ფინიკი


ყოველთვის მიყვარდა საკუთარ თავთან საუბარი. ეს მაშინ დაიწყო ჯერ კიდევ ხუჭუჭი თმა და საყვარელი თეთრი ფეხსაცმელი, რომ მქონდა. საღამოობით სახლის ყველაზე ცივ, თუმცა ყველაზე მყუდრო ოთახში შევიკეტებოდი ხოლმე, სკამის საზურგეს მაგრად ვეყრდნობოდი, ფეხებით მაგიდას ვაწვებოდი და ვქანაობდი, ვიცოდი რომ კარები იკავებდა საუბრის ხმას და შემეძლო მოურიდებლად მეწარმოებინა პოლემიკა საკუთარ თავთან, ეს მანამ ხდებოდა სანამ ერთ-ერთი სკამზე საამური რწევის დროს იატაკზე არ აღმოვჩნდი ისე რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ბრაგვანის ხმაზე დედაჩემი შემოვიდა მე კი უკვე ამაყად ვიდექი ფეხზე და სკამს ვასწორებდი, წინ რვეულები მქონდა გაშლილი ”მეცადინეობის” ეფექტის შესაქმნელად, ”ბრალი დამდეს” ჩაგეძინაო, არადა რა დამაძინებდა გაქანებული დებატებით ვიყავი დაკავებული, თუმცა დავეთანხმე, დიახ ალბათ გადავიღალე მეთქი.
შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამით მხოლოდ მე არ ვიყავი დაკავებული და ეს უპირობო ”სიგიჟეს” არ ნიშნავდა, ჰოდა, მისი მთელი მიმზიდველობაც მაშინვე გაქრა.
დიალოგები დღიურის წერით ჩავანაცვლე, რომელმაც ჩემი ცხოვრების ისეთი დეტალები უკვდავყო, რომლების დამახსოვრებასაც სხვანაირად ვერაფრით შევძლებდი, მაგ. ის, რომ ტროლეიბუსში ბებიაჩემს მისი ძველი დაქალი შეხვდა, რომელიც არ მომეწონა, მაგრად ჩავებღაუჭე ჩემ მწვანე ჩანთას და მკაცრი გამოხედვით ვაგრძნობინე, რომ მასთან საუბარი არ მსურდა.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან დაწყებული, საღამოს შოკოლადის გემოიანი ვიტამინის დალევით დასრულებული ყველა მოვლენას აღვწერდი. განსაკუთრებული ვნებით მიწერია დღე, როდესაც სკოლიდან დიდ შესვენებაზე (ასე ერქვა, მთელი 15 წუთი გვასვენებდნენ სკოლის ეზოში გასაყიდად გამოფენილი, 25 თეთრად ღირებული ფუნთუშების ჭამა რომ მოგვესწრო), სამ კლასელთან ერთად სოკოს საკრეფად წავედი, წარსულში ”დელისის” შემდეგ ”გოცირიძის” მეტროდ წოდებულ ტერიტორიაზე, რად მინდოდა სოკო? რად მინდოდა და მასწავლებლისთვის უნდა მიმეტანა – აჰა თქვენ მთავარი ინგრედიენტი, ახლა კეთილი ინებეთ და სოკოს ხინკალი გაამზადეთ მეთქი. 15 წუთი 50-ში გადაიზარდა, სკოლაში კი განგაში გამოცხადდა 4 მესამე კლასელი ბავშვი გავიდა კლასიდან და აღარ დაბრუნებულა. ის ის იყო კლასში უნდა შევსულიყავი ბედნიერი სახით, რომ დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდი, სახელი და გვარი მკითხეს ”შავ სიაში” შესატანად, მე კი სანამ ვუპასუხებდი დავფიქრდი იქნებ ღირდეს ფსევდონიმით გავეცნო მეთქი. მეოთხე კლასში კი დირექტორმა მადლობა გამომიცხადა სანიმუშო სწავლისა და ყოფაქცევისთვის.
მალე ბედი წერილების წერაშიც ვცადე, ჩემ მეზობელ გოგოს ვუწერდი ხოლმე წერილებს, რომლებსაც შემდეგ მისი სატრფოს სახლის კარებთან ვტოვებდით, დიდი გაუბედავი ვინმე იყო, ამიტომ სასიყვარულო ბარათის შექმნა და შემდეგ მისი ადრესატამდე მისვლა ბოლომდე საკუთარ თავზე მქონდა აღებული, მახსოვს წერილებში განსაკუთრებულ აქცენტს მის ცისფერ თვალებსა და შეუდარებელ ხმაზე ვაკეთებდი. ერთხელ კი ფოსტალიონის როლის შესრულების მომენტში ”დავიწვი”, კარები ”ჩემო ცისფერთვალებას” მამიდამ გააღო და მე შევრჩი ხელში, ჰოდა დაკვეთით მწერლობიდან, მიჯნურის იარლიყი მომაკრეს, ეს კი მანამ იყო, სანამ ”მაჭანკლობაში” დამდებდნენ ბრალს.
სასიყვარულო წერილების წერა მალე მომბეზრდა, ზედმეტად ბანალურად მეჩვენა და ახალი ”კლიენტი”, რომლისთვისაც ვქმნიდი შედევრებს დავარწმუნე იქნებ სტილი შეგვეცვალა ინტირიგისთვის მეთქი, კარგიო დამეთანხმა, მე ბოროტი გენიის სახით ავბრუნდი სახლში და შედევრის წერა დავიწყე, აქ უკვე აქცენტებს ჯოჯოხეთსა და თავს დამტყდარ წყევლაზე ვაკეთებდი, შედეგი არ შეცვლილა, ისევ მე დამდეს ბრალი და რაც ყველაზე საოცარია ისევ ”მიჯნურობაში” მამხილეს.
ცოტა ხანში მეზობელი გოგოები შევკრიბე და ”მიწისქვეშა ორგანიზაციას” ჩავუდექი სათავეში, ორგანიზაციის ლოგოც შევქმენი და ”ბაბოჩკის” ტრიალიც ვისწავლე, ”სახელიც გავითქვით”, მაგრამ მომბეზრდა, ჰოდა ისევ სწავლაზე გადავერთე. მთაწმინდაზე სადღაც ”მამა დავითის ეკლესიის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემ მიერ სისხლით ხელმოწერილი შეთანხმებაა ჩამარხული.

