არ წავშალო ის სახე, რომლითაც მათ გაცნობამდე ვიცნობდი.”

”01.06.2010

ნაძირლები ხართ!”

სიცივისგან სხეულს ვეღარ ვგრძნობდი და მოწევის სურვილი მახრჩობდა, დანარჩენი ნაწერები წაშლილი იყო, ვიღაცას საღებავი შეესხა ”ნაძირლები” ჩავიბურტყუნე. წამოსვლას ვაპირებდი, რომ კიდევ ერთ წინადადებას მოვკარი თვალი, გაურკვევლად ეწერა ”დატოვე შენი აზრი”, ჯიბეები მოვიჩხრიკე და ვერაფერი ვიპოვნე, ირგვლივ მიმოვიხედე, რამდენიმე ნაბიჯში ჩამწვარ ხის ნაფოტებს მოვკარი თვალი, ხელში ავიღე და ნაწერების გაკეთება დავიწყე.

სახლში კმაყოფილი ავბრუნდი, ქალბატონი მიმოზასგან ცეცხლის ფასად ნაყიდი სიგარეტი მოვწიე, გავთბი, საღებავი ვიპოვნე უკანა ეზოში, ჩემი სახლის კედელთან მივედი და წერა დავიწყე.

5 ცვილის ფიგურა


– უკვე 8 საათია.
– მერე?
– არავინ მოსულა. თუ არავინ მოვა ფულს ხომ მაინც გადამიხდი.
– ჩანთა მომიტანე, ახლავე მოგცემ ”ხელფასს” რომ დამშვიდდე.
რამდენიმე წამში უკვე მაგიდასთან იდგა და ჩანთას მაწვდიდა, მივეცი შეპირებული ჰონორარი და ვთხოვე ისევ კარებთან დამდგარიყო.
8 საათი ისე გახდა მისი ხმა არ გამიგია, მაგიდაზე მივწექი, საფერფლე გულზე დავიდგი და კვამლის ღრუბლებში განვაგრძე ცურვა, ცოტა ხანში მისი წრიპინა ხმა მომესმა, აღარც მახსოვდა მისი არსებობა და ისე შევხტი კინაღამ თავზე წამოვიმხე დიდ ხანს ნაგროვები ფერფლი. ოთახში გაღიმებული შემოვიდა, უკან ხელების ცეცებით თვალებ ახვეული სტუმარი მოყვებოდა, თვალი ჩამიკრა და სკამზე დაჯდომაში მიეხმარა, თითით ვანიშნე მოდი მეთქი, მომიახლოვდა, ყურში ვუჩურჩულე ”ეს რომელია?” მხრები აიჩეჩა, პირი ყურთან მომიტანა და მითხრა ”არ ვიცი, მოსაწვევის გარეშეა მოსული.” გავბრაზდი ის ის იყო უნდა მეყვირა ისე რა ჭირად შემოიყვანე მეთქი, რომ უცნობის ქურთუკის ჯიბეში ნაცნობ ფურცელს მოვკარი თვალი, ვანიშნე ამოაცალე ჯიბიდან და მომიტანე მეთქი, ასეც მოიქცა, მოსაწვევზე სახელი გადაშლილი იყო, გავბრაზდი და ისევ ჩემ პატარა კომპანიონს ვუხმე, ვუთხარი სასწრაფოდ გაარკვიე ვინ არის მეთქი, კარგიო უდარდელად მიპასუხა, მიუახლოვდა, მხარზე საჩვენებელი თითით უჩხვლიტა იფიქრებდი ამოწმებს ცოცხალია თუ არაო, სიცილი ძლივს შევიკავე, სტუმარს კი რეაქცია არ ქონია ”რომელი ხარ?” კითხა წრიპინა ხმით, უცნობმა გაუღიმა, თუმცა არაფერი უთქვამს, ”წრიპინამ” შემომხედა რა ვქნაო, ვანიშნე წადი ისევ კარებთან დადექი მეთქი.
ამასობაში ცხრის ნახევარი გახდა, იმედგაცრუებული ისევ მაგიდაზე ვიწექი, ისევ სიგარეტს ვქაჩავდი და ყოველგვარი სიყალბის გარეშე ”ფეხებზე მეკიდა” ის რომ ოთახში მარტო არ ვიყავი. გვამივით იდო სკამზე, სახვევისკენ ხელი არც კი წაუღია, ცნობისმოყვარეობა აშკარად არ იყო მისი სუსტი წერტილი.
უკვე ცხრა ხდებოდა ”წრიპინამ” ორი სტუმარი, რომ შემოიყვანა ოთახში, სკამზე დასვა და მოსაწვევები გამომიწოდა, ვანიშნე არ მინდა მეთქი, გამოჩნდნენ თუ არა მაშინვე ვიცანი. კიდევ რამდენიმე წუთს ვიჯექი უხმოდ, ამასობაში დამსწრეთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, მივხვდი, რომ ლოდინის დრო ამოიწურა, წრიპინას ვთხოვე კარები დაეკეტა და სახლში წასულიყო, მითხრა ჯერ ადრეაო, სამზარეულოში გავიდა მაგიდას მიუჯდა, შემეცოდა კაკაო ჩამოვუსხი და კარები გამოვიხურე.
ოთახში შევბრუნდი, უკვე გვარიანად ბნელოდა და განწყობისთვის რამდენიმე სანთელი ავანთე, მართალია თვალები ახვეული ქონდათ, მაგრამ ჯდომის მანერით მივხვდი დაბნეულები იყვნენ და უკვე მოუთმენლობა იპყრობდათ.
მაგიდაზე დავდექი, არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ამის გაკეთება, ალბათ იმიტომ, რომ ოდნავ მაღლა ვყოფილიყავი, სცენის შეგრძნება მქონოდა.
”მაინც რამ გადაგაწყვეტინათ აქ მოსვლა?! არა, პასუხის გაცემით თავს ნუ შეიწუხებთ, ეს რიტორიკული შეკითხვაა. ვერაფრით გამიგია, როგორ შეიძლება დათანხმდე უცნობი ადამიანის მიწვევას, წახვიდე გარეუბანში, თექვსმეტი სართული ფეხით აიარო, კარებთან თვალები აგიხვიონ და ბინაში შეგიყვანონ, მშურს თქვენი გამბედაობის.
