ჩემი ტკბილი უბედური შემთხვევები


ბავშვობიდან მშიშარა ვიყავი და როგორც ზოგადად მხდალ ადამიანებს ახასიათებთ, ყოველთვის ვცდილობდი საპირისპიროს დამტკიცებას. შედეგად სახიფათო თამაშები მიყვარდა, ბეწვის ხიდზე გადასვლა, კლდეზე ძვრომა, სიმაღლეებიდან ხტომა, ყველაფერი რაც რისკის შემცველი იყო. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა გაგონილი ”ვინც არ რისკავს, ის არც შამპანიურს სვამსო”, თუმცა ეს ქვეცნობიერად ვიცოდი.

პირველად დავეცი, პირდაპირ სახით დავენარცხე ქვაფენილზე, რამდენიმე კბილი იქვე დავტოვე, ტუჩზე კი ლამის მოუშუშებელი იარა გავიჩინე. სისხლდენის შეჩერება, რომ ვერაფრით მოვახერხე დედაჩემთან მივედი და ვკითხე ”ხომ არ მოვკვდები” მეთქი, მაშინ პირველად აიჩეჩა მხრები ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე (ალბათ უნდოდა, რომ შემშინებოდა და ჭკუა მესწავლა), მე კი იმ იდეით დავწექი, რომ მეორე დილა აღარ გათენდებოდა, არადა გათენდა.

1 წლის შემდეგ, ჩემი კორპუსის შემაღლებულ სათამაშო მოედანზე ვიდექი ეზოს ბავშვებთან ერთად, დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე (მოედანი შემოღობილი არასოდეს ყოფილა), თამაშის დროს წავიბორძიკე და მხოლოდ რამდენიმე წუთში მოვედი გონზე, წამოდგომა ვცადე და ირგვლივ შეკრებილ მეზობლებს მოვკარი თვალი, შემეშინდა, მივხვდი, რომ რაღაც საშინელება დამემართა, ხელზე დავიხედე, მარცხენა ხელის მაჯა შებრუნებული მქონდა, თავიდან კი სისხლი მდიოდა, ისევ დედაჩემს დაუძახეს, სახლში მისულს, მითხრეს თითების გამოძრავება სცადეო, ასეც მოვიქეცი, მინდოდა, რომ მემოძრავებინა და ვამოძრავე, გაჭირვებით, ტკივილით, მამაჩემს ვუყურებდი იქნებ მოტეხილი არ არის მეთქი, არადა ვის ვატყუებდი. საავადმყოფოში წამიყვანეს, ტრავმატოლოგიურში, რომელშიც მას მერე აღარ ვყოფილვარ, თუმცა ზედმიწევნითი სიზუსტით მახსოვს ყველაფერი. ძვლები უნდა გაესწორებინათ, ხელზე იოდი წამისვეს, შემდეგ ნემსი მიჩხვლიტეს, ძალიან მეტკინა, ექთანმა, რომ მკითხა, ხომ არ გტკივაო, ვუპასუხე არა მეთქი, მაშინაც კი ვფიქრობდი, რომ ჩემი პრობლემებით სხვების შეწუხება არ შეიძლებოდა. რამდენიმე წუთში ისეთი ტკივილი გამოვცადე, როგორის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, ვფიქრობდი იქნებ გავითიშო მეთქი, მაგრამ ბოლომდე საღ გონებაზე ვიყავი, ალბათ მთელ საავადმყოფოს ესმოდა ჩემი განწირული კივილი. დიაგნოზი ასეთი იყო: მაჯის მოტეხილობა, ტვინის შერყევა – ინტერპრეტაცია ასეთი: ”ჭრილობა იმდენად ახლოს იყო საფეთქელთან, რომ ბეწვზე გადარჩა”. მეორე დღეს ”ზედაზნობა” იყო, მე ექსკურსიაზე მივდიოდი კლასელებთან ერთად, ჩემმა მეზობელმა ბაპტისტმა ქეთომ (ასევე ცნობილმა, როგოც ”სექტანტი ქეთო”), რომ გაიგო უბედური შემთხვევის ამბავი, დედაჩემს უთხრა, ”ხომ ხედავ ღმერთს არ უნდოდა, რომ წასულიყო, რა დროს ამის ზიარებააო”. მისი ქმარი ბიჭიკო ყოველთვის მეცოდებოდა, არ ვიცი რატომ, კარგი კაცი იყო, ქეთოს კი ერთი ბედისგან დავიწყებული, ქუჩის, უჯიშო ძაღლი ყავდა გამომწყვდეული სარდაფში და მისი სეირნობით ირთობდა ხოლმე თავს. დიდი უცნაური ქალი იყო.

