სხვანაირად


შენთვის ადრეც მითქვამს, რომ ცხოვრების გარკვეულ პერიოდს სიამოვნებით გავატარებდი პატარა ქალაქში, მექნებოდა ჩემი ყვავილების მაღაზია და კონსულტანტიც თავად ვიქნებოდი. ისიც მითქვამს, რომ ამით არ ამოვწურავდი თავს და კიდევ პატარა პერიოდს წიგნების მაღაზიაში გავატარებდი, შემდეგ საკონდიტრო მექნებოდა და თეთრ წინსაფარსა და ქუდში გამოწყობილი დავხვდებოდი კლიენტებს, გავუღიმებდი და ვკითხავდი ”როგორც ყოველთვის?” ისინი კი ღიმილით დამიქნევდნენ თავს და მეტყოდნენ, რომ ჩემი ”ქიშმიშიანი ორცხობილა” შეუდარებელია, მეც ღიმილით ვუპასუხებდი, რომ ეს ბებიაჩემის რეცეპტია და მას საიდუმლოდ ვინახავ.
მწერლობაშიც ვცდიდი ბედს და თავში აურაცხელი რაოდენობით მცხოვრებ პერსონაჟს გადმოვიტანდი ფურცელზე, წარუმატებლობის შემთხვევაში დარდს ალკოჰოლში ჩავკლავდი, ბარმენს გულს გადავუშლიდი და ბარის მაგიდაზე მივიძინებდი საღამოობით, უკანასკნელი კლიენტიც, რომ წავიდოდა ბარმენი შემაფხიზლებდა და მეტყოდა, რომ იხურებიან, გაცილებას შემომთავაზებდა, მე კი ვეტყოდი, რომ არ ღირს, ჩამოვხტებოდი მაღალი სკამიდან და გასასვლელთან ორი წუთით მხოლოდ იმიტომ შევჩერდებოდი, რომ მეთქვა ”იცი, ეს ბარის მაღალი სკამები ბავშვობას მაგონებს, ადრე საბავშვო კონცერტებსა თუ შოუებზე დავყავდით მე და ჩემი და მამაჩემს, სასაცილოა, თუმცა ვერაფრით ვიხსენებ ზუსტად სად იმართებოდა ეს შოუები, ერთადერთი რაც დამამახსოვრდა არის ის, რომ პირველ სართულზე ბუფეტი იყო, სადაც ზუსტად ასეთი სკამები იდგა, იქ არაჩვეულებრივ ეკლერებს აცხობდნენ, გემო არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უგემრიელესი იყო. დედაჩემმა ეკლერის ცხობა არ იცოდა, თანაც მაშინ ნამცხვრისთვის საჭირო ინგრედიენტების ყიდვა ჭეშმარიტ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ იმით უნდა მოგეფიქრებინა რამე რაც გქონდა… მაშინ გლანდების ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, 5 წლის ვიყავი და მითხრეს, რომ 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ თხევადი საკვები, ფაფები უნდა მეჭამა, მე კი ვერასოდეს ვიტანდი ფაფებს, არ მახსოვს რატომ, მაგრამ მგონი ჩემი დის თხოვნით დედაჩემმა ეკლერის მსგავსი ნამცხვარი გამოაცხო ჯემით, ჩემთვის არ შეიძლებოდა, მე კი ისე ძალიან მიყვარდა ტკბილეული, თანაც დედაჩემის გამომცხვარი ტკბილეული, ჰოდა ვეხვეწებოდი შევჭამ მეთქი, არაო მითხრა, ბებიაჩემის ოთახში შევედი და საწოლის ქვეშ შევძვერი, არ მინდოდა მენახა, როგორ შეექცეოდნენ ნამცხვარს დანარჩენები, მაშინ ვუთხარი ამას არასოდეს დაგივიწყებ მეთქი, ასეც მოვიქეცი, ჰოდა თუ ოდესმე შვილი მეყოლება და მას გლანდების ოპერაცია დასჭირდება, მე ნამცხვარს არ გამოვაცხობ”. ვემშვიდობები და ნელი ნაბიჯით, ბარბაცით გავდივარ ბარიდან.
ჰო, დღეს მძიმე დღე იყო, არა გამორჩეულად მძიმე კი არა, ჩვეულებრივი, მორიგი მძიმე დღე, ჰოდა, მეც რამდენიმე წუთით ისევ წავედი ოცნებებში, ისევ მოვირგე წინსაფარი, შემდეგ საბეჭდ მანაქანს მივუჯექი, მაღაზიაში შემოსულ კლიენტს ყვავილების თაიგული ავარჩევინე, შემდეგ თაროებზე განლაგებულ წიგნებზეც ვისაუბრე, მოკლედ ცოტ-ცოტა დრო ჩემი თავის ყველა განშტოებას დავუთმე, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, ჩვენ ანუ მე და კიდევ რამდენიმე მეს მხოლოდ ერთი რამ გვინდა – მშვიდი მრავალფეროვნება.

ახალი იდეების კვების პროცესში


ვერ ვიტან დაჭრილი ხის სუნს, რაღაცნაირი უსიამოვნო ჟრიალი მიპყრობს ხოლმე. კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან სისხლის სურნელს, პირში ჟანგისა და სიმლაშის შეგრძნებას, რომ ტოვებს. ამ ორის კომბინაცია კი ნამდვილად მომაკვდინებელ ნაზავს ქმნის.

დილიდან ამეკვიატა აზრი, რომ სადღაც სისხლით გაჟღენთილი გამომშრალი ხის ნაფოტი გდია და მთელი დღეა ვცდილობ ამ შეგრძნებას ვებრძოლო.

დიახ, როგორც მეფისტოფელმა თქვა, სისხლი ნამდვილად სხვა თვისების მქონე წვენია.

დილით ორი აბი დამამშვიდებელი დავლიე, რაღაცნაირი იმედის განცდა მეუფლება ხოლმე, როდესაც კატაბალახას სურნელით გაჟღენთილ მწვანე შეფერილობის კაფსულას ვათამაშებ ხელში და ვიცი, რომ სულ ცოტა ხანში სისხლი მოწოლილ ემოციებს მასში გახსნილი სითხით დაუწყებს ბრძოლას.

ეჭვის საზიზღარი შეგრძნება მეპარება ძარღვებში. როდესაც ხელჩასაჭიდი არაფერი გაქვს მილიონობით თეორია ირევა ერთმანეთში, შენ კი იმედის ბოლო ნაპერწკალს ებღაუჭები და ცდილობ მათში ყველაზე სასურველზე შეაჩერო არჩევანი, შემდეგ კი თავიც დაირწმუნო აღნიშნული თეორიის სანდოობასა და რეალობასთან სრულ შესაბამისობაში.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც უეცრად ღრმა ძილიდან გამოიღვიძებ და ცდილობ მიხვდე ის რაც გაწუხებს დაგესიზმრა თუ მართლა მოხდა, იმდენად ბევრჯერ გაქვს სცენარი გონებაში გადაღეჭილი, რომ ვერაფრით მიმხვდარხარ სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის. შემდეგ იმეორებ, რომ არაფერი მოგჩვენებია, დანამდვილებით იცი, რომ საკუთარი თავის საიდუმლოდ შენახვის ყველა მცდელობა ნელ-ნელა უშედეგო ხდება და სულ მალე ხალხით გადაჭედილი დარბაზის წინაშე მოგიწევს იმის აღიარება, რომ გიპოვნეს.