ალბათ გაინტერესებთ აქ რატომ ხართ, გაინტერესებთ აბა რა, ამას რა კითხვა უნდა, მიზეზი მარტივია, მომბერზრდა ერთფეროვნება, ჰო, ოღონდ ჩემი ერთფეროვნება, ისეთი თქვენთვის, რომ წარმოუდგენელი მრავალფეროვნება იქნებოდა და ადრენალინის გადაჭარბებული დოზისგან გული, რომ გაგისკდებოდათ. როგორც სხვებს მეც ყველაფერი მბეზრდება, ყელში ამომდის, თუმცა სხვებისგან განსხვავებით გადამჭრელ ზომებზე უარს არასოდეს ვამბობ, ჰოდა ვუალა ახლა აქ ხართ.
მერამდენე დღეა უმისამართო ბჟუტურის სურვილი მახრჩობს, ვერავინ ვიპოვნე ვინც დაჯდებოდა და მომისმენდა, აი ასე უბრალოდ, აიტანდა ჩემ თეატრალურ გამოსვლებს, მოკლედ გამონახავდა დროს, ისე რომ კეთილი ენება და პირში წყალ ჩაგუბებული წასულიყო, ბრძნული იდეებისა და რჩევების ფრქვევის გარეშე. ცოტა ხანს ვიფიქრე რა ვქნა მეთქი… ახლა წარმოიდგინეთ, რომ კამერა თქვენ მხარეს მოტრიალდა და სათითაოდ გადაგიარათ სახეზე, რისთვის? იმისთვის, რომ მაყურებელმა დაინახოს, მთელი 5 მსმენელის პოვნა შევძელი.
ისეთი დაძაბულები ხართ, ალბათ თავხედობა იქნება ტაშის დაკვრა გთხოვოთ, გიყურებთ და მგონია, რომ ცვილის ფიგურები დამილაგა ვიღაც მოცლილმა.
რა უცნაურია, ზუსტად ახლა, ამ მომენტში, არაფერი მაქვს სათქმელი, თქვენ მოსვლამდე კი ლამის თავი გამისკდა იმდენი წინადადება მომაწვა ერთბაშად.
ასე ხდება ხოლმე, როდესაც საუბარი მინდა ვერაფერს ვამბობ, როდესაც წერა მინდა ვერაფერს ვწერ, მოკლედ ჩემი სურვილი და შესაძლებლობა თითქმის არასოდეს ემთხვევა ერთმანეთს. თქვენი?
ყოჩაღ! საგულდაგულოდ წაგიკითხავთ ჩემი არაჩვეულებრივი კალიგრაფიით შესრულებული ტექსტი მოსაწვევზე, როდესაც თქვენგან ათასი ძახილის ნიშნით მოვითხოვე სრული მდუმარება.
ან იქნებ აქ ზუსტად იმიტომ ხართ, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ. ჰო, მე ასე ვიქცევი ხოლმე, ხშირად სრულიად უინტერესო, დაშრეტილი ვარ და ქურდივით ვიპარები სხვა ადამიანების სცენასთან, მათ სიტყვებს ვიბეჭდავ ტვინში, რომლებსაც ვავითარებ, ვიკვებები მათი იდეებით, შემდეგ ალკოჰოლით ვრწყავ, სიგარეტით ვაშრობ და საკუთარ თავს სარკეში ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი, იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი ნაძირალა ვარ. ჰოდა, თქვენი აქ ყოფნის მიზანიც თუ ეს არის ”Bon Appétit”.
გოგონა, ჰო თქვენ, არაჩვეულებრივი შავი კაბით, რომ იწონებთ თავს, მგონი ფეხი დაგიბუჟდათ გაუნძრევლად ჯდომისგან და დროა პოზა შეიცვალოთ. თუმცა რა ჩემი საქმეა.
რას ვამბობდი? ჰო, მგონი კვებაზე ვსაუბრობდი, ალკოჰოლის მეტს ვერაფერს შემოგთავაზებთ, თუ გნებავთ შემიძლია ჩამოგისხათ, ოღონდ წინასწარ არ გეტყვით რა სასმელი მაქვს.
ვხედავ არც ერთი იწვით თრობის სურვილით, აი მე კი ამაზე უარს არასოდეს ვამბობ, ოღონდ იაფფასიანი ლოთი არასოდეს გავხდები, ძვირფასი ალკოჰოლიკი კი ბატონო!
არჩევანის საშუალება, რომ გქონდეთ რომელს აირჩევდით უმტკივნეულო, მშვიდ სიკვდილს თუ ღირსეულს? ინექციით მოკვდებოდით თუ ეშაფოტზე ახვიდოდით? მე კოცონს ვამჯობინებ, საოცნებო სიკვდილია ჩემთვის, დიახ, იცოდით, რომ სიკვდილიც შეიძლება იყოს საოცნებო?!
იცით ვინ ვარ? კუდიანის იარლიყს ამაყად, რომ ირგებს და ღამით საბანს თავზე, რომ იხურავს შიშისგან ის.
თქვენ?”
გავჩუმდი, მივხვდი, რომ მომბეზრდა, დავიღალე, წრიპინას დავუძახე და ვთხოვე კარებამდე მიეცილებინა. პირველი სტუმარი ფეხს არ იცვლიდა. ვიცოდი ვინც იყო, ის ვისი მოსვლაც ყველაზე მეტად მინდოდა, იმდენად მინდოდა, რომ მომყირჭდა.
ხელი მოვკიდე, მივიყვანე კარებთან და ვუთხარი ”ზედმეტი მოგივიდა, გადაამლაშე.” ზღურბლზე გადასვლაში მივეხმარე, კარები მაგრად მივაჯახუნე და ბოთლი მოვიყუდე. 

