მადლობა პოსტის მუზ(ა)ებს


”საკუთარ მნიშვნელობაში ისევ მეპარება ეჭვი. ვხვდები, რომ უინტერესო ვხდები, ყველაფერი რუტინად იქცა, კრიტიკა, ხოტბის შესხმა, ზიზღი, სიყვარული, გულშემატკივრობა. ყოველი დილა ერთი და იგივე სცენარს მპირდება. ეს უცვლელი პერსონაჟებიც ამოვიდნენ ყელში, მათი ლაქუცი, წარმოსახვითი კუდის ქიცინი, ერთფეროვნებისგან გახუნებული თბილი სიტყვები.
საკუთარი თავით აღფრთოვანებული იშვიათად ვარ, მეუბნებიან რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ, სინამდვილეში იმაზე გაცილებით უკეთესი ვარ ვიდრე წარმომიდგენია და ა.შ. მეც ვუღიმი, ან ვაგრძნობინებ, რომ ვიღიმი, ვამბობ, რომ მადლიერი ვარ, რომ ძალიან დამეხმარნენ, რომ მიყვარს ისინი ან მსიამოვნებს მათი სითბო, ან სტიმულს მაძლევს მათი ერთგულება, მოკლედ აურაცხელი რაოდენობით ყალბ სითბოს ვჩუქნით ერთმანეთს, თუმცა ორივე მხარე ვხვდებით, რომ თუ ეს პირველ ეტაპზე ერთგვარ სიამოვნებას გვანიჭებდა, შემდეგ მსუბუქ გაღიზიანებაში გადავიდა, ახლა კი მათი სიტყვებისა და ჩვენი პასუხების ერთგვაროვნება მხოლოდ აგრესიას იწვევს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვიღაც ახალი შემოაბიჯებს, ჯერ უზადო, უნაკლო, გაუხუნებელი, საინტერესო, მნიშვნელოვანი, ერთგვარ თრთოლვას ვგრძნობ, ვხვდები, რომ კიდევ ცოტა ხანს შევძლებ მისი სიტყვების შედეგად საკუთარი თავით ტკბობას მივეცე, გათენება გამიხარდეს, დაველოდო. რამდენიმე დღეში ვხვდები, რომ ისიც იმ ადამიანების რიგებისკენ იკვლევს გზას, რომლებიც ჩემთვის უკვე ერთ მთლიან, უსახურ მასას წარმოადგენენ, თუმცა არც მე ვიწყვეტ გულს და არც მას ვაგრძნობინებ, რომ ჩემი სიხარული მის ენთუზიაზმთან ერთად სულ მალე დალევს სულს და განვაგრძობ მადლიერი, თბილი, თავმდაბალი ადამიანის, როლის თამაშს. ჰოდა, ამ დროს ვდგები საჭიროების წინაშე, დოზა მჭირდება, ახალი ადამიანების, ახალი ემოციების დოზა, ამ დროს კი თვალში ის სუბიექტები მეჩხირებიან, რომლებიც არც ჩემგან და არც სხვებისგან ელოდებიან აღფრთოვანებას და თავისთვის არსებობენ, უბრალოდ არსებობენ და სწორედ მაშინ ვხვდები, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი მათგანი, დიახ, ვიქნებოდი, მაგრამ არ ვარ, ვერც ვერასოდეს ვიქნები, მე იმდენად მჭირდება ხოტბა, სახელი, აღიარება, რომ ვერასოდეს გავხდები უბრალოდ ბედნიერი, უბრალოდ მწერალი, უბრალოდ მხიარული, უბრალოდ, უბრალოდ, უბრალოდ…. ვერ ვიტან ამ სიტყვას, უფრო კონკრეტულად კი ვეღარ ვიტან, დრო იყო მეც შემეძლო იმ უბრალოებით ტკბობა, მაგრამ არ მოვინდომე, ზედმეტად სწრაფად ავიარე ყველა საფეხური და ზუსტად მაშინ როდესაც ზენიტით ტკბობა უნდა დამეწყო ვიგრძენი გულის ამრევი ერთფეროვნება. ჰოდა, ვერ ვიტან ამ ”ჩვეულებრივ” ”უბრალო” და რაც მთავარია ”თავისუფალ” ადამიანებს, ვერ დავუშვებ, რომ ისინი იმავე სამყაროში ცხოვრობდნენ აუღელვებლად, რომელშიც მე ვცხოვრობ და ემოციებით კვება მჭირდება. ამ დროს ვხვდები, რომ კიდევ ერთი გენიალური იდეა იღვიძებს ჩემში, ნელ-ნელა ვითარდება, იზრდება, შემდეგ კი ვგრძნობ როგორ ფეთქდება ტვინში და ნაწილებად იშლება ძარღვებში, მე ისევ მატკბობს ზენიტის სიცხე, უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული სიცხის კანზე შეხების წარმოდგენა.
ვიცი, კარგად ვიცი სად და როდის უნდა დავარტყა ადამიანს, სად ეტკინება ყველაზე მეტად, ჰოდა როდესაც ეს ტკივილი პიკს მიაღწევს მაშინ დაეცემიან იქ სადაც მინდა, მათგან აბსოლუტურად წრფელ ემოციებს მივიღებ, დანარჩენი პირფერები ან დროებით გაჩუმდებიან ანაც ძველებურად განაგრძობენ ტაშის კვრას, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მეთოდებს, რომლებითაც შევძელი მწვერვალზე წამოსკუპება.
შემდეგ თუ რომელიმე განსაკუთრებით ერთგულ ჩემს მიერ ”პირფერად” წოდებულ სუბიექტს მოხვდება გულზე ჩემი საქციელი, უბრალოდ ვეტყვი, რომ ვწუხვარ, ბოდიშს მოვიხდი, მოვეფერები, გავუღიმებ, დავარწმუნებ, რომ ის არაფერ შუაშია და მე ის ისეთი მიყვარს როგორიც არის. დამიჯერებს? დამიჯერებს აბა რას იზამს, ბოლოს და ბოლოს ვეტყვი, რომ დაუფიქრებელი საქციელი ადამიანებს ახასიათებთ, მე კი იდეალობაზე პრეტენზია არასოდეს მქონია (!).
არადა მქონდა, ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი, ის უსახური მასაც იმისთვის მჭირდება, რომ მუდმივად მესმოდეს მათი ოვაციების ხმა, დიახ სიყალბის მიუხედავად მჭირდება და დაე, რომელიმე ჭკვიანმა მითხრას, რომ ისინივე ამაცილებენ სახრჩობელაზე, დაე!”