კიდევ 1 წელი გავიდა, ჩვენ ეზოში კოლის ჯიშის ძაღლს უყვარდა სეირნობა, პატრონი არ ყავდა, შესახედად კი ძალიან ლამაზი იყო, ამოვიჩემე სახლში უნდა ავიყვანო მეთქი და შევუდექი გეგმის შესრულებას, ჯერ მოვეფერე, სახლამდე უნდა მიმეტყუებინა, ხელს ვუსვამდი ზურგზე როცა მომიბრუნდა და მარჯვენა ხელის მაჯაზე ჩამასო კბილები. შემეშინდა, მაშინვე გავეცალე და სახლში ავედი, დედაჩემს ვუთხარი ძაღლმა მიკბინა მეთქი, მეზობლის ბავშვი ავიყოლე, იმის იმედით, რომ ისევ უკან დავბრუნდებოდი, თუმცა სახლიდან აღარ გამომიშვეს, ხელი შემიხვიეს და მეორე დღეს ექიმთან წამიყვანეს უბნის პოლიკლინიკაში. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა დამინიშნეს და დაიწყო ნემსები, სულ რამდენიმე ნემსი მქონდა გაკეთებული, რომ ალერგია მომცა, მითხრეს სამწუხაროდ ვაქცინაცია უნდა შევწყვიტოთო და სახლში გამომიშვეს, 1 წელი ველოდებოდი გაცოფებას, სახიფათო პერიოდმა მშვიდობით ჩაიარა, მარჯვენა ხელის მაჯაზე კი დღემდე მეტყობა ნაკბილარი.

მოპირდაპირე კორპუსში ფრიად სასიამოვნო ქალბატონი ეკა ცხოვრობდა, რომელსაც ფრიად უსიამოვნო პიტბული ყავდა, სამწუხაროდ სახელს ვერაფრით ვიხსენებ, თუმცა სახე (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) თვალწინ მიდგას. მაშინ რამდენიმე მომცრო ზომის, რბილი ბურთი მქონდა სახლში, იმ დღეს კი რატომღაც ეზოშიც ჩავიტანე, ჰოდა ჩვენი ეკუნას პიტბულს ეს მხედველობის მიღმა არ დარჩენია, ბევრი, რომ არ გავაგრძელო, გმირულად დავეცი, თუმცა ძაღლს ბურთი აღარ გახსენებია, თავი ჩემი თავით შეიქცია, თქვენთვის უკბენიათ ოდესმე თავში? ჩემთვის კი. ისევ სახლში ავედი, ისევ ნაკბენითა და მრავლობითი ჭრილობით, ვაქცინაციაზე საუბარიც არ ყოფილა, ჩემი თავის ქალით თამაშის მოყვარული მხეცის დედიკომ ლამის თავი მოიჭრა აცრილი მყავსო, ჰოდა აბა საწყალ ძაღლს გამოკვლევაზე ხომ არ გავუშვებდით, როგორც მაშინ მითხრეს გამოსაკვლევად მისთვის თავი უნდა მოეჭრათ და ტვინში ჩაეხედათ, შემეცოდა? არა, რა შემეცოდა, მე ვინ მეკითხებოდა.