ისე


ბინა ვიქირავეთ, ზოგადად უპრეტენზიო კლიენტები ვართ, ამ შემთხვევაში კი საერთოდ ხმის ამოუღებლად დავთანხმდით პირველივე ვარიანტს. შევთანხმდით, რომ ფარდებს მე ვიყიდიდი, ის კი ორ სავარძელს და მაგიდას.
რამდენიმე საათში, ოთახი უკვე მოწყობილი გვქონდა.
– შემახსენე რატომ ვაკეთებთ ამას? – მკითხა ეჭვნარევი ხმით.
– ყოველდღიური უაზრო დიალოგებისგან თავის დასაღწევად, იმისთვის, რომ გვქონდეს ადგილი სადაც იმაზე ვისაუბრებთ, რისთვისაც დრო და გამბედაობა არასოდეს გვყოფნის.
– ვალდებულებად იქცევა და ორ კვირაში მოგვბეზრდება.
– ვიცი, მაგრამ ცდად ღირს.
პირველ საღამოს ბევრი ვიდავეთ იმაზე გვჭირდებოდა თუ არა ალკოჰოლი, მე ვამტკიცებდი, რომ უამისოდ მთელ ხიბლს დაკარგავდა იდეა, ის კი მეუბნებოდა, რომ პირიქით იდეა განუხრორციელებელი დარჩებოდა იმ შემთხვევაში თუ ორი გონება დაბინდული ადამიანის ბოდვას უნდა მიძღვნოდა ყველაფერი. რამდენიმე საათიანი პოლემიკის შემდეგ შევთანხმდით, რომ 1 საღამო ალკოჰოლის თანხლებით წავიდოდა და მეორე მის გარეშე, შესაბამისად შედარებასაც შევძლებდით. დღე დავთქვით, პარასკევი, 9 საათი.

