ალკოჰოლით


ჩემ წინ მჯდომ თანამოსაუბრეს თვალს ვარიდებ, ვცდილობ ტვინიდან სასწრაფოდ გავხვეტო ფიქრები ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების გზებზე, კითხვებზე პასუხს ისე ვცემ ფანჯარას თვალს არ ვაცილებ, ენა კი უხერხულობის გასაფანტად ამინდზე სასაუბროდ მექაჩება. ვაფიქსირებ, რომ ერთი და იგივე ფრაზას ვიმეორებ, ისტერიულად ვეთანხმები ყველაფერში და ველოდები, როდის ჩამოაგდებს საუბარს ჩემთვის საინტერესო თემაზე, რომელსაც რა თქმა უნდა არ განვავითარებ, იქნებ ისიც ჩემსავით ეჭვიანია და ყველაფერს მიხვდეს. ”მიხვდეს რა!” მეუბნება სკამზე გადაწოლილი, ჩემივე შექმნილი უდარდელი არსება და თვალს მიკრავს, თან საღეჭ რეზინს გამომწვევად სრესს კბილებით და ამაზრზენად მიღიმის, მე თვალს ვუშტერებ და ვანიშნებ, რომ ”მოკეტოს.” პასუხად მაგიდას ფეხს აჭერს, საზურგეს კიდევ უფრო მეტად აწვება, ჭერს აშტერდება და იცინის, ოღონდ ყალბად, გამომწვევად. ამასობაში დაზეპირებული ფრაზის გამეორება მავიწყდება და თანამოსაუბრე ეჭვნარევი მზერით მიყურებს, მე თვალს ვუსწორებ და კეთილგანწყობით ვუღიმი, თვალზე ხელს ვისვამ გადაღლის ნიშნად და დაშაქრული, საყვარელი ტონით ვეუბნები, რომ გავითიშე, შემდეგ ვცდილობ უხერხულობის გასაფანტად გავიცინო, თუმცა რაღაც უცნაური ხმას გამოვცემ და სასწრაფოდ ვჩუმდები, დაბნეული მიყურებს, მე კი სანიმუშო მასპინძლის საფირმო ღიმილით ვთავაზობ ყავის დამატებას, თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მე სწრაფად გავდივარ სამზარეულოში. წყალს ვუშვებ, და ცოტა ხანს ვდგავარ ჩუმად, შემდეგ ყავას ვასხამ და ოთახში ვბრუნდები. რამდენიმე წუთში ჰაერი სპირტის სუნით იჟღინთება, გაკვირვებული შემომცქერის, ვეუბნები, რომ ყავა კონიაკთან ერთად მიყვარს, მიღიმის და ვაფიქსირებ, რომ თვალი საათისკენ გაურბის – ჰო, ალბათ ფიქრობს, რომ დასალევად ჯერ ძალიან ადრეა – მე თავის მართლების ტონით ვამბობ, რომ სულ რამდენიმე წვეთი კონიაკი გავურიე, ვიცი, რომ ჯერ შუა დღეც კი არ არის. არაფერს მპასუხობს, თვალს მარიდებს და რამდენიმე წამში მეუბნება, რომ აგვიანებს, შეხვედრა აქვს კლიენტთან დანიშნული, კარებამდე ვაცილებ და ვემშვიდობები.
ოთახში ვბრუნდები, ფეხზე ვიხდი, დივანზე ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ხმამაღლა ვამბობ ”რამდენიმე წვეთი კონიაკი, დიდი ამბავი”. გაბრაზებული სახით გავდივარ სამზარეულოში და ძირზე შერჩენილ ყავას ისევ კონიაკს ვამატებ.
სამ საათს გათიშულს მძინავს, ტელეფონის ხმა მაღვიძებს, არ ვპასუხობ, კიდევ ცოტა ხანს ძილ-ღვიძილში ვატარებ, შემდეგ კი ვდგები, მივდივარ სარკესთან, დიდ ხანს ვათვალიერებ საკუთარ ანარეკლს, თვალები შესიებული მაქვს, ლოყაზე ნაწოლები მემჩნევა, უცებ ვწყვეტ, რომ თუ საათში შვიდიანი ურევია, მაშინ აუცილებლად წავალ ჩემი ახალი გატაცების ნოველის პრეზენტაციაზე, 16:43 საათია, 4+3=7-ს ვამბობ და ვიწყებ ჩაცმას, ცოტა ხანში უკვე ტაქსში ვზივარ, შუა გზაში მძღოლს მავედრებელი ტონით ვთხოვ, რომ დაბრუნდეს, კარგიო მეუბნება გაოცებული და პირველივე შესახვევში ატრიალებს მანქანას.
მაცოფებს საკუთარი იდეები, ის, რომ უცნობ ადამიანებს ვიკვიატებ და შემდეგ ილუზიებში ვიწყებ ცხოვრებას.
სახლში მისული ტანსაცმლის გაუხდელად, შევდივარ აბაზანაში, საცობს ვუკეთებ, სამზარეულოდან ალკოჰოლის რამდენიმე ყუთი გამომაქვს, ღვინით, არყით, კონიაკით, მთელი ჩემი კოლექციით (ერთ ქალაქს, რომ ეყოფა საქეიფოდ) ვავსებ აბაზანას, შუქს ვაქრობ, გაუხდელად ვწვები, მუსიკას ვრთავ, კანი სპირტისგან ჯერ წვას იწყებს, შემდეგ კი მსუბუქ დაბუჟებას ვგრძნობ, თვალებს ვხუჭავ, ღრმად ვსუნთქავ, თან დაჟინებით ვქაჩავ სიგარეტს, ბედნიერს მეღიმება ”შენც დანარჩენებივით ჩაგახრჩობ სპირტში”.

Advertisements

6 thoughts on “ალკოჰოლით

  1. “უცებ ვწყვეტ, რომ თუ საათში შვიდიანი ურევია, მაშინ აუცილებლად წავალ ჩემი ახალი გატაცების ნოველის პრეზენტაციაზე, 16:43 საათია, 4+3=7-ს ვამბობ და ვიწყებ ჩაცმას”

    Super!

    Like

    1. მოლი, სხვათაშორის მთელ პოსტში ჩემთვის ყველაზე სახასიათო და მნიშვნელოვანი მომენტი ზუსტად ეს იყო, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, რომ გამოყავი.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s