აღარ ვწერ


შენ მოხვალ ნაცრისფერ ქურქში გამოწყობილი, მსუბუქი ნაბიჯით ამოივლი კიბეს და კარებზე ნაზად დააკაკუნებ, მე ჩვევაში გადასულ ”ვინ არის”-ს ვიტყვი, შენ კი დუმილით მაგრძნობინებ, რომ კითხვა უაზროა და მე ვალის მოხდის მიზნით მაინც შეგათვალიერებ კარებზე დატანილი ჭუჭრუტანიდან, სახეზე მოუთმენლობას შეგატყობ და სასწრაფოდ გადავატრიალებ საკეტს. ფეხებს გაიწმენდ, ქუდს მოიხდი და გეზს პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღებ, ოთახში შესული ქურქს გაიხდი, მე გამორთმევას დაგიპირებ, შენ კი თბილი სახით მაგრძნობინებ, რომ თავადაც შეძლებ ორი ნაბიჯის გადადგმას, საკიდს მიუახლოვდები, ქურქს ჩამოკიდებ და ფეხებზე დაიხედავ, უკმაყოფილო სახით შეათვალიერებ ტალახის წინწკლებს ფეხსაცმელზე და თავის მართლების ტონით მეტყვი ”საშინელი ამინდია”, მე გაგიღიმებ და თავის მსუბუქი დაქნევით დაგეთანხმები.
ცოტა ხანს ვიდგებით ფეხზე და ორივე კედელს მივაჩერდებით, შემდეგ სავარძელში ჩამოჯდები მე კი ყავას შემოგთავაზებ, შენ თვალებს მოიფშვნეტ და მეტყვი ”სიამოვნებით”, ზურგს რომ შეგაქცევ ჩურჩულში გადასული ხმით მომაძახებ ”ოღონდ თაფლით”, მე შემოგხედავ და ნიშნის მოგებით გაგიღიმებ ”მაინც შეგაყვარე ხომ” ქვეტექსტით, შენ დარცხვენილ სახეს მიიღებ და ყალბად მეტყვი ”ჰო, გაიმარჯვე”, მე კი ”როგორც ყოველთვის” სიარულის მანერით განვაგრძობ გზას სამზარეულოსკენ, ყავის კოლოფს გავხსნი, თმას გადავიწევ და მაგრად შევისუნთქავ მის მწარე სურნელს, შემოვბრუნდები და კარებთან მდგომს დაგინახავ, გამეცინება იმის ნიშნად, რომ მე ყოველთვის ასე ვიქცევი, შენ კი თავს კედელს მიაყრდნობ და მეტყვი ”ვიცი”, მე ეჭვის ნიშნად ცალ წარბს ავწევ და ბრალმდებელის ტონით გიპასუხებ ”ცრუობთ, ბატონო”, ერთი პირობა გავიცინებთ, შემდეგ ჩაახველებ დასერიოზულების ნიშნად და მეტყვი ”ბიბლია მომიტანეთ, უნდა დავიფიცო”.
ყავას მოგიტან, მაგიდაზე დავდგამ და მოპირდაპირე მხარეს დავჯდები, სიგარეტს მოვუკიდებ და კვამლის თვალიერებაში გართულს დამავიწყდება შენი არსებობა, შენ ცოტა ხანს გაერთობი ჩემი ყურებით, ბოლოს კი მეტყვი ”აღარ წერ!”, მე გაკვირვებული შემოგხედავ, გაგრძნობინებ, რომ დამავიწყდა შენი არსებობა და გიპასუხებ ”დიდი ხანია”, ორივე ფანჯრისკენ გავაპარებთ თვალს, შენ სიჩუმის მოსაკლავად მეტყვი ”ისევ წვიმს”, შეეცდები ტონით მაგრძნობინო, რომ ეს ცუდია, მე გავჩუმდები, რამდენიმე წუთში კი გიპასუხებ ”შენ გიყვარს წვიმა”, შემდეგ კი თვალს აგარიდებ, იმისთვის, რომ არ გაიძულო პასუხის გაცემა, არ დააყოვნებ და მეტყვი ”შენ არა”, არ შემოგხედავ, მაგრამ მეცოდინება, რომ მიღიმი.
საღამომდე ვიჯდებით ჩუმად, რამდენიმე ფინჯან ყავას დავლევთ, მოვწევთ სიგარეტს, მოვუსმენთ მუსიკას, თუმცა ერთმანეთს არაფერს ვეტყვით. ქუჩებს ბინდი, რომ შეეპარება, სანთელს ავანთებ და გეტყვი ”დროა”. შენ წამოდგები, ჩქარი ნაბიჯით ამოიღებ ხელნაწერებს და მაგიდაზე გაშლი. მე დაუფიქრებლად ავიღებ პირველივე ფურცელს, რამდენიმე წუთში მოვრჩები კითხვას და დაბნეული შემოგხედავ, შენ არაფერს მეტყვი, ადგები, ჩქარი ნაბიჯით მიაშურებ დერეფანს, ჩაიცვამ ნაცრისფერ ქურქს და დაუმშვიდობებლად გაიხურავ კარებს.
რამდენიმე წამს, წუთს, საათს გავატარებ დადუმებული, იატაკისა და კელდების, ფანჯარაზე წვიმის წვეთების, ჭერის და საკუთარი ხელების თვალიერებით გართული, შემდეგ მივუჯდები მაგიდას და დავწერ ”მე აღარ ვწერ”, უკნიდან მომესმება შენი ხმა ”დიდი ხანია.”

Advertisements

10 thoughts on “აღარ ვწერ

  1. sofia

    ჩვენი ბავშობის ჩანაწერები გამახსენდა 😀 მე მქონდა დაახლოებით ესეთი წერის სტილი და შენ უფრო რეალისტური, როლები როგორ შეგვიცვლია დუდუნ , მე აღარ ვწერ და შენი ნაწერები კი ჩემსას მახსენებს 😀

    Like

  2. ვერც წარმოიდგენ როგორ მომეწონა, ვგიჟდები, როცა თითოეული წამის შემჩნევა შეუძლიათ.
    აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ აქაც კი ვიპოვე რაღაც ელემენტები, რაც ნაცნობია.
    მომეწონა, ძალიან თან. წერე რა 😉

    Like

    1. მიხარია, რომ მოგეწონა 🙂
      ეს დღეები სულ მინდოდა რაღაცის დაწერა, მაგრამ ერთი წინადადებაც კი ვერ გადავაბი, ეს კი დაახლოებით 10 წუთში დავწერე, სიმართლე გითხრა არ ვიცი რა მაიძულებს ხოლმე ასე ერთი ამოსუნთქვით წერას, მეორე მომენტში კი რა მაკლია საიმისოდ რომ თუნდაც ერთი აბზაცი დავწერო. მუზაო არ მითხრა დიდი ხანია მუზის ძიებაში ვარ, მაგრამ ამაოდ 🙂

      Like

    1. 🙂 ამ საკუთარ თავთან საუბარს ვერ შევეშვი, მალე ფსიქოლოგის კონსულტაცია დამჭირდება (თუ ფსიქიატრის არა) 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s