ეს უბიძგებთ ხოლმე? დიახ და არა, დიახ იმიტომ, რომ ემოციების დონეზე გაუცნობიერებლად გრძნობენ ამას, არა იმიტომ, რომ გაცილებით პრიმიტიულად უდგებიან საკითხს (!). თუმცა რამდენიმე ფაქტორი უცვლელია:
  • ვერ ვიტან განსხვავებულ ადამიანებს;
  • მინდა ხაზი გავუსვა საკუთარ მნიშვნელობას;
  • ვიცი, როგორ ვიყო მოთხოვნადი;
  • ვიცი, როგორ ხელვყო იმ განსხვავებული ადამიანების სიმშვიდე და მათ ხარჯზე როგორ მივიღო ყურადღების საჭირო დოზა;
  • მშურს მათი და არ ვაღიარებ ან/და როგორ ბედავენ, რომ იყვნენ განსხვავებულნი (მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ მივუთითე (!)).
Advertisements

აღარ ვწერ


შენ მოხვალ ნაცრისფერ ქურქში გამოწყობილი, მსუბუქი ნაბიჯით ამოივლი კიბეს და კარებზე ნაზად დააკაკუნებ, მე ჩვევაში გადასულ ”ვინ არის”-ს ვიტყვი, შენ კი დუმილით მაგრძნობინებ, რომ კითხვა უაზროა და მე ვალის მოხდის მიზნით მაინც შეგათვალიერებ კარებზე დატანილი ჭუჭრუტანიდან, სახეზე მოუთმენლობას შეგატყობ და სასწრაფოდ გადავატრიალებ საკეტს. ფეხებს გაიწმენდ, ქუდს მოიხდი და გეზს პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღებ, ოთახში შესული ქურქს გაიხდი, მე გამორთმევას დაგიპირებ, შენ კი თბილი სახით მაგრძნობინებ, რომ თავადაც შეძლებ ორი ნაბიჯის გადადგმას, საკიდს მიუახლოვდები, ქურქს ჩამოკიდებ და ფეხებზე დაიხედავ, უკმაყოფილო სახით შეათვალიერებ ტალახის წინწკლებს ფეხსაცმელზე და თავის მართლების ტონით მეტყვი ”საშინელი ამინდია”, მე გაგიღიმებ და თავის მსუბუქი დაქნევით დაგეთანხმები.
ცოტა ხანს ვიდგებით ფეხზე და ორივე კედელს მივაჩერდებით, შემდეგ სავარძელში ჩამოჯდები მე კი ყავას შემოგთავაზებ, შენ თვალებს მოიფშვნეტ და მეტყვი ”სიამოვნებით”, ზურგს რომ შეგაქცევ ჩურჩულში გადასული ხმით მომაძახებ ”ოღონდ თაფლით”, მე შემოგხედავ და ნიშნის მოგებით გაგიღიმებ ”მაინც შეგაყვარე ხომ” ქვეტექსტით, შენ დარცხვენილ სახეს მიიღებ და ყალბად მეტყვი ”ჰო, გაიმარჯვე”, მე კი ”როგორც ყოველთვის” სიარულის მანერით განვაგრძობ გზას სამზარეულოსკენ, ყავის კოლოფს გავხსნი, თმას გადავიწევ და მაგრად შევისუნთქავ მის მწარე სურნელს, შემოვბრუნდები და კარებთან მდგომს დაგინახავ, გამეცინება იმის ნიშნად, რომ მე ყოველთვის ასე ვიქცევი, შენ კი თავს კედელს მიაყრდნობ და მეტყვი ”ვიცი”, მე ეჭვის ნიშნად ცალ წარბს ავწევ და ბრალმდებელის ტონით გიპასუხებ ”ცრუობთ, ბატონო”, ერთი პირობა გავიცინებთ, შემდეგ ჩაახველებ დასერიოზულების ნიშნად და მეტყვი ”ბიბლია მომიტანეთ, უნდა დავიფიცო”.
ყავას მოგიტან, მაგიდაზე დავდგამ და მოპირდაპირე მხარეს დავჯდები, სიგარეტს მოვუკიდებ და კვამლის თვალიერებაში გართულს დამავიწყდება შენი არსებობა, შენ ცოტა ხანს გაერთობი ჩემი ყურებით, ბოლოს კი მეტყვი ”აღარ წერ!”, მე გაკვირვებული შემოგხედავ, გაგრძნობინებ, რომ დამავიწყდა შენი არსებობა და გიპასუხებ ”დიდი ხანია”, ორივე ფანჯრისკენ გავაპარებთ თვალს, შენ სიჩუმის მოსაკლავად მეტყვი ”ისევ წვიმს”, შეეცდები ტონით მაგრძნობინო, რომ ეს ცუდია, მე გავჩუმდები, რამდენიმე წუთში კი გიპასუხებ ”შენ გიყვარს წვიმა”, შემდეგ კი თვალს აგარიდებ, იმისთვის, რომ არ გაიძულო პასუხის გაცემა, არ დააყოვნებ და მეტყვი ”შენ არა”, არ შემოგხედავ, მაგრამ მეცოდინება, რომ მიღიმი.
საღამომდე ვიჯდებით ჩუმად, რამდენიმე ფინჯან ყავას დავლევთ, მოვწევთ სიგარეტს, მოვუსმენთ მუსიკას, თუმცა ერთმანეთს არაფერს ვეტყვით. ქუჩებს ბინდი, რომ შეეპარება, სანთელს ავანთებ და გეტყვი ”დროა”. შენ წამოდგები, ჩქარი ნაბიჯით ამოიღებ ხელნაწერებს და მაგიდაზე გაშლი. მე დაუფიქრებლად ავიღებ პირველივე ფურცელს, რამდენიმე წუთში მოვრჩები კითხვას და დაბნეული შემოგხედავ, შენ არაფერს მეტყვი, ადგები, ჩქარი ნაბიჯით მიაშურებ დერეფანს, ჩაიცვამ ნაცრისფერ ქურქს და დაუმშვიდობებლად გაიხურავ კარებს.
რამდენიმე წამს, წუთს, საათს გავატარებ დადუმებული, იატაკისა და კელდების, ფანჯარაზე წვიმის წვეთების, ჭერის და საკუთარი ხელების თვალიერებით გართული, შემდეგ მივუჯდები მაგიდას და დავწერ ”მე აღარ ვწერ”, უკნიდან მომესმება შენი ხმა ”დიდი ხანია.”