ვერაფრით გამიგია რატომ ვაიძულებ თავს მუდმივად პირში წყალ ჩაგუბებული იდგეს და ჩრდილიდან ადევნოს თვალი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, შემდეგ კი კარგად შენიღბული გამოცხადდეს ქალაქის ტრიბუნაზე და დაუსრულებლად ისაუბროს ყველაფერზე რაც ნახა, მოისმინა, მოიწონა ან დაგმო.

ისევ იდეალებზე სასაუბროდ მექაჩება ენა. არსებებზე, რომლებიც განსაკუთრებული ცვალებადობით გამოირჩევიან და როგორც წესი გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრს არასოდეს ტოვებენ. ყოველთვის იმას გაძლევენ რისი მიღებაც გინდა და რაც ყველაზე მთავარია ამას მანამ აკეთებენ, სანამ თავად გააცნობიერებ აღნიშნულის სურვილს.

ერთ-ერთი მათგანი საკუთარი თავის გამჟღავნების გარეშეც კი ახერხებს ამ ტიტულის მორგებას. მასთან ბრძოლა უკვე მოდად იქცა საზოგადოებაში, რომელიც ჩემი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს, თუმცა მიუკერძოებელი მხარე ადვილად მიხვდება, რომ ეს ძიძგილაობაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება -როგორმე თავადაც მოექცნენ მისი ყურადღების ქვეშ და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვონ. რომელ მხარეს წარმოვადგენ მე? არც ერთს, მე ის ვარ ვის იდეებსაც კვება სჭირდება, უზარმაზარ სცენაზე გამოჩენილი თვითნასწავლი იდეალი და მასზე გამიჯნურებული საზოგადოება კი საუკეთესო საკვებს წარმოადგენს.

კედლები


მას დარღვევებისდამი ფარული ჟინი აქვს. შეიპყრობს ხოლმე საღამოობით და შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში არ აძლევს მოსვენებას.
მისი სამაგალითო ცხოვრება კმაყოფილების განცდას არასოდეს იწვევს.
”თითოეულ ჩვენგანს სჭირდება კედელი ზურგს უკან, იმისთვის, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯების შემდეგ უკან დახევისას შეძლოს რამეზე დაყრდნობა, იცოდეს, რომ უკან ურყევი ძალა აქვს და რაღაც მაინც შეძლებს მის შეჩერებას. პრობლემა კი ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც აღმოაჩენ, რომ ეს კედელი თავად ხარ და სხვებს უმაგრებ ზურგს, შენს უკან კი უსაზღვრო ჰრიზონტი იშლება და დასაცემად კილომეტრებად გაშლილი სივრცე გაქვს.
ვინ არიან კელდები, ისინი ვინც წესებისგან ააშენეს და პასუხისმგებლობის გრძნობით მოლესეს, ისინი ვის სიმყარეშიც მათ წინ მდგომ ადამიანებს ეჭვი არასოდეს ეპარებათ.
წუხელ სიზმარი დამესიზმრა. ვიღაც მიხსნიდა, რომ კედელი ვიყავი, ეს კი ალბათ იმის ბრალია, რომ ძილის წინ ყველაფრის ჯოჯოხეთში გაშვებასა და თავისუფლებაზე ვფიქრობდი.
დილით კიდევ ერთხელ შემახსენა ზურგის ქარმა, რომ უკან თვალუწვდენელი სივრცე მქონდა, მეც ავდექი და ჟინი სიგარეტის მოწევით მოვიკალი, იქ მოწევით სადაც არ შეიძლებოდა. დიახ, ეს ის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც კედლებს შეუძლიათ.”
”აჭარბებ” – ვეუბნები მე – ”გიყვარს ხოლმე ყველაფრის გაზვიადება, მხატვრული იერსახის მიცემა და შემდგომ ამაზე გაუთავებელი საუბარი, თუმცა ვიცი, რომ უმეტესად თავადაც ხვდები იდეის აბსურდულობას.”
”მეზიზღებიან უპრინციპო ადამიანები. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იწყებენ თეთრი დროშის ფრიალს, რომ ეზარებათ ბრძოლის გაგრძელება. შემდეგ კი გიყურებენ უდანაშაულო თვალებით და გეუბნებიან, რომ ეს ომი თავშივე განწირული იყო წაგებისთვის. შემდეგ საკუთარი თავი მეზიზღება, მეზიზღება ის, რომ ვპასუხობ მართალი ხარ მეთქი და გამარჯვებაზე მეოცნებე ადამიანებს ვუხსნი, რომ წავაგეთ.”
”ე.ი. პრობლემა შენშია, თუ სხვებს ეზარებათ შენ იბრძოლე.”
მიღიმის, ვხვდები, რომ ზუსტად ამ პასუხს ელოდა:
”ისევ კედლის თეორიამდე მივედით, ხედავ? მე კედელი ვარ, ე.ი. ჩემ წინ მდგომ ადამიანებს ვუმაგრებ ზურგს და ვიჭერ მაშინ, როდესაც ეცემიან. მაშინ კი როდესაც გადავწყვეტ, რომ ზოგიერთი მათგანი ამას უბრალოდ არ იმსახურებს და მინდა ვუთხრა, რომ აგურებად ჩამოვიშალე, ვხვდები, რომ ამ ნგრევის შედეგი გაცილებით ფართო მასშტაბიანი იქნება და ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ადამიანებს დავტოვებ ზურგის გარეშე, ადგებიან დილით და ძლიერ ქარს იგრძნობენ, მოიხედავენ და უსაზღვრო ჰორიზონტი გაეშლებათ თვალწინ”.
”შენ უბრალოდ გიყვარს მსხვერპლის როლის თამაში”.
”კარგი. ბოლოს როდის მოისროლე ყველაფერი სანაგვეზე?”
”ასე არასოდეს მოვქცეულვარ.”
”რატომ? ნუთუ იმიტომ, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხარ?”
”…”
”რამდენი ადამიანი დგას შენ წინ? ერთი, ორი, სამი, ათი?! უკან?… აი პასუხი შენ კითხვაზე.” 

