ქ-ნი საშლელი


ყოველ დღე სკამზე დაუფარავი ინდიფერენტულობით ვიყავი ხოლმე მიწოლილი და ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც რიგ-რიგობით ყვებოდნენ იმას თუ რას ნანობდნენ.
შუა საუბარში ჩავეჩრებოდი ხოლმე და მავედრებელი ტონით ვიღებდი მოწევის ნებართვას, წარბ აწეულნი გადმომხედავდნენ შემდეგ კი უხმოდ აგრძელებდნენ ერთმანეთის ”ჭირ-ვარამის” გაზიარებას.
ყოველი ახალი წევრის შემომატებისას ფეხზე ვდგებოდი და მარი ივიტის სახელით ვეცნობოდი, ხელს გავუწვდიდი ხოლმე, მათგან კი მხოლოდ მსუბუქ სალამს ვიღებდი, შემდეგ ისინიც დანარჩენებივით ვერ მიტანდნენ, მე კი ცოცხალი თავით არ ვტოვებდი იქაურობას.

 ***

ოთახში დაგვიანებით შევედი, შარვლიდან მტვერი ჩამოვიფერთხე,  ჩვეული ”მიმიფურთხებია” სახით გავიღიმე და სკამზე მივწექი, საზურგეზე ჩამოვდე თავი, ფეხები წინ წავწიე, უდარდელად გადავაჯვარედინე და ჭერის თვალიერება დავიწყე, ცოტა ხანში სიჩუმემ შემაწუხა, წამოვჯექი, სიგარეტი ძირს დავაგდე და ფეხით გავსრისე, ხმას არავინ იღებდა.
”ან თქვი აქ რა გინდა და თითოეული ჩვენგანივით მოიქეცი ან დატოვე აქაურობა.” – მკაცრად გამოსცრა ”სინანულის დედოფალმა” კბილებიდან, თავიდან ფეხებამდე მონაზონივით შემოსილმა, წითელ ლოყება, თვალებ ჩაცვენილმა ახალგაზრდა დედაკაცმა, რომელიც ყველაზე მეტ ცრემლს ღვრიდა, ყველაზე მეტს საუბრობდა, ყველაზე მეტ რჩევას აფრქვევდა, ყველაზე მეტად იყო მონდომებული სხვების სანუგეშოდ, სეანსის დასრულების შემდგომ კი გვერდზე ბარში მიდიოდა დასალევად, ორ საათში უკვე ლამის საცვლების ამარა ცეკვავდა მაგიდაზე, მისი ”მონაზვნის ტანსაცმელი” კი აქეთ-იქით მაგიდებზე იყო მიმოფანტული. ამას სპეციალურად აკეთებდა, წინა ღამისთვის საკუთარ თავს შემდეგი ღამით სჯიდა და ასე დაუსრულებლად, სინანულის დოზის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. სხვებს კი მისთვის ხელის გულები არასოდეს ენანებოდათ.
მე ჩემი საფირმო ღიმილით გადავხედე, ისევ სკამზე ჩამოვჯექი:
”ვინ არის მარი ივიტი?”
”სახელი და გვარი საჭირო არ არის.” შემაწყვეტინა სინანულის დედოფალმა.
”დამშვიდდით ქალბატონო პატიოსნებავ, ეს ფსევდონიმია.” – ვუპასუხე მე – ”საღამოს ერთად ხომ არ დაგველია?” – ვკითხე და თვალი ჩავუკარი.
პერანგის საყელოსთან ხელი მიიტანა და მაგრად მოიჭირა ყელზე. პასუხის გაცემა არ ვაცადე და განვაგრძე:
”მარი ივიტი, იგივე საშლელი, სასიამოვნოა!
რას ვნანობთ? თუმცა, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეკითხა რას ნანობთ მეთქი. ჰო, გაკვირვებულ სახეებს ნუ მიიღებთ, მე ყურადღებით გისმენთ ყოველ დღე, ვიცი თითოეული მიზეზი, რომლის გამოც აქ ხართ, თუმცა ეს კითხვა მაინც არ მაძლევს მოსვენებას. თავმოყვარეობა, თითოეულ ჩვენგანს ეს გადაჭარბებული დოზით აქვს. გზები კი რომლებითაც ვცდილობთ ჩავახშოთ შემოჩენილი შეგრძნება, ”ეს რა ჩავიდინე” შეგრძნება უმეტესად ახალი სანანებელი ქმედების ბიძგს წარმოადგენს, ამიტომაცაა წრეზე, რომ დავდივართ, დავდივართ და ყოველ საღამოს წრეზე ვსხდებით ერთმანეთის მოსასმენად.
ეს ავადმყოფობაა.
ჩვენ ყველაზე დამღუპველი ფორმით ვართ ავად. ის რასაც ვნანობთ საკმარისად საშინელი არასოდესაა იმისთვის, რომ თუნდაც მღვდელთან მივიდეთ და მოვინანიოთ, იმისთვის, რომ ერთხელ ჩავიდინოთ და შემდეგ დრომ თავის საქმე გააკეთოს. ჩვენ ისინი ვართ ვინც ყველაზე უმნიშვნელო, სასაცილოდ წვრილ მიზეზებზე ღვრის ცრემლებს და იგლეჯს ნერვებს, ჩვენ არც მიტევება გვჭირდება, ვინაიდან დანაშაული მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ჩავიდინეთ, საკუთარი თავმოყვარეობის წინაშე, ამიტომაცაა, რომ ერთადერთი რასაც შეუძლია გვანუგეშოს ეს იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენნაირები არსებობენ, მხოლოდ ჩვენ არ ვიმეორებთ ერთი და იგივე შეცდომას, არ ვდგამთ ერთი და იგივე ნაბიჯს ათასჯერ, ათი ათასჯერ, მილიონჯერ…
დავლიე, მოკითხვა მომინდა, გულწრფელი სიხარულით ვკითხე როგორ ხარ მეთქი, შევაქე, ტაში დავუკარი, მოვეფერე… პასუხმა არ დამაკმაყოფილა, ზედმეტად ცივი იყო, ვალის მოხდით განმსჭვალული, მობეზრებული, თავიდან მოშორებაზე ორიენტირებული… გავბრაზდი, თუმცა მალე ჩამეძინა, იმაზე ფიქრით ჩამეძინა, რომ ხვალინდელი დღე არასოდეს გათენდებოდა… რამდენიმე საათში ირიჟრაჟა, თვალები ვჭყიტე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ იდიოტია და ჭკუას არასოდეს სწავლობს.
კარგ ხასიათზე ვიყავი, გიჟივით ვიხარხარე, ზედმეტად ბევრი ვიცეკვე, ზედმეტად გამომწვევი ვიყავი, ცუდად გავხდი, ეს ყველამ შეამჩნია…. ვიჩხუბე, უმიზეზოდ, ან დაფარულ მიზეზს ავხადე ფარდა…
შემეცოდა, საკუთარი თავმოყვარეობისგან გამოწვეულ სიცივეზე გული ამერია და დავთბი, პასუხი არ მიმიღია…
ჩვენი თავმოყვარეობა კივის და მიძინებულ სინანულს ნემსების გაყრით აღვიძებს, მის გადასაფარად მას ახალ დარტყმას ვაყენებთ და ის ახალი ძალით იწყებს ”ეს რა ჩავიდინეს” გაღვიძებას, მალე ოთახში ”იდიოტი ვარ” შემოდის… ახალი მიზეზი გვჭირდება ამის დასავიწყებლად.
ბოლოს წუმპეში ვართ და ველოდებით მომენტს, როდესაც უარესი შეუძლებელი იქნება, ასეთი მომენტი კი არასოდეს დგება.
მარი ივიტს ყოველ დილით ხვდება წერილი მარი ივიტისგან, დალუქული კონვერტით, ბალიშის ქვეშ ამოდებული. წერილს ხსნის შიგნით კი ცარიელი ფურცელი დევს, საშლელის ნამცეცებში ამოგანგლული. ფურცლის ბოლოს კი მარი ივიტის ხელმოწერაა.
სინანულის შეგრძნება დავკარგე, მანამ სანამ ჩემი თავმოყვარეობა ლამის წიხლით შედგება ხოლმე მას, ფურცელზე ვწერ ყველა მიზეზს, რომლის გამოც მეორე დილით მარი ივიტს სიკვდილი მოენატრება, შემდეგ ვიღებ საშლელს, მთელი მონდომებით ვშლი ყველაფერს, დილით კი მარი ცარიელია, ცარიელი, თავისუფალი და მარტივი.”
სიგარეტს ვუკიდებ, სინანულის დედოფალს საშლელს ვუწვდი და კარებს ვიხურავ. 

