ერთ-ფერ-0-ვნება


წუხელ მუსიკის ხმამ არ დამაძინა, გამთენიისას როგორც იქნა მდუმარება ჩამოწვა და ის ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ კარებზე კაკუნის ხმა მომესმა. შეშფოთებული წამოვდექი საწოლიდან, კარებთან მივედი და უძილობისგან გაბზარული ხმით ვიკითხე ”ვინ არის?”, მიპასუხა თქვენი მეზობელი ვარო, მივხვდი ვინც იყო და კარები გავაღე. ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა, ტანსაცმელი საღებავით ქონდა მოთხვრილი, ნაძალადევი ღიმილით მომესალმა, თვალები მოიფშვნიტა და მკითხა ”შეიძლება?”, ისეთი სასოწარკვეთილი და გადაღლილი მზერა ქონდა უარი ვერ ვუთხარი და შემოვიპატიჟე, თან შეუმჩნევლად დერეფნის კედლისკენ გავაპარე თვალი სადაც საათი მეგულებოდა, ექვსის ნახევარი იყო.
დივანზე მივუთითე, ბოთლი იქვე მდგომ მაგიდაზე დადგა, თავი უხერხულად ვიგრძენი და ჭიქები მოვიტანე, გამიღიმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა, კოლოფი გამომიწოდა, ვუთხარი ჩემი მაქვს მეთქი და ხალათის ჯიბეში ქექვა დავიწყე, როგორც იქნა წავაწყდი სიგარეტს და გვერდზე სავარძელში ჩამოვჯექი.
ცოტა ხანს ხმას არ იღებდა, გაშტერებული უყურებდა ნახატებს ჩემი სასტუმრო ოთახის კედელზე, თავი მოვალედ ჩავთვალე მეკითხა ხომ მშვიდობაა მეთქი, თავი დამიქნია, ისე რომ არც კი გამოუხედავს.
კიდევ რამდენიმე წუთს ვიჯექით უხმოდ, შემდეგ კი მკითხა:
– არ გეჩვენება, რომ ჩემი ხვეული თმა დღეს ზედმეტად სწორია?
დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
– ჰო, აი სარკესთან ვიდექი და მივხვდი, რომ ის კულულები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა აღარ მაქვს. ადრე ასე არ იყო, გავიშლიდი ხოლმე, ქუჩაში გასული ხელით ნაზად ვიწევდი ყურზე, ხალხი კი თვალს ვერ მწყვეტდა. დღეს ჩვეულებრივი წაბლისფერი თმა მაქვს და ვცდილობ ყოველთვის შეკრული ვატარო.
ღვინო ჩამოვასხი, ვერ მივხვდი მეტი რა შემეძლო გამეკეთებინა, უხერხულობა ვიგრძენი.
მადლობის ნიშნად გამიღიმა და განაგრძო:
– დიდი ხანია აღარაფერი დამიხატავს, ყოველ ღამე ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ვიმეორებ ფერებს, სახეებს, სცენებს, ხელწერას. ისინი კი ვინც ადრე იწონებდნენ ჩემ ნამუშევრებს დღეს ერთფეროვან, უინტერესო მხატვარს მეძახიან.
კვლავ არაფერს ვამბობ, დაღლილობისგან გათიშული შევყურებ ფანჯარას და უემოციოდ განვაგრძობ მის მოსმენას.
– მოგწონს ჩემი წვრილი თვალები?
უცებ გამოვფხიზლდი, შევხედე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მართლა მომწონდა, მისი უზომოდ წვრილი თვალები, მის სახეს უფრო ქალურს და მიმზიდველს ხდიდა, ჰო, უძილობის, სასოწარკვეთის და გადაღლის მიუხედავად, მე ის მომწონდა.
– ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ზედმეტად წვრილი თვალის ჭრილი მქონდა, დავდგებოდი ხოლმე სარკესთან და ვცდილობდი რაც შეიძლება ფართოდ გამეხილა და ბოლომდე შემეთვალიერებინა. ისეთი ყავისფერი არ მაქვს, როგორიც ჩანს, შიგნით თაფლისფერიც ბლომადაა ჩაღვრილი, თუმცა ძნელად გასარჩევია.
ისევ სიჩუმე, ჭიქა აიღო და მადიანად მოყლუპა.
– მუსიკის ხმამ შეგაწუხა? ძალიან სწრაფად მოხვედი კარებთან, რომ გძინებოდა მეტი დრო დაგჭირდებოდა, ე.ი. არ გეძინა.
– დიახ, მაგრამ არაფერია. – ვუპასუხე ღიმილით.
– მუზები უცნაური არსებები არიან. ამოვიჩემებ ხოლმე ერთ ადამიანს და შემდეგ ვხატავ დაუსრულებლად, სანამ მის სახეს სრულიად განსხვავებულს არ გავხდი, შთაგონების წყაროს ნიშანწყალიც, რომ არ ეტყობა ისეთს…
მეგობარი მყავდა, წერა უყვარდა, უბრალოდ წერდა, თავისთვის და ზოგჯერ მაკითხებდა ხოლმე. მიყვარდა მისი ნაწერები, განსხვავებული სტილი ქონდა, ასეთი არასოდეს წამიკითხავს, ხშირად მითხოვია სახლში გამატანე მეთქი…
დაახლოებით ერთ წელიწადში მივხვდი, რომ მომბეზრდა, ჰო, აი მომბეზრდა მის პეროსნაჟებზე კითხვა, განსხვავებული პროფესიისანი იყვნენ, განსხვავებული სქესი ქონდათ, განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდნენ, მოკლედ არაფერი ქონდათ საერთო გარდა ავტორისა, თუმცა ერთნი იყვნენ. მიხვდა, რომ პირვანდელი აღფრთოვანება გამიქრა და მკითხა, მოგბეზრდა? არ ვიცოდი რა მეპასუხა, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თავი დავუქნიე. მან ეს თავადაც იცოდა. შემდეგ კი მომიბრუნდა და მკითხა ნუთუ გგონია, რომ შენ ცხოვრებაში არ დადგება იგივე მომენტი?! წარბი აწია, პასუხი, რომ არ გავეცი, დაუმშვიდობებლად მომიხურა კარები. გარეთ გასულმა კი ვიფიქრე ”არა!”. შევცდი…
ისევ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
– ამოვწურე თავი, თუმცა დაჟინებით ვცდილობ საპირისპირო დავამტკიცო.