”რევოლუციონერი”


ფეხები მაგიდაზე მაქვს შემოწყობილი, სკამის საზურგეს მთელი ტანით ვაწვები, ჭერს შევყურებ და კვამლს ვუშვებ პირიდან. სკამის გვერდით არყით სავსე ბოთლი მიდგას, მუსიკა გამაყრუებელ ხმაზე მაქვს ჩართული, ისეთზე თითოეულ არა სასურველ ფიქრს კუდით ქვას რომ ასროლინებს.
ოთახში სიბნელეა, მხოლოდ მოკიდებული სიგარეტი მინათებს სახის ორიოდ სანტიმეტრს, სპირტისა და კვამლის სურნელი ირევა ერთმანეთში. ნიშნის მოგებით მეღიმება და ვუყურებ, როგორ მიიზლაზნება კვამლი ჭერისკენ.
ახალ პერსონაჟზე დაუსრულებელი ფიქრის შემდეგ, ვხვდები რომ მისგან არაფერი გამოვა, ზედმეტად ჭირვეული, ცვალებადი და ჯიუტია. ასეთი ხისთავიანი არავინ შემხვედრია. წარმოუდგენელი სიჯიუტით ანადგურებს ყოველ მცდელობას მისგან მუზა გამოვძერწო და ერთხელ და სამუდამოდ მივახრჩო თემა, რომელიც უკვე თვეზე მეტია თავში მიტრიალებს.
ფანჯარას ვუყურებ, მოპირდაპირე კორპუსში სრული სიბნელეა, საათს შეგნებულად არ ვამოწმებ, თუმცა გუმანით ვხვდები რომ შუა ღამეს უკვე დიდი ხანია გადაცდა.
დაახლოებით ნახევარ საათიანი გაშტერებული ჯდომის, არყის სმისა და გულის ფეთქვის მუსიკის რიტმზე გადაწყობის შემდეგ, ვხედავ, რომ ჩემ წინ გრძელი დერეფანი იშლება, მხოლოდ მბჟუტავი სინათლე ჩანს ალაგ-ალაგ, მხედველობას ვძაბავ და რამდენიმე წამში დერეფნის ბოლოს გამხდარ სილუეტს ვარჩევ, თავდახრილი დგას, მხოლოდ მარცხენა ფეხს ურტყამს იატაკს ჩემს ოთახში ჩართული მუსიკის რიტმზე.
რამდენიმე წამიანი მდუმარების შემდეგ გამაყრუებელი ოვაციების ხმა მესმის, სახეზე ირგებს საფირმო ღიმილს და აუღელვებელი, თავდაჯერებული, მკაცრი ნაბიჯით მოუყვება დერეფანს. ვგრძნობ როგორ გამოდიან ჩემი სხეულიდან ემოციები რიგ-რიგობით, ნაირ-ნაირ ფერებში გამოწყობილნი და იშლებიან ოთახში მის მოლოდინში.
გვერდს მივლის და სამი საფეხურის ავლის შემდეგ უკვე ტრიბუნასთან დგას, ემოციები არ ცხრებიან, სტვენის, კივილის და ტაშის ხმა აყრუებს ირგვლივ ყველაფერს.
სიგარეტს იღებს, წითელი რკინის სანთებელით უკიდებს, კვამლს მადიანად უშვებს პირიდან და ხელებს მაღლა სწევს, მე ყურებს თითებით ვიცობ და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ვცდილობ დავიცვა ბარაბნები გახეთქვისგან.
ფეხსაცმლის ქუსლს ვურტყამ მაგიდას, ახალ ღერს ვიღებ კოლოფიდან და წარბის აწევით ვანიშნებ რომ შეუძლია დაიწყოს. ცინიკური ღიმილით მპასუხობს რომ ჩემგან ნებართვა არ სჭირდება, ემოციები კი უკმაყოფილო სახით მიყურებენ. წითელ კაბაში გამოწყობილი სიძულვილი მიახლოვდება და ყურში მისისინებს ”ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაცადე!” ხელებს ვშლი უდანაშაულობის ნიშნად და ვაგრძნობინებ, რომ შეუძლიათ დატკბნენ.
”მთელი საიდუმლო წინააღმდეგობის გაწევაშია. რა მნიშვნელობა აქვს გამოთქმულ საკითხს ეთანხმები თუ არა, მთავარია შეძლო საპირისპიროს დამტკიცება, ერთი-ორი რთული სიტყვა ჩაურთო და უკვე ტაშს გიკრავენ.
აუცილებელია რაღაც დოზით მაინც დაგესლო მსხვერპლი სანამ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებ. მცირეოდენი შხამი და შენ მას ეზიზღები, მას შემდეგ კი რაც ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს  ბრუნდები, დამფრთხალი გიყურებს, წამებს ითვლის – ერთი, ორი, სამი… მძიმედ სუნთქავს, შენ მკაცრი სახით უახლოვდები და ის ისაა გესლის დოზა უნდა გაზარდო, რომ თბილად უღიმი, რამდენიმე წამში ის უკვე შენია, გაღმერთებს.
ყველაფერი ვალდებულებით იწყება, საპასუხო ვალდებულებით, გამარჯვებული ყოველთვის ის მხარეა, რომელიც პირველ ნაბიჯს დგამს, შემდეგ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება, მთავარია სამზინე ობიექტი შეირჩეს სწორად. ერთი თბილი სიტყვა და ის უკვე მუჭში გყავს, თუ საკუთარ თავზე შეყვარებული სუბიექტია ერთი დღე მაინც სჭირდება საიმისოდ, რომ ორიგინალური პასუხი გაგცეს, მასისგან ხომ უნდა გამოირჩეოდეს?! თუ ეს არ ადარდებს ან უბრალოდ არ შეუძლია, მაშინ უკვე ათასჯერ მიღებულ საპასუხო აღფრთოვანებას გაჩუქებს გაორმაგებული ფორმით, შემდეგ შეგიძლია ფეხი ფეხზე გადაიდო და ტკბობას მიეცე.

მოულოდნელად, დაუმშვიდობებლად უნდა გაუჩინარდე, არაფერი დაიბარო, შემდეგ კი ასევე მოულოდნელად დაბრუნდე… როგორ დაგხვდებიან?…” ხელებს მაღლა წევს და მე თითებით ისევ ყურებს ვიცობ. 