 ***

ნახევარი საათით გვიან მივედი, ბოდიში მოვიხადე, ჩანთიდან არყით სავსე ბოთლი ამოვიღე და მაგიდაზე დავდგი, სამზარეულოში ორი ჭიქა ვიპოვნე, გამოვიტანე და დავჯექი. სავარძელს ვერ მოვერგე, ბევრი ვიწრიალე, ბოლოს როგორც იქნა კომფორტულად ვიგრძენი თავი და სიგარეტს მოვუკიდე. სანთებელა გავუწოდე, ორივემ შეთქმულის სახეებით გამოვუშვით კვამლი. არაყი ჩამოვასხი, ჭიქები მივაჭახუნეთ და ჩვენი იდეის სადღეგრძელო დავლიეთ.
კენჭი ვყარეთ, პირველობა მხვდა წილად. შესავლის სახით შევახსენე წესები: ”სანამ ერთი საუბრობს მეორე ხმას არ იღებს, კითხვებს არ ვსვამთ, შეჯამებას არ ვაკეთებთ.” თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მე ჩავახველე, ამით ვანიშნე დაწყებას ვაპირებ მეთქი, სინამდვილეში რამდენიმე წამი მოვიგე, წარმოდგენა არ მქონდა რაზე უნდა მესაუბრა.
”რიტუალებით ვცხოვრობ, ეს ცრურწმენას გავს, თუმცა მე თვითონ ვქმნი თითოეულ მათგანს, რაოდენობა კი ნელ-ნელა იზრდება, საბოლოო ჯამში სრულფასოვან ცხოვრებასაც კი ვეღარ შევძლებ. რიტუალი მაქვს შესასრულებელი სახლიდან გასვლამდე, დაძინებამდე, მეგობართან დარეკვამდე … მოკლედ ყოვედღიური, რუტინული ქმედებების შესასრულებლად პირველ რიგში რამდენიმე პუქნტიანი წესის შესრულება მიწევს.
ზოგადად წესებს არასოდეს ვარღვევ, არც იმ ტიპის ადამიანებს განვეკუთვნები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ”წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო”, თუმცა იმდენად მომბეზრდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რომ რამდენჯერმე ვცადე სანაგვეზე მომესროლა ყველა რიტუალი. არაფერი გამომივიდა, მოსვენება დავკარგე, ამიტომ ისევ მშვიდად ცხოვრება ვამჯობინე.
ცოტა ხნის წინ კი დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ჩემნაირ ადამიანებზე, ჰოდა, პირველად შემეშინდა, აღმოჩნდა, რომ სამკურნალო ვარ და ეს ფსიქიური აშლილობაა.”
გავჩუმდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ სათქმელი აღარაფერი მქონდა, უფრო სწორად მეტი არაფერი იყო რისი ხმამაღლა თქმაც მინდოდა, ვუთხარი სულ ეს იყო მეთქი და ვთხოვე დაეწყო.
მას არ ჩაუხველებია, არც მოსამზადებლად გაუწელია დრო, პირდაპირ, უცერემონიოდ დაიწყო:
”ადამიანებს ჩემ შეცდომებზე ვაგებინებ პასუხს. უხეშად ჟღერს, უბრალოდ ვერ ვიტან დამნაშავის როლს, გაქცევის სურვილი მიჩნდება, სამხილებისა და მოწმეების განადგურების სურვილი. დაუფიქრებლად ვუსვამ ხაზს იმ ადამიანებს, რომლებიც მახსენებენ საკუთარ სისუსტეს, არასწორ საქციელს, შეცდომას ბოლოს და ბოლოს. მიზეზებს ვიგონებ რის გამოც ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას იმსახურებენ, არარაობას ვეძახი, ნაკლის პოვნა კი არასოდეს მიჭირს, ყველაზე იდეალურ ქმნილებასაც კი მარტივად ვთხვრი ტალახში, ბრალს ვდებ და შემდეგ ბუნებრივად მიჩნდება ზიზღის შეგრძნება, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მე დავუშვი შეცდომა. პასუხს სხვები აგებენ, ჩემ წინაშე მაინც.”
გამიღიმა, მივხვდი, რომ პირველი საღამოსთვის საკმარისი იყო, ისევ სიგარეტს მოვუკიდეთ, კმაყოფილი სახეებით გამოვუშვით კვამლი და ერთი ამოსუნთქვით გამოვცალეთ ჭიქები.
ღამე გავათენეთ, უხმოდ, დიალოგის გარეშე ვიჯექით მზის ამოსვლამდე, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ მომდევნო კვირის პარასკევამდე.