11 აგვისტო


ავდგები, გამოვაღებ ფანჯარას, ცოტა ხანს ვუყურებ ჰორიზონტს, სიგარეტს მოვუკიდებ, ვიფიქრებ არაფერზე და შემდეგ წასასვლელად დავიწყებ მზადებას. ქუჩაში გასულს მზე თვალს მომჭრის და ვიფიქრებ მიმდინარე დღის აუტანლობაზე. ხალხის თვალიერებით გართულს დამავიწყდება ყველაფერი რაც არ მაძლევს მოსვენებას. შემაწუხებს მოსალოდნელი დადებითი ემოციების აუტანლობა და ვიოცნებებ დღეზე როდესაც ყველაფერი წარსულის მაღალ თაროებზე აღმოჩნდება ”უახლესი ისტორიის” განყოფილებაში. მომენატრება დღე, წამი, როდესაც კოჭამდე წყალში ვიდექი, ვუყურებდი როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ სილა, მაშინ ყველაზე მძაფრად ვიგრძენი აწმყო.
გავიხსენებ როგორ ველოდი ამ დღეს და გავიმეორებ, რომ მოლოდინი არასოდეს ემთხვევა რეალობას. ისევ ისეთი ურჩი ვიქნები, როგორც ყოველთვის და დავგმობ ყველა დაკისრებულ მოვალეობას, ვიფიქრებ რომ ყველაფრის სანაგვეზე მოსროლა ნიშნავს თავისუფლებას, შემდეგ კი საკუთარ თავს ირონიულად შევახსენებ, რომ დღეს მაინც არ მაქვს მისი მოტყუების უფლება.
ჩემი კახპად წოდებული მუზა წაისისინებს, რომ მას გულს ურევს ყველაფერი რაც ბედნიერების ნიშანს ატარებს, მეტყვის, რომ თუ არ მოვიშლი ამ დადებითი ემოციებით ცხოვრების მცდელობის მავნე ჩვევას ისე გაუჩინარდება, რომ მის კვალს ვერასოდეს მივაგნებ, მე ვუპასუხებ, რომ შეუძლია ახლავე წავიდეს, სინამდვილეში კი შემაშინებს აზრი – მის გარეშე ფიქრი არაფერზე, ისეთი ცარიელი იქნება, რომ ის საკუთარი სახელის გამართლებას დაიწყებს. ის მე წამიკითხავს და ამაზრზენი ღიმილით მაგრძნობინებს, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, მე შევწყვეტ პროტესტს, თუმცა წავიჩურჩულებ ”ზოგჯერ მჭირდება მისი ნაცრსიფერი კლანჭებიდან თავის დაღწევა.”
შემაწუხებს ატმის, კოფეინისა და ნიკოტინის ერთმანეთში არეული გემო, პირველივე შემხვედრ სახლში ვიქირავებ ოთახს და საბანში გავეხვევი. ტელეფონი აწკრიალდება, დიდ ხანს ვიფიქრებ ვუპასუხო თუ არა, ბოლოს იძულებით ვიტყვი დაზეპირებულ ”გისმენთ”-ს და შემდეგ, ისე, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გავიგებ, დაზეპირებულ ”გმადლობთ”-ს ვაჩუქებ თანამოსაუბრეს და დავემშვიდობები.
გაღვიძებულს შემაწუხებს ფიქრი ადამიანებზე, რომლებიც მეძებენ, სარკესთან დავდგები ნახევრად გახდილი და დიდ ხანს ვუყურებ საკუთარ სილუეტს, ბოლოს როდესაც დავრწმუნდები, რომ შევიცვალე ჩავიცვამ ყველაზე არაფრით გამორჩეულ ტანსაცმელს და საწოლთან ჩამოვჯდები.
შემაშინებს საღამოს მოახლოვება.
დიდ ხანს ვიჯდები ფიქრებში გართული, შემდეგ წინა დღით შერჩეულ კაბას ჩავიცვამ, სარკეს თვალს ავარიდებ და წავალ იქ სადაც სანიმუშოდ ვითამაშებ მორგებულ როლს.
სახლიდან გასულს თავში გამიელვებს იმედიანად ნათქვამი ”რაღაც მოხდება.” ჩემი კახპა კი უჩვეულოდ თბილი ხმით მეტყვის ”გილოცავ”, რამდენიმე წამით გაჩუმდება და დააყოლებს ”დღეს შენ გაქვს უჩემოდ ცხოვრების უფლება”. მე მას მოღალატეს ვუწოდებ, თუმცა მივხვდები, რომ ის მართალია.
ქუჩაში შემხვედრ ნაცნობს გამარჯობის ნაცვლად ვეტყვი, რომ ”დღეს 11 აგვისტოა”, ის დაბნეული გამიღიმებს და მეტყვის ”დიახ”, დამშვიდობებას ვერ მოასწრებს ისე გავცდები და საკუთარ თავს გავუმეორებ ”დღეს 11 აგვისტოა”.
აღარ შემაწუხებს ფიქრი შეუსრულებელ მოვალეობებზე, პირველივე მაღაზიაში ვიყიდი სასმელს და ოთახში დავბრუნდები. მაშინ კი როდესაც სისხლი გამალებით დაიწყებს ძარღვებში დუღილს, ავდგები და წავალ იქ სადაც ვიცი, რომ მელოდებიან.

დღე IV-ს მაგივრად


ვიცი, ვერ იტან როდესაც რაღაცას გიწესებ, ვცდილობ ჩემი პრინციპები მოგარგო, ჭკუას გარიგებ, გასწავლი ანაც ზოგჯერ გიბრძანებ. მე ეს ვიცი და ამის მიუხედავად მაინც ვაკეთებ ამას.

არასოდეს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი, ყოველთვის გავურბოდი ამას, ხშირად თავსაც ვიკატუნებდი ვითომ არაფერი მესმოდა ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლებოდი და ვწითლდებოდი, ოღონდ ვწითლდებოდი წარმოსახვით, შეგრძნების დონეზე, სინამდვილეში ღია ვარდისფერიც კი არასოდეს დამკრავდა.

ბევრი არაფერი შეცვლილა, რამდენი წელი გავიდა და ფუნდამენტური ცვლილებები არაფერში შემიტანია, ყველაფერი ძველებურად, მაგრამ ეს როდი გამორიცხავს იმას, რომ მე გავიზარდე, გავიზარდე და ახლებურადაც ვუყურებ ყველაფერს, უფრო მეტი ვიცი ვიდრე ვიცოდი, თუმცა პრინციპები, ოჰ ეს პრინციპები, მათი შეცვლა, მათზე გადაბიჯება ვერ მოვახერხე.
 ***
რა გვინდა ადამიანებს, რას ვეტრფით, რას ვიკანონებთ?! იმას, რაც უკეთესია ჩვენთვის, რაც უზადო კმაყოფილებას მოგვიტანს თუ იმას, რაც შეგვბოჭავს და გვაგრძნობინებს, რომ ხელ-ფეხზე ბორკილები გვადევს.
რა თქმა უნდა შენ ახლა მეტყვი, რომ ნებაყოფლობითი ტყვეობა არ შეიძლება გინდოდეს, და თუ გინდა ეს უკვე გადახრაზე მიუთითებს. მე კი როგორც უმეტესად ხდება ხოლმე არ დაგეთანხმები.
გვიყვარს ადამიანებს გისოსები, რაღაცნაირად გვიზიდავს მათი შეგრძნება, ის ჟრუანტელი, რომელიც მათი კანზე შეხებისას გვივლის, გვიყვარს და თან უარვყოფთ ამას.

