შტორმი


დღეს უჩვეულოდ ადრე გათენდა, თვალი რომ გავახილე ვიფიქრე უეჭველად ძალიან ბევრი მეძინა და უკვე შუა დღე იქნება მეთქი, შემდეგ საათს დავხედე და გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ დილის 6 საათს აჩვენებდა. საუზმემდე კიდევ 3 საათი იყო დარჩენილი, გარეთ კი ისეთი მშვენიერი დარი იდგა, რომ ამ დროის ოთახში ან თუნდაც აივანზე გატარება უბრალოდ დასანანი იყო. მაშინვე ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და ორ წუთში უკვე სანაპიროზე ვიყავი.

არასოდეს მინახავს ასეთი მშვიდი და სუფთა ზღვა, ტალღები თითქმის შეუმჩნეველი, წყალი კი იმდენად ანკარა, რომ ლამის იყო თითოეული სილის ნაწილაკის შეფერილობა გამერჩია. ირგვლივ არავინ იყო, დამსვენებლების იმ მცირე ნაწილსაც ეძინა, რომლებიც დილით ცურვის მოტრფიალენი იყვნენ, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, ვიფიქრე უძილობის ბრალია მეთქი და კოჭამდე წყალში შევედი, მესიამოვნა გრილი წყლის შეხება. ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ იყო, მზე კი უკვე გვარიანად აჭერდა, ზღვაც ისეთი ჩუმი იყო, რომ საკუთარი გულის ცემა მესმოდა.

ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე თუ მენახა ასეთი არაჩვეულებრივი ამინდი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, თუმცა ირგვლივ ისეთი მდუმარება სუფევდა, რომ ერთი პირობა ისიც ვიფიქრე ალბათ მძინავს და მესიზმრება მეთქი – „ალბათ ასეთი იქნება შენი სამოთხე, თუ არჩევანის საშუალება გექნება“ – მითხრა გონებამ და მეც ღიმილით ვანიშნე, რომ ვეთანხმებოდი.

ნელ-ნელა, ყოველგვარი მოუთმენლობის გარეშე შევიპარე ზღვაში, ყელამდე წყალში რომ აღმოვჩნდი გზა ჰორიზონტიკსენ ცურვით გავაგრძელე, ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როდესაც თითქმის არაფერი მაღელვებდა და თითქოს არაფერზე ვფიქრობდი. ცოტა ხანს წყლის ზედაპირზე ვიტივტივე და შევეცადე მაგრად ჩამებეჭდა გონებაში ის თუ როგორ სამოთხეში მსურდა მოხვედრა, მინდოდა, რომ თითოეული ფერი, რომელსაც ეს დღე მჩუქნიდა წარუშლელად დარჩენილიყო ჩემ მეხსიერებაში და ბოლომდე მეგრძნო ის ავისმომასწავებელი სიმშვიდე, რომელიც უკვე მთლიანად დაუფლებოდა ჩემ სხეულსა და გონებას.

ხშირად მითქვამს „ისეთი სიმშვიდეა, როგორც ქარიშხლის წინ“ მეთქი. თუმცა ეს სცენა თვალით არასოდეს მენახა, მეც უბრალოდ ვიმეორებდი ხოლმე იმას, რაც გაგონილი ანაც წაკითხული მქონდა.

საუზმის დრო, რომ მოახლოვდა ტანი პირსახოცით შევიმშრალე, სხეულზე მიწებებული სილა ჩამოვიფერთხე და სასადილოსკენ ავიღე გეზი. შიგნით სიცარიელე იყო, მგონი პირველი ვიყავი ვისაც საკვები გახსენებოდა, ჩვეულებისამებრ ვითხოვე მიესაწავლებინათ გზა ჩემ მაგიდამდე და შემდეგ მადიანად დავუწყე თვალიერება ჩემ წინ გაშლილ საუზმეს.  მალე მეზობელი მაგიდაც შეივსო და უნებურად მათ საუბარს მოვკარი ყური, ახალგაზრდა ქალბატონი მეუღლეს უყვებოდა წუხელ დამესიზმრა, რომ ზღვა საშინლად ღელავდა და ჩვენი ოთახის კარებამდე იყო მოსულიო – გამეცინა, მეც ხშირად მქონია მსგავსი სიზმრები, ზღვის სიყვარული ყოველთვის შიშით მქონდა გაზავებული და ხშირად ვხედავდი, როგორი ძალით მოექანებოდნენ ტალღები ჩემი მიმართულებით მე კი თითქოს დაბმული ვყოფილიყავი გაუნძრევლად ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ მომაკვდინებელ ძალას და გახევებული ვფიქრობდი, რომ რამდენიმე წამში მშთანთქავდა წყალი, ამ დროს ყოველთვის ვიღვიძებდი.