 ***

კვირები ისე გადიოდა ერთმანეთს არ ვეხმიანებოდით, მხოლოდ პარასკევს ვამოწმებდით ძალაში იყო თუ არა შეთანხმება.

 ***

ამჯერად მას დააგვიანდა. ქოშინით შემოვიდა ოთახში, მივხვდი, რომ ჩქარობდა, ამიტომ არაფერი მიკითხავს.
დაჯდა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, ვუთხარი, რომ დღეს კენჭს აღარ ვყრიდით და ის გახსნიდა საღამოს.
”მაზოხისტები ტკივილით იღებენ სიამოვნებას ხომ? მე შიშით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ავადმყოფობის ფორმაა. არა, ვამლაშებ, ავადმყოფობაც არ არის, უფრო ბუნებრივი მოვლენაა. თვითონ შიშის შეგრძნება არ მანიჭებს სიამოვნებას, უფრო იმის წარმოდგენა, რომ შემეშინდება, ანუ ქმედება, რომელიც გარდაუვალ შიშს მომიტანს.”
გაჩუმდა, მივხვდით, რომ ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით რამდენიმე საათიანი მონოლოგები რეალურად რამდენიმე წუთიანი იყო მხოლოდ.
მე ისევ ჩავახველე.
”ეს საღამოები რისთვის მჭირდება იცი?! იმისთვის, რომ საკუთარი განსხვავებულობა ვიგრძნო, იმისთვის, რომ რაღაც პირადი, გამორჩეული მქონდეს, ყოვედღიური, გულის ამრევი რეალობის გარდა. მჯეროდეს, რომ მე ყველა არ ვარ, მე რუტინა არ ვარ. მუდმივად ვზრუნავ საკუთარი გამორჩეულობის ხაზგასმაზე, ოღონდ ამას სხვების დასანახად არასოდეს ვაკეთებ, მხოლოდ საკუთარ თავს ვუმტკიცებ უნიკალური ხარ მეთქი, საინტერესო ცხოვრება გაქვს და ეს რაღაცად მაინც ღირს მეთქი. შემდეგ სავარძელში ვჯდები და ვხვდები, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. ვიწყებ ლაპარაკს და მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ შენ კითხვების დასმის უფლება არ გაქვს და ამაზე არასოდეს ვისაუბრებთ.”

– ან იქნებ იმიტომ, რომ არ ვარსებობ.
– ჰო, შეიძლება ამიტომაც.

ახლა ვარ განსხვავებული?!