P.S. ტილოზე ფინიკია გამოსახული, ის ჩემი საძინებლის კედელს ამშვენებს.

Advertisements

12 thoughts on “ერთ-ფერ-0-ვნება

    1. გმადლობ 🙂 ჩემი მეგობრის ნამუშევარია, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე საჩუქრად.

      ერთფეროვნება კი ალბათ ზოგჯერ მაინც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, წარმომიდგენია, რამხელა აგრესია უჩნდებათ საკუთარი თავის მიმართ. საშინელებაა. მთავარია შეძლო ამის გადაბიჯება.

      Like

  1. იცი,როგორ წერ?-კარგად?-არა.ძალიან კარგად! თითქოს ადამიანის სულში იხედები,შენგან ვფიქრობ კარგი პროზაიკოსი დადგება,მიყვარს შენი ნაწერების კითხვა,აქ უცხო არაფერია…ეს ჩვენი ცხოვრებაა,მისი აღთქმა კი ასე საინტერესოდ ყველას არ შეგვიძლია.ბედნიერებაა,როცა შეგიძლია მთელი შენი ფიქრები ასე ლამაზად გადმოსცე,მშურს შენი.

    Like

    1. არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო სიხარული, რომელიც ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი. უღრმესი მადლობა, ასეთი სტიმული დიდი ხანია არავის მოუცია.

      Like

  2. როგორც ყოველთვის ჩემთვის საკითხავი და არაჩვეულებრივი წერილია. რაც შეეხება ერთფეროვნებას –ის არ არსებობს. ერთფეროვანს ადამიანები ხდიან ცხოვრებას. ერთფეროვნება შეუძლებლად შეუძლებელი გონების გამოგონებაა– რომლის მატერიალიზებასაც დროში დაკარგული ადამიანები ცდილობენ.

    Like

  3. როგორ გამიხარდა ამ კომენტარის წაკითხვა, გმადლობ 🙂

    კი, ცხოვრება ყოველთვის შეგიძლია მრავალფეროვანი გახადო, მაგრამ ამას იმდენი დრო, ენერგია და იდეა სჭირდება, რომ სასტიკად დამღლელი და სტრესულია. უმეტესად მიდრეკილები ვართ ერთფეროვნებისკენ, რაც სტაბილურობასა და სიმშვიდეში გვერევა. საკუთარი თავის გამრავალფეროვნება კი კიდევ უფრო რთული თემაა, მუდმივად წყარო სჭირდება.

    Like

  4. არავითარი ენერგია, იდეა, დრო არ ჭირდება ცხოვრების ერთფეროვნებისგან თავის დაღწევას. სურვილია მხოლოდ საჭირო. სურვილი– დაინახო ყველაფერი საუკეთესო რომელსაც ჯიუტად უყურებ ცუდი მხრიდან. რავი, მე ვცადე და გამომივიდა თავის დროზე. 🙂

    Like

  5. ჰო მართლა და ეხლაღა შევამჩნიე (ბლოგროლში რომ ვერ გიპოვე) დომენი აგიღია ბლოგისთვის. გილოცავ და უზარმაზარ წარმატებებს გისურვებ, პირველ რიგში იმას, რომ შენმა ბლოგმა მხოლოდ დადებითი ემოციები და ბევრი სიხარული გაჩუქოს. 🙂

    Like

    1. თეორიაში გეთანხმები, რომ შეგიძლია ყველაფერი საუკეთესო დაინახო, მაგრამ პრაქტიკაში (მრავალი მცდელობის მიუხედავად) არ ვიცი, ესეც ალბათ ადამიანზე + პერიოდზეა დამოკიდებული.

      გმადლობ, ბლოგი ზუსტად განტვირთვისა და სტრესის მოსახსნელად მაქვს 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s