მეზობლები


მეზობლების მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ მსუბუქი გამარჯობით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, მოკითხვაზე მოკითხვითვე ვპასუხობდი, არ მიყვარდა როდესაც მეკითხებოდნენ სად იყვნენ ჩემი მშობლები, და, ძმა, რატომ არ ჩანდნენ, სახლში მარტო ვიყავი თუ არა, როდის ვამთავრებდი სკოლას, უნივერსიტეტს, სამსახურიდან მოვდიოდი თუ მეგობრებთან ვიყავი, ხელფასი რამდენი მქონდა, ჩემ დას რამდენი ქონდა, ჩემი ძმა სად სწავლობდა, რა ნიშანი მიიღო ბოლო გამოცდაში, ვაპირებდი თუ არა გათხოვებას (თუ კი ვიზე? როდის? თუ არა რატომ?)… ამ კითხვების დასმას როგორც წესი მანამ ასწრებდნენ სანამ ჩვენი უკვე დენიკინის დროინდელი ლიფტი მიაღწევდა დანიშნულების პუნქტამდე, მე კი ყოველთვის ვცდილობდი არც მწვადი დამეწვა და არც შამფური, ტაქტიც მქონოდა და მათთვის ისიც მენიშნებინა, რომ მათაც უნდა ქონოდათ ტაქტი. არც შაქრის სათხოვნელად ვყოფილვარ ოდესმე და არც მარილის, არც ზეთი გამთავებია უდროო დროს და არც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათი კარის ზღურბლზე მდგარს დამიგრძელებია კისერი სახლის უფრო საფუძვლიანი დათვალიერების იმედით.
მაშინ პატარა ვიყავი (პატარა ცოტა სუბიექტური ცნებაა, მაგრამ მაინც), პირველ სართულზე ვცხოვრობდი და მაინც და მაინც კარგად არ მესმოდა რას ნიშნავდა ცნება მეზობლები. დღეს კი ვხვდები, რომ მომცრო ფინიკი ფრიად ცნობისმოყვარე და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის (უნებურად მაგრამ მაინც) მოყვარული ყოფილა, მეხსიერებამ კი ისიც არ იკადრა, რომ შეგროვებული ინფორმაცია უსარგებლო ხარა-ხურის განყოფილებაში დაეაქრივებინა.

თინა ფრიად დახვეწილი ქალბატონი გახლდათ, მუდმივად სუნამოს ტკიბილი სურნელით ქონდა გაჟღენთილი კანი და სწორი ქერა თმა. ცხვირზე კი მოხდენილად დაესკუპებინა გემოვნებით შერჩეული სათვალე შეუმჩნეველ ყავისფერში გადასული შუშებით. ყურადღებიანიც იყო, მახსოვს დაბადების დღეზე თოჯინა და კაშნე მაჩუქა, თოჯინა სახელად თინა, დიახ ქალბატონმა თინამ ჩემი მეგობარი თინა მაჩუქა, ყელსახვევი კი რამდენიმე წლის განმავლობაში ლამის მოუხსნელად მეკეთა სეზონურად, ახლაც მახსოვს ოთხკუთხედად ნაქსოვი, წითელი, ფოჩებიანი კაშნე ბოლოებზე ყვითელი ნაქარგით. თოჯინა თავისივე ზომის თეთრ ყუთში იდო და ისიც მახსოვს, რომ ბებიაჩემის საძინებელ ოთახში გავხსენი, რომელსაც რატომღაც ”პატარა ოთახს” ვეძახდით მთელი ოჯახი.

ჰო, ქალბატონი თინა გადასარევი გემოვნების პატრონი იყო, ერთადერთი შეცდომა ქმრის არჩევისას დაუშვა. მისი მეუღლე ფრიად ზრდილი, განათლებული და პატივსაცემი წყვილის ვაჟი გახლდათ, თუმცა აყვანილი იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის თავად ბ-ნმა ვაჟამაც. ადრეული ასაკიდან დაეწყო ჯერ ალკოჰოლი შემდეგ კი კიდევ უფრო მავნე ჩვევებიც გასჩენოდა, ის ჩემ მიერ ნანახი პირველი ”ძველი ბიჭი” იყო.

მახსოვს ერთ დღეს განერვიულებული ქალბატონი თინა შემოვიდა დედამთილთან ერთად, პოლიციისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს სასწრაფოს მოსვლას ელოდებოდნენ, თვალცრემლიანნი ისხდნენ და გვიყვებოდნენ, რომ ვაჟას ფსიქიატრიულში მოთავსება გადაეწყვიტათ. ვაჟა მართლაც წაიყვანეს იმ დღეს, თუმცა 2 დღეში უკან დაბრუნდა. არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ დახვეწილმა ქალბატონმა ერთ დღეს ბარგი შეკრა, ბავშვს ხელი მოკიდა და უკვალოდ გაუჩინარდა, როგორც ამბობენ ისრაელში წასულა, მე კი რატომღაც სულ თვალწინ მიდგას სცენა როგორ ზის ქალბატონი თინა, ავტობუსში ბავშვთან ერთად და ნერვიულობაში არეული თავისუფლების განცდა ეხატება სახეზე.
ვაჟას დიდ ხანს არ უდარდია, მალე მშობლების ბინა გაყიდა და მომცრო იყიდა იმავე კორპუსში, შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში გაისტუმრა და ბიოლოგიური მშობლები იპოვნა, გაუხარდა იმის აღმოჩენა, რომ გენეტიკური ოჯახი მისი ცხოვრების სტილს იზიარებდა. მისი ფაქტობრივი მშობლები კი მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ უპატრონოდ, მხოლოდ ბებიაჩემი ურეკავდა ხოლმე მოსაკითხად. ჯერ ცოლი მოკვდა, შემდეგ კი ქმარი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ბავშვს არ ავიყვანდი, როგორი დიდი სულგრძელობაც არ უნდა იყოს ეს.
ბოლოს ბატონი ვაჟა რამდენიმე წლის წინ ვნახე, ქუჩაში იდგა და მოწყალებას ითხოვდა, მაშინვე ვიცანი.