საღამოს დადგეგმილი შეკრებისთვის წარმოსაქთმელ სიტყვას დაჟინებით ვიმეორებდი სარკესთან, კულმინაციურ მომენტში მაგიდას მუშტი დავარტყი და ნელსურნელებით სავსე ბოთლი მთელი ძალით მოვიქნიე იატაკზე, კარებისკენ გამექცა თვალი და ათრთოლებული სილუეტი დავლანდე, ზღურბლზე იდგა გაყინული მზერით და შესაფერის მომენტს ეძებდა ჩემთან დიალოგის გასაბმელად. თითით ვანიშნე შემოდი მეთქი და სავარძელზე მივწექი. ჩქარი ნაბიჯით მომიახლოვდა, სკამის კიდეზე ჩამოჯდა და ხელების ფშვნეტა დაიწყო ნერვიულად. ტუჩი მოვიკვნიტე მოუთმენლობის ნიშნად და ამრეზით გადავხედე, წარბის აწევით შევატყობინე, რომ აგვიანებდა საუბრის დაწყებას. ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა, ქალაქის ცენტრში გელოდებიანო, ფრაზა არ ქონდა დამთავრებული, უკვე კედლის საათს ვუყურებდი დაჟინებით, ამოიოხრა და მიმანიშნა არ დამიმთავრებიაო, წამოვჯექი, მისკენ გადავიწიე და სისინით ვუთხარი განაგრძე მეთქი – ”თეთრი ხალათი ჩაიცვა, ხელები უკან შეიკრა, გიჟის პერანგში გამოწყობილი ავიდა ტრიბუნაზე, ”ლაქია” დაიყენა გვერდით, რომელიც ყოველი მინიშნებისას სიგარეტს აწვდის. ჯერ არაფერი უთქვამს, მოედანი სავსეა ხალხით და გამოსვლის დაწყებას ელოდებიან.” ტუჩზე თითი მივიდე, სისველე ვიგრძენი, მოკვნეტისგან სისხლი მდიოდა და პირში ნაცნობი მლაშე გემო მეპარებოდა.
გარდერობთან მივედი, ტანსაცმლის თვალიერება დავიწყე, თუ ვაგვიანებ ბარემ ბოლომდე მეთქი გავიფიქრე და შავ ჰაეროვან ზედას გავუყარე ხელი.
ქუჩაში გასულს რამდენიმე ჩრდილმა გამირბინა გვერდით, ვიცოდი საითაც მიიჩქაროდნენ და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა მთავარ მოედანს, იქიდან კი ზუზუნად ქცეული მოუთმენლობის ხმა მოედინებოდა ვიწრო ქუჩებში. სიგარეტი ქვაფენილზე დავაგდე, ქუსლით დავაწექი, რამდენიმე წამს გაუნძრევლად ვიდექი, ხელები შარვლის ჯიბეში ჩავიწყვე და უდარდელი ნაბიჯით გავუყევი უკვე ბილიკად ქცეულ, მოკირწყლულ გზას. რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, არც ერთს მივსალმებივარ ისე ავუარე გვერდი და მოქნილად გავიარე ჩაპრესილი ბრბო.
სკამზე იჯდა, თავჩაქინდრული უყურებდა მტვრისგან დაფარულ ხის იატაკს, სიგარეტი ედო პირში და დაჟინებით ქაჩავდა, თეთრებში გამოწყობილი ლაქია კი პერიოდულად აცლიდა ტუჩების კიდეში მიმწყვდეულ ღერს და კვამლს ხელის შეუმჩნეველი მოძრაობით ფანტავდა. შევჩერდი, ქვემოდან გამომხედა და ისე ამარიდა თვალი თითქოს პირველად მხედავდა. მხოლოდ თეთრი პერანგი ეცვა, უკან შეკრული სახელოებით, სკამზე გასწორდა, შეკრებილ ხალხს თვალი გადაავლო, წამოდგა, შეეცადა წონასწორობა არ დაეკარგა, ქვედა ტუჩში სილურჯე შეპარვოდა და შეუმჩნევლად უთრთოდა სახის ყველა კუნთი, ღრმად ჩაისუნთქა და ჩურჩულში გადასული ხმით იკითხა: ”ახლა ვარ განსხვავებული?” ხალხი უკმაყოფილოდ ახმაურდა, ხმამაღლაო გაისმა აქა-იქ. გაიმეროა ”ახლა განსხვავებული ვარ? შევქმენი შოუ, რომელსაც ელოდით? როგორ დასასრულს ხედავთ? უმრავლესობას ხომ სადღაც სჯერა, რომ გავგიჟდი, გავგიჟდი ისე, რომ დღევანდელ საღამოს დაუვიწყარ სანახაობას გაჩუქებთ. მაგრად დაწუნული ბაწრის ყულფში გავყოფ თავს და ვითხოვ, რომ მიწა გამომაცალონ ფეხებიდან.