 

Advertisements

7 thoughts on “ქ-ნი საშლელი

  1. ჰა, ვინ არის მარი ივიტი? 🙂

    სიანულის შეგრძნება დაკარგა? მეეჭვება… უბრალოდ, რაღაცეები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი განადგურება სულ არ იწვევს სინანულს. როცა მნიშვნელოვან რაღაცას შეეხები, ეს შეგრძნებაც დაბრუნდება. სინანულის შეგრძნებას სამწუხაროდ თუ საბედნიერეოდ ვერავინ დაკარგავს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ სინანულის შეგრძნებას.

    Like

    1. მარი ივიტი ზუსტად ვიცი ვინ არის, ფინიკის ფანტაზიის ნაყოფია, ანუ ის ვისი ხასიათის შტრიხებიც დიდი სიამოვნებით ექნებოდა ფინიკის.

      ჰო, გეთანხმები სინანულის შეგრძნების სრული დაკარგვა ჯანმრთელი ადამიანისთვის შეუძლებელი ფუფუნებაა, თუმცა იმ წვრილმან, უმნიშვნელო, სულელურ მიზეზებზე ნერვების შლა და მუდმივად საკუთარი თავის ბრალმდებლის როლში ყოფნაც არ მიუთითებს განსაკუთრებით ჯანსაღ ფსიქიკაზე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s