ლაყბობა


დღის განმავლობაში ათჯერ მაინც ვხვდები ერთი და იგივე ადამიანს, პირველი შეხვედრისას ვესალმებით ერთმანეთს, დანარჩენ შემთხვევებში კი მიღიმის, რაც ბუნებრივია იძულებულს მხდის, რომ იგივეთი ვუპასუხო, განურჩევლად იმისა ვარ თუ არა ღიმილის ხასიათზე და ასე გრძელდება დაუსრულებლად სანამ წასვლის დრო არ მოვა და კარებში არ შევხვდებით ერთმანეთს, ამ შემთხვევაში გაღიმების ნაცვლად მშვიდობიანი მომავლის იმედით ვემშვიდობებით.
რა თქმა უნდა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ამ გზით კეთილგანწყობას ვუსვამთ ხაზს და იმასაც გამოვხატავთ, რომ შევამჩნიეთ ერთმანეთი.
ზოგადად ათასობით უაზრო წესი გვაქვს, რომელსაც ვერც კი ვაფიქსირებთ, თუმცა საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს, რომელიმე ჩვენგანმა ხასიათის შესაბამისად ამ წესის უკაცრავად (ან და რაღა უკაცრავად, მაგრამ მაინც) ფეხებზე დაკიდება გადაწყვიტოს, რომ მაშინვე უზრდელობაში ვდებთ ბრალს.
წესებს ხშირად ვარღვევ, თუმცა დღემდე უცნობია ეს იმის გამო ხდება, რომ უსათვალოდ მიჭირს სულზე უტკბესი ადამიანების ფიზიონომიის დანახვა, თუ ეს მხოლოდ თავის გასამართლებელი მიზეზია.
საქვეყნოდ ცნობილი ვარ ემოციების ფრქვევის შეუდარებელი ნიჭით, ხოლო ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევიან, როგორც წესი კონტროლს ხშირად კარგავენ და უმეტესად სიმართლის თქმით გამოირჩევიან ხოლმე. არადა რა სისულელეა, აქვე უნდა გავაბათილო ეს აზრი, ემოციების ფრქვევა და უკონტროლო საუბრები არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს პიროვნების გულახდილობასა თუ გულღიაობაზე, ისევე როგორც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მთვრალი ადამიანი არც სიმართლეს ლაპარაკობს და არც იმას აკეთებს, რაც გულის გულში ყველაზე მეტად უნდა. როგორ გეკადრებათ?! ის რასაც თქვენ სიმართლედ ნათლავთ სინამდვილეში დაბნელებული გონების და ერთმანეთში აღრეული ემოციების დამსახურებაა და მეტი არაფერი, მათ კი პერსონის რეალურ სურვილებსა თუ ფიქრებთან კავშირი თითქმის არ აქვთ, ამიტომ დროზე ადრე ტაშის კვრისგან თავი შეიკავეთ ხოლმე. ერთხელ მაინც გექნებოდათ დილა, როდესაც თავში ხელების ცემით გაიღვიძეთ იმის გახსენებისას თუ რა ისაუბრეთ ან რა გააკეთეთ წინა ღამით, გითქვამთ საკუთარი თავისთვის – რაც მთავარია სიმართლე ვთქვი და დაფარულს ავხადე ფარდა დანარჩენი არ მაინტერესებსო? – თუ გითქვამთ, მაშინ ჭეშმარიტად შექების ღირსი ხართ, მარტივად შეგძლებიათ საკუთარი თავის მოტყუება, თუ არ გითქვამთ და მთელი დღის განმავლობაში თავში ხელების ცემით იყავით დაკავებული, მაშინ ეს აზრი განვრცობას არ იმსახურებს და პირდაპირ შეგიძლიათ დამეთანხმოთ. ჰოდა, ეს ჩემი გრძნობებისა და სიტყვების ფრქვევის ეპიზოდები არასოდეს მიუთითებს მათი შინაარსის სანდოობაზე. ზოგჯერ, უფრო სწორად კი უმეტესად პირიქით.
თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც (როგორც ძირითადად ხდება ხოლმე), თუ გონების დაბნელების ნებისმიერ ბუნებრივ თუ ხელოვნურ საშუალებას განვიხილავთ უხილავი ბორკილებისგან თავის დაღწევის გზად და ვიტყვით, რომ ის ნათელი გონება, რომელიც გვაიძულებს დადგენილი წესებით ვიცხოვროთ – სხვა არაფერია თუ არა ზეწოლის შედეგად მიღებული წესების მორჩილება, მაშინ გამოდის, რომ ის თავაშვებული სუბიექტები, რომლებადაც თავისუფლების მცირედი დოზის ძარღვებში შეშვებისას ვიქცევით ხოლმე, ისინი არიან ვინც უნდა ვიყოთ რეალურად, სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი ერთმანეთის ფეხის ხმას აყოლილი ზომბები ვართ. ნორმას რა თქმა უნდა უმრავლესობა განსაზღვრავს, თუმცა ის აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის. ზოგადად თავის მოთოკვის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს სხვების რეაქცია წარმოადგენს, შესაბამისად შეგვიძლია მოვიშველიოთ არგუმენტი იმის შესახებ, რომ ვინაიდან ჩვენ მაღალი გონის წარმომადგენლები ვართ და ადამიანებად ვიწოდებით (რომლებსაც სხვათაშორის სულიც გააჩნიათ) შესაბამისად ისეთი თვისებითაც გამოვირჩევით, როგორიცაა გარშემომყოფებისთვის ანგარიშის გაწევა ანუ მიზეზის კეთილშობილებიდან გამომდინარე, სწორ საქციელად საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით ცხოვრება შეიძლება ჩაითვალოს და არავითარ შემთხვევაში თავისუფლების (თუ რაღაც მსგავსის) სურვილით დაბინდული გონების მოწოდებების შესაბამისი ქცევა. თუმცა ამ ქმედების ანუ სხვებისთვის ანგარიშის გაწევის კეთილშობილება ეჭვქვეშ დგება მაშინ, როდესაც ჩავუღრმავდებით საკითხს და ვიკითხავთ რატომ ვუწევთ სხვებს ანგარიშს, რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ საამისოდ, ყველა მათგანის ძირი იქნება ის, რომ ამ გზით საკუთარ კმაყოფილებამდე მივდივართ.

და რა მინდოდა ამ ყველაფრით მეთქვა? პრინციპში არაფერი, ლაყბობის ხასიათზე ვიყავი.

Advertisements

4 thoughts on “ლაყბობა

    1. ნამდვილად ასეა, უბრალოდ გააჩნია მოპოვებული კმაყოფილების გრძელვადიანობას, ვგულისხმობ იმას, რომ თუ კონკრეტული საქციელით კმაყოფილების მიღწევა გვინდა, მაგრამ ეს საქციელი დაწესებული ნორმიდან ერთგვარ გადახვევას წარმოადგენს, მისი ჩადენით მიღწეული კმაყოფილება ძალიან მალე შეიცვლება თავში ხელების ცემით, მაშინ როდესაც თუ ყველაფერს მიღებულ ნორმებთან შესაბამისობაში გავაკეთებთ, შესაძლოა მიღებული კმაყოფილების დოზა შედარებით მცირე იყოს, თუმცა ვინაიდან ის საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, შესაბამისად არც გრძელვადიან პერსპექტივაში დაემუქრება რამე. რა თქმა უნდა მეც, როგორც უმრავლესობა არჩევანს უმეტესად ამ უკანასკნელზე ვაკეთებ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s