შენ! ჰო შენ წინა რიგებში, რომ დაგიკავებია ადგილი, სახე ტკივილისგან, რომ გემანჭება და ორივე მუხლი შეხვეული გაქვს, გუშინ არ იყო, რომ მორბოდი? ტრიბუნაზე საქვეყნოდ აღიარებული ორატორის გამოსვლაზე პირველს რომ გადაგეწყვიტა მოსვლა, პირველს რომ უნდა გეყვირა ბრავო, რომ პირველი შენთვის გაეღიმა. რა მოგივიდა? დაეცი გზად? ფეხი დაგიცურდა? სისხლიანი მუხლებით მოხვედი და მიხვდი, რომ დაგაგვიანდა? მერამდენე იყავი ვისაც ღიმილი აჩუქა? მეასე, მეათასე, მეასიათასე? თუ ვცდები?! შენ ხომ ის ხარ, ვისაც პირველობის ჟინით შეპყრობილს ფეხი დაუცდა, სისხლში ამოგანგლული მივიდა მასთან და წაიჩურჩულა ”ბრავო!”. დაგაფასეს? მიიღე ის რასაც ელოდი? გაგიღიმეს? შეძელი თაყვანი გეცა ისე, როგორც ”პირველებს” შეეფერებათ?
როგორ იქცევით როდესაც თქვენ იდეალებს ეხება საქმე? როგორ უმტკიცებთ საკუთარ ერთგულებას? ხელებს ულოკავთ? მუხლებს უკოცნით? ფეხქვეშ თელავთ ყველას ვისაც თუნდაც წამოსცდება მათზე რაიმე ცუდი? როგორ ქმნით იდეალებს? უკვე გამზადებულს გართმევენ ლანგარზე? რიგებად ჩამწკრივებული ბრბოს ნაფეხურებს მიუყვებით და იქ ყვირით სადაც დანარჩენები? როდის გიპყრობთ შიში? მაშინ როდესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენ ახლად გამომცხვარ ფეტიშს სათქვენო დრო არ აქვს? როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას მათ უთმობს ვინც მოასწრო და პირველმა შეძლო მისი აღიარება? ვინც ახლახანს შემოუერთდა? ვისაც თვითკმაყოფილებისგან გასიებული სახით ისვამს კალთაში და ხელს უსვამს ნაზად თავზე? პატარა ბავშვებივით იწყებთ ეჭვიანობას ახალშობილ დასა თუ ძმაზე? წყევლით დღეს, როდესაც შუათანა შვილის სტატუსი გერგოთ? აღარც პირველი ხართ და აღარც ახალი?
ისინი ხართ ვინც დაიჯერა, რომ ვერასოდეს იქნება ლიდერი? ისინი ვინც პირველობისკენ მიისწრაფვიან? უკანასკნელი ფენის ადამიანების პირველობისკენ? განსაკუთრებული პირფერობის ხარჯზე? სიამოვნებით იწმენდთ ფურთხს, როდესაც თქვენი იდეალი კეთილს ინებებს და განსაკუთრებული გაცხარების ჟამს შემოგაფურთხებთ? ე.ი. გამოგარჩიათ, ე.ი. ახსოვხართ, დაგინახათ…
აბა რამდენ თქვენგანს გონია, რომ მასზე ვსაუბრობ? კმაყოფილებს გეღიმებათ იმაში დარწმუნებულთ, რომ ეს ყველას ეხება თქვენ გარდა? მზად ხართ ერთმანეთის ტაშის ხმა ნებისმიერ ფასად გადაფაროთ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ თქვენ არ ხართ ამ სიტყვის აზრი და მუზა? რამდენ ხანს იდგებით ყინვაში, იმისთვის, რომ დასასრულს ხელი ჩამომართვათ და მითხრათ, რომ აღგაფრთოვანეთ? იმის შიშით, რომ შესაძლოა ხვალ ის ვიყო ვის პირველ, ერთგულ შვილობასაც არაფერი სჯობია? ადგილებს დაიკავებთ?
ახლა ვარ განსხვავებული?!”
ტაშის ხმა აყრუებს იქაურობას, ვტრიალდები, ვცდილობ გავარღვიო სცენასთან მიმწყდარი ადამიანების რიგები, მივდივარ და ვფიქრობ ”ბრავო! მაგრამ ეს მე არ მეხება.” ვიღაც მიახლოვდება, ყურთან მოაქვს პირი და მისისინებს ”განა?!” 