tumblr_m3vybqanLI1qez43mo1_500 

ერთ-ფერ-0-ვნება


წუხელ მუსიკის ხმამ არ დამაძინა, გამთენიისას როგორც იქნა მდუმარება ჩამოწვა და ის ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ კარებზე კაკუნის ხმა მომესმა. შეშფოთებული წამოვდექი საწოლიდან, კარებთან მივედი და უძილობისგან გაბზარული ხმით ვიკითხე ”ვინ არის?”, მიპასუხა თქვენი მეზობელი ვარო, მივხვდი ვინც იყო და კარები გავაღე. ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა, ტანსაცმელი საღებავით ქონდა მოთხვრილი, ნაძალადევი ღიმილით მომესალმა, თვალები მოიფშვნიტა და მკითხა ”შეიძლება?”, ისეთი სასოწარკვეთილი და გადაღლილი მზერა ქონდა უარი ვერ ვუთხარი და შემოვიპატიჟე, თან შეუმჩნევლად დერეფნის კედლისკენ გავაპარე თვალი სადაც საათი მეგულებოდა, ექვსის ნახევარი იყო.
დივანზე მივუთითე, ბოთლი იქვე მდგომ მაგიდაზე დადგა, თავი უხერხულად ვიგრძენი და ჭიქები მოვიტანე, გამიღიმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა, კოლოფი გამომიწოდა, ვუთხარი ჩემი მაქვს მეთქი და ხალათის ჯიბეში ქექვა დავიწყე, როგორც იქნა წავაწყდი სიგარეტს და გვერდზე სავარძელში ჩამოვჯექი.
ცოტა ხანს ხმას არ იღებდა, გაშტერებული უყურებდა ნახატებს ჩემი სასტუმრო ოთახის კედელზე, თავი მოვალედ ჩავთვალე მეკითხა ხომ მშვიდობაა მეთქი, თავი დამიქნია, ისე რომ არც კი გამოუხედავს.
კიდევ რამდენიმე წუთს ვიჯექით უხმოდ, შემდეგ კი მკითხა:
– არ გეჩვენება, რომ ჩემი ხვეული თმა დღეს ზედმეტად სწორია?
დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
– ჰო, აი სარკესთან ვიდექი და მივხვდი, რომ ის კულულები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა აღარ მაქვს. ადრე ასე არ იყო, გავიშლიდი ხოლმე, ქუჩაში გასული ხელით ნაზად ვიწევდი ყურზე, ხალხი კი თვალს ვერ მწყვეტდა. დღეს ჩვეულებრივი წაბლისფერი თმა მაქვს და ვცდილობ ყოველთვის შეკრული ვატარო.
ღვინო ჩამოვასხი, ვერ მივხვდი მეტი რა შემეძლო გამეკეთებინა, უხერხულობა ვიგრძენი.
მადლობის ნიშნად გამიღიმა და განაგრძო:
– დიდი ხანია აღარაფერი დამიხატავს, ყოველ ღამე ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ვიმეორებ ფერებს, სახეებს, სცენებს, ხელწერას. ისინი კი ვინც ადრე იწონებდნენ ჩემ ნამუშევრებს დღეს ერთფეროვან, უინტერესო მხატვარს მეძახიან.
კვლავ არაფერს ვამბობ, დაღლილობისგან გათიშული შევყურებ ფანჯარას და უემოციოდ განვაგრძობ მის მოსმენას.
– მოგწონს ჩემი წვრილი თვალები?
უცებ გამოვფხიზლდი, შევხედე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მართლა მომწონდა, მისი უზომოდ წვრილი თვალები, მის სახეს უფრო ქალურს და მიმზიდველს ხდიდა, ჰო, უძილობის, სასოწარკვეთის და გადაღლის მიუხედავად, მე ის მომწონდა.
– ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ზედმეტად წვრილი თვალის ჭრილი მქონდა, დავდგებოდი ხოლმე სარკესთან და ვცდილობდი რაც შეიძლება ფართოდ გამეხილა და ბოლომდე შემეთვალიერებინა. ისეთი ყავისფერი არ მაქვს, როგორიც ჩანს, შიგნით თაფლისფერიც ბლომადაა ჩაღვრილი, თუმცა ძნელად გასარჩევია.
ისევ სიჩუმე, ჭიქა აიღო და მადიანად მოყლუპა.
– მუსიკის ხმამ შეგაწუხა? ძალიან სწრაფად მოხვედი კარებთან, რომ გძინებოდა მეტი დრო დაგჭირდებოდა, ე.ი. არ გეძინა.
– დიახ, მაგრამ არაფერია. – ვუპასუხე ღიმილით.
– მუზები უცნაური არსებები არიან. ამოვიჩემებ ხოლმე ერთ ადამიანს და შემდეგ ვხატავ დაუსრულებლად, სანამ მის სახეს სრულიად განსხვავებულს არ გავხდი, შთაგონების წყაროს ნიშანწყალიც, რომ არ ეტყობა ისეთს…
მეგობარი მყავდა, წერა უყვარდა, უბრალოდ წერდა, თავისთვის და ზოგჯერ მაკითხებდა ხოლმე. მიყვარდა მისი ნაწერები, განსხვავებული სტილი ქონდა, ასეთი არასოდეს წამიკითხავს, ხშირად მითხოვია სახლში გამატანე მეთქი…
დაახლოებით ერთ წელიწადში მივხვდი, რომ მომბეზრდა, ჰო, აი მომბეზრდა მის პეროსნაჟებზე კითხვა, განსხვავებული პროფესიისანი იყვნენ, განსხვავებული სქესი ქონდათ, განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდნენ, მოკლედ არაფერი ქონდათ საერთო გარდა ავტორისა, თუმცა ერთნი იყვნენ. მიხვდა, რომ პირვანდელი აღფრთოვანება გამიქრა და მკითხა, მოგბეზრდა? არ ვიცოდი რა მეპასუხა, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თავი დავუქნიე. მან ეს თავადაც იცოდა. შემდეგ კი მომიბრუნდა და მკითხა ნუთუ გგონია, რომ შენ ცხოვრებაში არ დადგება იგივე მომენტი?! წარბი აწია, პასუხი, რომ არ გავეცი, დაუმშვიდობებლად მომიხურა კარები. გარეთ გასულმა კი ვიფიქრე ”არა!”. შევცდი…
ისევ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
– ამოვწურე თავი, თუმცა დაჟინებით ვცდილობ საპირისპირო დავამტკიცო.

P.S. ტილოზე ფინიკია გამოსახული, ის ჩემი საძინებლის კედელს ამშვენებს.

მეზობლები


მეზობლების მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ მსუბუქი გამარჯობით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, მოკითხვაზე მოკითხვითვე ვპასუხობდი, არ მიყვარდა როდესაც მეკითხებოდნენ სად იყვნენ ჩემი მშობლები, და, ძმა, რატომ არ ჩანდნენ, სახლში მარტო ვიყავი თუ არა, როდის ვამთავრებდი სკოლას, უნივერსიტეტს, სამსახურიდან მოვდიოდი თუ მეგობრებთან ვიყავი, ხელფასი რამდენი მქონდა, ჩემ დას რამდენი ქონდა, ჩემი ძმა სად სწავლობდა, რა ნიშანი მიიღო ბოლო გამოცდაში, ვაპირებდი თუ არა გათხოვებას (თუ კი ვიზე? როდის? თუ არა რატომ?)… ამ კითხვების დასმას როგორც წესი მანამ ასწრებდნენ სანამ ჩვენი უკვე დენიკინის დროინდელი ლიფტი მიაღწევდა დანიშნულების პუნქტამდე, მე კი ყოველთვის ვცდილობდი არც მწვადი დამეწვა და არც შამფური, ტაქტიც მქონოდა და მათთვის ისიც მენიშნებინა, რომ მათაც უნდა ქონოდათ ტაქტი. არც შაქრის სათხოვნელად ვყოფილვარ ოდესმე და არც მარილის, არც ზეთი გამთავებია უდროო დროს და არც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათი კარის ზღურბლზე მდგარს დამიგრძელებია კისერი სახლის უფრო საფუძვლიანი დათვალიერების იმედით.
მაშინ პატარა ვიყავი (პატარა ცოტა სუბიექტური ცნებაა, მაგრამ მაინც), პირველ სართულზე ვცხოვრობდი და მაინც და მაინც კარგად არ მესმოდა რას ნიშნავდა ცნება მეზობლები. დღეს კი ვხვდები, რომ მომცრო ფინიკი ფრიად ცნობისმოყვარე და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის (უნებურად მაგრამ მაინც) მოყვარული ყოფილა, მეხსიერებამ კი ისიც არ იკადრა, რომ შეგროვებული ინფორმაცია უსარგებლო ხარა-ხურის განყოფილებაში დაეაქრივებინა.