 ***

მე ერთი საფეხურით მაღლა ვარ, უფრო მეტი ვიცი და უფრო მეტს ვხვდები, თუმცა ამას არაფერში ვიყენებ, ხშირად აღმოჩენას ვაკეთებ და შემდეგ ძირეულ ცვლილებებზე კი არ ვფიქრობ, არა, შეგუებას ვიწყებ.
მეზიზღება ცვლილებები, ან მაშინებს, თუმცა ის რაც მაშინებს უმეტესად ისაა რაც მეზიზღება, ამიტომ ორივე განცხადება ჭეშმარიტებასთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

 ***

გუშინ დაბრუნდა, არავინ გაუფრთხილებია, უბრალოდ დაბრუნდა, არც ის უკითხავს აქამდე რას ვაკეთებდი, არც ჩემი ჩანაწერების წაკითხვით შეუწუხებია თავი, უბრალოდ შემოაღო კარები. ვერაფრით ვასწავლე, რომ ჯერ უნდა დააკაკუნოს, შემდეგ კი მკითხოს ველოდი თუ არა.
მე მას კიდევ ერთი წერილი დავუტოვე, ვიცი, რომ დაღამებამდე არ წაიკითხავს, რატომღაც ყოველთვის ღამის საათებში მკითხულობს, მე კი ვიცი, რომ მხოლოდ დილით ვიხილავ მის პასუხს და გული მომეკუმშება იმის გაცნობიერებისას, რომ მოვბეზრდი.
ასე ვიცი ხოლმე, პირველი შეხვედრისას აღტაცებას ვიწვევ, როგორც წესი თვალები უბრწყინავთ ხოლმე და აშკარად ვხვდები, რომ აღფრთოვანებულები არიან. სახლში მისული კი თავით ვეჯახები რეალობას, ვაცნობიერებ რა, რომ პირველივე შეხვედრაზე ზედმეტად მაღალი მოთხოვნა დავუწესე საკუთარ თავს, მოთხოვნა, რომელსაც ვერ დავაკმაყოფილებ, პირველივე შეხვედრაზე ყველაფერი გავეცი, მწვერვალზე ავედი, ყველა დავჩრდილე, ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი. შემდეგ იწყება დაბლა დაშვება და თავად ვნახულობ, როგორ უქრებათ თვალები, როგორ მსაყვედურობენ გაუბრალოებას.
ყოველთვის ამის მეშინოდა, საკუთარი თავის ჩრდილში აღმოჩენა მაშინებდა ყველაზე მეტად, ხოლო ის რაც მაშინებს, როგორც წესი ჩემ წყევლად იქცევა ხოლმე.

დღე III – გულახდილობა


მაგიდაზე ფეხები შემოეწყო და სიგარეტის ქაჩვით გართული, უემოციო სახით უყურებდა ფანჯარას. ცოტა ხანს ასე იჯდა, შემდეგ კი გეზი აბაზანისკენ აიღო, სარკესთან შეჩერდა და დაჟინებით დაიწყო საკუთარი სილუეტის თვალიერება. ”როგორ მომბეზრდა” – ჩაილაპარაკა.
”შენც მომბეზრდი” – გაუსწორა თვალი სარკეს – ”ჰო, მომბერდი, რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე სარკესთან იმდენჯერ შენ მეჩხირები თვალში, შემდეგ კი ვიწყებ ჯიუტად იმაზე ფიქრს თუ ვინ ვარ მე, მხოლოდ ის ვისაც ახლა ვხედავ, თუ ამაზე გაცილებით მეტი. გუშინ მეზობელს მივესალმე, ჰო აქამდე არავის ვესალმებოდი, გუშინ კი რატომღაც თავი მოვალედ ჩავთვალე,  ისიც მომესალმა, კი გაუკვირდა, მაგრამ სხვა რა გზა ქონდა, სახლში ამოსული მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე, აბა რაში მჭირდება ახლა მეზობლების თბილი სალამი?! მიპასუხე რაში?! იმაში, რომ აწი მომიწიოს თვალის არიდებაზე ფიქრი და ჩემი ისედაც ”მარტივი” ცხოვრება კიდევ უფრო ”მარტივი” გავხადო?! რომელია ჩვენ შორის ის იდიოტი, რომელმაც გადაწყვიტა გამარჯობა ეთქვა, მე თუ შენ?” – თითი სარკისკენ გაიშვირა – ”არ გინდა, ახლა ეს დაბნეული მზერა და იმაზე მითითება, რომ მე და შენ ერთნი ვართ, ნუ მასულელებ! თუ ერთ-ერთ ჩვენგანს, ანუ ამ შემთხვევაში მე, გვიჩნდება კითხვა იმის თაობაზე ვართ თუ არა ნამდვილად ერთნი, ეს უკვე მიუთითებს აღნიშნული თეორიის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიარების სიმცდარეზე.
ვერაფერი გაიგე ხომ? აი, მე კი გავიგე.”
სარკეს მოშორდა, იქვე იატაკზე ჩამოჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო ”გულახდილობა” გაიფიქრა და სახლიდან გასასვლელად დაიწყო მზადება.