შავი


– ადამიანებს ფერების მიხედვით ვყოფ. – მითხრა და ისევ სიტყვებით აჭრელებულ ფურცელს დაუბრუნდა.
ცოტა ხანს გავჩუმდი, ვიფიქრე არ ღირს მეთქი, თუმცა ვერ მოვითმინე და ვკითხე – მე რა ფერის ვარ?
– შავი. – მიპასუხა და გამიღიმა.
მეც გამეღიმა, პასუხი წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც გამეღიმა, ნახევრად ჩამწვარ სიგარეტის ღერს გადავწვდი, მაგრად მოვქაჩე და სანამ კვამლს გამოვუშვებდი ღია მწვანე შეფერილობის სითხე მოვწრუპე, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი ძარღვებში, პირიდან კი სიტკბოში გაზავებული მწარე არომატით გაჟღენთილი კვამლი გამოვუშვი.
– სინამდვილეში ქამელეონი ვარ, ადამიანებს ვეწებები და მათ შეფერილობას ვიღებ.
ეჭვნარევად ამომხედა, თუმცა არაფერი უთქვამს.
– ჰო, მე დღეს შავი ერთიანი ვარ და დაჟინებით მეფიქრება ნაცრისფერ შვიდიანზე.
სიგარეტს მოუკიდა, სავარძელზე მიწვა და მანიშნა განაგრძეო.
– იდეალური ნადავლი ვარ, მსხვერპლისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული შტრიხების გარეშე. ადამიანებს ფასს ვადებ, აუქციონს ვმართავ და მხოლოდ მათ ვყიდულობ ვისზეც დიდი მოთხოვნაა. გამარჯვების, პირველობის შეგრძნება მიყვარს, ძვირფასი, მოთხოვნადი ადამიანები მჭირდება.
– მე რა ვღირვარ? – მკითხა, ანთებული თვალებით.
-ძვირი. – ვუპასუხე მე. – მეგობარი მყავს, ალბათ ყავისფერი იქნება, ყავისფერი რვიანი, ადრე ვიყიდე, ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად რომ ვიძენდი გასაყიდად გამოტანილ ადამიანებს, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იაფი იყო, ნაკლებად მოთხოვნადი, როგორც ყველა, ისიც რამდენიმე ადამიანს ეკუთვნოდა, მე მხოლოდ წილი მქონდა. დროთა განმავლობაში მისი სრულუფლებიანი მფლობელი გავხდი, არავის უნდოდა, მე კი შევეჩვიე და დავიტოვე, ყოყმანის გარეშე დავიტოვე, დღეს კი ვხვდები, რომ ესეც კარგად გათვლილი მომგებიანი სვლა იყო, ვიცოდი, რომ წლების შემდეგ განძის მფლობელი ვიქნებოდი, არ შევმცდარვარ, ახლა ვუყურებ, როგორ იმატებს მისი ფასი და ვიცი, რომ ის ჩემია.
– შენი ფასი? – მკითხა გამომწვევი ღიმილით და თვალებდახუჭულმა მოიყუდა სასმელით სავსე ჭიქა.
– საკუთარ თავს ფასს არასოდეს ვადებ, არ შეიძლება ერთდროულად მყიდველიც იყო და საქონელიც. 
– ნაცრისფერი შვიდიანი ვინ არის?
– ზედმეტად ძვირი, ჭრელი, ხუთიანი, რომელმაც არ იცის, რომ ნაცრისფერია იმიტომ, რომ შავი თმა და შემაძრწუნებლად თეთრი კანი აქვს, არც ის იცის, რომ შვიდიანია, თუმცა იცის, რომ ძვირია და ვიცი, რომ ისიც მყიდველია.
– მყიდველის ყიდვა გადაწყვიტე?
– გითხარი იდეალური ნადავლი ვარ მეთქი, იმდენჯერ ვცადე მისი ყიდვა, რომ თავად აღმოვჩნდი გაყიდული, თანაც უფასოდ, უაზროდ ჟღერს ხომ?! მართალია, გაჩუქებული უნდა მეთქვა, თუმცა ხვალ მისი ფასი მკვეთრად დაიკლებს… მყიდველების ნაღებ საზოგადოებაში გავალ და ვიტყვი, რომ აღარ მაინტერესებს ის, როგორც საქონელი, ვიტყვი, რომ უვარგისია.
– აკი მითხარი თავადაც მყიდველიაო.
– დიახ, გითხარი, ასეცაა, ამის შემდეგ ის საკუთარი ფეხით დადგება გასაყიდი საქონლის გვერდით.
– შენ შავი ხარ.
– ვიცი. – ვუპასუხე მე და კმაყოფილმა გამოვუშვი კვამლი.