tête-à-tête


გული დაუნდობლად მირტყამს ყელში და მაჯაზე პულსის ცემა უკვე თვალისთვის შესამჩნევი ხდება, საათი ყოველი წამის გასვლას ჩხაკუნით მამცნობს მე კი ჩემი ოთახის იატაკზე უდარდელობის ნიღბით შემოსილი ვწევარ, შენელებული კადრივით ვუშვებ კვამლს პირიდან და უხილავი ღიმილი დამთამაშებს სახეზე.
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი დანარჩენი ცხრისგან განსხვავებით გაყინულია და მომაკვდავივით ფართხალებს უკონტროლოდ. დროის გასვლას არ ვიმჩნევ, წუთში ერთხელ ვყლაპავ ნერწყვს და წარმოვიდგენ როგორ მოძრაობას აკეთებს ამ დროს ჩემი ყელი. უკვე მეხუთე დღეა დამამშვიდებლის გარეშე, საფერფლის გვერდით მწვანე აბებით სავსე შეკვრა მიდევს და შეუმჩნევლად ვაპარებ მისკენ თვალს. დღეს უფრო ცოცხალი და ბედნიერების შანსით განმსჭვალული ვარ, ვიდრე 5 დღის წინ, თუმცა პულსი მატყობინებს, რომ ”საკმარისია”.
ოთახის კარი იღება და ის შემოდის, თეთრ სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი, კვამლის ოდნავ შესამჩნევი ღრუბელი ადგას თავზე და უსიტყვოდ მიყურებს, მე თვალს ვარიდებ და ვაგრძნობინებ, რომ მეძინება, ის კი ფეხს არ იცვლის, მხოლოდ სიგარეტის მოსაქაჩად გაწევს ხოლმე თავს და ტუჩების გვერდზე მიბურნებით უშვებს კვამლს. ხელში წყლით სავსე ჭიქა უჭირავს, იხრება და დამამშვიდებლის ფირფიტის გვერდით ტოვებს, წარმოვიდგენ მის გრძელ თითებს და ნაოჭებს ვითვლი, მარჯვენა ხელის ცერზე, ზუსტად მოხრის ადგილზე 3 ღარი აქვს, ყველასგან განსხვავებული სამი ჭრილი.
შუა ღამეს გადასცდა, თვალებს ვახელ და ვხვდები, რომ წამოდგომის დროა, გვერდზე მდგომ უკვე კედლებზე ჰაერის ბუშტებ გაჩენილ წყალს ვიღებ და ერთი ამოსუნთქვით ვსვამ.
შავებში გამოწყობილი მივუყვები ბნელ დერეფანს და ნერვიულობისგან შეუბრალებლობაში გადასული სიცილის შეკავებას ვცდილობ. კარებზე ვაკაკუნებ და ისე, რომ პასუხს არ ველოდები ოთახში შევდივარ. მაგიდასთან ზის, შუქი მხოლოდ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს უნათებს, სახეს ვერ ვხედავ და ვეუბნები ”რომ ბანალურობისგან უგემოვნოში გადასული სცენა დადგა”. მაგიდასთან ვჯდები, ქუსლს მაგრად ვაჭერ იატაკს, ის შუქისკენ იხრება, ვუყურებ მის სანიმუშოდ დავარცხნილ თმას და ირონიულად მეწევა ტუჩი მარჯვენა ყურისკენ.
მაგიდაზე სიგარეტს და სანთებელას ვდებ, ერთ ღერს ჩემთვის ვიღებ, შემდეგ კი კოლოფს ვუწვდი, ხელის გაქნევით მეუბნება უარს, არაყს მისხამს და ჭიქას იღებს ხელში, მე თვალებში ვუყურებ და ერთი ამოსუნთქვით ვსვამ, სახეს ვაკონტროლებ და ვცდილობ უსიამოვნო განცდა გარეგნული იერსახის შეცვლის გარეშე ავიტანო, არც ის იმჩნევს მწველ შეგრძნებას, მაგიდაზე დებს ხელებს, საზურგეს ეყრდნობა და მანიშნებს, რომ მელოდება.
ფეხზე ვდგები, ბოთლს ვიღებ, ოთახის ბნელ კუთხეში ვჯდები და დამშვიდებული იმით, რომ ჩემ სახეს ვერავინ ხედავს ვიწყებ.
”აღიარებითი ჩვენება გჭირდებოდა?! სიმართლე?! კი ბატონო, მიიღებ. ვერ ვიტან კმაყოფილების შეგრძნებას, გულს მირევს საკუთარი დაბნეულობა, რომელიც ამ დროს მეუფლება, არ ვიცი როგორ მოვიქცე და ღამეებს საწოლის თავზე წლების წინ მიწებებულ ვარსკვლავების ყურებაში ვატარებ, რამდენიმე საათს ანათებენ, შემდეგ ნელ-ნელა შეუმჩნევლობაში გადადიან, სადღაც 4 საათისკენ კი მათი დანახვა მხოლოდ გონებაში კარგად ჩაბეჭდილი სურათის აღდგენით შემიძლია. ჰო, ვერ ვიტან დილით თვალები, რომ მეწვის და გულის გამაყრუებელი ბრახუნით, რომ ვხვდები დამამშვიდებლის დალევა ერთადერთი გზაა. ამიტომ ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავს ამ გადამეტებულ ბედნიერებას ვამჩნევ, ვცდილობ მიზეზი, რომელმაც მაიძულა ეს მეგრძნო ფეხქვეშ გავთელო. დაგიფიქსირებია, რამდენად უინტერესონი არიან ბედნიერი ადამიანები?! არაფრით გამორჩეულ მასას წარმოადგენენ და იდიოტური ღიმილი არ შორდებათ სახიდან. ერთი ნაკლებად ცნობილი მწერლის შემოქმედება მიყვარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ყველა ოცნება ახდა და ის ბედნიერია, როდესაც მისი ახალი წიგნი შევიძინე, თვალის მომჭრელად მხიარული იყო, აი გადაშლიდი და ოთახი ცისარტყელის ფერებით ივსებოდა, ბანალური, უინტერესო, რომანი, რომელიც საზოგადოებამ მის ყველაზე ცუდ ნამუშევრად სცნო. რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა და იმედგაცრუება ბრაზში გადავიდა, ბრაზი აგრესიაში, აგრესია დეპრესიაში, რამდენიმე წელიწადში მისი ახალი წიგნი გამოვიდა, შედევრი იყო. ისიც ხომ იცი, რომ ყველა ბედნიერი ადამიანი ერთნაირია, უბედურება კი ზოგადადაა მიდრეკილი უნიკალურობისკენ.
კმაყოფილებას თან ყოველთვის ახლავს ვალდებულება, შემდეგ კითხვები – ”როგორ აჯობებს?” ”როგორ მოვიქცე?” ”რა ვთქვა?” ”რა დავწერო?” ”რა ვუპასუხო?” … დამღლელია. არასოდეს გიფიქრია, რომ შენი ყველაზე დიადი ქმნილება იქნებოდა შენივე ჯალათი? აი დღის შუქს ანახებ და შემდეგ ტაშის გამაყრუებელ ხმაში ხვდები, რომ ეს დასასრულია, რომ საკუთარ თავს ზედმეტად დიდი მოთხოვნა დაუწესე, შემდეგ ფიქრობ როგორ მოიქცე, გაქცევა არ შეგიძლია, ის ვინც ერთხელ იყო ზენიტში ვერასოდეს შეძლებს უარი თქვას ამაზე, ამიტომ ცდილობ, რაც უფრო მეტს ცდილობ, მით უფრო ნათლად ხვდები, რომ რეგრესის დაღმართზე მიგორავ სინათლის სისწრაფით.
ვერ ვიტან კმაყოფილების შეგრძნებას, ვერ ვიტან შანსს, რომელსაც ვიღებ, ვერ ვიტან როდესაც ვხვდები, რომ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს – გამოვიყენო შანსი და დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, თუ დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რატომ ვთქვი უარი შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე. შედეგად იმდენად დიდ დროს ვანდომებ ფიქრს, რომ აღარ მიწევს გადაწყვეტილების მიღება. შემდეგ კი ოთახის ბნელ კუთხეში ვჯდები ხოლმე არყის ბოთლით და თავს ვიმართლებ.”