დერეფანში ისევ საკუთარ სილუეტს შეეჩეხა, გაუღიმა და გაიმეორა ”გულახდილობა”. ის ის იყო უკვე უნდა გასულიყო სახლიდან, რომ შემობრუნდა, სარკესთან მივიდა და ღიმილით თქვა ”არ დაგავიწყდეს!”
***
სამსახურთან ნაცნობ სახეს მოკრა თვალი, მხედველობა დაძაბა და გულში გაიფიქრა ”სათვალე, რომელს დაგვრჩა სახლში, მე თუ შენ?!” თავი ძლივს შეიკავა, რომ ისტერიული სიცილი არ აეტეხა, მიუახლოვდა, საფირმო ღიმილი აჩუქა და თქვა ”გამარჯობა”, პასუხად, უკვე გაცვეთილი ”როგორ ხარ?” მიიღო, ”გულახდილობა” გაუმეორა თავს და დაფიქრდა ”კარგად მეთქი, რომ ვუპასუხო აშკარა ტყუილს ვიტყვი, ცუდად? არა ცუდად რატომ ვარ?! არ ვარ ცუდად. ისე, რა – ასეთი უფხო პასუხი არასოდეს მსმენია, ან ეს ”ისე რა” საერთოდ რას ნიშნავს?! ”ვარ რა” – არა, რა ვარ რა…” ნაცნობმა საათს დახედა, შემდეგ დაბნეული მზერა ესროლა, იფიქრა ალბათ ვერ გაიგოო და უთხრა: ”გავიქეცი ახლა, სამსახურში ვაგვიანებ. გამიხარდა შენი ნახვა”. გაიღიმა – ”გამიხარდაო შენი ნახვა, მე გამიხარდა? არა სიხარულს ამას ნამდვილად არ დავარქმევდი. აბა მეწყინა? რატომ უნდა მწყენოდა?! ”ფეხებზე მკიდია” ვნახავდი თუ არა?! არა არც მთლად ასეა, ალბათ ვამჯობინებდი, რომ არ მენახა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მეწყინა…” ფიქრიდან რომ გამოერკვა, მიხვდა, რომ მარტო იდგა, უაზროდ გაჩერებულიყო ქუჩაში ”ალბათ დამემშვიდობა და მე ვერ გავიგე” – გაიფიქრა და საათს დახედა.
***
”გულახდილობა აშკარად მერევა სიმართლეში. არადა ეს ორი სხვადასხვა ცნებაა, სავსებით სხვადასხვა. სიმართლე შეიძლება იყოს ის, რომ ჩემ მეზობელს თმა ფრანგული პუდელივით აქვს, ჩემი გულახდილი პასუხი კი: ”მომწონს თქვენი ახალი ვარცხნილობა, ფრანგულ პუდელს მაგონებს, ჰოდა, ძალიან მომწონს, საყვარელია, გიხდებათ.” ან რა არის სიმართლე?! თუ სიმართლე იყო ის, რომ ჩემ მეზობელს თმა ფრანგული პუდელივით აქვს, ჩემი გულახდილი პასუხი კი თავის მხრივ მოიცავდა ამას, უბრალოდ დამატების სახით განმარტავდა, რომ ეს ცუდი არ არის, რაც პრინციპში შეიძლება მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და ზოგადად ადამიანები, რომლებიც მის ზურგს უკან ამბობენ, რომ თმა ფრანგული პუდელივით აქვს, გულისხმობენ იმასაც, რომ მათ ეს მოსწონთ, ე.ი. ჩემი გულახდილობა უდრის სიმართლესაც. ან ეს მაგალითი არაფრად ვარგა ვინაიდან გემოვნების საკითხებში სიმართლე – აბსოლუტური ჭეშმარიტების სახით არ არსებობს. ახლა, სიმართლე და ჭეშმარიტება ავურიე, სიმართლე არსებობს ჩემი, შენი, სხვისი… ჭეშმარიტება საყოველთაოა. შესაბამისად გულახდილობა და სიმართლე (ოღონდ ჩემი პირადი) ერთი და იგივეა.”
***
”ჩვეულებრივ დღეებში ამ კითხვაზე რა პასუხს გავცემდი? რას ვეტყოდი? და დღეს რა უნდა ვუთხრა? უნდა ვუთხრა ის რისი თქმაც მინდა, თუ ის რაც სიმართლეა, ვინაიდან ის რისი თქმაც მინდა არ არის სიმართლე, ხოლო ის რაც სიმართლეა, ჩემი მსჯელობის მიხედვით უნდა იყოს გულახდილობა. და რა პასუხი უნდა გავცე?! თუ ვეტყვი იმას რაც მინდა მე ვიქნები მე. ანუ არ ვითამაშებ, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პაუსხს გულახდილს ვერ ვუწოდებ, თუ გულახდილი ვიქნები, მაშინ ვითამაშებ, სიყალბე და გულახდილობა კი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია”.
***
”დავიღალე – ეს ერთადერთია რაც ნამდვილად ვიცი, რომ აკმაყოფილებს სიმართლის, გულახდილობის, საკუთარ თავად ყოფნისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმებს.”