ბათუმში ვისვენებდით, მე ყურის ანთება დამემართა და ადგილობრივ პოლიკლინიკაში გამორეცხვები დამინიშნეს, მაღალი სიცხეებითა და მწვავე ტკივილით ვიტანჯებოდი. ყოველ დილით დავყავდი მამაჩემს პროცედურაზე, პოლიკლინიკის მოხუცებული ოტო-რინო-ლარინგოლოგი დიდ შპრიცს აიღებდა ხოლმე, ნემსს უკეთებდა, შიგნით რაღაც სითხეს ასხამდა და მერე ყველაფერი სტანდარტულად, თუ ერთ უბედურ შემთხვევას არ ჩავთვლით, მორიგი სტანდარტული პროცედურის დროს, შპრიცს ნემსი მოსძვრა და სითხესთან ერთად, საოცარი სისწრაფით შესრიალდა ჩემი სასმენი აპარატის ღრუში, აი, მაშინ პირველად დავკარგე გონება ტკივილისგან, აზრზე, რომ მომიყვანეს მამაჩემს შევხედე, მაშინ გავიგე რას ნიშნავდა გამოთქმა ”ადამიანის სახე არ ედო”. დიაგნოზი: ყურის ანთება, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: გამორეცხვების ჩატარება, შედეგი და ინტერპრეტაცია: დიდი ნემსი ჩემ ყურში და ძლივს გადარჩენილი ბარაბანი. სხვათაშორის სმენა გადასარევი მაქვს.

მართალია სიმღერა თემატურად არავითარ კავშირშია პოსტთან, მაგრამ ფინიკის უყვარს (მაინც როგორ მიყვარს საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი).

Advertisements

21 thoughts on “ჩემი ტკბილი უბედური შემთხვევები

    1. საშინელი, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ფინიკის ტრავმებისა და უბედური შემთხვევების 🙂 მამაჩემს იმდენად უნდოდა, რომ ბიჭი ვყოფილიყავი, შევეცადე იმედი არ გამეცრუვებინა 😀

      Like

  1. მეც ვიყავი მასეთი ხიფათიანი 😦 7 წლისამ წინა კბილები დავკარგე, დახუჭობანას ვთამაშობდი შეხვეული თვალებით და დავეცი მწარედ.მოკელდ ახლა პლომბები მაქვს კბილების მაგივრად… სულ დაშრამული მაქ, თუმცა საბედნიეროდ ერთელ ცხოვრებაში გავიბზარე ორი თითი, მეტი არაფერი დამმმართნია

    მძიმე პოსტია… იმედია ახლა აღრ ხარ მასეთი 😉

    Like

    1. ძალიან დიდი ტკივილის და შიშის გადატანა მოგიწევდა 7 წლის ასაკში 😦 კარგია, რომ შენი უბედური შემთხვევები არ გაგრძელდა 🙂
      მე გამიმართლა, რომელი კბილებიც დავკარგე მაინც გამოსაცვლელი იყო ე.წ. ”სარძევე” კბილები, თუმცა შემდგომ გარკვეული შესწორებები მაინც დამჭირდა.

      არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იზიდავენ ტრავმებს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, თუმცა საბედნიეროდ არავითარი კვალი არ დაუტოვებია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ნაიარევს.

      დიდი ხანია მსგავსიც არაფერი მომსვლია, იმედი მაქვს საბოლოოდ გაიარა იმ პერიოდმა 🙂

      Like

  2. მაგარი პოსტია. : ))
    წასაკითხად სახალისოა ზოგი ისტორია მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთის დროს არ “გეხალისებოდა” როცა ხდებოდა :)))
    მე არ ვიყავი ასეთი ხიფათიანი ბავშვი, უფრო პირიქით.