თინა ფრიად დახვეწილი ქალბატონი გახლდათ, მუდმივად სუნამოს ტკიბილი სურნელით ქონდა გაჟღენთილი კანი და სწორი ქერა თმა. ცხვირზე კი მოხდენილად დაესკუპებინა გემოვნებით შერჩეული სათვალე შეუმჩნეველ ყავისფერში გადასული შუშებით. ყურადღებიანიც იყო, მახსოვს დაბადების დღეზე თოჯინა და კაშნე მაჩუქა, თოჯინა სახელად თინა, დიახ ქალბატონმა თინამ ჩემი მეგობარი თინა მაჩუქა, ყელსახვევი კი რამდენიმე წლის განმავლობაში ლამის მოუხსნელად მეკეთა სეზონურად, ახლაც მახსოვს ოთხკუთხედად ნაქსოვი, წითელი, ფოჩებიანი კაშნე ბოლოებზე ყვითელი ნაქარგით. თოჯინა თავისივე ზომის თეთრ ყუთში იდო და ისიც მახსოვს, რომ ბებიაჩემის საძინებელ ოთახში გავხსენი, რომელსაც რატომღაც ”პატარა ოთახს” ვეძახდით მთელი ოჯახი.

ჰო, ქალბატონი თინა გადასარევი გემოვნების პატრონი იყო, ერთადერთი შეცდომა ქმრის არჩევისას დაუშვა. მისი მეუღლე ფრიად ზრდილი, განათლებული და პატივსაცემი წყვილის ვაჟი გახლდათ, თუმცა აყვანილი იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის თავად ბ-ნმა ვაჟამაც. ადრეული ასაკიდან დაეწყო ჯერ ალკოჰოლი შემდეგ კი კიდევ უფრო მავნე ჩვევებიც გასჩენოდა, ის ჩემ მიერ ნანახი პირველი ”ძველი ბიჭი” იყო.

მახსოვს ერთ დღეს განერვიულებული ქალბატონი თინა შემოვიდა დედამთილთან ერთად, პოლიციისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს სასწრაფოს მოსვლას ელოდებოდნენ, თვალცრემლიანნი ისხდნენ და გვიყვებოდნენ, რომ ვაჟას ფსიქიატრიულში მოთავსება გადაეწყვიტათ. ვაჟა მართლაც წაიყვანეს იმ დღეს, თუმცა 2 დღეში უკან დაბრუნდა. არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ დახვეწილმა ქალბატონმა ერთ დღეს ბარგი შეკრა, ბავშვს ხელი მოკიდა და უკვალოდ გაუჩინარდა, როგორც ამბობენ ისრაელში წასულა, მე კი რატომღაც სულ თვალწინ მიდგას სცენა როგორ ზის ქალბატონი თინა, ავტობუსში ბავშვთან ერთად და ნერვიულობაში არეული თავისუფლების განცდა ეხატება სახეზე.
ვაჟას დიდ ხანს არ უდარდია, მალე მშობლების ბინა გაყიდა და მომცრო იყიდა იმავე კორპუსში, შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში გაისტუმრა და ბიოლოგიური მშობლები იპოვნა, გაუხარდა იმის აღმოჩენა, რომ გენეტიკური ოჯახი მისი ცხოვრების სტილს იზიარებდა. მისი ფაქტობრივი მშობლები კი მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ უპატრონოდ, მხოლოდ ბებიაჩემი ურეკავდა ხოლმე მოსაკითხად. ჯერ ცოლი მოკვდა, შემდეგ კი ქმარი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ბავშვს არ ავიყვანდი, როგორი დიდი სულგრძელობაც არ უნდა იყოს ეს.
ბოლოს ბატონი ვაჟა რამდენიმე წლის წინ ვნახე, ქუჩაში იდგა და მოწყალებას ითხოვდა, მაშინვე ვიცანი.

ქალბატონი მიმოზა გემრიელად ჩაპუტკუნებული, ქერა, წითელ ლოყება დიასახლისი იყო. მისი სახლიდან ყოველთვის გემრიელი საჭმლის სუნი გამოდიოდა, უფროსი ქალიშვილი ჩემი ტოლი იყო, თუმცა არ ვმეგობრობდით, ზედმეტად სანიმუშო ბავშვებთან საერთოს ვერასოდეს ვპოულობდი.

მისი მეუღლე მუდმივად სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მრგვალთავიანი სუბიექტი გახლდათ, რომლის დაც ჩვენი მეზობელი იყო და უბნის პოლიკლინიკაში მუშაობდა, კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონია, რომ დიდი უცხვირპირო ვინმე უნდა ყოფილიყო.
ერთხელ ახალი წლის დღეებში სტუმრად დაგვპატიჟეს და მახსოვს დიდი სნიკერსით გამიმასპინძლდა ქალბატონი მიმოზა. ნამცხვრებსაც უგემრიელესს აცხობდა და არასოდეს ვავიწყდებოდით.
რამდენიმე წელიწადში ქმარმა მიატოვა, საყვარელთან ერთად დაიწყო ცხოვრება (ვერაფრით წარმომიდგენია ქალი, რომელმაც საკუთარ თავს ამ მრგვალთავიანის საყვარლობა და შემდეგ მეორე ცოლობა აკადრა).
კიდევ რამდენიმე წელიწადში ქალბატონი მიმოზა მოიწამლა, მაშინ ამბობდნენ ”ამებიაზის” ინფექციაა მოდებულიო, 40 წლის იქნებოდა, 4 დღიანი ავადმყოფობის შემდეგ რომ გარდაიცვალა.
მე კი დღესაც თვალწინ მიდგას მისი სათნოდ ჩაპუტკუნებული სახე.

დღეს თითქმის არაფერი ვიცი მეზობლებზე, გარდა იმისა, რომ მარტოდ დარჩენილი შინაბერა ლილი თმაგაცვენილი თავის დასაფარად პარიკს ატარებს. 

ჩემი ამაზრზენი განწყობა


ნუთუ მორალურად გამართლებულად მიიჩნევთ ადამიანებისთვის მტკივნეულ თემებზე საუბრით ქულების დაწერას?! არასოდეს გიფიქრიათ, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც სევდიანი “სმაილებით” საუბარი უბრალოდ უადგილოა?! შესაძლოა მე ვცდები, როდესაც მგონია, რომ კონკრეტული ადამიანების ტრაგედიის განზოგადებით და შემდეგ საკუთარი კარგი ადამიანობის ხაზგასმით მოპოვებული ყურადღების ფასი აბსოლუტური ნულია.

რატომ არის ასეთი რთული უბრალოდ მისცეთ ადამიანებს სიხარულის უფლება?! არა, რა თქმა უნდა თავად ის ადამიანებიც, რომლებიც სიახრულის უფლებას თქვენგან ითხოვენ, თავისთავად უკვე წყალწაღებულნი არიან, მაგრამ მაინც.

ვის რაში სჭირდება თქვენი ლექციების მოსმენა? როდესაც რჩევის საჭიროება დაუდგებათ თავად მოგაკითხავენ.