დღე II – წერილი საკუთარ თავს


მინდა მოგეპარო, თვალები აგიხვიო, გითხრა, რომ ცოტა ხანს სიბნელეში მოგიწევს ყოფნა, დაგსვა სავარძელზე, რომელზეც უკანასკნელი 5 წელი გაატარე და წინ დაგიჯდე, თავი ხელზე ჩამოვდო და ცოტა ხნით დავტკბე შენი გაოცებული სახით, დაბნეული მიხვრა-მოხვრით, ნერვიული ფეხის მოძრაობით, ხელების ფშვნეტით. ცოტა ხანს ასე ვიჯდეთ სიჩუმეში, მე შენ გიყურო, გამეღიმოს, მივხვდე, რომ ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ მიყვარხარ, შემდეგ თავადვე გავაბათილო ეს აზრი და ვთქვა, რომ შენ, რომ არ მიყვარდე ვერავის შეყვარებას შევძლებდი.
მოუთმენლობა, რომ შეგეპარება, აგიხსნა რატომ გავაკეთე ეს, შენ უნდობლად გაგეღიმოს, მითხრა, რომ გავგიჟდი, მე კი გიპასუხო, რომ ეს არ არის ახალი ამბავი და ერთად გავიცინოთ. რამდენიმე წუთით კედლების თვალიერებით გავერთო და მივხვდე, როგორ მეპარება სევდა, ეჭვი, იმის ეჭვი, რომ მართლა გავგიჟდი, შენ მიხვდე და მითხრა, რომ გვეყოფა, მე კი გიპასუხო, რომ ჯერ ადრეა, გულში კი ვიფიქრო, რომ მართლაც საკმარისია, შენ წაიკითხო ჩემი ფიქრი და დასამშვიდებლად მითხრა, რომ ყველაფერი გამოგვივა, მე გამეღიმოს და გიპასუხო, რომ ჩვენ არ ვიცვლებით, შენ თავი გვერდზე გადახარო იმის ნიშნად, რომ არც არის საჭირო რამის შეცვლა, მე შენ წაგიკითხო და გითხრა, რომ მატყუებ, შენ თავი დამიქნიო, ორივემ ინსტიქტურად ფანჯარას გავხედოთ, მე გამეცინოს და გითხრა, რომ შენ მაინც ვერ შეძლებ რამის დანახვას, მიპასუხო, რომ ხედი შენთვის იმდენად ნაცნობია არაფრის დანახვა გჭირდება, ყველაფერი ისედაც გეშლება თვალწინ, მე სიმშვიდე შემეპაროს და მტკიცედ განვაცხადო, რომ ყველაფერი გამოგვივა, ისევე მარტივად, როგორც შენ ხედავ ახვეული თვალებით ხედს შენი ფანჯრიდან, შენ გაჩუმდე, სიტყვებზე იფიქრო, მე მივხვდე, რომ გიჭირს პასუხის გაცემა და გთხოვო, რომ ამინდზე არ დაიწყო საუბარი, შენ გაიმეორო, რომ გიჟი ვარ, მე გავიმეორო რომ ეს არც 5 წუთის წინ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს სიახლეს. გული დაგვწყდეს, რომ ვმეორდებით. შენ მომიბრუნდე და მკითხო დავაფიქსირე თუ არა, რომ ყველა დროის განსაზღვრისთვის 5 გამოვიყენეთ, მე გიპასუხო, რომ ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, შენ სიცილით მაგრძნობინო ”როგორ გაგიკვირდა”.
მე ფეხზე წამოვდგე და მზადებას შევუდგე, შენ მკითხო სად მივდივარ, მე კი გიპასუხო, რომ უშენოდ არსად დავდივარ, ცოტა ხანს ვიდგე და ფეხით წარმოსახვითი წრეები ვხაზო, შემდეგ კი ვთვქვა, რომ დროა, გკითხო რას ხედავ, მიპასუხო რომ არაფერს, გულნატკენმა გთხოვო, რომ კარგად დაძაბო გონება, შენ გაღიზიანებულმა მიპასუხო, რომ მოგბეზრდა ეს სისულელე და ასადგომად მოემზადო, მე შენ წინ მუხლებზე დავდგე და ხელი დაგიკავო, გთხოვო, რომ არ მოიხსნა სახვევი, შენ ქვედა ტუჩი მოიკვნიტო ნერვების დასამშვიდებლად და ისევ ფანჯარას გახედო. მე საწოლს მივეყუდო და თვალები დავხუჭო, კიდევ 5 წუთი გავიდეს და შენ მითხრა: ”სავარძელში ვზივარ, თვალებზე სახვევს ვიკეთებ, მაგრამ მარტო ვარ, საკუთარი ხელით ვკრავ კვანძს და მაოცებს თმის უჩვეულო სიგრძე. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ გავგიჟდი, მეღიმება და სუნთქვას ვიკრავ იმისთვის, რომ გავიგო, რას მიპასუხებ, შენ ისევ დუმხარ, ”არ მოსულა” ვფიქრობ. მოუსვენრობა მეპარება, მგონია, რომ ვიღაც შემოვა ოთახში და იფიქრებს, რომ ნამდვილად დავკარგე საღად აზროვნების უნარი, ასეთ ნერვიულობაში გადის რამდენიმე (და არა 5) წუთი. სახვევს ვიხსნი, მივდივარ თაროსთან, დღიურს ვიღებ და იქიდან კონვერტი ვარდება, მეღიმება და მიხარია, რომ ვერაფრით ვიხსენებ რა წერია შიგნით, ჩემ გაკრულ ხელს ვცნობ და მახსენდება კალამი, რომლითაც კონვერტზე გავაკეთე წარწერა, ჩემი სახელი წერია და თარიღი, დღევანდელი თარიღი, ნერვიულად ვიღებ წერილს კონვერტიდან და ვიწყებ კითხვას, მომენტებში გული მწყდება, რომ იმედი გაგიცრუვე, მომენტებში კი სიხარული მიპყრობს, იმიტომ რომ შევდექით… ნელ-ნელა ჩემ წინ შენი სილუეტი უფრო და უფრო გასარჩევი ხდება, ისევ ასეთი სახით მიყურებ, გეღიმება… წერილის კითხვას ვამთავრებ… შენ მიდიხარ, უკვალოდ, ვიცი, რომ აღარ დაბრუნდები, ახლა მე ვჯდები შენ ადგილას და თვალს ვუხვევ, ის ნერვიულად იფშვნეტს ხელებს, ფეხს სავარძლის კიდეს ურტყამს და მოუთმენლობა ეტყობა, ძველებური უნდობლობა, ცოტა ხანში მეუბნება, რომ გავგიჟდი, მე ვპასუხობ, რომ ეს არ არის ახალი ამბავი და ორივეს გვეცინება. მე მალევე ვხვდები, რომ ეჭვები მიპყრობს, ის მამშვიდებს, ცოტა ხანს ვუყურებთ ფანჯარას და ვეუბნები, რომ ყველაფერი გამოგვივა, 5 წუთს ვზივართ ჩუმად და ის იწყებს…”

მინდა, რომ მოგისმინო, თვალები დაბლა დავხარო და გაგრძნობინო, რომ გული დამწყდა, იმის გამო, რომ ისევ იმ სავარძელში ვზივართ, გული დამწყდა იმის გამო, რომ ფანჯრიდან იგივე ხედი იშლება, გული დამწყდა იმის გამო, რომ დღიური უცვლელად დევს იმავე თაროზე…

შემდეგ ვერ გავბედო იმის კითხვა ყველა ”ადგილზეა თუ არა”…
გითხრა, რომ ასე აღარასოდეს მოიქცე, ვინაიდან ყველაფერი განსხვავებული ცხოვრებაში ერთხელ უნდა გავაკეთოთ, გვერდზე მოგიჯდე, მოგხსნა სახვევი, გამოგიწოდო კალამი და გითხრა, რომ დროა ჩვენზე 5 წლით უფროს ”მეს” წერილი მივწეროთ. შენ გამიღიმო და მიპასუხო, რომ ზოგჯერ არაჩვეულებრივი იდეები მოგვდის, მე გამეცინოს და გითხრა, რომ მეძინება და სწრაფად უნდა დავასრულოთ წერა. სხვადასხვა მიმართულებით გავიხედოთ, შემდეგ მომიბრუნდე და მითხრა, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვა იყო, მე გიპასუხო, რომ ვიცი, შენ განაგრძო: ”არავინ იცის რა იქნება 5 წელიწადში”… მე ჩავილაპარაკო ”საერთოდ თუ იქნება რამე”… შენ დუმილით მიპასუხო, მე კი ვიფიქრო, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია.

გუშინ 10 დღიანი გეგმის შესაბამისად წერილი მივწერე საკუთარ თავს.