    Like

    1. პროცესში სახალისო არ იყო, თუმცა გახსენებისას მეცინება ხოლმე 🙂 ყველაზე მეტად რაც მიხარია, არის ის, რომ არც გარეგნობაზე დაუტოვებია რაიმე კვალი და არც ჯანმრთელობაზე, მაინც ვახერხებდი გამოძვრომას 🙂
      სასაცილოა ამ ისტორიებთან მიმართებაში ისეთი დეტალები მახსოვს, რომ მე თვითონაც ვერ ვიჯერებ, მაგ. ის, რომ ხელის მოტხევის დღეს დილით უგემრიელესი კაკაოიანი გოგლი-მოგლი ვჭამე 😀

      მიხარია, რომ მოგეწონა პოსტი 🙂

      Like

  3. არ მეგონა ჩემნაირი ხიფათიანი ადამიანებიც თუ არსებობდნენ, სამჯერ გავიტეხე ცხვირი, ორჯერ თავი, ერთხელ ვიღრძე ფეხი და ბევრჯელ ისე ჩამოვეფხრიწებოდი ხოლმე ხეზე რამდენიმე წელი არ გადადიოდა შრამები და კატების ნაკბენებზე არ ვამბობ არაფერს :დ :დ :დ მაგრამ მართალი ხარ ეხლა სახალისოდ მახსენდება 🙂

    Like

    1. შენც ფრიად საინტერესო უბედური შემთხვევების სია გქონია 🙂 მე საბედნიეროდ ცხვირი არასოდეს გამიტეხავს (ისე მიყვარს ჩემი ცხვირი 😀 )
      აი კატების ნაკბენმა დამაინტერესა ძალიან 🙂

      Like

      1. კატებს რაც შეეხება :დ :დ მიყვარს კატები ძალიან და როგორც წესი სახლში ყოველთვის მყავს ხოლმე. სისუფთავის დაცვის მიზნით ადრე ვაბანავებდი და ბანაობის დროს გამწარებულები მკბენდნენ :დ :დ საწყლები 🙂 ეხლა სხვა ხერხს მივაგენი ისე დავბანო რომ არ მიკბინოს :დ :დ

        Like

      2. კატა გყავს თუ კატები? მეც მიყვარს კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, თუმცა ზოგადად ცხოველებზე არ ვგიჟდები. ჩემ მეზობელს ყავდა ფუმფულა რიჟა კატა, ერთ დღეს კი ეს ქალბატონი დასისხლიანებული მოგვადგა, მას შემდეგ ეს ფუმფულა რიჟა ფისო სანაგვეზე დარბოდა კმაყოფილი სახით 🙂

        Like

  4. მე თავი მაქვს გატეხილი! თან ძალიან მაგრად, და ეს ისე ძალიან მიხარია! რატომ? იმიტომ რო(მ) მხოლოდ თავის გატეხვით გადავრჩი მე-3 სართულიდან გადავარდნას და მიწაზე ტვინის “დასხმას”. მადლობა უფალს! 🙂

    Like

  5. ეხლა ერთი თეთრი და ძალიან საყვარელი ბიჭი-ფისო მყავს 🙂 მაგრამ აქამდე გოგო-კატა მყავდა და მერე კნუტებს აჩენდა ხოლმე და კატები მყავდნენ :დ :დ ყველა შემთხვევაში ის კბენები ჩემი პროვოცირებული იყო :დ :დ და მაინც ისეთი დამნაშავის თვალებით მიყურებდა ჩემი ფისო, თითქოს ბოდიშს იხდიდა 🙂

    Like

  6. ყურის ამბავმა გადამრია! ვახ! შენ ვინ ყოფილხარ!

    თავზე კბენაზე გამოგიტყდები და, გამეცინა კიდეც 😀

    ნამეტანი ხიფათიანი ყოფილხარ 🙂 მე კიდე, ერთხელ რომ წავიქეცი, ორი თვე ვერ მაიძულეს თურმე ფეხის დადგმა 😀

    Like

    1. ის ყურის ამბავი მეც მწარედ მახსოვს 😀

      რაც შეეხება თავზე კბენას ამაზე ყველას ეცინება, სახალისო ამბავია ფრიად 😀

      კარგია, შენ ჩემგან განსხვავებით ფრთხილი ყოფილხარ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s