***

კარგია, როდესაც სასოწარკვეთას აგრესია ცვლის, ე.ი. ბრძოლის უნარი ჯერ კიდევ შერჩენილი გაქვს და ყველაფრის გამოსწორების შანსი არსებობს. კარგია, როდესაც უეცარი შიში გიპყრობს, იმის შიში რომ ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებ ძალიან მალე გამოიღებს შედეგს, ე.ი. ჯერ კიდევ გაქვს ყველაფრის გამოსწორების იმედი.

როდის გრძნობ თავს ყველაზე უბედურად? მაშინ, როდესაც უბედური ხარ და ვერ გაგიგია რატომ, დარჩენილ ცხოვრებას კი აღნიშნული მიზეზის ძებნაში ატარებ, ცდილობ ხელოვნურად შეიქმნა შესაბამისი გარემო, იმისთვის, რომ თუნდაც ამ კითხვაზე გქონდეს პასუხი.

“მე დავუშვი შეცდომები, მაგრამ ჩემებურად”. ჰო, სხვების შეცდომებზე ნასწავლი ცხოვრების დედა ვატირე.

მონოლოგი ბოთლით ხელში


მოსაწევად ფანჯარასთან მისულს აურაცხელი რაოდენობით იდეა მიტრიალებს თავში, ასე ვიცი ხოლმე უდროო დროს განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა ჩემი გონება, კლავიატურის აჩხაკუნების მომენტში კი შედგება ხოლმე ჯორივით და ფეხს არ იცვლის ადგილიდან.

საინტერესო დროს ვცხოვრობ? არ ვიცი, რთულია ამის განსაზღვრა, შესაბამისად არც ის ვიცი მავანმა დამწყევლა თუ არა ძველი ჩინური წყევლით, თუმცა ამ უკანასკნელის ნაკლებობას თითქოს არ განვიცდი. არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც მოცლილი დადგა და მთელი რიგი რიტუალები ჩაატარა ჩემი ცხოვრების მოსაწამლად, იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავს წყევლას თვითონ ვუგონებ, უფრო კონკრეტულად კი განაჩენი გამომაქვს და შემდეგ ამას “წყევლის” სახელით მოვიხსენიებ. რატომ ვაკეთებ ამას? არ ვიცი, რა საჭიროა ადამიანს ყველა ქცევასა თუ ჩვევაზე გქონდეს არგუმენტი, ეს უბრალოდ გახასიათებს და მორჩა, საკუთარ თავში ხელების ფათური უმეტესად არც თუ ისე სასარგებლოა.

ბოდიშს ვიხდი, მართალია თქვენ ვერ დააფიქსირეთ (ან რას დააფიქსირებდით), მაგრამ მე ეს ესაა ალკოჰოლით სავსე ბოთლის გამოძვრენა ვცადე ჩემი საწოლის რკინის კიბის საფეხურებს შორის უხმაუროდ, არ მინდა გვერდზე ოთახში (ან ოთახებში) მყოფი ადამიანების არა სასურველი ყურადღების ცენტრში მოვექცე.

ჰოდა რას ვამბობდი? მგონი მნიშვნელოვანს არაფერს.

არ ვიცი დაგიფიქსირებიათ თუ არა მაგრამ, საზოგადოების უმეტესობა ეთაყვანება “რევოლუციონერებად” წოდებულ ადამიანების ჯიშს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იდეებს, რომლებსაც ისინი ტრიბუნიდან აფრქვევენ, მთავარია ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ: საკმარისია იყვნენ საკმარისად მიმზიდველნი და ლანძღონ საკუთარი თავი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე (არ ვიცი ეს გამოთქმა რამდენად უხდება, აღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ ბჟუტურისას პირზე მომადგა, ჰოდა გადავწყვიტე მისი დატოვება). როდესაც ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება გინდა, დღემუდამ იმაზე ფიქრობ რითი ასიამოვნო, ხოლო ის ვინც ასევე დღემუდამ საკუთარი პერსონის ფეხქვეშ გათელვითაა დაკავებული, მისთვის კმაყოფილების მინიჭების შეუდარებელ შანსს გაძლევს, “ნაძირალა ვარ” “კარგი რა, მგონი ზედმეტი მოგდის, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ”, “მხეცი ვარ” “აღმაფრთოვანებს შენი გამბედაობა, თუმცა მიმაჩნია, რომ შენ იმაზე გაცილებით უკეთესი ხარ, ვიდრე გგონია.” “ვერავის გიტანთ” “რა მოხდა? რით შემიძლია დაგეხმარო?” ასე დაუსრულებლად… ზოგჯერ ამ ჯიშის წარმომადგენლები ფრიად საინტერესო მსჯელობის ავტორები ხდებიან, მათი თაყვანისმცემლები კი ძველებურად განაგრძობენ ხოტბის შესხმას სრულიად უდროო დროს და უადგილოდ.

სამწუხაროა ბატონო რევოლუციონერო, არადა თქვენი ბოდვა ხშირად გულწრფელ ტაშსა და ღრმა მსჯელობას იმსახურებს ხოლმე.