 

Advertisements

8 thoughts on “tête-à-tête

  1. „ვერ ვიტან როდესაც ვხვდები, რომ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს – გამოვიყენო შანსი და დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, თუ დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რატომ ვთქვი უარი შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე. შედეგად იმდენად დიდ დროს ვანდომებ ფიქრს, რომ აღარ მიწევს გადაწყვეტილების მიღება“ – მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, სანამ მე ყველაფერს ავწონ დავწონი უკვე ყველაფერი მთავრდება. ძალიან საინტერესო იყო

    Like

    1. ზუსტად, ამ აწონ-დაწონვას მიაქვს ყველაზე დიდი დრო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ იმდენად დიდი დრო დავკარგეთ, გადაწყვეტასაც კი არ აქვს აზრი 🙂

      Like

  2. მე მაპატიეთ, მაგრამ კლასიკური მაგალითია და რა ვქნა – , ჟან ბურიდანს ერთი ვირის ისტორია აქვს აღწერილი, თივის ორი, იდენტური ზვინიდან ვერც ერთი რომ ვერ ამოირჩია და შიმშილით მოკვდა… 🙂 🙂 🙂

    Like

    1. ნამდვილად, ბედნიერებისა და კარგად ყოფნის ჟამს არ მეწერინება, თუმცა შესაბამისი განწყობის შექმნა ყოველთვის შემიძლია 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s