მ-შვიდი


ჩემი სიმშვიდე ყელში მოწოლილმა აგრესიამ აიღო და კედელზე შემოანარცხა, განაცხადა, რომ ეზიზღება მოჩვენებითი, ყალბი, ხელოვნური მე. აფეთქდა და გუშინდელ მეექვსე გრძნობას კრახი უწოდა. მე დავეთანხმე, ასე ვიქცევი ხოლმე, როდესაც ვხვდები, რომ მართალია, თუმცა შეფარვით, მორიდებით გავახსენე დილით მიღებული წერილი, რომელიც წინ უსაშველოდ გაწელილ დღეს გასაოცარი სილამაზით გვიხატავდა, არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ფეხით გასრისა ძარღვებში შეპარული ბედნიერება და ნიშნის მოგებით გაიჯახუნა კარები.
კრახი ვახსენე, მოჩვენებითი წინათგრძნობის კრახი.
გვიან ღამით, გრძელი გზით გადავწყვიტე წასვლა, მიზანმიმართულად გავიარე ქუჩაზე სადაც ერთ-ერთი სახლის, ერთი ოთახის ფანჯარაში სინათლე მეგულებოდა. მოპირდაპირე მხარეს ჩამოვჯექი, ფარდის საამურ რწევას შევავლე თვალი და კვამლის ღრუბელში არეული კოფეინის სურნელი ღრმად ჩავისუნთქე. წარმოვიდგინე გაფითრებულ, გრძელ თითებში როგორ ეჭირა ერთი ღერი სიგარეტი, მოქაჩვისას, როგორ ჭუტავდა თვალებს, როგორი სიმშვიდით უშვებდა კვამლს პირიდან, წრუპავდა ყავას, პატარა ყლუპის შემდეგ ნიკოტინით გაჟღენთილ სულს უბერავდა და განაგრძობდა წერას.
სიმშვიდე ვიგრძენი.
ჯერ კიდევ დღის 3 საათზე მისი სახლის კარებთან ვიდექი, ვიცოდი, რომ ამ დროს ეძინა, ისეთი ღრმა ძილით, რომ ვერაფერი შეძლებდა მის გამოფხიზლებას, მორიდებით, ჩუმად დავაწექი სახელურს, უეცარი ჭრიალის ხმითა და სახეზე მოხვედრილი ნიავით აღმოვაჩინე, რომ კარები გაიღო. ნელი ნაბიჯით შევაბიჯე, ორპირი ქარისგან იატაკზე გაბნეული სიგარეტის ფერფლის ნაწილაკები ერთად მოქუჩდნენ და წრეზე დაიწყეს ტრიალი. დავინახე როგორი ძალით გაქანდა კარები კედლისკენ და შევეცადე მის დაჭერას, ყელში გულის ცემის ხმის გადაფარვას შევეცადე და შვებით ამოვისუნთქე, როდესაც დავინახე, რომ დაჭერა მოვასწარი. ნელა მივხურე, ერთხელ უკვე გაგონილი ჭრიალი ყველაზე ხმამაღალ ხმად მეჩვენა და ერთი სიცოცხლე გავათავე სანამ გავიგე როგორ ჩაჯდა საკეტის ენა ბუდეში.
დერეფანს გავუყევი და მსუბუქი ნაბიჯით შევედი კაბინეტში, ასობით კონვერტი იდო მაგიდაზე, თითოეული მათგანი ადრესატის შეუდარებლობას ღაღადებდა. ბარათების ქექვა დავიწყე და ბოლოსკენ ჩემ რამდენიმე წერილს მოვკარი თვალი, ხელს რომ ანონიმი აწერდა, გვერდზე სათუთად დალაგებულ დასტას გადავწვდი, აღმოვაჩინე, რომ უპასუხოდ არავის ტოვებდა – ”მე სხვანაირად მპასუხობს” – წყალწაღებული პროტესტით დამამშვიდა გონებამ.
ისევ სირაქლემობა ვამჯობინე, თავი მაგრად ჩავყავი მიწაში და წერილები გვერდზე გადავდე.
7 საათამდე ვიჯექი გაუნძრევლად, საძინებლიდან ხველის ხმა მომესმა და გამოვფხიზლდი, ფრთხილად ავიკრიფე.
რამდენიმე წუთში უკვე ქუჩაში ვიყავი.
სრულ სიმშვიდეში ვიჯექი განათებულ ფანჯარასთან, ვაკვირდებოდი როგორ ირწეოდა ფარდა და ვფიქრობდი – ”ანონიმის გაქრობის დროა”, საათს დავხედე – 07:27 – ეჭვი შემეპარა ”იქნებ…”.
Advertisements

4 thoughts on “მ-შვიდი

    1. მეც დიდი სიამოვნებით 🙂

      რა ვიცი, მაშინ ვფიქრობდი, რომ დრო იყო, თუმცა ახლა არ ვარ დარწმუნებული.

      “გავქრე ისე როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
      არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება…” 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s