ლაყბობა


დღის განმავლობაში ათჯერ მაინც ვხვდები ერთი და იგივე ადამიანს, პირველი შეხვედრისას ვესალმებით ერთმანეთს, დანარჩენ შემთხვევებში კი მიღიმის, რაც ბუნებრივია იძულებულს მხდის, რომ იგივეთი ვუპასუხო, განურჩევლად იმისა ვარ თუ არა ღიმილის ხასიათზე და ასე გრძელდება დაუსრულებლად სანამ წასვლის დრო არ მოვა და კარებში არ შევხვდებით ერთმანეთს, ამ შემთხვევაში გაღიმების ნაცვლად მშვიდობიანი მომავლის იმედით ვემშვიდობებით.
რა თქმა უნდა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ამ გზით კეთილგანწყობას ვუსვამთ ხაზს და იმასაც გამოვხატავთ, რომ შევამჩნიეთ ერთმანეთი.
ზოგადად ათასობით უაზრო წესი გვაქვს, რომელსაც ვერც კი ვაფიქსირებთ, თუმცა საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს, რომელიმე ჩვენგანმა ხასიათის შესაბამისად ამ წესის უკაცრავად (ან და რაღა უკაცრავად, მაგრამ მაინც) ფეხებზე დაკიდება გადაწყვიტოს, რომ მაშინვე უზრდელობაში ვდებთ ბრალს.
წესებს ხშირად ვარღვევ, თუმცა დღემდე უცნობია ეს იმის გამო ხდება, რომ უსათვალოდ მიჭირს სულზე უტკბესი ადამიანების ფიზიონომიის დანახვა, თუ ეს მხოლოდ თავის გასამართლებელი მიზეზია.
საქვეყნოდ ცნობილი ვარ ემოციების ფრქვევის შეუდარებელი ნიჭით, ხოლო ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევიან, როგორც წესი კონტროლს ხშირად კარგავენ და უმეტესად სიმართლის თქმით გამოირჩევიან ხოლმე. არადა რა სისულელეა, აქვე უნდა გავაბათილო ეს აზრი, ემოციების ფრქვევა და უკონტროლო საუბრები არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს პიროვნების გულახდილობასა თუ გულღიაობაზე, ისევე როგორც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მთვრალი ადამიანი არც სიმართლეს ლაპარაკობს და არც იმას აკეთებს, რაც გულის გულში ყველაზე მეტად უნდა. როგორ გეკადრებათ?! ის რასაც თქვენ სიმართლედ ნათლავთ სინამდვილეში დაბნელებული გონების და ერთმანეთში აღრეული ემოციების დამსახურებაა და მეტი არაფერი, მათ კი პერსონის რეალურ სურვილებსა თუ ფიქრებთან კავშირი თითქმის არ აქვთ, ამიტომ დროზე ადრე ტაშის კვრისგან თავი შეიკავეთ ხოლმე. ერთხელ მაინც გექნებოდათ დილა, როდესაც თავში ხელების ცემით გაიღვიძეთ იმის გახსენებისას თუ რა ისაუბრეთ ან რა გააკეთეთ წინა ღამით, გითქვამთ საკუთარი თავისთვის – რაც მთავარია სიმართლე ვთქვი და დაფარულს ავხადე ფარდა დანარჩენი არ მაინტერესებსო? – თუ გითქვამთ, მაშინ ჭეშმარიტად შექების ღირსი ხართ, მარტივად შეგძლებიათ საკუთარი თავის მოტყუება, თუ არ გითქვამთ და მთელი დღის განმავლობაში თავში ხელების ცემით იყავით დაკავებული, მაშინ ეს აზრი განვრცობას არ იმსახურებს და პირდაპირ შეგიძლიათ დამეთანხმოთ. ჰოდა, ეს ჩემი გრძნობებისა და სიტყვების ფრქვევის ეპიზოდები არასოდეს მიუთითებს მათი შინაარსის სანდოობაზე. ზოგჯერ, უფრო სწორად კი უმეტესად პირიქით.
თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც (როგორც ძირითადად ხდება ხოლმე), თუ გონების დაბნელების ნებისმიერ ბუნებრივ თუ ხელოვნურ საშუალებას განვიხილავთ უხილავი ბორკილებისგან თავის დაღწევის გზად და ვიტყვით, რომ ის ნათელი გონება, რომელიც გვაიძულებს დადგენილი წესებით ვიცხოვროთ – სხვა არაფერია თუ არა ზეწოლის შედეგად მიღებული წესების მორჩილება, მაშინ გამოდის, რომ ის თავაშვებული სუბიექტები, რომლებადაც თავისუფლების მცირედი დოზის ძარღვებში შეშვებისას ვიქცევით ხოლმე, ისინი არიან ვინც უნდა ვიყოთ რეალურად, სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი ერთმანეთის ფეხის ხმას აყოლილი ზომბები ვართ. ნორმას რა თქმა უნდა უმრავლესობა განსაზღვრავს, თუმცა ის აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის. ზოგადად თავის მოთოკვის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს სხვების რეაქცია წარმოადგენს, შესაბამისად შეგვიძლია მოვიშველიოთ არგუმენტი იმის შესახებ, რომ ვინაიდან ჩვენ მაღალი გონის წარმომადგენლები ვართ და ადამიანებად ვიწოდებით (რომლებსაც სხვათაშორის სულიც გააჩნიათ) შესაბამისად ისეთი თვისებითაც გამოვირჩევით, როგორიცაა გარშემომყოფებისთვის ანგარიშის გაწევა ანუ მიზეზის კეთილშობილებიდან გამომდინარე, სწორ საქციელად საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით ცხოვრება შეიძლება ჩაითვალოს და არავითარ შემთხვევაში თავისუფლების (თუ რაღაც მსგავსის) სურვილით დაბინდული გონების მოწოდებების შესაბამისი ქცევა. თუმცა ამ ქმედების ანუ სხვებისთვის ანგარიშის გაწევის კეთილშობილება ეჭვქვეშ დგება მაშინ, როდესაც ჩავუღრმავდებით საკითხს და ვიკითხავთ რატომ ვუწევთ სხვებს ანგარიშს, რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ საამისოდ, ყველა მათგანის ძირი იქნება ის, რომ ამ გზით საკუთარ კმაყოფილებამდე მივდივართ.

და რა მინდოდა ამ ყველაფრით მეთქვა? პრინციპში არაფერი, ლაყბობის ხასიათზე ვიყავი.