 

Advertisements

18 thoughts on “ფინიკი

  1. აი, ასე მიდიან ბლოგერობამდე….

    “სოკოს ექსპედიცია” მომეწონა ძალიან 🙂 ფსევდონიმით გაცნობის იდეაზე გემრიელად ვიცინე 🙂 სისხლით ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტი მაინტერესებს ძალიან, თუმცა, დაახლოებით ვხვდები, როგორიც იქნება… არა, მგონია, პატარა ფინიკი ბევრად სხვანაირი ყოფილიყო 🙂 🙂 🙂

    ღრმად ნოსტალგიური პოსტია 🙂

    Like

    1. ბოლო პერიოდში ნოსტალგია შემომაწვა მგონი, სულ რაღაცეები მახსენდება 🙂

      სხვათაშორის იმ ”პაქტის” ტექსტი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა შინაარსი დაახლოებით აღვიდგინე საიდუმლოდ შენახვასა და მუდმივობაზე იყო 🙂

      Like

  2. რამდენი ვიცინე 😀
    დღიურები მეც მქონდა ისე, საკუთარ თავს ახლაც ველაპარაკები ჩუმად 😀
    სკოლიდან გაპარვის მცდელობების კიდე რა მოგახსენო, მით უმეტეს სოკოზე 😀

    Like

    1. რატომღაც ყველა ვისაც ქონდა დღიური მეუბნება, რომ გადააგდო და აღარ აქვს დახია/დაწვა. შენ გაქვს შენახული თუ მარტო მე ვინახავ დიდი რუდუნებით ტომების სახით? :დ

      საკუთარ თავს მეც ველაპარაკები, ზოგჯერ ჩუმად ზოგჯერ ხმამაღლაც მომდის ხოლმე, მაგრამ თუ ასათიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარ (სადაც ხშირად ვარ) მაშინ თავს ვიმშვიდებ იფიქრებენ, რომ შემორჩენილი გიჟი ვარ მეთქი 😀

      იმის მერე მეცხრე კლასამდე მეც პატიოსნად არ ვაცდენდი გაკვეთილებს :დ

      Like

  3. როგორ მომეწონა ეს პოსტი!!! : ))))))))))
    მშვენიერი ისტორიებია მოყოლილი, ფსევდონიმით გაცნობაზე მეც ბევრი ვიცინე.
    ისე წერილების ამბავი მეც მახსენდება რაღაც მსგავსი. ოღონდ სხვა შინაარსის წერილი იყო, 2 დაქალი მესამეს ვატყუებდით და ვცდილობდით “ფერიების” სახლის არსებობაში დაგვერწმუნებინა და ვწერდით წერილებს, რომლის ავტორიც ფერია იყო :)))))))) ასაკს მიხვდებოდით, ღრმა ბავშვობის მოგონებაა.. წერა რომ ახალი ნასწავლი გაქვს : )

    Like

      1. მისი მოტყუება ადვილი არ იყო. მეტი დამაჯერებლობისთვის ქუჩის კუთხეში რაღაც ქოხის მსგავსი ავაგეთ, რომელიც მეზობელმა ქალმა სულ წყევლა-კრულვით დაგვინგრია. მოკლედ, არაფრით არ იჯერებდა და ვერც შევაცდინეთ : )

        Like

      2. მაინც კარგად გიმუშავიათ 🙂

        სახლის აშენებაზე გამახსენდა, ჩემ ბავშვობაში ძალიან მოდაში იყო ”შტაბების” აშენება :დ

        Like

  4. რა თბილი ატმოსფეროა 🙂 ბავშვობა შემომაგონდა 🙂 ჩვენც გვქონდა შტაბი სადაც ბიჭებს არ ვუშვებდით და წამლებს ვამზადებდით ხოლმე 🙂 კარგი იყო

    Like

  5. შენმა პოსტმა ბავშვობიდან რაღაც დეტალები გამახსენა.მეც ვწერდი სასიყვარულო წერილებს ერთ დაქალს,ერთი ბიჭი მოწონდა და დაქალებს გვინდოდა ამ ბიჭს გამოლაპარაკებოდა,არაფერი არ გამოგვივიდა და ბოლოს როცა ვაღიარეთ ცოდვები,მივიდა და გაიცნო,დღეს ცოლ-ქმარი არიან და ჩემი წერილებიც შენახული აქვთ))

    დღიურების უმეტესობა გადავყარე,მაგრამ ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდის ამსახველი დღემდე შენახული მაქვს,ვერც ვერასოდეს გადავაგდებ.

    Like

  6. უაააააა… მეც მქნდა ორგანიზაცია, მიწაში ჩამარხული წერილაც, დირექტორისგან საყვედურიც მახსოვს და შექებაც. აჰო კიდე, დღიურებს დღემდე ვინახავ. :დ

    ფისო პოსტია. :3

    Like

    1. არქეოოლგიური გათხრების შედეგად საინტერესო ჩანაწერების პოვნა იქნება შესაძლებელი ალბათ :დ

      ფისო პოსტი, მომეწონა შეფასება, გმადლობ :დ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s