საუზმე, რომ დავამთავრე კვლავ სანაპიროსკენ გავემართე, ტანსაცმელი გავიძრე და სწრაფი ცურვით გავემართე სიღრმისკენ, იქ სადაც უფრო ცივი და ლურჯი წყალი, სიმშვიდე და ჰორიზონტი მელოდებოდა. შუა წყალში ვიყავი და ის ის იყო ნებივრობას უნდა მივცემოდი, როდესაც სახეზე ძლიერი ქარი ვიგრძენი, წყალს გავხედე და შევნიშნე, რომ ტალღები გასჩენოდა და ალაგ-ალაგ ქოჩრებიც შეინიშნებოდა. ისევ დილანდელმა ჟრუანტელმა დამიარა და შიშნარევი სახით გავემართე ნაპირისკენ. სანაპიროზე ჩამოვჯექი, როდესაც ნათლად ვიგრძენი, როგორ ძლიერად უბერავდა ქარი, რამდენიმე წუთში სანაპირო გაივსო და ყური მოვკარი შტორმს ელოდებიანო. მაშინვე დილადნელი სამოთხე დამიდგა თვალწინ და მივხვდი, რომ ცხოვრებაში პირველად საკუთარი თვალით ვიხილე სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ეს მხოლოდ სიმშვიდე არ იყო, წარმოუდგენელი მდუმარება, ენით აღუწერლად ლურჯი ცა, მოალერსე მზე და კამკამა წყალი.

საკმაოდ მალე ზღვა უკვე გაბრაზებული ეხეთქებოდა ნაპირს ქაფისგან გაჭაღარავებული ტალღებით. აუხსნელი სიხარული ვიგრძენი, გამიხარდა, რომ აივნიდან შეუდარებელი სანახაობა მელოდებოდა, მოუთმენლობისგან სუნთქვა შემეკვრა.

წყლისკენ ზურგით მივტრიალდი, პირსახოცზე ჩამოვჯექი და საგულდაგულოდ დავიწყე მიწის თხრა, ვუყურებდი როგორ აბრუნებდა ქარი სილას ჩემ ორმოში.რაც უფრო ღრმად ჩავდიოდი თითებით სილაში, მით უფრო ნესტიანი ხდებოდა ჩემი თხრილი, არ ვიცი რატომ მაგრამ მაშინვე დაკრძალვის სცენა დამიდგა თვალწინ და დანანებით გავფიქრე, რომ გარდაცვალების შემდეგ სველ მიწაში მომიწევდა წოლა, შემაშინა მისმა სიმძიმემ, – რა დროს სიკვდილია – გავიფიქრე – დღეს უკვე იყავი სამოთხეში. ფეხი ორმოში ჩავყავი და ირგვლივ დარჩენილი სივრცე მიწით ამოვავსე, მესიამოვნა სიგრილე, რომელიც ვიგრძენი.

კიდევ ცოტა ხანს გავჩერდი და შემდეგ გეზი ოთახისკენ ავიღე. შევსლისთანავე სილიანი გავემართე აივნისკენ და სკამზე ჩამოვჯექი, წვენი ჩამოვისხი და ქარიშხლისგან გაგიჟებულ ზღვას დავუწყე თვალიერება – „პური და სანახაობა“ – მიკარნახა გონებამ, მეც გამეცინა, თუმცა ვინაიდან ახალი ნაჭამი ვიყავი, მხოლოდ წვენით შემოვიფრაგლე, სანახაობა კი უდავოდ შეუდარებელი იყო.  ზღვას ფერი ეცვალა, ჰორიზონტთან ძველებურად ლურჯი იყო, ნაპირისკენ კი ტალახისფერი დაჰკრავდა. დილანდელი მდუმარების კვალიც კი არსად შეიმჩნეოდა, ზღვა გამაყრუებლად ხმაურობდა.

აქ ჩასმოსვლის დღიდან შეუდარებელ განწყობაზე ვიყავი, არც ფიქრები ცვლიდნენ ერთმანეთს ელვისებური სისწრაფით და ჩვეული ფორიაქიც სადღაც გაუჩინარდა. ჩემ თითოეული ნაკლსაც კი ამაყად მოერგო „უნიკალურობის“ იარლიყი.

ისეთი სიმშვიდეა როგორც ქარიშხლის წინ.

Advertisements

7 thoughts on “შტორმი

    1. 🙂 პერიოდი მაქვს როდესაც წერა მინდა უაზროდ, თუმცა პოსტი რა თემაზე იქნება მხოლოდ დილაობით ვწყვეტ ხოლმე, შესაბამისად არ ვიცი რა იქნება ხვალ. 🙂 ისე კაი იდეაა ქარიშხალი 🙂

      Like

  1. ბეევრი მზე გვჭირდება მე და სენ და ადამიანებს! ნუ იფიქრებ შტორმზე და იმაზე რაც ისედაც უნდა მოხდეს ხოლმე. სასიამოვნო ზაფხულს გისურვებ. 🙂

    Like

    1. მართალია ბევრი მზე გვჭირდება ყველას (თანმდევი უსიამოვნებების გარეშე – სიცხე, კალიები …. 😀 ). შენც სასიამოვნო, დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებ (აგვისტო ზაფხულის ყველაზე იდეალური თვეა) 🙂

      Like

  2. რა შტორმი, რის შტორმი, ლუდი უნდა დავლიოთ ჩვენ სანაპიროზე 😛

    p.s. პოსტი საშინლად მესიამოვნა, ყველაფერი წარმოვიდგინე და განვიცადე.

    Like

    1. მე კიდევ საშინლად გამიხარდა შენი კომენტარი, მოენატრა ფინიკის გვირილას კომენტარები 🙂

      ლუდის დალევას რაც შეეხება როგორც შევთანხმდით, სულ რომ ერთი დღით მომიწიოს ჩამოსვლა ჩამოვალ და აუცილებლად დავლიოთ სანაპიროზე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s