სანამ რევოლუციონერზე ვისაუბრებ


ყოველთვის როდესაც ვცდილობ შეფარვით მაინც ვთქვა ის რისი თქმაც ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით საჭირო არ არის, არ მასვენებს ფიქრი იმის შესახებ, რომ ჩემი მცდელობა დავფარო რეალური ისტორია მოგონილი პერსონაჟების ხარჯზე, მხოლოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, სინამდვილეში ყველასთვის ყველაფერი სავსებით გასაგები და მარტივად მისახვედრი იქნება.
არ მიყვარს რისკი, თუმცა მუდმივად საპირისპიროს ვამტკიცებ და ხშირად იმ მოსაზრებასაც ვიშველიებ, რომ ვინც არ რისკავს ის არც შამპანიურს სვამს, მაგრამ აგერ უკვე მერამდენე წელია ყოველგვარი რისკის გარეშე მივირთმევ შუშხუნა ღვინოს, გამოთქმა ალბათ განსაკუთრებით ძვირიან და მაღალი ხარისხის სასმელს გულისხმობს, არ ვიცი.
ის ვიზე დაწერასაც აგერ უკვე მერამდენე კვირაა ვცდილობ იმდენჯერ შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ახლა არც კი ვიცი საერთოდ ღირს თუ არა დღეისათვის უკვე სრულიად უცნობ ადამიანზე ჩემებური ინტერპრეტაციით საუბარი. ყველა, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, უფრო კონკრეტულად კი ხელშესახები პიროვნებიდან ჩემი დიადი პერსონის ერთ-ერთი განშტოება, რეალურად რადიკალურად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს გარშემომყოფებზე, ამიტომ მათი ამოცნობა შეუძლებელია ხოლმე, თავადაც ვერაფრით მიხვდებიან რომ მათ საკუთარ თავად მოვიხსენიებ და ძველი ნაცნობივით ვესაუბრები.
დიდი ვერაფერი მატყუარა ვარ, მოუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა ცივსისხლიან, უსინდისო თაღლითად ვერაფრით ჩამოვყალიბდი. არ ვიცი რამდენად შესამჩნევია გარშემომყოფებისთვის მორიგი შეთხზული ისტორიის დროს ჩემი შინაგანი შფოთვა, მაგრამ ფაქტია, რომ დაკვირვებულ თვალს არასოდეს გამოეპარება რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, მაგ. როდესაც ვიტყუები განსაკუთრებით ბევრს ვსაუბრობ, არადა ზოგადად პირში წყლის ჩაგუბება და შეუმჩნევლად ჯდომა მიყვარს, თავად ვიწყებ იმ საკითხზე საუბარს, რომლის გარშემოც უნდა მოვყვე გამოგონილი ისტორია, რაც კიდევ უფრო მეტად ბადებს ეჭვს, ვინაიდან არა სასურველ საკითხზე საუბრის ინიციატორი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდე თუ მთელი ღამის განმავლობაში გულის ცემის ხმა არ გაძინებდა, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ ბრალის შეგრძნება, რომელსაც ჩვეულებრის მოკვდავებში ათასიდან მილიონამდე განმარტება ექნება, იურიდიულ წყაროებში კი დაახლოებით ათამდე დეფინიცია მაინც.
არ ვიცი ეს საუბარი სადამდე წაგვიყვანს, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა რა იწვევს ადამიანების, უფრო კონკრეტულად კი ადამიანთა გარკვეული წრის ყველაზე დიდ ინტერესს. როგორც წესი ერთხმად აღიარებენ ხოლმე, რომ მათთვის არ არის ისეთი ბანალური და ყოველდღიური თემები საინტერესო, როგორებიცაა სადილი, საუზმე, ვახშამი, სამხარი, სასმელი, მეზობელი და ა.შ. თუმცა თუ ამას ერთხელაც პერმანენტულ სახეს მისცემს რომელიმე არც თუ ისე ჭკვიანი ან ძალიან ჭკვიანი (პრინციპში ჭკუა აქ საერთოდ არ არის კავშირში) ადამიანი, მაშინ სავსებით შესაძლოა, რომ მისი ცხოვრება ყველაზე მოთხოვნადი გახდეს და აი რას ვგულისხმობ – დღეს თუ ვიღაცამ შემწვარი კარტოფილი ჭამა ტყემალთან ერთად და კოკა-კოლა დააყოლა ყელის გასასველებლად, როგორ მხატვრულადაც არ უნდა იყოს აღწერილი ინეტერესს არ გამოიწვევს (რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი ადამიანებზე, რომლებმაც ინტერესი ამ სადილამდე დიდი ხნით ადრე აღძრეს საზოგადოებაში და მათი ყოველი მიხვრა ან მოხვრა ანაც მიხვრა-მოხვრა უკვე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ თემად შეიძლება ჩაითვალოს), თუმცა თუ ამას ყოველდღიური სახე ექნება და გარდა საკვებისა ის იმაზეც ისაუბრებს, როგორ ხასიათზე გაიღვიძა, რა იფიქრა, როდესაც აბაზანაში შესულმა ჩაიხედა სარკეში, კბილების გამოხეხვის დროს რამდენჯერ გამოისვა ჩოთქი პირის ღრუში, ლიფტში მეზობელს რა თემაზე ესაუბრა, სამსახურში ვინ მოუშალა ნერვები და ა.შ. ის ნელ-ნელა მოთხოვნადი გახდება, ვინაიდან ზოგადად საზოგადოების უმრავლესობას (ან უმცირესობას, ან გარკვეულ ჯგუფს ამას არ აქვს ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა) უყვარს ვიღაცის ცხოვრებისთვის თვალყურის დევნება, აბა წარმოიდგინეთ რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობ. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მაგ. თუ მწერლებისგან მკითხველები გულახდილობას არ მოითხოვენ და შეთხზულ ისტორიებზე თამამად უკრავენ ტაშს და საღამოობით საკუთარი ინტელექტის ხაზგასმისთვის მათ ციტირებასაც ახდენენ, გულახდილობასა და რეალურობას მოითხოვენ უბრალო მჯღაბნელებისგან, მჩხაპნელებისგან ან უბრალო ადამიანებისგან, ვინაიდან მათ მცდელობას საკუთარი უინტერესო ცხოვრება შექმნილი ისტორიებით მაინც გახადონ საინტერესო (თუნდაც საკუთარი თავისთვის (!)), ტყუილს უწოდებენ და გამალებით იქნევენ მათრახს, აქედან მივდივართ დასკვნამდე, მომთვინიერებლები (ამ სახელამდე მათრახიდან მივედი და გმადლობთ ტაში არ არის საჭირო, არც კომენტარი იმის თაობაზე, რომ ეს შედარება ტაშს არ იმსახურებდა) უფრო დიდი ინტერესით წაიკითხავენ შემწვარ კარტოფილზე, ვიდრე იმაზე, რომ ადამიანს, რომელიც ამ კარტოფილს ყოველ დღე გამოშვებით მიირთმევს ფანტაზიაში ათასამდე გრძნობა და პერსონაჟი მაინც ყავს, ვინაიდან ფანტაზიაში არსებული გრძნობები სიცრუედ მოინათლება და აქედან კიდევ ერთ დასკვნამდე მივდივართ – ა) მათთვის უფრო გასაგები, მიმზიდველია ვიღაცის ცხოვრებით ცხოვრება, როდესაც დარწმუნებულია, რომ ის არ იტყუება (ან კი რატომ უნდა მოიტყუო, რომ დილით უკაცრავად და საპირფარეშოში შეხვედი) და ბ) არ უყვართ განსხვავებული ადამიანები, ანუ ისინი ვინც აკეთებენ საქმეს ისე, როგორც თავად ვერასოდეს გააკეთებენ.
და ეს ყველაფერი რას მოვაყოლე – მეორეს მხრივ შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითი, როდესაც კიდევ ერთი ”მოთხოვნადობაზე” ორიენტირებული სუბიექტი აქცენტს ”მნიშვნელოვანი მოვლენების” მიმოხილვაზე აკეთებს, ამ დროს თავს იჩენს შემდეგი პრობლემები: მისი თემები ათასი ადამიანის მიერ მაინცაა განხილული და ამ ათასიდან საუკეთესო შემთხვევაში მინიმუმ ათი მაინც აკეთებს ამას მასზე უკეთესად, შესაბამისად მისგან თემის მოსმენა უკვე ნაკლებად საინტერესო ხდება (აქედან მივიდვართ კონკურენციამდე), მეორე – თემის განხილვა უნდა მოასწროს მანამ სანამ ამას სხვები გააკეთებენ, რაც მის ცხოვრებას მეტად სტრესულს გახდის და მესამე – აუცილებლად იქნება ადამიანთა კატეგორია, რომელიც კითხვისას იტყვის რა შეგვჭამეს ამ თემით და შემწვარ კარტოფილს, ტყემალს და კოკა-კოლით ყელის საამურ გასველებას დაუბრუნდება.
აქედან ჩნდება კითხვა – ვისაუბროთ რევოლუციონერზე, რომელიც სინამდვილეში ფრიად სათუთი სულის ადამიანია, მაგრამ მას თუ შავ ტანსაცმელს ჩავაცმევთ, დერეფნის ბოლოს დავაყენებთ და გამალებული გულის ცემით დაველოდებით მის საოცნებო გამოხედვას, სუნთქვის შეკვრამდე მიმზიდველი გახდება (პრობლემა: ამ შემთხვევაში რევოლუციონერი ხასიათითა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებით დაკვირვებულმა თვალმა შესაძლოა ძალიან მიამსგავსოს კახპას, რომელიც სინამდვილეში სამაგალითო მამაკაცია, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საინტერესო); ვისაუბროთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც უკვე უარყოფილ იქნა წინა აბზაცებში, თუ ვისაუბროთ შემწვარ კარტოფილზე, რაც თავის მხრივ დაგვაკისრებს ვალდებულებას, რომ მუდმივ რეჟიმში ვისაუბროთ ამაზე.
არჩევანს მაინც ნაცნობი კახპის თვისებებით დაჯილდოვებულ უცნობ რევოლუციონერზე ვაჩერებ.