დღე I – აღიარებითი ჩვენება


საღამო ჯოჯოხეთურად ცხელი იყო, თავი სახლთან ახლო მდებარე კაფეს შევაფარე და საკუთარი მჭევრმეტყველების გამიკვირდა, მთელი საღამოს განმავლობაში არ გავჩუმებულვარ, თუმცა საუბრის დროს თვალებში ყურება ვერაფრით ვისწავლე, უბრალოდ არ შემიძლია თანამოსაუბრეს თვალი გავუსწორო. ამაზე შენიშვნა არა ერთხელ მიმიღია, მეუბნებიან, რომ ეს მატყუარა ადამიანების თვისებაა, თუმცა გუშინ ერთი ტყუილიც კი არ მითქვამს, თვალებში შეხედვა კი ვერაფრით შევძელი.
არც ღამემ მოიტანა ნანატრი სიგრილე, სავარძელში დაღლილი მივესვენე და საკუთარ თავს შევახსენე, რომ დღეს 10 დღიანი გეგმის პირველი დღე იყო და მიუხედავად ძილის სურვილისა უნდა დამეწერა აღიარებითი ჩვენება.
დიდ ხანს გაუნძრევლად ვიჯექი და უმეტყველო თვალებით შევცქეროდი კედელს, ვფიქრობდი სიცხეზე რომელიც სუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, გარედან შემომავალ ხმებზე, იმაზე, თუ როგორ ვერ ვიტან ვალდებულებებს, რომ საკმარისია საკუთარ თავს რაღაც დავუწესო მაშინვე გაქცევის, გაქრობის, პროტესტის სურვილი მიჩნდება.
დღიური გადავშალე, რომელიც ჩემი ცხოვრების უკანასკნელ 6 წელს იტევდა, უფრო კონკრეტულად კი უკანასკნელი 6 წლის რამდენიმე დღეს, 2005 წელი ვრცელი იყო (პირველი ჩანაწერი ზუსტად საკუთარ დაბადების დღეზე მქონდა გაკეთებული, ეს იმიტომ, რომ დღიური დაბადების დღეზე მაჩუქეს), 2006 წელს ჩანაწერები შედარებით შემცირდა, შემდეგ დადგა 2007 წლის ზაფხული – ჩანაწერების რაოდენობა გაიზარდა, 2008 წელი, ომზე ერთი სიტყვაც კი არ მიწერია, 2009 წელი მხოლოდ რამდენიმე დღეს ითვლის, 2010 წელს 2 კინკილა დღე აღმოჩნდა აღნიშვნის ღირსი, 2011 წელი ცარიელია. გადავწყვიტე, რომ ეს ე.წ. ”აღიარებითი ჩვენება” დღიურის ფურცლებზე დამეწერა. ჯერ თარიღი მივაწერე, შემდეგ ის ის იყო მოვლენების აღწერა უნდა დამეწყო, რომ საკუთარ თავს შევახსენე – ეს არ არის დღიურის ჩანაწერი – ჰოდა ისევ ფიქრი დავიწყე.
ვერაფრით შევძელი გამეგო რაში დამჭირდა საკუთარი თავისგან სიმართლის გამოძალვა, თუმცა ვინაიდან უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა, შევუდექი წერას. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად გამიჭირდა სიმართლის თქმა (თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ კალამი ორჯერ გამოვცვალე, იქიდან გამომდინარე, რომ მელანი არ მეყო).
თავიდან შეფარვით დავიწყე უმნიშვნელო ფაქტების აღიარება, შემდეგ კი ნელ-ნელა ფარდა ყველაზე დაფარულსაც ავხადე. რას ვგრძნობდი ამ დროს? ბევრს არაფერს, იმას, რომ მეძინებოდა და დროზე უნდა დამესრულებინა წერა და კიდევ იმას, რომ უაზროდ მსიამოვნებდა საკუთარ სულში ხელების ფათური.

მაშ ასე, რა გამოვლინდა აღიარებითი ჩვენების შედეგად:

  • ყველაფერი დამალული, რაზეც საკუთარ თავთანაც არ ვსაუბრობ იწყება სიტყვებით ”მეშინია” ან ”მაშინებს” – დასკვნა ყველაზე მეტად ვმალავ საკუთარ შიშებს.
  • ისეთი პრიმიტიული ოცნებები მაქვს, რომ გული გაგისკდება ადამიანს, მაგ. აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის ერთი ტელეფონის ზარიც შეიძლება მეყოს.
  • წესებით ვცხოვრობ, სხვების დადგენილი წესებით, საკუთარ თავს მუდმივად ვეუბნები რა შეიძლება და რა არ. შემდეგ ვნანობ, იმიტომ, რომ ვხვდები მთელ ცხოვრებას თამაშში ვატარებ და ვერაფრით ვახერხებ ვიყო ის ვინც ვარ ან ვიყო ის ვინც მინდა, რომ ვიყო.
  • მაწუხებს კითხვები ”იქნებ” ”სხვანაირად, რომ გამეკეთებინა” ”შესაძლოა”…
  • არ მჯერა საკუთარი თავის, ყველაზე ნათელ ფაქტებსაც კი ეჭვის თვალით ვუყურებ, მგონია, რომ მეჩვენება, ვაზვიადებ, ყველაფერ კარგს კითხვის ნიშანს ვუსვამ.
  • ნარკოტიკული დამოკიდებულება მიჩნდება ადამიანების მიმართ, წლები გადის და ბოლომდე ”ჯანმრთელი” მაინც არ ვარ, ისე ვერიდები მათ ნახვას, როგორც ყოფილი ნარკომანი დოზას.
  • ვხვდები, რომ ადამიანებს ჩემ წარმოსახვაში სულ სხვანაირად ვხედავ, ვაიდეალებ… ვხვდები და მიუხედავად ამისა, მათ ”იდეალის” სტატუსს ვერაფრით ვართმევ. ჩემი შექმნილი ადამიანები მიყვარდება.
  • მაღელვებს რას იტყვიან სხვები, დიახ, ამას არასოდეს ვაღიარებდი, თუმცა მაღელვებს და ეს ფაქტია, ვერსად გავექცევი.
  • ვხვდები, რომ ერთ ადგილზე გავიყინე, სადღაც ჩავრჩი, ოცნებებზე, მიზნებზე უარი ვთქვი, მოჩვენებითია ყველა მცდელობა მათ მისაღწევად, სინამდვილეში შუა გზაზე ვარ ჩამომჯდარი და წუმპეში ვისვრი კენჭებს.
დღეს საკუთარი თავისთვის წერილი მაქვს დასაწერი, წერილი, რომელსაც მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავხსნი, ვნახოთ რას მისწერს თითქმის 25 წლის მე, 30 წლის მე-ს და მას კითხვისას გაეღიმება თუ არა.
Advertisements

6 thoughts on “დღე I – აღიარებითი ჩვენება

  1. ჩვენ გვასწავლიდნენ, როგორ არ გვეყურებინა ადამიანისთვის თვალებში და ამავდროულად “აი კონტაქტის” იმიტირებაც მოგვეხდინა.

    გადავიკითხე შენი აღიარებები და მინდა გითხრა, თითქმის ყველა მეცნო 🙂 მეც ზუსტად ასე ვარ 😉

    Like

    1. საინტერესოა, მინდა, რომ როგორმე მეც შევძლო ამ ბარიერის გადალახვა: ა) ან ერთხელ და სამუდამოდ შევძლო თვალებში ყურება და ბ) ერთხელ და სამუდამოდ მივაჩვიო ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანი, რომ თუ თვალებში არ ვუყურებ არ ნიშნავს, რომ ვატყუებ 🙂

      ზოგად საკითხებში ადამიანები ძალიან ვემთხვევით ხოლმე ერთმანეთს. მე განსაკუთრებულად მსიამოვნებს, როდესაც ვიღაცის ნაწერს ვკითხულობ და ვფიქრობ ”რა ნაცნობია”. საინტერესო იქნებოდა ამ ზოგადი პუნქტების კონკრეტიკა, თუმცა საზოგადოებისთვის ხელმისწავდომი ფორმით ეს ალბათ არ არის მისაღები, არის რაღაც რაც მხოლოდ შენთვის უნდა შეინახო 🙂

      Like

  2. მოლი ვეთანხმები, რაღაცნაირად საერთოა თითქოს “აღსარებები”.
    მსგავსი რამეები ალბათ ბევრ ჩვენგანს აქვს, ზოგს დაფარული, ზოგიც თვალებში უყურებს საკუთარ კომპლექსებს.
    კარგი აზრია ისე, წელიწდში ერთხელ ასეთი აღსარება ყველამ რომ დაწეროს :))

    Like

    1. ხშირად თავს ვარიდებთ ხოლმე, არადა ზოგჯერ სასარგებლოც კია სიმართლის თქმა, თუნდაც საკუთარი თავისთვის.
      ნამდვილად საინტერესო იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაწერილი აღსარება წელიწადში ერთხელ და შემდეგ მათი შედარება იმის გასარკვევად რამე შეიცვალა თუ არა 🙂

      Like

  3. ბევრი რამ იყო ნაცნობი… აი, მაგალითად, დღეს რომ დავფიქრდი ერთი ტელეფონის ზარი მეც შეიძლება მეყოს ბედნიერებისთვის… უბრალოდ, გააჩნია, ვისი ზარია…

    Like

    1. ჰო, რა თქმა უნდა გააჩნია იმას თუ ვინ რეკავს, მაგრამ ფაქტია, რომ 1 ზარი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ბედნიერებისთვის 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s