ქალბატონი მიმოზა გემრიელად ჩაპუტკუნებული, ქერა, წითელ ლოყება დიასახლისი იყო. მისი სახლიდან ყოველთვის გემრიელი საჭმლის სუნი გამოდიოდა, უფროსი ქალიშვილი ჩემი ტოლი იყო, თუმცა არ ვმეგობრობდით, ზედმეტად სანიმუშო ბავშვებთან საერთოს ვერასოდეს ვპოულობდი.

მისი მეუღლე მუდმივად სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მრგვალთავიანი სუბიექტი გახლდათ, რომლის დაც ჩვენი მეზობელი იყო და უბნის პოლიკლინიკაში მუშაობდა, კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონია, რომ დიდი უცხვირპირო ვინმე უნდა ყოფილიყო.
ერთხელ ახალი წლის დღეებში სტუმრად დაგვპატიჟეს და მახსოვს დიდი სნიკერსით გამიმასპინძლდა ქალბატონი მიმოზა. ნამცხვრებსაც უგემრიელესს აცხობდა და არასოდეს ვავიწყდებოდით.
რამდენიმე წელიწადში ქმარმა მიატოვა, საყვარელთან ერთად დაიწყო ცხოვრება (ვერაფრით წარმომიდგენია ქალი, რომელმაც საკუთარ თავს ამ მრგვალთავიანის საყვარლობა და შემდეგ მეორე ცოლობა აკადრა).
კიდევ რამდენიმე წელიწადში ქალბატონი მიმოზა მოიწამლა, მაშინ ამბობდნენ ”ამებიაზის” ინფექციაა მოდებულიო, 40 წლის იქნებოდა, 4 დღიანი ავადმყოფობის შემდეგ რომ გარდაიცვალა.
მე კი დღესაც თვალწინ მიდგას მისი სათნოდ ჩაპუტკუნებული სახე.

დღეს თითქმის არაფერი ვიცი მეზობლებზე, გარდა იმისა, რომ მარტოდ დარჩენილი შინაბერა ლილი თმაგაცვენილი თავის დასაფარად პარიკს ატარებს. 

Advertisements

6 thoughts on “მეზობლები

  1. მომცრო ფინიკი მომეწონა ძალიან 🙂

    საინტერესო რაღაცები დაგიმახსოვრებია. თან კარგად – სახასიათო პორტრეტები გამოვიდა.

    მე არ ვიცნობ ჩემს მეზობლებს 😦 😦 ზოგი სად გამომეცნაურება და ზოგი სად – შენს კორპუსში ვცხოვრობო.

    Like

    1. არადა ძალიან დიდი ხნის წინ იყო, გონებაში კი სასწაულად მაქვს ჩარჩენილი.

      😀 რაღაც დონეზე ძალიან კარგია, რომ არ იცნობ. მე ყოველ ჯერზე დაკითხვაზე მგონია ხოლმე თავი, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მეზობელი შეიცვალა, ახლებს კი არავის ვიცნობ 🙂

      Like

    1. ჰო, მეხსიერება ხშირად მაოცებს, ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს ვიხსენებ დეტალურად, რომ თავადაც არ მჯერა, ფანტაზია მგონია ხოლმე.

      დიდი მადლობა 🙂

      Like

  2. girlwithumbrella

    ჩემი პირველი კომენტარია შენ ბლოგზე 🙂 კარგი მეხსიერება გაქვს. ისე ხანდახან მეც ისეთ რაღაცეებს ვიხსენებ, მიკვირს 😀 მეც იმდენი და ისეთი “მრავალფეროვანი” მეზობლები მყავს :@

    Like

    1. ჰოდა, კეთილი იყოს შენი შემობრძანება ფინიკისთან:) ჰო, მეხსირება ნამდვილად საინტერესო რამაა, ზოგჯერ გგონია რომ შეუძლებელია გახსოვდეს და მერე ისეთ დეტალებს იხსენებ, რომ თავადაც არ გჯერა. ისე უმეტესად დეტალებმა იცის ხოლმე დამახსოვრება, მცირე დეტალებმა, რომლებიც გასახსენებლად კიდევ უფრო სასიამოვნო და საინტერესოა 🙂
      მეზობლები საინტერესო ფენომენია საერთოდ :დ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s