დღე I – აღიარებითი ჩვენება


საღამო ჯოჯოხეთურად ცხელი იყო, თავი სახლთან ახლო მდებარე კაფეს შევაფარე და საკუთარი მჭევრმეტყველების გამიკვირდა, მთელი საღამოს განმავლობაში არ გავჩუმებულვარ, თუმცა საუბრის დროს თვალებში ყურება ვერაფრით ვისწავლე, უბრალოდ არ შემიძლია თანამოსაუბრეს თვალი გავუსწორო. ამაზე შენიშვნა არა ერთხელ მიმიღია, მეუბნებიან, რომ ეს მატყუარა ადამიანების თვისებაა, თუმცა გუშინ ერთი ტყუილიც კი არ მითქვამს, თვალებში შეხედვა კი ვერაფრით შევძელი.
არც ღამემ მოიტანა ნანატრი სიგრილე, სავარძელში დაღლილი მივესვენე და საკუთარ თავს შევახსენე, რომ დღეს 10 დღიანი გეგმის პირველი დღე იყო და მიუხედავად ძილის სურვილისა უნდა დამეწერა აღიარებითი ჩვენება.
დიდ ხანს გაუნძრევლად ვიჯექი და უმეტყველო თვალებით შევცქეროდი კედელს, ვფიქრობდი სიცხეზე რომელიც სუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, გარედან შემომავალ ხმებზე, იმაზე, თუ როგორ ვერ ვიტან ვალდებულებებს, რომ საკმარისია საკუთარ თავს რაღაც დავუწესო მაშინვე გაქცევის, გაქრობის, პროტესტის სურვილი მიჩნდება.
დღიური გადავშალე, რომელიც ჩემი ცხოვრების უკანასკნელ 6 წელს იტევდა, უფრო კონკრეტულად კი უკანასკნელი 6 წლის რამდენიმე დღეს, 2005 წელი ვრცელი იყო (პირველი ჩანაწერი ზუსტად საკუთარ დაბადების დღეზე მქონდა გაკეთებული, ეს იმიტომ, რომ დღიური დაბადების დღეზე მაჩუქეს), 2006 წელს ჩანაწერები შედარებით შემცირდა, შემდეგ დადგა 2007 წლის ზაფხული – ჩანაწერების რაოდენობა გაიზარდა, 2008 წელი, ომზე ერთი სიტყვაც კი არ მიწერია, 2009 წელი მხოლოდ რამდენიმე დღეს ითვლის, 2010 წელს 2 კინკილა დღე აღმოჩნდა აღნიშვნის ღირსი, 2011 წელი ცარიელია. გადავწყვიტე, რომ ეს ე.წ. ”აღიარებითი ჩვენება” დღიურის ფურცლებზე დამეწერა. ჯერ თარიღი მივაწერე, შემდეგ ის ის იყო მოვლენების აღწერა უნდა დამეწყო, რომ საკუთარ თავს შევახსენე – ეს არ არის დღიურის ჩანაწერი – ჰოდა ისევ ფიქრი დავიწყე.
ვერაფრით შევძელი გამეგო რაში დამჭირდა საკუთარი თავისგან სიმართლის გამოძალვა, თუმცა ვინაიდან უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა, შევუდექი წერას. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად გამიჭირდა სიმართლის თქმა (თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ კალამი ორჯერ გამოვცვალე, იქიდან გამომდინარე, რომ მელანი არ მეყო).
თავიდან შეფარვით დავიწყე უმნიშვნელო ფაქტების აღიარება, შემდეგ კი ნელ-ნელა ფარდა ყველაზე დაფარულსაც ავხადე. რას ვგრძნობდი ამ დროს? ბევრს არაფერს, იმას, რომ მეძინებოდა და დროზე უნდა დამესრულებინა წერა და კიდევ იმას, რომ უაზროდ მსიამოვნებდა საკუთარ სულში ხელების ფათური.

მაშ ასე, რა გამოვლინდა აღიარებითი ჩვენების შედეგად:

  • ყველაფერი დამალული, რაზეც საკუთარ თავთანაც არ ვსაუბრობ იწყება სიტყვებით ”მეშინია” ან ”მაშინებს” – დასკვნა ყველაზე მეტად ვმალავ საკუთარ შიშებს.
  • ისეთი პრიმიტიული ოცნებები მაქვს, რომ გული გაგისკდება ადამიანს, მაგ. აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის ერთი ტელეფონის ზარიც შეიძლება მეყოს.
  • წესებით ვცხოვრობ, სხვების დადგენილი წესებით, საკუთარ თავს მუდმივად ვეუბნები რა შეიძლება და რა არ. შემდეგ ვნანობ, იმიტომ, რომ ვხვდები მთელ ცხოვრებას თამაშში ვატარებ და ვერაფრით ვახერხებ ვიყო ის ვინც ვარ ან ვიყო ის ვინც მინდა, რომ ვიყო.
  • მაწუხებს კითხვები ”იქნებ” ”სხვანაირად, რომ გამეკეთებინა” ”შესაძლოა”…
  • არ მჯერა საკუთარი თავის, ყველაზე ნათელ ფაქტებსაც კი ეჭვის თვალით ვუყურებ, მგონია, რომ მეჩვენება, ვაზვიადებ, ყველაფერ კარგს კითხვის ნიშანს ვუსვამ.
  • ნარკოტიკული დამოკიდებულება მიჩნდება ადამიანების მიმართ, წლები გადის და ბოლომდე ”ჯანმრთელი” მაინც არ ვარ, ისე ვერიდები მათ ნახვას, როგორც ყოფილი ნარკომანი დოზას.
  • ვხვდები, რომ ადამიანებს ჩემ წარმოსახვაში სულ სხვანაირად ვხედავ, ვაიდეალებ… ვხვდები და მიუხედავად ამისა, მათ ”იდეალის” სტატუსს ვერაფრით ვართმევ. ჩემი შექმნილი ადამიანები მიყვარდება.
  • მაღელვებს რას იტყვიან სხვები, დიახ, ამას არასოდეს ვაღიარებდი, თუმცა მაღელვებს და ეს ფაქტია, ვერსად გავექცევი.
  • ვხვდები, რომ ერთ ადგილზე გავიყინე, სადღაც ჩავრჩი, ოცნებებზე, მიზნებზე უარი ვთქვი, მოჩვენებითია ყველა მცდელობა მათ მისაღწევად, სინამდვილეში შუა გზაზე ვარ ჩამომჯდარი და წუმპეში ვისვრი კენჭებს.
დღეს საკუთარი თავისთვის წერილი მაქვს დასაწერი, წერილი, რომელსაც მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავხსნი, ვნახოთ რას მისწერს თითქმის 25 წლის მე, 30 წლის მე-ს და მას კითხვისას გაეღიმება თუ არა.

25 წლამდე დარჩენილი დღეები


არ მიყვარს არაფერი ბანალური, გაცვეთილი, გახუნებული, გამოყენებული, ჩვეულებრივი, ამოწურული….. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ზოგჯერ ის რაც ძალიან ბანალურია და ფართო გამოყენება აქვს მიმზიდველიც ხდება ხოლმე.
რამდენიმე დღე რჩება… ერთ კვირაზე მეტი… დრო მაქვს.
ახლა, როდესაც ამის წერას ვიწყებ არც ერთი იდეა არ მაქვს.
მოკლედ!
სანამ 25 წლის გავხდები (არ ვიცი რატომ მაგრამ ამ მეოთხედ საუკუნეს ძალიან ველოდები, ჰოდა ეს ბოლო რამდენიმე დღე ”გამორჩეული” უნდა გავხადო):
არის ამაში რაღაც მაგიური, ახლა საათი ჩემ უსაყვარლეს დროს 11:11-ს ანახებს, ჰოდა ვგონებ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება.
  • გულახდილობის 1 დღე – მთელი ერთი დღის განმავლობაში ვიქნები გულახდილი, არ ვითამაშებ, ვიქნები ის ვინც ვარ, ვიტყვი იმას რისი თქმაც მინდა (რა თქმა უნდა ტაქტისა და ზრდილობის ფარგლებში). მაშ ასე ამ ”ოცნებას” 3 აგვისტოს ავისრულებ!
  • დავლევ გაუფილტრავ ლუდს – დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გაუფილტრავი ლუდი არასოდეს დამილევია, მიუხედავად ჩემი ლუდის მიმართ დაუცხრომელი სიყვარულისა. ამას ძალიან ბანალური, სულელური ახსნა აქვს, როგორც ვიცი მაინც და მაინც კარგი არ არის სისხლძარღვებისთვის, ხოლო ვინაიდან ჩაჭედილი მაქვს თავში, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჩემი ”აქილევსის ქუსლია”, ვფიქრობდი, რომ არ ღირდა ამ ”რისკზე” წასვლა, ჰოდა ახლა სანამ 25 წლის გავხდები ”წავალ ამ რისკზე!” – 9 აგვისტო.
  • თაიგული საკუთარ თავს – არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის მეჩუქებინა დიდი თაიგული ღია ბარათთან ერთად. რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ ამაში, უნებურად მეღიმება ამას რომ წარმოვიდგენ, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები,  10 აგვისტოს საკუთარ თავს დიდ თაიგულს ვუყიდი და ვაჩუქებ ღია ბარათს (ტექსტზე ვიფიქრებ).
  • Godfather Trilogy – დიახ არ მაქვს ნანახი. ეს იმის ბრალია, რომ ძირითადად უარს ვამბობ ხოლმე აღიარებული და ყბად აღებული ფილმების ნახვაზე, არ ვიცი ეს რატომ მემართება, თუმცა ეს სხვა თემაა, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები ვუყურებ თავიდან ბოლომდე. 7 აგვისტო.
  • Yes Man რეალურ ცხოვრებაში – დიახ, თითქმის ყველაფერზე ზრდილობიან უარს ვამბობ ხოლმე. ჰოდა უნდა ჩავატარო ექსპერიმენტი, ვნახოთ სადამდე მიმიყვანს 1 დღე მხოლოდ ”თანხმობის” თქმა. ჰოდა 6 აგვისტოს (არა სამუშაო დღეა და იმიტომ) დილიდან ღამის 00:00 საათამდე ყველაფერზე ვიტყვი კი-ს, ანუ ყველა შემოთავაზებას მივიღებ (შესაძლოა ძალიან თამამი განაცხადია, თუმცა ვნახოთ, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი რა თქმა უნდა მაგ. კრიმინალურ აქტში მონაწილეობა 🙂 . – თუ ცოცხალი და საღი დავრჩი აუცილებლად დავწერ შედეგებს.
  • წერილი – დავწერ ვრცელ წერილს 25 წლის გახდომასთან დაკავშირებით. იმაზე თუ სად ვარ ახლა, რა მომწონს და რას ვერ ვიტან, მიხარია თუ მწყინს ის, რომ 25 წლის ვხდები, ან იქნებ საერთოდ არ მანაღვლებს ეს. რის მიღწევას ვცდილობ, რა მინდა რომ მოვასწრო, რომ აღარ მინდა ჩამოვრჩე ცხოვრებას, მინდა ვიყო უფრო აქტიური, მქონდეს მიზნები და გეგმა, ვიცოდე რა მანიჭებს სიამოვნებას და რას ვაკეთებ მოვალეობის მოხდის მიზნით. სად მინდა, რომ ვიყო 30 წლის ასაკში და რას ვაკეთებდე, ვინ ვიყო, როგორი ცხოვრება მქონდეს, რა იყოს მნიშვნელოვანი. დავწერ წერილს, დავლუქავ და მხოლოდ 30-ე დაბადების დღეზე გავხსნი (თუ რა თქმა უნდა მივატან იქამდე, არასოდეს იცი რა მოხდება თუნდაც ხვალ). 2 აგვისტო.
  • წავალ კინოში მარტო – ეს იდეა არა ერთხელ მომსვლია, თუმცა განხორციელებას ვერ დავაყენე საშველი, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები ერთხელ წავალ კინოში მარტო, რამე მარტივ ფილმს შევარჩევ, ვიყიდი ”პოპ კორნს” და ვუყურებ. 4 აგვისტო.
  • დავიწყებ წიგნის წერას – სასაცილოა, მეც მეცინება, თუმცა წერა ამ ქვეყანაზე ყველაფერს მირჩევნია, ასე ძალიან არაფერი მიყვარს და ასეთ სიამოვნებას არასოდეს ვღებულობ. ჰოდა დავჯდები და დიდი ხნის დაგეგმილი წიგნის წერას შევუდგები, რა მნიშვნელობა აქვს ოდესმე ნახავს თუ არა ჩემი ნაწერი დღის სინათლეს ან ივარგებს თუ არა რამედ, მთავარია, რომ საკუთარ თავს სასიამოვნო საქმეს ვაჩუქებ. 5 აგვისტო.
  • დავწერ აღიარებით ჩვენებას – ყოველგვარი ტყუილის, მიკიბულ-მოკიბული საუბრების გარეშე, დამალვისა და ”ცენზურის”, საკუთარი პრინციპებისა და კანონების გვერდის ავლით დავწერ აღიარებით ჩვენებას, ვიტყვი იმას რასაც საკუთარ თავსაც ხშირად ვუმალავ, ვისაუბრებ ყველაფერზე რაზეც არ ვსაუბრობ, შემდეგ წავიკითხავ და გადავაბიჯებ ყველაფერ ”მოუნელებელს”. 1 აგვისტო.
  • და ბოლოს 8 აგვისტო გამორჩეული რიცხვი ჩემ ცხოვრებაში – ამ თარიღს წინასწარ არ განვსაზღვრავ, მისი მომხიბვლელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოულოდნელობებით არის ხოლმე სავსე, ჰოდა დილით თვალს, რომ გავახელ რისი გაკეთებაც მომინდება იმას გავაკეთებ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეტყვი.
P.S.
  • თითო პოსტი ყოველ დღე – დარჩენილი დღეების განმავლობაში ყოველ დღე დავწერ პოსტს, ისე, რომ არ დავფიქრდები რამდენად საინტერესო იქნება ის მკითხველისთვის, არ ვინერვიულებ თითოეულ შეცდომაზე, არ ავწონ-დავწონი თითოეულ სიტყვას, დავწერ იმას რისი დაწერაც ნამდვილად მომინდება და მერე რა თუ მკითხველისთვის უინტერესო ვიქნები.
  • პოზიტივი – დარჩენილი დღეების განმავლობაში ვიქნები პოზიტიური, არავითარ შემთხვევაში არავისთან შევალ კონფლიქტში, როგორ უხეშადაც არ უნდა მომექცნენ ნერვებს არ მოვიშლი, არ ვუპასუხებ იგივე განწყობით, ვიქნები მშვიდი, დადებითი, მოვუფრთხილდები საკუთარ თავს. ცხოვრებაში პირველად მხოლოდ დადებით ემოციებს ვაჩუქებ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფთ.